სუს-ის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოს ტერიტორიის და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი საქართველოში გეგმავდა სამოქალაქო არეულობის და დესტაბილიზაციის პროვოცირებას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა იყო. მოქმედებები იმართებოდა უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინასებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაცათა ხელმძღვანელების მიერ.
ანგარიშის თანახმად, სხვადასხვა პერიოდში დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებდნენ მზადყოფნას ჩამოსულიყვნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიეღოთ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში, რასაც მოჰყვებოდა სიტუაციის უკიდურესი დაძაბვა. მათ შორის განიხილებოდა მმართველი ძალის თანამდებობის პირების ლიკვიდაციის გეგმები.
გარდა ამისა, სუს-ის ანგარიშის თანახმად, აქტიურად გამოიყენებოდა დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული საინფორმაციო კამპანიები, რომელშიც, მათ შორის, ჩართული იყვნენ დასავლური ქვეყნებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები, რამაც ცალკეული ქვეყნის სპეციალურ სამსახურებს გაუადვილა საქართველოში ანტიდასავლური კამპანიის წარმოების შესაძლებლობები. ანგარიშის მიხედვით, ე.წ. რბილი ძალის პოლიტიკის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში პოზიციების გასამყარებლად და ქვეყანაზე ეკონომიკური ზეგავლენის ბერკეტების მოსაპოვებლად.
2024 წლის სწორედ ამ პერიოდში გამოიკვეთა, რომ უცხო ძალების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საქართველოს ახალგაზრდულ სეგმენტზე მუშაობის გააქტიურება იყო, რომლის მიზანს უცხო ქვეყნებისადმი ლოიალურად განწყობილი და მათ ეროვნულ/საზოგადოებრივ ღირებულებებთან ახლოს მდგომი ახალი თაობის ფორმირების მცდელობა წარმოადგენდა. კვლავ აქტუალური იყო საერთაშორისო ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმისგან მომდინარე საფრთხეები.
გარდა ამისა, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, სამსახურის ოპერატიული, ოპერატიულ-საგამოძიებო და ანალიტიკური მუშაობის შედეგად, მათ შორის, სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციის პირობებში, მოხერხდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ ინსპირირებული ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი ღონისძიებების განეიტრალება.
საფრთხეები რომ არ მოხსნილა და რეალურია, ამაზე მეტყველებს თბილისში მიმდინარე მოვლენები, რომელიც ასევე დაფინანსებულია გარე ძალებისგან და სწორედ ამ საეჭვო დაფინანსების მოტივით მოხდა რამდენიმე ფონდის დაყადაღება. მათ შორის დამფუძნებლების სახლებში და ოფისებში ჩხრეკა. რა მტკიცებულება იქნა ამოღებული ნანუკა ჟორჟოლიანის, მარიამ ჯიბლაძის და ალეკო ცქიტიშვილის სახლიდან, ამის შესახებ გამოძება შესაბამის განცხადებას გააკეთებს. შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, გამოძიება დაწყებულია კონკრეტული მუხლებით.
„საკმაოდ მძიმე მუხლებია და შესაბამისად, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. პირად საცხოვრებელში ჩხრეკა არის ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური ჩარევა ადამიანის პირად ცხოვრებაში და სწორედ ამიტომ არის დადგენილი ჩვენი კონსტიტუციით და საპროცესო კოდექსით, რომ საჭიროა მოსამართლის განჩინება.
არსებობდა სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებები იმისათვის, რომ კონკრეტული პირების პირად საცხოვრებელ სივრცეში ჩატარებულიყო ჩხრეკა. არსებობდა სათანადო დასაბუთება და მოსამართლემ ჩათვალა საჭიროდ, რომ აქ აუცილებელი იყო მსგავსი ღონისძიების განხორციელება. არავითარი საჩვენებელი რეპრესიები არ ხორციელდება. ხორციელდება ის, რაც გვაქვს ჩვენ კანონით ნაკისრი ვალდებულება. ვაკეთებთ იმას, რაც განსაზღვრულია“, - განაცხადა ალექსასნდრე დარახველიძემ.
