„ნავთლუღის სპეცოპერაცია“ და განაჩენის მოლოდინით შეშფოთებული სააკაშვილი

„ნავთლუღის სპეცოპერაცია“ და განაჩენის მოლოდინით შეშფოთებული სააკაშვილი

საკმაოდ ჭკვიანია იმისათვის დაასკვნას, როგორი იქნება საგამოძიებო კომისიის ვერდიქტი. პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა მოვლენებს დაასწრო და თქვა, რომ რამდენიც არ უნდა ეპოტინონ მის ადგილს ისტორიაში, ვერ წაართმევენ. პატიმარი ამბობს, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისია არის კრიმინალების, პრორუსი თაღლითების და პრორუსი კორუფციონერების კონტრრევოლუცია და მისი მიზანია ჩვენი გენეტიკური კოდის გამოცვლა.

„შექმნეს ე.წ. კომისია, დაიწყეს საქმე ჰააგის სასამართლოში, იქნებ როგორმე გავემტყუნებინეთ მე და საქართველო. არ გამოუვიდათ! ახლა იმავეს იმიტაციას ცდილობენ საქართველოს შიგნით. მოახდინეს სრული რეაბილიტაცია ქურდების, ყაჩაღების და ა.შ. აფრასიძეები გამოიყვანეს მსხვერპლებად. ეს არის კონტრრევოლუცია და არა კომისია. ე.წ. საგამოძიებო კომისიის ამოცანა „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება. ასეთი მტრები საქართველოს არ ჰყოლია საუკუნეების განმავლობაში. რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ, ჩემს ადგილს ისტორიაში ვერ წამართმევთ! ისტორია, რა თქმა უნდა, გამამართლებს და, რა თქმა უნდა, ვერავინ შემომწვდებით!“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პატიმარ ექს-პრეზიდენტს კომისიის თავმჯდომარემ დაუდასტურა, რომ კომისიის მიზანია „ნაციონალური მოძრაობას“ და მის წევრებს აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა და ვერასდროს, არა თუ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, არამედ მათ პოლიტიკურ პროცესშიც ვერ მიიღონ მონაწილეობა.

„სამწუხაროდ, ის ელჩები, რომლებიც 2012 წლიდან დღემდე ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, გვარებს არ ჩამოვთვლი, პრობლემები რომ არ შევუქმნათ, ერთი-ორი ბედნიერი გამონაკლისის გარდა, არც ერთი არ სცემდა პატივს ჩვენ სუვერენიტეტს, არც ერთი არ სცემდა პატივს იმ სისხლს, რომელიც თავისუფლებისთვის ბრძოლაში ქართველებმა დავღვარეთ და მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილს, ამ მართლა მთავარ შემოქმედს და ჯალათს იმ რეჟიმისა, რომელიც ახლა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფება“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საგამოძიებო კომისიამ 2006 წლის ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე განიხილა, რა დროსაც 3 ახალგაზრდა დაიღუპა. 2006 წლის 12 იანვარი, საღამოს 9 საათი, ნავთლუღი - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეცრაზმმა 3 ახალგაზრდა - 17 წლის მურად გორგაძე, 21 წლის რომან სურმანიძე და 23 წლის მარად ართმელაძე საკონტროლო გასროლით მოკლა. მაშინ პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ახალგაზრდები პატიმრებს ციხიდან გაქცევაში უნდა დახმარებოდნენ. რეალობა კი განსხვავებული იყო - ახალგაზრდები კუდის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დათა ახალაიასა და გიორგი დგებუაძის ბრძანებით, ფონიჭალაში საკუთარ მანქანაში ჩაისვა და ნავთლუღში მიიყვანა.

23 წლის შვილის მკვლელობის დეტალებზე ისაუბრა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიხეილ ართმელაძემ. როგორც მან აღნიშნა, დათა ახალაიას მეთაურობით, მარად ართმელაძე, რომან სურმანიძე და მურად გორგაძე უმოწყალოდ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დახოცეს, შემდეგ კი გურამ დონაძის მეშვეობით დაიდგა სცენარი, რომ ვითომ მათ ჰქონდათ ავტომატები და ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა სამი ახალგაზრდა.

