„ვირი ტალახში ერთხელ რომ გაიჭედება, მეორეჯერ იმ ადგილას აღარ გაივლის, ტალახი რომც არ იყოს - ზურაბიშვილმა ანალიზი ვერ გააკეთა, რა მოხდა 31 მარტს...“

„ვირი ტალახში ერთხელ რომ გაიჭედება, მეორეჯერ იმ ადგილას აღარ გაივლის, ტალახი რომც არ იყოს - ზურაბიშვილმა ანალიზი ვერ გააკეთა, რა მოხდა 31 მარტს...“

მიიღო თუ არა ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ელჩებთან შეხვედრის შემდეგ კონკრეტული დავალებები და მის მიერ კიდევ ერთი დაანონსებული 26 მაისის აქცია, არის თუ არა დასავლელი აქტორების დაკვეთა? მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილს 31 მარტის აქცია ჩაუვარდა, რატომ გადაწყვიტა მან ხელახლა კიდევ ერთი აქციის გამართვა? რას ცდილობს ზურაბიშვილი და რა პოლიტიკურ დივიდენდს იღებს ვერშემდგარი აქციებიდან?

„წინააღმდეგობის პლატფორმისა“ და ევროკავშირის ქვეყნების ელჩების შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ არა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებისთვის, არამედ შემდეგი დღისთვის, ანუ კოალიციური მთავრობისთვის“.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, 26 მაისისთვის მზადება უკვე დაწყებულია და, როგორც ჩანს, ის ოპოზიციასთან ერთად რუსთაველზე აქციის გამართვას გეგმავს.

„ჩვენი პლატფორმა აწყობს 26 მაისის მოსამზადებელ კომისიას, სადაც ყველანი შემოვლენ. ეს არ იქნება პლატფორმის კომისია, არამედ ყველა იმ ძალების, რომლებიც დღეს არიან წინააღმდეგობის ძალები, რამეთუ ჩვენ ვიბარებთ 26 მაისს და ამისთვის მზადება უკვე დაწყებულია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ეს იყო პირველი შეხვედრა ამ ფორმატში. ხოლო „წინააღმდეგობის პლატფორმა“ შეხვდა ევროკავშირის ყველა წარმომადგენელს, ელჩებს და შეხვედრას თავად ევროკავშირის ელჩიც ესწრებოდა.

„ეს იყო წარდგენითი შეხვედრა. მათ იცოდნენ ამ პლატფორმის შესახებ, თუმც ეს იყო პირველი ასეთი ერთობლივი შეხვედრა, სადაც წარვადგინეთ ჩვენი მუშაობის ფორმატი, პროცედურები, ასევე, ვინ მონაწილეობდა ამ პლატფორმაში, როგორ იყო ეს ღია პლატფორმა. მზად ვართ, ყველა ახალ ჩამოყალიბებული პარტია მივიღოთ, თუკი დაეთანხმებიან ამ პლატფორმის წესებს. ასევე, წარვადგინეთ, რომ ეს პლატფორმა კოორდინაციაში მუშაობს საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთან, რომლებიც თვითონ არიან ორგანიზებული. ეს ეხება ბიზნესის სექტორს, კულტურის სექტორს, არასამთავრობოებს თუ კიდევ პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც არიან ორგანიზებული თავიანთი ჯგუფებით. ჩვენ ამ ყველაფერთან ერთად, ვცდილობთ პოლიტიკური პოზიციების ჩამოყალიბებას და გვაქვს ამბიცია, რომ რეალურად მოვამზადოთ კოალიციური მთავრობა“, - ამბობს ზურაბიშვილი.

„გუშინ ელჩებთან შეხვედრაზე გვკითხეს, ახალი არჩევნები რომ დანიშნოს „ოცნებამ“, უკეთეს ფორმაში თუ ხართო“ - ეს კი „ფედერალისტების“ ლიდერის თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებაა, რომელიც მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„სალომე ზურაბიშვილი, განსაკუთრებით საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ტროლად ჩამოყალიბდა, რომელიც ხან ერთ რამეს ამბობს, ხან – მეორეს, ამ ისედაც თავგზააბნეულ ოპოზიციას კიდევ უფრო მეტად უბნევს თავგზას“, – ამბობს პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია.

„კოალიციური მთავრობის იდეაში ცუდი არაფერია, უბრალოდ, სალომე ზურაბიშვილი მის მიერ ჩადენილი ქმედებების, ათასნაირი კოალიციების, ქარტიების თუ რაღაც ჯანდაბების შემდეგ, როდესაც კოალიციურ მთავრობაზე საუბრობს, მისი მხრიდან არასერიოზული გამოდის, რაც არ უნდა სერიოზული იყოს კოალიციური მთავრობის იდეა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ, როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთ ფანჩატურს აანონსებს, რისი ფინალი ყველამ კარგად იცის.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ნებისმიერ არჩევნებში ნულოვანი შანსები აქვს.

