არსებობს თუ არა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პოლიტიკური დიალოგის რესურსი და წავლენ თუ არა რაიმე სახის მოლაპარაკებაზე მხარეები? - ბრიუსელი 4 პირობას აყენებს იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან
ურთიერთობა აღადგინოს. ევროკავშირის პრესსპიკერი ასახელებს იმ პირობებს, რაც მისი მტკიცებით, საქართველოს ევროპულ კურსზე დააბრუნებს. წერილობითი განცხადება ევროკომისიის პრესსპიკერმა გამოცემა „ევროსკოპს“ გაუგზავნა.
ევროკავშირი „ოცნებისგან“ ადამიანის უფლებების დაცვას და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას და ოპოზიციასთან დიალოგის დაწყებას ითხოვს.
„იმ შემთხვევაში, თუ „ოცნება“ არ გააუქმებს რეპრესიულ კანონებს, არ გაათავისუფლებს პოლიტიკურ პატიმრებს და არ შეწყვეტს ქუჩებში ძალადობას, მაშინ სავარაუდოა, რომ სანქცირებულ პირთა წრე კიდევ უფრო გაიზარდოს“, - წერია განცხადებაში.
ბრიუსელში ამბობენ, რომ ახლა განსაკუთრებით წუხან სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მოხრჩობის მცდელობებზე.
„იმის მიუხედავად, რომ „ოცნებამ“ ბოლო დროს ახალი რეპრესიული კანონები მიყოლებით მიიღო, რეპრესიების საპირწონედ ქართული მედიის და სამოქალაქო ორგანიზაციების გადასარჩენად სამმაგი დახმარება გამოიყოფა“, - ამბობენ ბრიუსელში.
საპასუხოდ, მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ევროკავშირიდან ზეწოლა ხდებოდა საქართველოს პრემიერ მინისტრზე და ამის მტკიცებულებები არსებობს. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებასთან შანტაჟის ენით საუბარი ევროპას არ გამოუვა.
„მეორე ფრონტთან დაკავშირებით შეგიძლიათ, ამოიღოთ უკრაინის მაღალი თანამდებობის პირთა განცხადება, რაც შეეხება ევროკავშირს და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, საჭირო თუ იქნება, მტკიცებულებებსაც გამოვაქვეყნებთ, რაც ხდებოდა პრემიერის კაბინეტში“, – ამბობს დედაქალაქის მერი კახა კალაძე.
კალაძეს კითხვა დაუსვეს, ევროკავშირიდან ვინ მოუწოდა საქართველოს მთავრობას მეორე ფრონტის გახსნისკენ და იძებნება თუ არა ასეთი საჯარო განცხადება.
„შეგიძლიათ, ამოიღოთ მაღალი თანამდებობის პირების განცხადება. მაგალითისთვის უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის განცხადება. რაც შეეხება ევროკავშირს და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, პრემიერ-მინისტრის კაბინეტში რაც ხდებოდა, ამაზე ზოგადად ვისაუბრეთ. საჭირო თუ იქნება, ამის მტკიცებულებებსაც გამოვაქვეყნებთ და საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას. ჩვენს ამომრჩეველს ყველაფერი კარგად აქვს გათვითცნობიერებული და ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ქვეყანა, სამშობლო უყვარს და ამ ქვეყნის ფასი იცის, ძალიან კარგად აანალიზებს, რა ხდება საქართველოსთან მიმართებით და რა ხდება, ზოგადად, მსოფლიოში, რა პროცესები მიმდინარეობს. ამის საუკეთესო გამოძახილია საპარლამენტო არჩევნები, რა გადაწყვეტილებაც მიიღო ქართველმა ხალხმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ოპოზიციის თქმით, ერთადერთი გამოსავალი დიალოგის დაწყება და ივანიშვილის პარტიის უკან დახევა იქნება, რათა საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნები შესრულდეს.
„პოლიტიკური გადატვირთვა, - რაც იგულისხმება, გასაგები იყო, ეს იყო შინაარსიანი დიალოგის დაწყება, ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ანუ, ფაქტობრივად, ეს არის მინიშნება იმაზე, რომ უნდა დაიწყოს მზადება ახალი არჩევნებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ რაც მოვისმინეთ, არის ის, რომ საქართველო არა მხოლოდ ვერ შეიძენს რაიმე ახალ იმპულსებს ევროკავშირთან ურთიერთობებში, არამედ დაკარგავს იმასაც, რაც დღემდე აქვს მოპოვებული“, - ამბობს სალომე სამადაშვილი.
ხელისუფლების შეცვლას მიიჩნევს ერთადერთ გამოსავლად „რეფორმატორების“ ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი და ამბობს, რომ თუ ეს არ მოხდება, „ქართველები დაკარგავენ ასოცირების შეთანხმებას და უვიზო რეჟიმს“.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-თან ამბობს, რომ გააჩნია რას უწოდებენ ბრიუსელში კომპრომისზე და დიალოგზე წასვლას. ოპოზიცია საქართველოში არ არსებობს და მას პირდაპირ ხელისუფლების გადაბარება უნდა, რაშიც დასავლეთი მათ ხელს უწყობს.
„ფაქტად რჩება ის, რომ არჩევნები გაყალბებული არ არის. ერთი მტკიცებულებაც კი არავის უნახია იმის, რომ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნები გაყალბებულია და ამის მტკიცებულება აქვთ. მიუხედავად ამისა, ოპოზიცია ამბობს, რომ ყოველგვარი კომპრომისის გარეშე, ხელისუფლებამ რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩანიშნოს. ე.წ. პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს. მერე რა, რომ არც ერთი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ამ ადამიანებს პოლიტპატიმრებად არ მიიჩნევს. არჩევნების ჩატარების შემდეგ შედეგები თუ მოეწონებათ, ანუ თუ თავად გაიმარჯვებენ, მას ლეგიტიმურად აღიარებენ. აი, ეს არის ოპოზიციის მოთხოვნა და კომპრომისი, რომელზეც უნდათ, რომ ხელისუფლება წავიდეს. ახლა ვსვამ კითხვას, ასეთ ულტიმატუმს ანტიეროვნული ძალები რომ წამოგიყენებენ, რა რესურსი აქვს ხელისუფლებას მათთან საუბრის, ქვეყნის ძალაუფლება პირდაპირ უნდა გადააბარონ? ოპოზიცია თითს იქნევს, სანამ არ ჩაატარებ ახალ არჩევნებს, მანამდე დიალოგზე არ მოვდივართო. აბა, როგორ უნდა წავიდეს ხელისუფლება რაიმე კომპრომისზე?“, - ამბობს მამრაძე.
მისივე თქმით, ამ ჩიხში ოპოზიციის შეყვანაში წვლილი დასავლეთსაც მიუძღვის. ანალიტიკოსის აზრით, როცა 2020 წელს ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა, მაშინ ელჩების დიდმა ნაწილმა ოპოზიციას უთხრა, რომ პარლამენტში უნდა შესულიყვნენ და დიალოგი დაწყებულიყო. ახლა კი დასავლეთმა ერთპიროვნულად ოპოზიციას ფრთები შეასხა და ამ რადიკალიზმზე ბოლომდე გაჰყვა, რაც მათი მხრიდან დანაშაულია.
„ახლა ვითარება სრულიად სხვაგვარია. ოპოზიცია წავიდა რადიკალიზმზე და ეს მათი მხრიდან ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამ გზაზე დაუფიქრებლად გაჰყვა მათ დასავლეთი. არადა ვერ განსაზღვრეს, რომ ხალხი ოპოზიციას ამ გზაზე არ გაჰყვებოდა და ასეც მოხდა. რეალობა სრულიად სხვაგვარი შეიქმნა. ოპოზიციამ საკუთარი თავი ჩიხში შეიყვანა. „მაკკეინის ინსტიტუტის“ მხრიდან არჩევნებამდე გამოცხადებული იყო, რომ „ოცნების“ მოგების შემთხვევაში, არჩევნები გაყალბებული იქნებოდა. როცა პროცესები ასეთ ღრმა ჩიხში შევიდა და რამდენიმე ათეული ადამიანის გარდა ქუჩაში არავინ არ გამოდის, დასავლეთში ხვდებიან, რომ ოპოზიციამ ისინი შეცდომაში შეიყვანა. თუმცა ვერ გამოდიან და ამას ვერ ამბობენ. მათთვის ეს ძალიან რთული სათქმელი იქნება. ამიტომ რომ არა დასავლეთის პოზიცია, ოპოზიცია საერთოდ ვერაფერს შეძლებდა, რადგან ქვეყნის შიგნით მხარდაჭერა არა აქვთ. თავიდანვე რომ ეთქვათ, რომ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს გაყალბებისა და შედი პარლამენტში სამუშაოდ, ასეთი ჩიხური სიტუაცია არ შეიქმნებოდა. ამიტომ ხელისუფლება ვერაფერს გააკეთებს. დასავლეთი ოპოზიციასთან ერთად ჩიხში იმყოფება. შესაბამისად, მე ამ ეტაპზე რაიმე დიალოგის რესურსს ვერ ვხედავ. „ოცნება“ უკან ვერაფრით დაიხევს, ეს ხელისუფლების გადაბარების ტოლფასი იქნება“, - ამბობს მამრაძე.