ამის შემდეგ დადგეს ყალბი სცენარი. კერძოდ, სცენარს იღებს გურამ დონაძე, სროლით გარბიან დათა ახალაია, გიორგი დგებუაძე, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი მოწოდებით - „ძირს ავტომატები“. ამ დროს კი სამივე ახალგაზრდა უკვე მოკლული იყო. შემდეგ გამოძიებით დაუდგენელმა პიროვნებამ შავი ჯიპიდან ამოიღო ჩანთა, რომელშიც ეწყო ავტომატები და მიიტანა და თითოეულს გვერდზე დაუწყო. დაიდგა სცენარი, რომ ავტომატები გააჩნდათ და ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა სამი ახალგაზრდა.

„ხელისუფლება იქცა ჯალათებად, რატომ დახოცა ხელისუფლებამ, ამაზე მაქვს გული გახეთქილი. დათა ახალაია დგება, დასცინის მკვდრებს, ავტომატს ისვრის და იცინის - კადრებშია ეს, ტელეფონშიც მაქვს ეს კადრები. ამ ჯალათებმა ისეთი ვერსია გაუშვეს ვითომ და რუსთავის ციხეზე მოხდა შემთხვევა. სად ნავთლუღი და სად რუსთავის ციხე. რუსთავში მივიდნენ, რომ წამოეყვანათ ჩემი შვილი, ეს რა წვალების, ჭიდილის, შიშის და შეურაცხყოფის ფასად დაუჯდათ მხოლოდ ღმერთმა იცის. ტერორისტები გყოლიათ თქვენო, ასე ეუბნებოდნენ.

სახლში რომ მივიყვანეთ ორშაბათი დღე იყო, სანამ თბილისიდან გოდერძის უღელტეხილზე ავიყვანეთ. დილას დავასაფლავეთ, შიშით. ჩემმა ცხონებულმა მეუღლემ რომ ნახა, შვილს თავი გაკვეთილი ჰქონდა. ამოღებული იყო ყველაფერი, რაც ადამიანს გააჩნია. გულ-მკერდი გაჭრილი ჰქონდა, გაკერილი იყო თივის საპრესი თეთრი თოკით. ცარიელი ფუტლარი მოგვიყვანეს. ჯანმრთელი ახალგაზრდა ქალმა ამას ვეღარ გაუძლო და გაითიშა სიმწრისგან. ბევრი ვიტანჯეთ. ხმის ამოღების უფლებას არ გვაძლევდნენ, ზეწოლის და ტერორის ქვეშ ვიყავით“, - განაცხადა მიხეილ ართმელაძემ.

მისი განცხადებით, სუმბაძის ჩვენებით ირკვევა, რომ ახალაიას და დგებუაძის ბრძანებით მან სამივე ახალგაზრდა ჩასვა მანქანაში და თბილისის ქუჩებში რამდენიმე საათი ატარა, შემდეგ კი, მათივე ბრძანებით მიიყვანა იმ ადგილზე, სადაც ისინი დახოცეს.

„სუმბაძემ ჩასვა ავტომანქანაში ბიჭები. ახალაიას და დგებუაძის მითითებამდე ბიჭები თბილისის ქუჩებში ატარეს, მერე მიიყვანა სასაკლაოზეო. მივიდა სუმბაძე ნავთლუღის ავტოსადგურში, მიიყვანა ეს სამი ბიჭი და დაახლოებით 21:15 საათია, იანვარში უკვე ეს დრო ღამეა. ბრძანება მიიღო იმათგან, რომ ჩამოსვი ეს ბიჭები და წადიო. სუმბაძე ლაპარაკობს ჩვენებაში, ჩამოვსვი ეს ბიჭები და წრე დავარტყიო, სროლები ატყდა და წრე რომ გავაკეთე, მოვბრუნდი ისევ, იმ ადგილის მოპირდაპირედ და ჩოჩქოლი, ხმაური იყოო. დავინახე, ვინც მოვიყვანე, ეს სამი ბიჭი უკვე მიწაზე იყვნენ დახოცილებიო“, - განაცხადა მიხეილ ართმელაძემ.

