პრემიერ-მინისტრი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს „ავანტიურისტს“ უწოდებს და უკრაინის მოქმედ ხელისუფლებას „მეგობრულად აფრთხილებს“, რომ მის რჩევებს ნაკლებად დაუჯერონ. ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის არსებულ ხელისუფლებას ურჩევს, გაითვალისწინონ მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფია, მისი რადიკალური ხასიათი, მისი ავანტიურისტული მიდგომები საკითხებისადმი.
„მეუბნებიან, რომ გია ბარამიძე ჰყავთ შს მინისტრის მრჩევლად. გუშინ მითხრეს, რომ ზურაბ ადეიშვილი ჩაჰყავთ ასევე მრჩევლად და დათა ახალაია იქნება მეორე მრჩეველი. ეს ყველაფერი ძალიან მძიმე შედეგს გამოიღებს. ჩვენ ეს ადამიანები გამოვცადეთ საკუთარ თავზე და ვნახეთ, რა კატასტროფამდე მიიყვანეს მათ ქვეყანა. კრიზისის დროს ასეთი ადამიანების გვერდით ყოლა ესაა საკუთარი თვითმკვლელობის ტოლფასი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერის შეფასებით, სააკაშვილი კრიზისული სიტუაციებითა და რადიკალიზმით იკვებება და ცუდად არის იქ, სადაც სტაბილური სიტუაციაა. პრემიერის შეფასებით, სააკაშვილს სურს ეპიცენტრში იყოს და იქ პროცესები მართოს. „ის იკვებება პროვოკაციებით, კრიზისებით და რადიკალიზმით და ასეთი რადიკალების მრჩევლებად მიყვანა არის კატასტროფული შედეგის მომტანი. გაოცებული ვარ პირდაპირ, უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება საერთოდ როგორ ესაუბრება მიხეილ სააკაშვილს? მითხრეს, რომ მრჩევლად ჰყავთ მიწვეული. არ მინდა მათ საქმეში ჩევერიო, მაგრამ, როცა უშიშროების მინისტრი ესაუბრება მას და რჩევებს ეკითხება, მე მგონი შეცდომაა და მძიმე შეცდომაა, რადგან სააკაშვილი არის ის კაცი, რომელმაც თავიდან ვერ აიცილა 2008 წლის ომი, პროვოკაციას პირდაპირ წამოეგო და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
როცა კრიზისულ ვითარებაში ასეთი ავანტურისტი გყავს მრჩევლად, მე მგონი, ესაა დიდი შეცდომა. მე დავინახე, რომ სააკაშვილი მარტო არაა იქ ჩასული. როგორც მეუბნებიან, მას ჩაყვანილი ჰყავს საკუთარი ბიძა, რომელსაც, სხვათა შორის, საინტერესო წარსული აქვს, იგივე რუსეთის სპეცსამსახურებთან ურთიერთობის კუთხით.
ჩემი ინფორმაციით, ის „კა-გე-ბე“-ს ყოფილი პოლკოვნიკია და „ყოფილები“ ხომ იცით, არ არსებობენ მაგ სფეროში. მე უბრალოდ, მეგობრულად ვურჩევდი ამ ადამიანებს, რომ ნაკლებად დაუჯერონ მიხეილ სააკაშვილის რჩევებს, რადგან მეეჭვება დავიჯერო, რომ ის სასარგებლო რჩევებს აძლევს მათ. ამ ადამიანმა საკუთარი ხალხისთვის ვერ შეძლო სასარგებლო საქმის გაკეთება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში.
აღსანიშნავია, რომ მიხელი სააკაშვილი უკრაინაში აშშ-დან ჩავიდა. სააკაშვილს უკრაინაში მუდამ თან ახლავს გიორგი ბარამიძე. რა მისიით იმყოფება ბარამიძე უკრაინაში სააკაშვილთან ერთად, ამ საკითხთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით დარჩიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ბარამიძეს პერიოდულად ჰქონდეს საკონსულტაციო ვიზიტები უკრაინაში. რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს და დათა ახალაიას, რომლებიც საქართველოს კანონდმებლობით უმძიმეს დანაშაულში არიან ბრალდებულები და მათზე გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა, დარჩიაშვილი ამბობს:
„რა გინდათ ახლა?! ღარიბაშვილივით ვიმსჯელო რა არის სწორი უკრაინის მთავრობისთვისთვის? ერთადერთი საფრთხე უკრაინის მთავრობისთვის მომდინარეობს რუსეთისგან და პუტინისგან. თუ ამ საფრთხეზე მეტს ილაპარაკებს ღარიბაშივილი, ეს იქნება გაცილებით ადექვატური ქვეყნის ინტერესებისათვის.
რაც შეეხება ბარამიძეს, მუდმივი თანამდებობის დამკავებელი ვერ იქნება პარლამენტის წევრი. მაგრამ, საკონსულტაციო ვიზიტები სავსებით შესაძლებელია. რაც შეეხება სააკაშვილს, ის თავისუფალი მოქალაქეა. მას აკადემიური საქმე აქვს აშშ-ში და პარალელურად შეუძლია რაც უნდა ის აკეთეოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით დარჩიაშვილი.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხთა სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ყოფნით, ვლადიმერ პუტინისთვის „წითელი ჩვრის“ ფუნქციას ასრულებს.
პეტრიაშვილი აქვე დასძენს, რომ უმჯობესია, სააკაშვილი უკრაინიდან გაემგზავროს.
