ირაკლი ღარიბაშვილი: „ამ რადიკალებთან დიალოგი დავასრულე“

ირაკლი ღარიბაშვილი: „ამ რადიკალებთან დიალოგი დავასრულე“

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მკაცრად აკრიტიკებს, „იაფფასიან პროვოკატორებს“ უწოდებს და რადიკალურ ძალად მიიჩნევს.

მთავრობის ხელმძღვანელი წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დიალოგს არ აპირებს და აცხადებს, რომ ის ნაციონალებს დიდი ხანია აღარ ესაუბრება, რადგან რადიკალებთან დიალოგი დაასრულა.

„ამ ადამიანებთან მიმართებაში, მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია მაქვს. ამ რადიკალებთან დიალოგი დავასრულე და მათთან საუბარს არ ვაპირებ, რადგან ეს ადამიანები, მათი ხელისუფლება და მათი რეჟიმი მხილებულნი არიან ისეთ მძიმე დანაშაულებებში, როგორის არის - ადამიანების მკვლელობა, გატაცება, წამება, გაუპატიურება, ბიზნესის წართმევა და ა.შ“, - აცხადებს პრემიერი.

ირაკლი ღარიბაშვილი ოპონენტებზე საუბრისას აქცენტს მათ ამჟამინდელ საქმიანობაზეც აკეთებს და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დისკრედიტებული ორგანიზაციაა.

„იმ დროს, როდესაც ჩემი ქვეყნის იმიჯის გასაძლიერებლად და ინტერესების დასაცავად ამერიკაში ვიყავი ჩასული, ვიღაც ჭკუათმყოფელი სტატიას უკვეთავს, გარკვეულ თანხას იხდის და ამბობს, რომ ჩვენ ვართ იანუკოვიჩის ანალოგი და ა.შ ეს ყველაფერი ამერიკელი პოლიტიკოსების თვალში სასაცილოა და ზოგადად, ეს ადამიანები ევროპელი ადამიანების თვალში არიან დისკრედიტირებულები და იაფფასიანი პროვოკატორები“, - დასძენს ღარიბაშვილი, რომლის მოსაზრებებსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები არასერიოზულად ხვდებიან და პრემიერს ივანიშვილის რიტორიკის გაგრძელებაში ადანაშაულებენ.

როგორც for.ge-ს გოგა ხაჩიძემ განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერი რაღაცეებს ცდილობს და ობამასაც შეხვდა, მას გარკვეული გამოცდილება მაინც არ დაუგროვდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ამაზე საუბარი მორალურად დისკომფორტულია, ეს ის ადამიანია, რომელსაც წელიწადნახევრის წინ skype-ით ვუსმენდით და სამწუხაროა, რომ იქედან-აქამდე, ღარიბაშვილი იგივე დარჩა და ვერ განვითარდა. თუ პრემიერი იმას ვერ ხვდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპიზიციური ძალა არჩევნების შედეგებით გახდა, ეს მისი პრობლემაა და იმედია, ასაკთან ერთად ამას გაიაზრებს“, - აცხადებს ხაჩიძე, რომლის პათოსსაც თანაგუნდელებიც იზიარებენ.

for.ge-სთან საუბარში ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანების წამებასა და ღლეტვაში არის შემჩნეული, პრემიერს შეუძლია სამართალდამცავ უწყებებს მიმართოს.

„არ შეიძლება, ამაზე მთავრობა ჭორაობდეს და „ასავალ-დასავალი“ იყოს. როგორც ჩანს, ღარიბაშვილი ივანიშვილის რიტორიკას აგრძელებს. ღარიბაშვილი ცდილობს, თავის პატრონს თავი მოაწონოს და ვერ აცნობიერებს, რა თანანმდებობა უკავია. არ მგონია, რომ რადიკალები ვიყოთ, მაგრამ ხელისუფლების გადასაწყვეტი არ არის როგორი იქნება ოპოზიცია. ივანიშვილი ამბობდა, რომ ოპოზიცია უნდა იყოს ბურჯანაძე და ის პარტია, რომელსაც ირმა ინაშვილი შექმნისო, მაგრამ ეს ასე არ იქნება“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.

თანაგუნდელების მსგავსად, პრემიერ-მინისტრს გაკეთებული განცხადების გამო, აკრიტიკებს გოკა გაბაშვილიც.

დეპუტატის მოსაზრებით, პრემიერ-მინისტრმა სამარცხვინო განცხადებების მორიგი კასკადი გადმოაფრქვია.

„ყველაზე საყურადღებო იყო ის, რომ მან ახალი პოლიტიკური დევნის საჭიროება დაანონსა და იმაზე ისაუბრა, რომ კეზერაშვილის მიმართ დევნას განაგრძობენ. ღარიბაშვილისგან ამის ხაზგასმა ის იყო, რის გამოც საფრანგეთის სასამართლომ კეზერაშვილის სასარგებლოდ გადაწყვეტილება მიიღო. ღარიბაშვილი გაწიწმატებას და გამწარებას ვეღარ მალავს. იმის ნაცვლად, რომ პრემიერმა ჭკუა ისწავლოს, ის აგრესიული ტონით საუბრობს. დროა, მთავრობამ ის აკეთოს, რაც ხალხს სჭირდება და თავი დაანებოს კინკლაობას, ჭორაობას, დაპირიპირებას და პოლიტიკური ოპონენტების დევნას“, - აღნიშნავს გაბაშვილი.

აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკის პარალელურად, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში, პრემიერმა არასაპარლამენტო ოპოზიციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასურველია, გარეთ დარჩენილი ოპოზიცია გაძლიერდეს.

„ჩემი სურვილია, რომ საქართველოში რეალურად კონსტრუქციული და ჯანსაღი ოპოზიცია ვიხილოთ, რომელიც ქვეყნის ინტერესებზე იქნება ორიენტირებული და არა საკუთარ პარტიულ გეგმებზე“, - აღნიშნა პრემიერმა, რომელიც ოპონენტებზე საუბრისას, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხშირად აკრიტიკებს და მათ არაჯანსაღ ძალად მიიჩნევს.