კომისიას ჩვენება მისცა რომან სურმანიძის მამამ, რომლის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ მაღალჩინოსნები მსხვერპლს ეძებდნენ და სამი ახალგაზრდა სწორედ ამის გამო მოკლეს. ოთარ სურმანიძემ გაიხსენა, რომ ნავთლუღის ე.წ. სპეცოპერაციის დროს სამი ბიჭი ისე დახოცეს, რომ არც იცოდნენ, ვინ იყვნენ.

„ბათუმში გავასვენეთ ეს ბავშვი. ჭიშკართან ორი პოლიციელი მხვდება, სახლში არ მიშვებენ, მკვდარი რომ დავასვენო არ მიშვებენ, თურმე, ტერორისტი ყოფილა და სახლის ჩხრეკა, სარდაფში ჩასვლა უნდათ. ისე დავასაფლავე, ორი პოლიციელი ჩემს ეზოს არ მოსცილებია, მაგრამ მე ხომ ვიცი, ჩემი ბავშვი უდანაშაულოა. მერე განცხადების შეტანა გადავწყვიტე, რომ გავიგო, რა დააშავა. გამოვედი საღამოს, რომ ჩამოვიდე თბილისში, ამ დროს ტელეფონში შემოდის ზარი დაფარული ნომრიდან - დაბრუნდი უკან, თუ გინდა დანარჩენი შვილები ცოცხლები გყავდესო. შვიდჯერ იყო ასე.

ბოლოს მანანა კობახიძემ მითხრა, შენი ჩამოსვლა არ არის საჭიროო და სტრასბურგს გადაეცა საქმე. გაამართლეს ეს ბიჭები, თორემ ახლაც ტერორისტებად იქნებოდნენ მოხსენიებული. ჩვენ შვილები ტერორისტებად არ გაგვიზრდია. რომანი უფროსი შვილი იყო, სწავლობდა. მეორე ბიჭი - როინ სურმანიძე, მწვანე კონცხზე სასოფლო-სამეურნეო უმაღლესში სწავლობდა და ასეთი ზარები რომ შემომდიოდა, თურქეთში გადავიყვანე, ჩაის ვაკრეფინებდი, ამ მუქარების შიშით სწავლასაც დაანება თავი, დიპლომიც არ აუღია“, - განაცხადა ოთარ სურმანიძემ.

ოთარ სურმანიძის განცხადებით, მან, საქმეზე მსჯავრდებულ ერთ-ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს, გიორგი დგებუაძეს, მეტსახელად „მასტერას“, სასამართლოზე ბოდიშის მოხდა სთხოვა და ესეც კი ვერ მიიღო.

„მანქანა რომ მანქანას დაეჯახება და შემთხვევით ადამიანი გარდაიცვლება, ამ მანქანის პატრონი თუ არა, მისი ვინმე მოვა და მოუსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და რაიმე შეღავათსაც გაუკეთებს. ამათგან, უბრალო ბოდიში მოვითხოვე და ისიც არ მომიხადა კაცმა სასამართლოზე. მე ვთხოვე გიორგი დგებუაძეს ბოდიში და არაფერი არ მიპასუხა“, - განაცხადა ოთარ სურმანიძემ.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე არ არის მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი განზრახ მკვლელობა, არამედ დანაშაული აჭარისა და ღირსების წინააღმდეგ. თეა წულუკიანმა მშობლებს უთხრა, რომ მათი შვილების სიმართლე სათანადოდ აისახება დასკვნაში და საფუძვლად დაედება „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა მისი წევრი პოლიტიკოსების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის სარჩელს.

„საგამოძიებო კომისიის დასკვნა დაემატება იმ სამართლებრივ პროცედურებს. დამდგარია სამი ინსტანციის განაჩენი, ამ ბიჭების სიმართლე დადასტურებულია. გარდაცვლილებს ეს ვერ გააცოცხლებს, ვერ აანაზღაურებს იმ ტკივილს და ზიანს, რაც მიადგათ ამ ოჯახებს, მაგრამ გარდაცვლილ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს იარლიყი. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე არ არის მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი განზრახ მკვლელობა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომისიის წევრის სოზარ სუბარის განცხადებით, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი „ნაციონალურ მოძრაობას“, არ მეგულება უფრო მძიმე საქმე, ვიდრე არის „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმე, როდესაც უდანაშაულო ადამიანები დახვრიტეს. სუბარმა შსს-ს პრესსამსახურის ყოფილ უფროსზე, გურამ დონაძეზე ისაუბრა და ის „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის სისტემის სახედ მოიხსენია.

