„რადიკალური ოპოზიცია იმ ნარკოდილერებს დაემსგავსა, რომლებიც შავ ფულს მალავენ და ნარკოტიკების გაყიდვას სოცქსელებით ცდილობენ“

„რადიკალური ოპოზიცია იმ ნარკოდილერებს დაემსგავსა, რომლებიც შავ ფულს მალავენ და ნარკოტიკების გაყიდვას სოცქსელებით ცდილობენ“

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ რამდენიმე საქველმოქმედო ფონდის ანგარიში დააყადაღა, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ახალი ფონდების შექმნას და ფინანსური კრიზისის აღმოფხვრას ცდილობენ. 1 მაისს მათ „თავისუფლების ფონდი“ დააფუძნეს. „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენლის, დავით ჯინჭარაძის ცნობით, „თავისუფლების ფონდი“ ადამიანებს გამოწერილი ჯარიმების გადახდაში დაეხმარება. ფონდის საბანკო ანგარიში ინგლისში იქნება რეგისტრირებული, რაც ხელისუფლებას ანგარიშის დაყადაღების საშუალებას დაუკარგავს.

თუმცა მმართველ გუნდში ამბობენ, რომ აღნიშნული ფონდიდან საქართველოში თანხების გადმორიცხვის კონტროლი შესაძლებელია. ისინი ფულს ქვეყანაში ქეშად ვერ შემოიტანენ, ხოლო ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სამართალდამცველები ამ ანგარიშების გაკონტროლებას მაინც შეძლებენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სწორედ ამ ფინანსური ნაკადების გადაკეტვის შემდეგ, რუსთაველზე აქციის მონაწილეთა რაოდენობა შემცირდა, ხოლო სოციალურ ქსელებში შეწყდა ფეიკი, გამოგონილი ფოტო თუ ვიდეო მასალის გავრცელება. როგორც ჩანს, რადიკალური ოპოზიცია სასოწარკვეთილია და გამოსავალს ეძებს.

აქციებზე დაჯარიმებულებისთვის ახალი ფონდის შექმნიდან 4 დღის თავზე, ფონდის ხელმძღვანელი დავით ჯინჭარაძე ამ პერიოდში ჩარიცხვების თაობაზე მონაცემებს აქვეყნებს. ირკვევა, რომ მხოლოდ 4 დღის განმავლობაში ფონდის ანგარიშზე 20,000 ლარზე მეტი შევიდა. დარეგისტრირდა 31 ჯარიმა.

ფონდის შექმნის ინფორმაცია მალევე გააზიარა ნანუკა ჟორჟოლიანმა და საზოგადოებას სოციალურ ქსელში თანხების ჩარიცხვისკენ მოუწოდა: „ამ ბიჭს შეგიძლიათ ენდოთ ზუსტად ისე, როგორც მე მენდობით“, - წერს ის.

პროკურატურამ კი „საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების“ კვალიფიკაციით აღძრული საქმის ფარგლებში, საგამოძიებო უწყების მოთხოვნით, მიმდინარე წლის 17 მარტს დააყადაღა იმ ფონდების და ორგანიზაციების („ნანუკას ფონდი“, „სირცხვილია“, „ფროსფერითი“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“) ანგარიშები, რომლებიც პროევროპული აქციების მონაწილეთა ჯარიმებსა და საჭიროებებს ფარავდნენ. საქმე აღიძრა მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე, თებერვალში.

28 თებერვალს „ადამიანის უფლებათა სახლის“ ფეისბუკზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გაზაფხულის აქციებიდან დღემდე, ადმინისტრაციული ჯარიმა 322 ადამიანს დაუფარეს, ჯამში ეს 666 034 ლარი გამოვიდა.

ფონდს ფულს სწირავდნენ კერძო მოქალაქეებიც, თუმცა ყველაზე დიდი თანხა 5 მილიონი ლარი მათ ორი - საქართველოსა და თიბისი - ბანკისგან მიიღეს. დანიშნულებით, დახმარებოდნენ აქციაზე დაზარალებულებს.

ამ 5 მილიონიდან ზუსტად ნახევარი ამ სამ ფონდში გადანაწილდა: „ერთმანეთისთვის“; სოლიდარობის ფონდი „Prosperity Georgia“; „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“.

სამივე ფონდის ანგარიშები ამავე ბანკებში ახლა დაყადაღებულია. ჯერჯერობით უცნობია დაინტერესდება თუ არა ბანკების მიერ გადარიცხული თანხით გამოძიება.

მმართველ გუნდში პროკურატურის არგუმენტებს ფონდების დაყადაღებასთან დაკავშირებით სრულად იზიარებენ.