რაც შეეხება სუს-ის ანგარიშს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სუს ასახავს იმ რეალობას, რისი გავლაც საქართველოს ბოლო არჩევნების შემდეგ მოუწია. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში, საქართველოში დაფინანსება უკანონო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებოდა.
„ვუყურებდით, როგორ იყო საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების მცდელობა და ამას როგორ მოჰყვა ე.წ. საპროტესტო აქციების აგორება. საპროტესტო აქციების მიზანი იყო პარლამენტის შტურმით აღება, სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოშლა და ახალგაზრდების მეშვეობით ამ ყველაფრის განხორციელება.
ხედავდით, რომ ეს ყველაფერი ფინანსდებოდა. ეს მხოლოდ ჩვენი მიგნება არ არის, ამაზე ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამაც ისაუბრა. ხშირ შემთხვევაში, საქართველოში ეს დაფინანსება უკანონო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებოდა. მიზანიც და პროცესიც უკანონო იყო. სუს-ის საქმიანობამაც განაპირობა, რომ საქართველოში პროცესები ამ სცენარით არ დაგვირგვინდა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ტრადიცულიად, სუს-ის ანგარიშში პოლიტიკური რეპრესიების ნიშნები და რუსული კვალი წაიკითხეს რადიკალებმა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, სუს-ის ანგარიში კიდევ ერთი გალაშქრებაა დასავლური სამყაროს წინააღმდეგ და ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ რუსული იმპერია იყენებს საქართველოს მიტაცებულ ინსტიტუციებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებად.
„საზოგადოებას ისეთ ქვეყანაში უწევს ცხოვრება, სადაც პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების დახმარება ცუდ ქცევად ითვლება. სუს-ის ანგარიშით კიდევ ერთხელ ჩანს, რაც ამ დე-ფაქტო ხელისუფლებისთვისაა დამახასიათებელი, რომ მთავარ გამოწვევაზე, მთავარ საფრთხეზე საუბრისას ისინი აქცენტს აკეთებენ არა რეალურ საფრთხეზე და გამოწვევაზე რუსეთის იმპერიის სახით, რომელიც არა ბოლო ათწლეულების, არამედ ბოლო საუკუნეების მანძილზე გვაქვს, არამედ ისინი საუბრობენ ჩვენს პატრიოტ, მეგობარ ქვეყნებზე, დასავლურ სამყაროზე, რომლებიც, თითქოს, ქვეყანაში შექმნილი არეულობების უკან არიან, რაც კიდევ ერთხელ გალაშქრებაა დასავლური სამყაროს წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ სუს-მა პრაქტიკულად, გამოაქვეყნა ის ანგარიში, რაც არის ობიექტური რეალობა. თუმცა, რომც არ გამოექვეყნებინა, ადამიანი, რომელსაც სულ მცირედი გამოცდილება მაინც აქვს სპეცსამსახურების საქმიანობასთან დაკავშირებით, ძალიან მარტივად აღსაქმელი ტექსტია. მისი თქმით, გამოქვეყნდა ღია ტიპის ინფორმაცია, რომელიც არის ზოგადი ინფორმაციის მისაწოდებლად საზოგადოებისთვის, მაგრამ არსებობს საქმეთა ერთობლიობა რომელზედაც ანგარიშში არის საუბარი და კუხალაშვილი ფიქრობს, რომ შეიძლება ეს საქმეები არის „საიდუმლო“ გრიფის ქვეშ.
