2014 წლის 6 მარტს, დაახლოებით 12.20 საათზე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მი-8 ტიპის რუსული სამხედრო ვერტმფრენი შემოიჭრა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად საჰაერო სივრცეში და გადაუფრინა გორისა და კასპის რაიონების სოფლების ტერიტორიაზე განლაგებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოებსა და პოლიციის შენობებს.
დაახლოებით 18 საათსა და 22 წუთზე ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ განლაგებული ბაზიდან რუსული უპილოტო საფრენი აპარატი გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მიმართულებიდან შემოიჭრა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში და გადაუფრინა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში განლაგებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოებს.
გავრცელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეშფოთების გამომხატველი ტექსტი, თუმცა საქართველოს მოქალაქეებს ამ დროს სულ სხვა რამ აშფოთებდათ.
ბოლო ორი დღის განმავლობაში საქართველოში დაივიწყეს ყველა სოციალური თუ პოლიტიკური მოვლენა; ინტერნეტმომხმარებლების აბსოლუტურმა უმრავლესობამ თავი გადადო ისეთ თემაზე სადისკუსიოდ, როგორიცაა ორალური სექსი...
ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი სატელევიზიო არხის პრაიმ-ტაიმი დაეთმო გადაცემას, რომელშიც თემას "ცეცხლზე ნავთი დაასხეს"... წამყვანმა გადაცემაში წარადგინა გოგონები, რომლებიც, მისი თქმით, სტერეოტიპებს ანგრევენ და მოვისმინეთ მოსაზრებები ქორწინებამდე სექსზე, ორალურ სექსზე, "ძუძუების თავისუფლებაზე" და ქალის უფლებაზე, რომ მას შეუძლია არ ატაროს აზღუდი და "ამაში ცუდი არაფერია"...
წამყვანი გაშმაგებული მოითხოვდა ტაშს სიტყვებზე, "დიახ, მე ბოზი ვარ!"...
კიდევ უფრო მხურვალე ტაშს რესპოდენტის ნათქვამზე, რომ ქართული საზოგადოება ბნელია.
ქართული საზოგადოება ბნელია, რადგან მათთვის "ქორწინებამდე სექსი მოსული პონტი არ არის" - ვისმენდით თვალანთებული ახალგაზრდა გოგონებისგან, რომლებიც ბედნიერებას ვერ მალავდნენ იმის გამო, რომ დიახ, მათ ჰყავდათ რამდენიმე პარტნიორი და "ეს სრულიად ნორმალურია"...
დიახ, ქართველი ერის გარკვეული ნაწილი შესაძლოა, მართლაც არის ბნელი, თუ ერთი ყველაზე ცნობილი გადაცემის წამყვანი მართლა ფიქრობს, რომ "სტერეოტიპების დამამსხვრეველი ქალები" ჰყავდა გადაცემაში, რომლებიც ისეთ მარტივ ჭეშმარიტებებზე, სრულიად სერიოზული სახით საუბრობდნენ, როგორიცაა "თუ ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, მათ აქვთ უფლება ჰქონდეთ სექსი ქაღალდზე დაკანონებული ხელმოწერის გარეშე"...
დიახ, ქართველი ერის გარკვეული ნაწილი შესაძლოა, მართლაც არის ბნელი, თუ ის ირგვლივ მიმდინარე უამრავი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პრობლემების მიღმა მთავარ განსახილველ თემად "ორალური სექსის სკანდალს" ირჩევს...
