უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი, ხმაურიანი განცხადება გააკეთა. ვოლოდიმერ ზელენსკი პროგნოზირებს, რომ ზაფხულში რუსეთი, სამხედრო მომზადების საბაბით, ბელარუსში „რაღაცას ამზადებს“. მისივე შეფასებით, როგორც წესი, სწორედ ასე იწყება ხოლმე კრემლის ახალი თავდასხმები, მაგრამ ისმის კითხვა: სად? ასეთი შინაარსის განცხადება უკრაინის ლიდერმა ჯერ კიდევ თებერვალში გააკეთა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, ბელარუსის მიმართულების გასაძლიერებლად რუსეთი 15 დივიზიის მომზადებას გეგმას, რომელთა რაოდენობა 100-150 ათას სამხედროს შეადგენს.
„შეხედეთ ბელარუსს - ამ ზაფხულს რუსეთი იქ რაღაცას ამზადებს, სამხედრო სწავლებების საბაბით. როგორც წესი, სწორედ ასე იწყება ხოლმე მისი ახალი თავდასხმები. მაგრამ ამჯერად სად? არ ვიცი. უკრაინა? ლიეტუვა? პოლონეთი? ღმერთმა დაგვიფაროს! მაგრამ ყველანი მზად უნდა ვიყოთ. ყველა ჩვენი ინსტიტუტი მზად არის თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ უკრაინა ამ ტიპის განცხადებებით ცდილობს ყურადღება გაზარდოს მსოფლიო მასშტაბით და მათი მხრიდან ერთგვარი ფოკუსირება მოახდინოს ომზე.
„გასაგებია, რომ ზელენსკი რთულ მდგომარეობაშია და ის ასეთი განცხადებებით ცდილობს უკრაინის მიმართ დასავლეთის და დანარჩენი მსოფლიოს მობილიზება გაზარდოს“, - განაცხადა ანჯაფარიძემ.
როგორც ანალიტიკოსმა ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, ამ ეტაპზე რუსეთის ინტერესში არ არის საქართველოში ახალი სამხედრო ესკალაციის მოწყობა, რადგან მთელი მისი რესურსი მობილიზებულია უკრაინისკენ.
„ჯერჯერობით, რუსებს არანაირი ინტერესი არ აქვთ საქართველოში შემოჭრის. რას უნდა მიაღწიოს თუ საქართველოში შემოვა?! უკვე წაღებული აქვს საქართველოს ორი რეგიონი, ფაქტობრივად, ანექსირებული და იქ მიმდინარეობს ისეთი პროცესები, რომ შესაძლოა, მალე სრული კონტროლი დაამყაროს და ამ რეგიონების ინტეგრაცია მოახდინოს.
იმ მდგომარეობაში, რაშიც ახლა რუსეთი იმყოფება - მთლიანად უკრაინის ომზეა გადართული და მთელი რესურსები იქ აქვს მობილიზებული - საქართველოში მას არანირი ინტერესი არ უნდა ჰქონდეს, რაიმე სამხედრო მოქმედებები განახორციელოს. თანაც, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ხელისუფლებიდან არ მომდინარეობს ისეთი რისკები რუსეთის მიმართ, რაც იყო სააკაშვილის ხელისუფლების დროს. ერთადერთი ვარიანტია, რომ რუსეთმა საქართველოში სამხედრო ჩარევა განახორციელოს - თუ საქართველოში ანტიკონსტიტუციური გზით შეიცვალა ხელისუფლება და ხელისუფლებაში მოვიდნენ აშკარად გამოხატული ანტირუსული ძალები და მათ შეცვალეს საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა რუსეთის მიმართ და გახდნენ უფრო აგრესიული, ანტირუსული. ამ შემთხვევაში, ასეთი ვარიანტი დასაშვებია, ისიც გარკვეული დაშვებებით, თუკი რუსეთს საამისოდ ეყოფა რესურსი. სამხედრო აგრესიის განხორციელება მხოლოდ სამხედრო ძალების შემოყვანა ხომ არ არის?! იმ დაკავებულ ტერიტორიაზე კონტროლი ხომ უნდა შეინარჩუნო?! მეეჭვება, დღევანდელ მდგომარეობაში, რუსეთს ჰქონდეს იმის რესურსები, რომ საქართველოს ოკუპაცია მოახდინოს და აქ კონტროლი დიდი ხანი შეინარჩუნოს“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან საუბარში.
ამის ფონზე, ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ისევ იმედოვნებს, რომ პუტინს მიმდინარე ომის შეჩერება სურს.
ერთ-ერთ ინტერვიუში, შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ვლადიმერ პუტინს მშვიდობა სურს, ტრამპმა დაადასტურა, რომ „დიახ, ვფიქრობ, სურს“.
მისი თქმით, პუტინი პატივს სცემს მას და ამის გამო რუსეთი მთელ უკრაინას არ დაიპყრობს.
„მე რომ არა, ვფიქრობ, მას მთელი ქვეყნის ხელში ჩაგდება მოუნდებოდა. ვფიქრობ, მისი ოცნება იყო მთელი ქვეყნის ხელში ჩაგდება. ვფიქრობ, ჩემს გამო ამას არ გააკეთებს. ვფიქრობ, ის პატივს მცემს და მე მჯერა, რომ ჩემს გამო ის მთელ უკრაინას არ დაიპყრობს“, - აღნიშნა ტრამპმა.