„პუტინის გარემოცვა საერთოდ არ ფიქრობს, რომ ომს აგებენ, ტრამპი რას იტყვის, ჯე იდი ვენსი რას დაასკვნის, რუბიო რას დაიმუქრება, პუტინს, ბოდიში და, სულ ცალ ფეხზე კიდია“

„პუტინის გარემოცვა საერთოდ არ ფიქრობს, რომ ომს აგებენ, ტრამპი რას იტყვის, ჯე იდი ვენსი რას დაასკვნის, რუბიო რას დაიმუქრება, პუტინს, ბოდიში და, სულ ცალ ფეხზე კიდია“

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის 100 დღის თავზე უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების დაპირება, ამ ეტაპზე, შეუსრულებელი რჩება. უკრაინასთან და რუსეთთან მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის და დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.

თუმცა გაჩნდა გარკვეული ვარიანტები იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი უკრაინა ყირიმს, როგორც რუსეთის ტერიტორიად აღიარებდა, შესაძლოა, პუტინი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმებოდა.

ამერიკული მედიის ცნობით, შეერთებული შტატები ლონდონში დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინისა და ევროპისთვის ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარების შეთავაზებას აპირებდა. თუმცა შეხვედრა არ შედგა, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ ამ საკითხზე ნეგატიური პოზიციები გამოხატეს, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ასევე ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა.

25 აპრილს, „როიტერმა“ გამოაქვეყნა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების წინადადების სრული ტექსტი, რომელიც ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა წარადგინა პარიზში გამართულ შეხვედრაზე. დოკუმენტი ითვალისწინებს რუსეთის კონტროლის აღიარებას უკრაინის ტერიტორიების (დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის, ზაპოროჟიეს ოლქები) გარკვეულ ნაწილზე, მათ შორის ყირიმზეც.

აშშ-ის გეგმის თანახმად, რუსეთი თმობს ხარკოვის ოლქის ოკუპირებულ ნაწილებს, ხოლო უკრაინა იღებს კონტროლს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და კახოვკის კაშხალზე. გარდა ამისა, უკრაინას გააკონტროლებს კინბურნის ისარას (Kinburn Spit) და მიიღებს წვდომას დნეპრზე.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ყირიმის დათმობის შედეგები მძიმე მხოლოდ უკრაინისთვის არ იქნება. მსგავსი ქვეყნებისთვის სერიოზული პრობლემა გახდება, რაც მსოფლიო გადანაწილების წესრიგის დარღვევას გამოიწვევს, მათ შორის პრობლემა იქნება საქართველოსთვისაც.

სამშვიდობო შეთანხმების ხუთ წინაპირობაში, რომელიც ბრიტანულმა გაზეთმა The Telegraph-მა გამოაქვეყნა, კიევი დაჟინებით მოითხოვს, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილად არ იქნეს აღიარებული. უკრაინული მხარის თქმით, განსხვავებული გადაწყვეტილება, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალსა და უკრაინის კონსტიტუციას, ნეგატიურ გავლენას მოახდენს საერთაშორისო უსაფრთხოებაზე.

დონალდ ტრამპი კი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ომის დასრულება სურს. ეს ტრამპმა ადრეც არაერთხელ თქვა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებს განაგრძობს და უარს ამბობს პირველ ეტაპზე 30-დღიან ზავზე, რომელსაც უკრაინა ჯერ კიდევ მარტში დათანხმდა აშშ-ის წარმომადგენლებთან საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკების შედეგად.

29 აპრილს ABC News-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, მას რომ საპრეზიდენტო არჩევნებში არ გაემარჯვა, პუტინი მთელ უკრაინას დაიპყრობდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ცალსახა პასუხი არ გასცა შეკითხვას, ენდობა თუ არა პუტინს. დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ბევრ ადამიანს არ ენდობა, მაგრამ ფიქრობს, რომ მას პუტინი პატივს სცემს და ამის გამო არ დაიპყრობს მთელ უკრაინას, რისი გეგმაც ჰქონდა.

„რუსეთის ხელისუფლება მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის – ყოველგვარი წინაპირობის გარეშე“, – ეს განცხადება კი რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. მისი თქმით, ეს პოზიცია ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს, მოსკოვში, 25 აპრილს გამართული მოლაპარაკებებისას გააცნო. კრემლი ასევე იტყობინება, რომ შეხვედრაზე განიხილეს რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობა.

26 აპრილს, ვატიკანში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „უკრაინა მზადაა ცეცხლის უპირობო შეწყვეტისთვის“.

უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე ამბობს, რომ მსოფლიოს მართავს საერთაშორისო სამართალი და წესრიგი, სადაც ნათქვამია, რომ საზღვრები გადასინჯვას არ ექვემდებარება. for.ge-თან ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ იურიდიულად უკრაინის მხრიდან ყირიმის აღიარება უდიდესი შეცდომა იქნება, რომელიც პრობლემებს მხოლოდ უკრაინას არ შეუქმნის.