„მე ერთი რჩევა მინდა, ვუთხრა კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თუ ჯერ კიდევ მოქმედ ლიდერებს - იქნებ, ურჩიონ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, საერთოდ გაერიდოს იქაურობას, დაჯდეს თვითმფრინავში და განაგრძოს სწავლება, იმიტომ, რომ ის წითელი ჩვრის ფუნქციას ასრულებს ვლადიმერ პუტინისთვის.
მიხეილ სააკაშვილი რეალურად, ახლა ცდილობს საკუთარი თავის რეაბილიტაციას და მცდელობა აქვს, თითქოს, უკრაინის საქმეში, თავისუფლებისთვის ბრძოლაში აქტიურად არის ჩართული და რეალურად არის საქმეში თავიდან ბოლომდე გადაშვებული. ჯობია, წავიდეს, იმიტომ, რომ შარის და ხათაბალას მეტს, იქაურობას არაფერს მოუტანს“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
რაც შეეხება ინტერპოლის მიერ ძებნილ ყოფილ მაღალჩინოსნებს ახალაიას და ადიეშვილს, შსს-ში აცხადებენ, რომ საერთაშორისო ქსელში ეს ადამიანები იძებნებიან წითელი ცირკულარით და საზღვრის გადაკვეთისას ისინი უნდა დააკავონ. შესთავაზებენ თუ არა უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულ ახალაიას და ადეიშვილს მრჩევლის თანამდებობას უკრაინაში, ამ დრომდე უკარინული მხარე კომენტარს არ აკეთებს.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი თვლის, რომ უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების ნაბიჯი მცდარია. მისი თქმით, ასეთი ადამიანების პოლიტიკურ ელიტაში შეყვანა, უკვე განაცხადია ქართული ხელისუფლების მიმართ, რომ არც თუ ისე სასაიამოვნოა მათთან ურთიერთობა.
„ამ ფიგურების სამართლებრივი დევნაც რომ არ იყოს, ფიგურები, რომლებიც გაიქცნენ ქვეყნიდან და აღმოჩნდებიან რომელიმე ქვეყნის, ამ შემთხვევაში უკრაინის სამეფო კარზე, უკვე ნიშნავს, რომ უკრაინა დგამს დღევანდელი სახელმწიფოს წინააღმდეგ ნაბიჯს. ასეთი ადამიანების პოლიტიკურ ელიტაში შეყვანა, უკვე განაცხადია ქართული ხელისუფლების მიმართ, რომ არც თუ ისე სასაიამოვნოა მათთან ურთიერთობა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, აშკარაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უკრაინის თემით სურს დივიდენდების მიღება. მისი თქმით, ყოფილი მმართველი ძალის მიზანია, დაარწმუნონ დასავლეთი, რომ დღევანდელი ხელისუფლება მათ პოლიტიკური მოტივებით დევნის. კერძოდ, იმიტომ, რომ ისინი პროდასავლელები არაინ, ხოლო საქართველოს ხელისუფლებაში პრორუსულები არიან.
„მიხეილ სააკაშვილი არის ზუსტად იმის მაგალითი, როგორ არ უნდა მოიქცეს სახელმწიფო მაღალი რისკების შემთხვევაში“, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომლის განცხადებით, რუსეთის მთავარი პრობლემა უკრაინაში არის ის, რომ უკრაინის ხელისუფლება თავშეკავებულად იქცევა და რუსეთს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ შეფუთოს აგრესია. რაც, მისი თქმით გააკეთა 2008 წელს საააკშვილმა.
„სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც თავისი მენტალიტეტით ისევ შეეცდება, რომ უკრაინას უბიძგოს გაუთვლელი ნაბიჯებისკენ, რითაც, ფაქტიურად მისცემს დამატებით არგუმენტებს რუსეთის აგრესიას. აქედან გამომდინარე, ჩემი რჩევა იქნება უკრაინის ხელისუფლებისთვის, რომ ასეთ ადამიანთან საქმე არ დაიჭიროს. მითუმეტეს ახალაიასთან და ადეიშვილთან. გამოძიებით დადგენილია, რომ ისინი არიან კრიმინალები და ძებნილები, უკრაინის სტრატეგიული პარტნიორის საქართველოს მხრიდან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.
გია ხუხაშვილის განცხადებით, ზედმეტ ყურადღებას ვანიჭებთ ამ ადამიანებს, ვიდრე ისინი იმსახურებენ.
„ვფიქრობ, რომ ზედმეტ ყურადღებას აქცევს საქართველოს ხელისუფლება მაღალ დონეზე ასეთ თემებს. ეს შეიძლება კულისებში იქნეს განხილული მხარეებს შორის, რომ კითხვის ნიშნები იბადება საქართველოში ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ საჯარო განცხადებისგან თავს შევიკავებდი.
რაც უფრო მეტს ვლაპარაკობთ სააკაშვილზე საჯარო შეხვედრებისას, მით უფრო მეტ ყურადღებას ვანიჭებთ. პირველ რიგში, მათ ინტერესებშია, რომ ჩვენ მუდვივად მათზე ვილაპარაკოთ. თუ უკრაინა სააკაშვილს და მის დამქაშებს გამოიყენებს მრჩევლებად, ჩვენ შეგვიძლია უკარიანას ამაზე კულისებში მივუთითოთ, მაგრამ საჯარო სივრცეში ამაზე აპელირება, მე ვფიქრობ, არასწორია“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.