„2012 წლის შემდეგ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არავითარი შანსი არ აქვს, ხელისუფლებაში მოვიდეს თავისი მავნებლობის და დანაშაულებრივი ქმედებების გამო, რითაც გამორჩეულები არიან. მათი შანსები აბსოლუტურად ნულოვანია ნებისმიერ არჩევნებში. აქაური აგენტურა და მათი პატრონები ქართველი ხალხის წინააღმდეგ გაშმაგებით იბრძვიან, რადგან მათ ხალხი მხარს არ უჭერს“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-თან ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული კიდევ ერთი აქცია, რომელიც წარუმატებლობისთვის არის განწირული, ფაქტია, მისი პატრონების მიერ არის დაკვეთილი. ახვლედიანი ამბობს, რომ 31 მარტის ჩავარდნილი აქციის შემდეგ, წარმოუდგენელია კიდევ ვინმეს იმედი ჰქონდეს, რომ ხალხი ზურაბიშვილის დაძახილზე რუსთაველზე მივა.

„საერთოდ, ცხოველებშიც კი არსებობს ასეთი ინსტინქტი, რომ მაგალითად, ვირი ტალახში ერთხელ რომ გაიჭედება, მეორეჯერ იმ ადგილას აღარ გაივლის, ტალახი რომც არ იყოს,  მაინც შემოუვლის. ახლა წარმოიდგინეთ, როდესაც ამას ვირი ხვდება და ადამიანი ვერა, ძალიან მძიმედ უნდა ჰქონდეს საქმე. ახლა, რასაც ქალბატონი ზურაბიშვილი აკეთებს, ფოცხზე ორჯერ ფეხის დაბიჯებაა. ზურაბიშვილს წარმოდგენა არა აქვს საერთოდ პოლიტიკაზე. ქალმა ანალიზიც ვერ გააკეთა, რა მოხდა 31 მარტს, რატომ უყვიროდნენ აქციის მონაწილეები. ფაქტობრივად, მასხრად აიგდეს და რუსთაველიდან, ლამის, გააგდეს. მიუხედავად ამისა, ისევ ამბობს, რომ 26 მაისს ხალხს ვიბარებო. უკვე მგონია, რომ ის არაადეკვატურია. არ ვიცი, ვინ ავალებს ამის გაკეთებას, გამოდის, ისინი ზურაბიშვილზე უარეს მდგომარეობაში არიან.

31 მარტს ვითომ გრანდიოზული აქცია უნდა ჩაეტარებინა, ხელისუფლების დამხობის გეგმა უნდა წარმოედგინა. მაშინ ბევრი მისი მომხრე და პაჭა-პუჭა პარტიები შეეცადნენ მიხმარებოდნენ. თავიანთი მომხრეები რეგიონებიდანაც ჩამოიყვანეს და ცოტა ხელი მიაშველეს. მიუხედავად ამისა, რა რაოდენობის ხალხიც მივიდა იქ და მერე რაც ეძახეს ზურაბიშვილს, კი ვნახეთ. ამის შემდეგ ისევ ლიდერობის თამაშს რომ აგრძელებს და იქ რაღაცებს გეგმავს, სასაცილოც აღარ არის უკვე. ამ ქალს არანაირი პოლიტიკური მომავალი არა აქვს. ის პრეზიდენტიც სხვისი დახმარებით გახდა და ახლა ოპოზიციაშიც დასავლეთის ხელისკვრით არის. ამიტომ 31 მარტის მერე 26 მაისის ჩავარდნა მისი პოლიტიკური გაბანკროტების საბოლოო რიცხვი იქნება“, - ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, ზურაბიშვილს 26 მაისთან დაკავშირებით არანაირი ლეგიტიმაცია და უფლება არ გააჩნია, ხოლო საუბარი იმაზე, რომ 26 მაისი ქვეყანაში გადატრიალების წინაპირობა უნდა გახდეს, აბსურდის თეატრია.

„სალომე ზურაბიშვილს და მთელ ოპოზიციას, საერთოდ, ქართველ ამომრჩეველზე ზემოქმედების არანაირი რესურსი აღარ გააჩნიათ, სრულიად გაკოტრებულები არიან. ძალიან კარგად ხედავენ, რომ აქციებს მათთვის შედეგი არ მოაქვს და ამაზე ენერგიასაც აღარ ხარჯავენ. საზღვარგარეთიდან ფულიც შემოაკლდათ. ევროპელები არ აძლევენ დანაპირებ ფულს და ვნახეთ, ზურაბიშვილი როგორ წუწუნებდა რუს პრანკერებთან. აგერ, დიპლომატებს შეხვედნენ და იქ მოიკლავდნენ ფულის მათხოვრობით და წუწუნით თავს. დიპლომატებთანაც დადიან და ეუბნებიან, რომ მოგვეცით ფული და რევოლუციურ სიტუაციას შევქმნითო. თუმცა იქიდანაც ენანებათ უკვე ამათში ფულის ჩადება. ხედავენ, რომ ხალხისთვის ამათი ფასი კაპიკი არაა და მათაც ფიქრი დაიწყეს რა ქნან“, - ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, ერთადერთი, ახლა რაზეც ზურაბიშვილი და ოპოზიცია მუშაობს, ეს არის ბრიუსელი და დონორები. ქმნიან ილუზიას, თითქოს თბილისში ყოველდღე, მიუხედავად „რეპრესიებისა“, ხალხი არ ჩერდება. ამისთვის კი დამატებით ფულს მოითხოვენ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ საწყალ ბავშვებს ყოველდღე რუსთაველზე მეგაფონებით დაარბენინებენ, რათა მერე დონორებს აჩვენონ, რომ თბილისში აქციებია და ფულია საჭირო.