დიახ, ქართველი ერის გარკვეული ნაწილი შესაძლოა, მართლაც არის ბნელი, თუ ვინმე მერსი მათზე "განათლებული, თავისუფალი და თანამედროვეა" მხოლოდ იმიტომ, ის სატელევიზიო შოუში ბუსჰალტერის გარეშე გამოვიდა და ჩვენ, მისი თქმით, გაუნთლებლები, ჩამორჩენილები და ბნელები ვართ, იმიტომ რომ, მის მსგავსად არ ვსაუბრობთ ისეთ მარტივ თემებზე, როგორიცაა - დასაშვებია თუ არა სექსი ქორწინებამდე, შეუძლია თუ არა ჰქონდეს ქალს სქესობრივი ცხოვრება ქორწინებამდე, და "მოსულა თუ არა ორალური სექსი ლოგინში... "
და წამყვანი - ის ბედნიერია იმით, რომ მის გადაცემაში პოპულარობამოწყურებული გოგონები მკერდს იშიშვლებენ "ბნელი ხალხისთვის"...
და წამყვანი - ის ბედნიერია, როდესაც მისი აუდიტორია მის მიერვე "შეკვეთილი" მხურვალე ტაშით "გვაფხიზლებს" ჩვენ, ჩამორჩენილებს...
... და ჩვენ - არ გვბეზრდება მათი ყურება;
ჩვენ არ გვბეზრდება მათ სასაცილოდ უმნიშვნელო გამონათქვამებზე სჯა-ბაასი სასაცილოდ სერიოზული სახით;
არ გვბეზრდება მათთვის თქმა, რომ დიახ, ისინი არიან ბნელები და გოიმები, რომ დღეს, ასეთ თემებზე საუბარი "სტერეოტიპების დამსხვრევა" ჰგონიათ...
და ისინიც არ იღლებიან, სექსუალური ხასიათის ეპატაჟების განხილვაში: "პროფილზე" "უფრო ინტელექტუალურ" გადაცემაში "თემის გასაშლელად" "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟები შემოჰყავთ. ასე, მაგალითად, ჟურნალ National Geographic-ის მთავარი რედაქტორი მის სექსუალურ ფანტაზიებს გვიმხელს და ამბობს, რომ მისი წარმოდგენით, "ფატმანი გადასარევად აკეთებდა მინ...ტს"...
და მკითხველიც არ იღლება კითხვით, მერე კომენტარებში იმის მტკიცებით, რომ დიახ, ადამიანები, რომლებიც მათ ასეთ პრიმიტიულ თემებზე უსერიოზულესი სახით ელაპარაკებიან, "მართლაც ბოზები არიან"..
...და ინტერნეტმედიაც, რომელიც დღეს სრულიად ჩართულია სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის აქტუალურ დისკუსიებში, აგრძელებს ამ ერთმანეთზე ბანალურად სკანდალურ თემებზე წერას, რადგან სხვაგვარად ის მათთვის (მკითხველისთვის) უინტერესო გახდება. მკითხველი წავა იქ, სადაც "მინეტებზე" დაწერენ და შენ (მედიას) მოგიწევს ასცდე მათთვის აქტუალურ თემებს... ისინი ხომ დაჟინებით ითხოვენ კიდევ უფრო მეტი პოპულარული ადამიანის მოსაზრებებს "ორალური სექსის სკანდალზე"...
... და ამ დროს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განლაგებული რუსული ბაზიდან მი-8 ტიპის რუსული სამხედრო ვერტმფრენი შემოიჭრა...
Ambebi.ge გულწრფელად იმედოვნებს, რომ მკითხველს რაც შეიძლება მალე მობეზრდება ორალურ სექსზე საუბარი და ჩვენ, ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვწეროთ არა თინა მახარაძის გამონათქვამებზე და შემდეგ მის გამონათქვამებზე გაკეთებულ მორიგ შეფასებებზე, არამედ პრობლემებზე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეხება... ეს ასეც არის, ჩვენ ვწერთ პოლიტიკაზე, სოციალურ თემებზე, კრიმინალზე, სამართალზე, კულტურაზე, რეგიონებში არსებულ პრობლემებზე, მაგრამ ჩვენ მხოლოდ წერა შეგვიძლია; ხოლო რა იქნება ყველაზე კითხვადი, ამას მკითხველი თავად ირჩევს.