„ამ ფონდების მიზანი, გარდა იმისა, რომ წაეხალისებინათ ძალადობა, ხელი შეეწყოთ ამისათვის, გახლავთ სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმება. როდესაც რაღაცას აშავებთ და გეუბნებიან, რომ დააშავე, მე გადაგიხდი ჯარიმას, ეს არის სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმების მცდელობა და არანაკლები მავნებლობაა, შეიძლება უფრო მეტიც, ვიდრე თავად იმ დანაშაულის ჩადენა“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-თან ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიცია იმ ნარკოდილერებს დაემსგავსა, რომლებიც შავ ფულს მალავენ, ხოლო „ნარკოტიკების“ გაყიდვას სხვადასხვა სოცქსელებით ცდილობენ. აბაშიძე ამბობს, რომ ზუსტად იგივე ხდება ოპოზიციაშიც, რომლებიც შავი ხვრელებით საქართველოს სახელმწიფოსთან ბრძოლას ცდილობენ.

„სამართალდამცველები ამ ყველაფერს კანონიერ მეთოდებს დაუპირისპირებენ, მით უმეტეს, საბანკო სექტორში ფინანსური დინებები გასაკონტროლებელია, როდესაც ამისთვის სასამართლოს განჩინება არსებობს. ამიტომ ევროპაში იქნება, უცხოურ ფონდში იქნება თუ სადღაც ოფშორში, საქართველოში ხომ ეს ფული უნდა გადმოირიცხოს, ჩემოდნით ხომ ვერ შემოიტანენ. შესაძლოა, ამით ქუჩის აქტივისტებმა იხეირონ, მაგრამ გრძელვადიანად ესეც აღიკვეთება. მოხდება კანონიერად მისი გაკონტროლება იმ კანონმდებლობით, რომელიც პარლამენტმა სულ ახლახან დაამტკიცა. ზოგადად, ეს პრობლემა თავად ევროპაშიც არის და წარმოიდგინეთ „ევროპის სახალხო პარტიაც“ კი აპროტესტებს ევროპის კონტინენტზე ენჯეოებისთვის დახარჯულ ლობისტურ თანხებს. მართალია ეს არის რთული და კომპლექსური საკითხი, მაგრამ ნამდვილად მოგვარებადია. ოპოზიცია, იმის მაგივრად, რომ სახალხო მხარდაჭერის კონსოლიდაციას ცდილობდეს ადგილობრივი არჩევნებისთვის, ამ დესტრუქციისთვის ფულის ხარჯვას აგრძელებს“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, აზრი არა აქვს მსგავსი შავი ხვრელების შექმნას, რადგან დასაჯარიმებელი კიდევ დაჯარიმდება და კანონის ყველა დამრღვევი სამართლებრივ პასუხს აგებს. აბაშიძე მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ დროებითია და წყალწაღებულები ხავსს ეკიდებიან.

„ყველაფერს ცდილობენ იმისთვის, რომ საგარეო აქტორებს დაუმტკიცონ, თითქოს რაღაცა ძალას წარმოადგენენ. თუმცა იმასაც დავაკვირდეთ, რომ ამ ბოლო დროს, სოცქსელებში ვიზუალური მასალების გავრცელებისას ცნობილი ფეიკნიუსების ფოტოგრაფები აღარ ჩანან. მიხო სვიმონიშვილის შვილი, რომელიც რაღაცა სახელით სარგებლობს და ა.შ. ესენი ბოლო დროს არ ჩანან. 1 თვეა რაც ეს ფონდები დააყადაღეს, მას შემდეგ ამ ხალხის აქტივობაც შეწყვეტილია. ამაზე, რა თქმა უნდა, გავლენა მოახდინა ამ ფინანსური ნაკადის გადაკეტვამ და შემცირებამ. ასევე, ამ ხალხის არაადეკვატურმა ქცევამ, უკიდურესმა რადიკალიზმმა საზოგადოების მხარდაჭერა დააკარგვინა. თავად ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატსაც კი კარგავენ. ეს პროტესტი დღითიდღე მცირდება. აქ უკვე ნერვების თამაში მიდის. მოსახლეობას საზოგადოებრივი თვითშეგნება აქვს და ამ ხალხს ფიზიკურად არ უპირისპირდებიან. იმდენად გაკოტრდა ეს ხალხი ყველა მხრიდან, რომ ამის ნათელი მაგალითი რუსთაველის მოედანზე მორბენალი რამდენიმე კაცია, რომელთაც ჟურნალისტი და პოლიციელი ჭარბობს. ამიტომ ამ ხალხის რაოდენობა ამ ფულის ნაკადის შეწყვეტის შემდეგ კიდევ უფრო დაიკლებს და საერთოდ გაქრება. საქართველოს სამართალდამცველებს აქვთ ყოველთვის ოპერატიული ინფორმაცია, როდესაც სხვადასხვა წყაროებს ეყრდნობიან. მათ შორის რადიკალებისგან გამოჟონილ ინფორმაციას. ამისთვის ბევრი მეთოდი არსებობს. იმედი ტყუილად აქვთ, რომ ხელშეუხებლები იქნებიან და ფულს საქართველოს წინააღმდეგ დახარჯავენ“, - ამბობს აბაშიძე.