როდესაც პუტინი ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა

როდესაც პუტინი ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა

2008 წლის ივლისში, საქართველოს მთავრობა დიდ ზეწოლას განიცდიდა: რუსეთი პროვოკაციებს აწყობდა ქვეყნის ორ რეგიონში და სამხედრო ძალებს აგროვებდა ჩვენს საზღვართან. თითქმის ყველა დასავლელი პოლიტიკოსი, ვისაც იმ დღეებში ჩემი მთავრობა წუხილით მიმართავდა, აცხადებდა, რომ რუსეთი არ შემოგვიტევდა. ისინი სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოგვიწოდებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ რუსეთის ნაბიჯებზე რეაგირება არ მოგვეხდინა. ჩემს მეგობარს, ოტო ვონ ჰაბსბურგს, ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ ევროპელ პოლიტიკოსს, ამის ნაკლებად სჯეროდა. მან პირდაპირ იწინასწარმეტყველა, რომ რუსეთი მთელი თავისი სამხედრო ძალით შემოგვიტევდა, იმის მიუხედავად, თუ როგორ იმოქმედებდა საქართველო. ისტორია მეორდება, მითხრა მან. 

რამდენიმე კვირაში, ათობით ათასმა რუსმა სამხედრომ ჩვენი საზღვარი გადმოლახა, და თვითმფრინავებმა დაიწყეს ჩვენი დაბომბვა ოცდაოთხსაათიან რეჟიმში. მართალია, ვლადიმერ პუტინმა ვერ მიაღწია თავის საბოლოო მიზანს, და ვერ აიღო საქართველოს დედაქალაქი თბილისი, თუმცა მის არმიას დღემდე ოკუპირებული აქვს ჩემი ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედი. 

საოცარი მსგავსებაა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ადრეულ სტადიასა და იმას შორის, რაც დღეს უკრაინაში ხდება. როდესაც მიმდინარე მოვლენებს და ამ მოვლენებზე საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხს ვაკვირდები, ვფიქრობ ისტორიაზე, რომელიც მეორდება, და აგრესიის სხვა შემთხვევებზე ევროპაში. 

1930-იან წლებში, ნაცისტურმა გერმანიამ ეთნიკური გერმანელების დაცვის საბაბით მეზობელი ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია მოახდინა. დღეს რუსეთი ამტკიცებს, რომ ეთნიკურ რუსებს იცავს (ან იმ ადამიანებს, რომლებსაც დაჩქარებული წესით რუსული პასპორტები დაურიგეს) ყირიმში ან საქართველოს ტერიტორიაზე. 1938 წლის სექტემბერში, როდესაც გერმანიამ სუდეტის მიწები დაიპყრო, ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ნევილ ჩემბერლენმა სიტუაციას უწოდა ”ჩხუბი შორეულ ქვეყანაში, ადამიანებს შორის, რომლებზეც ჩვენ არაფერი ვიცით”. ანალოგიურად, ზოგიერთები დღეს კითხულობენ, უნდა ღელავდეს თუ არა დასავლეთი უკრაინაზე, რომ რუსეთი ამ შემთხვევაში უფრო ბევრს კარგავს, ვიდრე დასავლეთი. დასავლეთში ბევრი ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ საჭიროა რუსეთთან გარკვეული კომპრომისის მიღწევა - წინადადება, რომელიც 80 წლისწინანდელ მიუნჰენს წააგავს. ისინი ამტკიცებენ, რომ მათ მოტივაციას განსაზღვრავს ისეთი საერთო სტრატეგიული ინტერესები, როგორიცაა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა და ტერორიზმთან ბრძოლა; ანალოგიურად, თითქოს საბჭოთა კავშირის შეკავებისა და კომუნიზმის გავრცელების აღსაკვეთად, ჩემბერლენი ჰიტლერს გაურიგდა. ახლა რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ნაცისტების დაშოშოშმინების ყველა მცდელობას, საბოლოოო ჯამში, მეორე მსოფლიო ომი მოჰყვა. 

ასეთი გლობალური კატასტროფები სწორედ მაშინ ხდება, როდესაც დამკვიდრებული საერთაშორისო წესრიგი ინგრევა და კანონები აღარ მოქმედებს. უკრაინა ამის უახლესი დადასტურებაა. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, რომ უკრაინას უარი არ ეთქვა დიდწილად მის ბირთვულ არსენალზე 1990-იან წლებში. უკრაინელების დასარწმუნებლად იმაში, რომ სწორედ ასე მოქცეულიყვნენ, შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა რუსეთთან ერთად, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობოს გარანტიებს ქმნიდა იმის სანაცვლოდ, რომ კიევი თავის შეაიარაღებას რუსეთს გადასცემდა. 

მაგრამ შემდეგ, ევროკავშირმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად რუსეთის არმია უნდა გასულიყო საქართველოდან 2008 წელს. რუსეთს ეს შეთანხმება არასდროს დაუცვია - ის, რასაც ჩვენი ევროპელი გარანტორები იშვიათად აღნიშნავენ. 

პუტინის მოტივაცია იგივეა, რაც ომამდელ გერმანიას ჰქონდა: მას იმის გამოსწორება სურს, რასაც ცივი ომის შემდეგ დასავლური სახელმწიფოებისაგან უსამართლო მოპყრობად და შეურაცხყოფად მიიჩნევს. ის ცდილობს დაკარგული მიწების და ბუნებრივი რესურსების ხელახლა დაპყრობას. ცოტა რამ ითქვა, ნავთობის საზღვაო რესურსებზე აფხაზეთში, რომლის კონფისკაციაც რუსეთის სახელმწიფო მონოპოლია “როსნეფტმა” მოახდინა 2009 წელს. შეერთებული შტატების კომპანიებმა მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩადეს ყირიმის ფიქლის გაზის საბადოებში. მაგრამ უკრაინის გადაქცევა ენერგეტიკულად დამოუკიდებელ ქვეყნად, ან ევროპაში აირის მთავარ ექსპორტიორადაც კი, პუტინისთვის საბოლოო კოშმარი იქნებოდა. 

პუტინი მეზობლების დესტაბილიზაციას ახდენს, ცდილობს რა მოუკლას მათ ნატოსთან და ევროკავშირთან დაკავშირებული ნებისმიერი მისწრაფება. ის პერიოდულად მიწებსაც იტაცებს, რაც ერთგვარი შიდა პოლიტიკური გაახალგაზრდავების გზად მიაჩნია. მისი მხრიდან იდეოლოგიური საფრთხეების აღქმას, ასეთი ლოგიკა აქვს: თუკი უკრაინა აღარ იქნება კორუმპირებული ოლიგარქია და ნამდვილ ევროპულ დემოკრატიად გარდაიქმნება, პუტინის ოპონენტები დაინახავენ სხვაობას, ასევე პოტენციურ სარგებელს იმისგან, რომ იბრძოლონ საკუთარი რეალობისათვის. 

რატომ უნდა აღელვებდეს დასავლეთს ის, რაც უკრაინაში ხდება? ჩვენ ვხედავთ არამხოლოდ იმას, თუ როგორ იხლიჩება ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანა, არამედ ცივი ომის შემდგომი წესრიგის ნგრევას ევროპაში. ეს წესრიგი მკაფიო წესებს ეფუძნებოდა, წესებს, რომელიც არამხოლოდ იცავდა პატარა ქვეყნებს, არამედ სტაბილურობის და კეთილდღეობის გარანტი იყო დიდი სახელმწიფოებისათვის, იცავდა უმცირესობებს და კონფლიქტებს მშვიდობიანი მექანიზმებით აგვარებდა. იფიქრეთ, რა შედეგი მოჰყვება იმას, თუკი საზღვრები კონტინენტზე ეთნიკურ ხაზებს დაუბრუნდება. თუკი არანაირი კანონები აღარ მოქმედებს, მაშინ ნგრევის და ძალადობის ციკლის ზრდა, გარდაუვალია. 

მსგავსი შედეგის თავიდან აცილება, ჯერ კიდევ შესაძლებელია. ხუთშაბათს, აშშ-ის მიერ დაანონსებული სანქციები კარგი პირველი ნაბიჯია. ის უმალ უნდა განხორციელდეს, ევროპამაც უნდა გააძლიეროს მისი პასუხი. უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების უმკოლესი გზა უნდა შესთავაზონ და მისცენ მათ ნატოში წევრობის საოქმედო გეგმა, რათა რუსეთმა დაინახოს, რომ უკანონო გზებით ის ვერაფერს მიაღწევს. 

ჩვენ არ გვჭირდება კიდევ ერთი ჩერჩილი იმისათვის, რომ ვიცოდეთ თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ. დღევანდელ დემოკრატიებს საკმარისი გამოცდილება აქვთ; საღი აზრითა და სულ მცირე სიმამაცით, ჩვენ უარეს სცენარს თავიდან ავიცილებთ. 

მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს პრეზიდენტი 2004-2013 წლებში. დღეს ის მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელის პოზიციაზე მუშაობს ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში. 


foreignpress.ge