„გურამ დონაძე იყო ერთ-ერთი სახე და ღერძი იმ ტყუილის მანქანისა, რომელსაც სიცრუის ტირაჟირების საოცრად აწყობილი სისტემა ჰქონდა. ეს არის ადამიანი, რომელიც მონაწილეობს ამ საქმეშიც, რომელმაც, ასევე, დადგა სცენარი თითქოს ავტომატები ჰქონდათ ბუტა რობაქიძეს და მის მეგობრებს, როგორც ამ, ასევე იმ საქმეზე დადგა სცენარი და გადაიღო ტყუილი. ეს არის ადამიანი, რომელმაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს სანდრო გვირგვლიანი გახდა რაღაც სვანურ დაჯგუფების შორის დაპირისპირების მსხვერპლი.

ზოგადად, ეს იყო იმ სისტემის სახე, რომელიც მუშაობდა ერთდროულად ორი მიმართულებით. მკვლელობა, წამება, დაყაჩაღება ადამიანების, ქონების წართმევები და პარალელურად, გაშავება, ცილისწამება, ტყუილის ტირაჟირება. ეს ორი მანქანა მუშაობდა ერთდროულად და გურამ დონაძე არის ამის ერთ-ერთი სახე და ღერძი ამ ტყუილის მანქანის. ვერ იქნებოდა ის ხელისუფლება მხოლოდ ტყვიით, წამებით ასეთი ძლიერი, რომ არ ყოფილიყო პარალელურად სიცრუის ტირაჟირების საოცრად აწყობილი სისტემა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარის თქმით, კომისიის საბოლოო დასკვნაში აუცილებლად უნდა გამოიკვეთოს თუ როგორ ხდებოდა ჟურნალისტების, პრესის დატერორება და როგორ მუშაობდა სიცრუის მანქანა.

„ქალბატონო თეა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენს საბოლოო დასკვნაში ამის გამოკვეთა უნდა იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, როგორ ატერორებდნენ პრესას, როგორ ატერორებდნენ თავისუფალ ჟურნალისტებს, როგორ ართმევდნენ ტელევიზიებს მფლობელებს, როგორ გადადიოდა ეს ყველაფერი ერთ ხელში და როგორ მუშაობდა ეს სიცრუის მანქანა. პრეზიდენტის პრესსამსახურში იწერებოდა პრაქტიკულად ყველა ნიუსი. ირმა ნადირაშვილი იყო სწორედ ერთ-ერთი ტყუილის და სიცრუის მანქანის შემოქმედი, რომელიც წერდა ყველა ნიუსს და აბსოლუტურად ერთი და იგივე სიტყვებით გადიოდა ყველა ტელევიზიაში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარის ინიციატივას გამოეხმაურა ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რომელიც თვლის, რომ აუცილებლად უნდა გამოიკვეთოს თუ როგორ ხდებოდა ჟურნალისტების, პრესის დატერორება და როგორ მუშაობდა ლიბერალური ფაშიზმის რეჟიმზე მის მიერვე შექმნილი სიცრუის მანქანა.

„სამწუხაროდ, გერმანული ფაშიზმის დამარცხების შემდეგ, იოზეფ გებელსის „შემოქმედებითი ჯგუფის“ არც ერთ ნაცისტურ ფეიკ-რეჟისორს არ ხვდა წილად დამსახურებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა: გამამართლებელი განაჩენები, საზოგადოებრივი ბოიკოტი და გაკიცხვა, მორალური სტიგმა - ეს იყო მათი დასჯის მაქსიმუმი.

ამიტომაც, სოზარ სუბარის რეკომენდაციით, კომისიის საბოლოო დასკვნაში აუცილებლად უნდა გამოიკვეთოს თუ როგორ ხდებოდა ჟურნალისტების, პრესის დატერორება და როგორ მუშაობდა ლიბერალური ფაშიზმის რეჟიმზე მის მიერვე შექმნილი სიცრუის მანქანა. კომისიის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებისთანავე, გურამ დონაძის ფეხქვეშ, როგორც მინიმუმ, მიწა უნდა იწვოდეს...“, - წერს დავით ქართველიშვილი.