დღეს, დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ეროვნულ გმირს - ჟიული შარტავას, 70 წელი შეუსრულდებოდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საბურთალოს პანთეონში, თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ალასანიასთან, საქართველოს მთავრობის სხვა წევრებთან და პარლამენტარებთან ერთად, ჟიული შარტავა გაიხსენა. პანთეონში იმყოფებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძეც. მათ გვირგვინით შეამკეს ეროვნული გმირის საფლავი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ჟიული შარტავას ხსოვნას.
საბურთალოს პანთეონში, ჟიული შარტავასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების გმირობაზე ისაუბრა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ: „როცა ვიხსენებთ ჟიული შარტავას და მასთან ერთად იმ თანამებრძოლებს, რომლებმაც თავი გაწირეს ქვეყნისთვის - ყველას ერთადერთი რამ გვაგონდება ის, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა, როგორი მაგალითით უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები და მთავარი - ვალდებულების განცდა, რომ ის საქმე, რაც ჟიულიმ დაიწყო თავის თანამებრძოლებთან ერთად, ჩვენ ბოლომდე გვაქვს მისაყვანი. ეს საქმე იყო ქართველების და აფხაზების შერიგება. ქვეყნის გაერთიანება იყო და რჩება ჩვენ ეროვნულ ამოცანად, რისთვისაც უნდა დავუახლოვდეთ და ნდობა აღვადგინოთ ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის“.
დღესვე, საჩხერე-ჭიათურის მიტროპოლიტმა-მეუფე დანიელმა, ჟიული შარტავას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. პანაშვიდს, ქართველი გმირის ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.