„თუკი უკრაინის შემთხვევაში ერთი ასეთი პრეცედენტი მაინც დადგება, სიტუაცია მთელს მსოფლიოში ძალიან მძიმე იქნება.  მაშინ, ნებისმიერ ძლიერ ქვეყანას შეუძლია პატარა ქვეყნების ანექსია მოახდინოს, ტერიტორიები მიიტაცოს და შემდეგ მისი აღიარება მოითხოვოს. ამიტომ ვფიქრობ, სიტუაცია ბოლომდე აქამდე არ მივა. ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, რომ გარკვეული კომპრომისის საფუძველზე, მოკლე დროში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი მოაგვაროს. ტრამპს უნდა ეს ომი ბიზნესის კეთების მეთოდით შეაჩეროს, მაგრამ ამ ეტაპზე ამ ფორმით ეს ვერ ხერხდება. იმედი მაქვს, რომ რუსეთის და უკრაინის პოზიციები დაახლოვდება, რომელიც იურიდიულად რაიმეს გაფორმებას არ გულისხმობს. ბუნებრივია, უკრაინა იურიდიულად ოკუპირებულ ტერიტორიებს არასდროს აღიარებს. ეს პუტინის მადას კი არ შეამცირებს, პირიქით, უფრო გაზრდის და არ არის გამორიცხული, ახლა დანარჩენი ტერიტორიების აღიარებაც მოითხოვს. რუსეთს ქართველებზე კარგად არავინ იცნობს, მით უმეტეს პუტინის პოლიტიკას. ამიტომ ტრამპის ეს მცდელობა არ მგონია შედეგის მომტანი იყოს. ის კიდევ ვერ აფასებს პუტინის პოლიტიკურ მანევრებს და მაინც მგონია ბოლომდე ამერიკელები მისი მოქმედებების ლოგიკას ვერ ხვდებიან“, - ამბობს გოცირიძე.

მისივე თქმით, იმ პოლიტიკით, რასაც ახალ ტრამპის ადმინისტრაცია აწარმოებს, ამერიკის შეერთებული შტატები ხელს იბანს მსოფლიო წესრიგის პრინციპებზე. გამოდის, ის თანხმობას იძლევა ძლიერმა სუსტი დაჩაგროს.

„გასაგებია, არც ტრამპია გულუბრყვილო და არც მისი ადმინისტრაცია, რომ საბოლოო ჯამში, პუტინს რაღაცები ასე დაუთმონ. თუმცა, ყოველ შემთხვევაში, ეს მიდგომა ძალიან ცუდია, რადგან თუკი ამერიკა ევროპაში და რეგიონში გავლენებს დაკარგავს, რასაც დემოკრატიის, სამართლის მხარეს დგომა ჰქვია, მაშინ დასუსტდება და ეს ამერიკისთვისაც ძალიან ცუდი იქნება. ამიტომ მე მაინც ველი, რომ ეს პოლიტიკა გადაიხედება. საქართველოს შემთხვევაშიც მაშინ საკმაოდ რთული სიტუაცია შეიქმნება. არც საქართველო დათანხმდება არასდროს აფხაზეთი და ოსეთი რუსეთის შემადგენლობად იქნას აღიარებული“, - ამბობს გოცირიძე.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი ამბობს, რომ პუტინისთვის ტრამპის მუქარები სანქციაზე და მოლაპარაკებებიდან გასვლაზე, სასაცილოდ ეჩვენება. პოლკოვნიკი for.ge-თან მიიჩნევს, რომ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას არ აპირებს და თუკი ყირიმსაც აჩუქებენ, ამაზე უარს არ იტყვის.

„ამ ომის დასრულების ან ცეცხლის შეწყვეტის ვერანაირ წინაპირობას ვერ ვხედავ. ტრამპის საუბარი იმაზე, რომ მოდი, ყირიმი მივცეთ, ან ის დანარჩენი 4 რეგიონი, რომ პუტინმა ცეცხლი შეწყვიტოს, მხოლოდ ცარიელი წყლის ნაყვაა. ტრამპის მუქარები რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე ან მოლაპარაკებებიდან გასვლაზე, პუტინისთვის მხოლოდ იუმორის საგანია. ალბათ, ამაზე ძალიან ბევრს იცინის. პუტინის პოლიტიკა არის დამნებდით, მას სხვა არაფერი აინტერესებს. თუკი აჩუქებენ ყირიმს, კი ბატონო, უარს არაფერზეც არ იტყვის.

მოსკოვში პუტინის გარემოცვა საერთოდ არ ფიქრობს, რომ ომს აგებენ, ძალიან მშვიდად არიან, ნერვებსაც არ იტოკებენ. ყველაფერი მშვენივრად ააწყვეს, ამიტომ ტრამპი რას იტყვის, ჯე იდი ვენსი რას დაასკვნის, რუბიო რას დაიმუქრება, პუტინს ბოდიში და, სულ ცალ ფეხზე კიდია. ალბათ, ყველას ერთი მიმართულებით უშვებს. ის, უბრალოდ, აგრძელებს თამაშს, თითქოს მოლაპარაკებები სურს. მას ამაზე უარიც არასდროს უთქვამს. კი ბატონო, მოდით, დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, რას მაძლევთო, ესაა რუსეთის მოლაპარაკების აზრი. ამიტომ მე ამ ყველაფერს ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ და არ ვიცი ტრამპმა რა უნდა ქნას, რომ პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე დაითანხმოს. რა პირობები უნდა შესთავაზოს“, - ამბობს ბერიძე.