2008 წლის „აგვისტოს ომის“ დროს, რომელმა პოლიტიკოსმა დატოვა ქვეყანა - ეს თემა კვლავ აქტუალურია. ნაციონალები ხელისუფლებას იმ პირების დასახელებას სთხოვენ, რომელთაც მძიმე დღეებში საქართველო დატოვეს, მმართველი გუნდი კი ოპონენტ ძალას ურჩევს, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მიერ მომზადებული ის სია მოიძიოს, რომელიც ბადრი ბიწაძის უწყებამ პაატა დავითაიას საგამოძიებო კომისიას გადასცა.
ნაციონალების გაღიზიანება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პლენარულ სხდომაზე გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია, სადაც მან ოპონენტებს 2008 წელს, წითელ ხიდზე არსებული რიგები შეახსენა.
გოგა ხაჩიძის განცხადებით, წლების განმავლობაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ ოფიციალური პირებისგან ესმის სრულიად უსაგნო, უსინდისო, უმისამართო და ამორალური ბრალდებები, რომელიც 2008 წლის ომს ეხება.
„თითქოს, „აგვისტოს ომის“ დროს თანანმდებობის პირებმა ქვეყანა დატოვეს და გაიქცნენ. იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს სრულიად უსინდისო ბრალდებები, მოვითხოვთ კონკრეტულად იმ პირთა გვარები დასახელდეს, რომელთაც ქვეყანა დატოვეს. ეს ჭორები მაშინაც ვრცელდებოდა, როცა ოპონენტები ოპოზიციაში იყვნენ და ახლაც კეთდება, როცა ხელისუფლებაში არიან. ჩემს არცერთ მეგობარს ეს ბრალდება არ ეხება, მაგრამ უნდა გაირკვეს - ვინ მიატოვა თავისი პასუხისმგებლობა, ვინ არ იშრომა, ვინ გაიქცა, ვინ არ იწვალა და ვინ არიან ეს ადამიანები. „ქართული ოცნების“ ჭორაობა უნდა მორჩეს“, - აღნიშნავს ხაჩიძე, რომელიც როგორც ჩანს, არ ფლობს ინფორმაციას იმ სიის შესახებ, რომელიც აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ რამდენიმე წლის წინ პირდაპირ ეთერში წარადგინა.
დავითაიას ინფორმაციით, 7 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს - კობა ნაყოფიამ, გიორგი მელაძემ, გიორგი თარგამაძემ, გოდერძი ბუკიამ, გივი თარგამაძემ, მარიკა ვერულაშვილმა, დილარ ხაბულიანმა, ჰარუთინ ჰოვჰანესიანმა, გიგი წერეთელმა, ურუზმაგ ქარქუსოვმა, ირაკლი გიორგობიანმა, ნინო კალანდაძემ, სერგო ქიტიაშვილმა (დეპუტატი), მამუკა მუჯირმა (თავდაცვის მინისტრის მოადგილე) გიგა ბოკერიამ (საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე), ბაკური კვეზერელმა (სოფლის მეურნეობის მინისტრი), ეკა ტყეშელაშვილმა (საგარეო საქმეთა მინისტრი), პაატა ლეჟავამ (დეპუტატი), ბეჟან ხუციძემ (დეპუტატი), რომან მარსაგიშვილმა (დეპუტატი), მერაბ სამადაშვილმა (დეპუტატი), ირაკლი ქავთარაძემ (დეპუტატი), ლაშა მინდაძემ (დეპუტატი), ლევან მჭედლიშვილმა (ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე), ნინო ენუქიძემ, თამარი კოვზირიძემ (ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე), ალექსანდრე ხეთაგურმა (ენერგეტიკის მინისტრი), კანდიდ კვიციანმა (დეპუტატი), ნიკოლოზ რურუა (დეპუტატი), დავით ბაქრაძემ (პარლამენტის თავმჯდომარე), კობა სუბელიანმა (დეპუტატი), დავით ბეჟუაშვილმა (დეპუტატი), გიორგი ღვინიაშვილმა (დეპუტატი) და გოგი ლიპარტელიანმა (დეპუტატი).
აღსანიშნავია, რომ „აგვისტოს ომის“ დროს საზღვარი გადაუკვეთავს გოჩა მამაცაშვილს, რომელიც გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე იყო.
იქედან გამომდინარე, რომ სია საჯაროა და ცნობილია, ხაჩიძეს ეკა ბესელია და გიორგი ცაგარეიშვილი ურჩევენ ინფორმაციას გაეცნოს.
ბესელიას შეფასებით, საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ 2008 წელს, როცა საომარი მოქმედებები დაიწყო, წითელ ხიდთან რიგები იდგა.
„თითქმის რამდენიმე ადამიანის გარდა, ხელისუფლებიდან ყველა დანარჩენი პირი, ან მათი ოჯახის წევრები წითელი ხიდის სასაზღვრო პუნქტთან იდგნენ. ეს ის პერიოდია, როცა აგვისტოს ომი მიმდინარეობდა. უფრო დეტალური ინფორმაციის გაცნობა ხაჩიძეს თავად შეუძლია. თუ ხაჩიძეს დახმარება სურს, შემიძლია, მას გვარ-სახელები შევახსენო. სია საკმაოდ დიდი და შთამბეჭდავი იყო“, - განაცხადა ბესელიამ, რომლის მსგავსად ნაციონალებს ომის დღებს ახსენებს გიორგი ცაგარეიშვილი.
for.ge-სთან საუბარში ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ 2008 წელს, წითელი ხიდის მოსახვევებში ვინ ვის ასწრებდა, ეს ქართველმა ხალხმა კარგად იცის.
„ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლო გულებიანი დროშა კი არ უნდა იყოს, არამედ ავტომობილის ქვეშ შემძვრალი, ტალახში ამოგანგლული, მუხლებზე დაჩოქილი, ლაჩარი სააკაშვილი. ბობოხიძის, თარგამაძის, წიკლაური, თაქთაქიშვილისა და სხვათა სახე სწორედ ლაჩარი პრეზიდენტია, რომელსაც თავისი ლანდის ეშინოდა და რომელიც მუშტებს სპეცრაზმის უკან ამოფარებული გვიღერდა. ნაციონალების სიმბოლო არქიფო სეთური, ტალახში გოჭივით ამოგანგლული სააკაშვილია. სად იყვნენ თარგამაძე, ბოკერია და სააკაშვილი მაშინ, როცა გორს იპყრობოდნენ?! მახსოვს, ბაქრაძე ხალხს ურჩევდა ოკუპანტებს წინააღმდეგობა დანა-ჩანგლით გაუწიეთო. ასევე მახსოვს „ბასიაკ“ გენერალთან ერთად გოროზია. მაიდანზე გულზე მჯიღის ცემა, მათ არ უშველით“, - დასძენს ცაგარეიშვილი.
სია ცნობილია და თუ რატომ დატოვეს ქვეყანა „აგვისტოს ომის“ დროს პოლიტიკოსებმა, ამის გარკვევა გოგა ხაჩიძეს უკვე საკუთარ თანაგუნდელებთან შეუძლია.