„ზოგადად, ყველა სპეცსამსახური ერთიდაიგივე მეთოდოლოგიით მუშაობს. ყველა სახელმწიფოს სპეცსამსახურის ერთ-ერთი მოვალეობა არის შენარჩუნებული იქნას კონსტიტუციური წყობილება ძალადობრივი დამხობისაგან, ჯაშუშობის თავიდან აცილების აღკვეთა, ტერორისტული აქტის აღკვეთა და ა.შ. საზოგადოება, ვინც რაიმეში არ ერკვევა, აუცილებელია ნახოს კანონმდებლობა, რა არის კანონი, მაგალითად კონტრდაზვერვის შესახებ, რა ფუნქცია-მოვალეობები აქვთ. არის ქართული ლიტერატურა, სადაც განსაზღვრულია, რა მეთოდებს იყენებენ და მათ შორის ორი მონოგრაფია ჩემს მიერაც არის გამოცემული.
ამიტომ, ყველაფრის რუსულად მოთაგვა არის დაუშვეველი. ყველა მხარე რუსეთს აბრალებს ყველაფერს და თუ ყველაფერი რუსეთი არის, მაშინ რა გამოდის? ამ ლოგიკით გამოდის, რომ რუსეთი ძალიან ძლიერია. ვფიქრობ, რომ ყველაფერზე „რუსული“-ს ძახილი სასარგებლო არ არის საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის.
იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ მიმართულებით მუსირებენ, კარგად გადაიკითხონ რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და ისეთი მუდმივი პროპაგანდის ფონზე კარგად გააანალიზონ, რა შესაძლებლობები ეძლევა რუსეთს ჩვენთან მიმართებაში. ამიტომ, ცოტა დაფიქრება და გონიერება მართებს გონიერს. უგუნურს მაინც ვერაფერს გააგებინებ და სამწუხარო რეალობაა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა ასეთი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე სუს-ის ანგარიშში რუსულ კვალს არ ხედავს, მაგრამ ანგარიშში ხედავს ერთადერთ რამეს - საქართველოში არსებული მე-5 კოლონის თავგანწირულ მცდელობას, რომ თავი გადაირჩინონ, ვინაიდან სახელმწიფო გადატრიალება ჩაუვარდათ.
„ჩავარდა ეს საქმე. ჩვენს სპეცსამსახურებს უდევთ ეს დოკუმენტი და ყველაფერი კარგად იციან. რაც შეეხება რუსულ კვალს, ქართული ანდაზაა: „ცუგა ძაღლი მთვარეს უყეფდაო“. ნახეთ, რა მოხდა ესპანეთში, პორტუგალიაში და საფრანგეთში ნაწილობრივ. ჰოი, საოცრებავ და იწერება, რომ რუსეთმა გააკეთაო. ე.ი. ამერიკაში არჩევნებს რუსი იგებს, ამათ რომ დაუჯერო, ტრამპი რუსის მოყვანილია, უკრაინაში მთლიანად გაანადგურა ყველაფერი და რაც წარუმატებლობა არის უკრაინის ფრონტის ხაზზე, რუსის აგენტურის დამსახურებაა.
ახლა სუს-ში რუსი ყოფილა. იცით რაშია საქმე? - განტევების ვაცის ნახვა ყოველთვის ადვილია. ერთ რამეს ვიტყვი, ვხედავ შედეგს, რომელიც დადეს ქართველმა სამართალდამცავებმა - საქართველოში ჩაიფუშა სახელმწიფო გადატრიალება, რომელსაც გეგმავდნენ უცხოური და შინ მყოფი ქართული მე-5 კოლონა.
მე, ისტორიკოსი ვარ, სანამ არ მექნება დოკუმენტი, გადაჭრით ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ამ განცხადებას არც ერთ შემთხვევში არ გააკეთებდა სუს, მას რომ არ ჰქონდეს შესაბამისი დოკუმენტაცია და მტკიცებულებები. ის ადამიანები და ორგანიზაციები გააგზავნოს იქ, რასაც ჰქვია „ვირის აბანო“ და მოახდევინონ ის სასაჯელი, რომელიც მათ ეკუთვნით ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მტრობის გამო“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენტაძემ.