თბილისის ბიუჯეტი და ხელისუფალთა „თეთრი ღამე“

თბილისის ბიუჯეტი და ხელისუფალთა „თეთრი ღამე“

„უბიუჯეტობას ირაკლი შიხიაშვილის მიერ შემუშავებული ბიუჯეტი სჯობს“, - ამ პრინციპით თბილისის მერიის წარმომადგენლები ბიუჯეტის საკითხზე გამართულ მოლაპარაკებებში გუშინ ჩაერთნენ. თუმცა, 6 მარტის დღის 2 საათიდან ღამის 2 საათამდე დრო თბილისის ბიუჯეტის პროექტის შესათანხმებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. დახურულ ფორმატში 12 საათიანი თათბირის შემდეგ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები დილიდან კვლავ შეიკრიბნენ.

საუბარია ახალ პროექტზე, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით „არაერთი დღის დაუღალავი შრომის შედეგად“ შემუშავდა. მისივე განმარტებით, ბიუჯეტის პროექტი დამატებით რეგულაციებს შეიცავს და თბილისის მერიას „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებისთვის საბიუჯეტო თანხების გამოყენების შესაძლებლობას არ მისცემს.

სწორედ, რეგულაციების საკითხი დარჩა ღიად მრავალსაათიანი შეხვედრის დროს, ბიუჯეტის პარამეტრებზე კი მხარეები კომპრომისების შედეგად უკვე შეთანხმდნენ.

„თითქმის ბოლომდე შევთანხმდით ბიუჯეტის პარამეტრებზე, დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომელიც ეხება რეგულაციებს, რომელსაც გვთავაზობს საკრებულო. ამ მიმართულებით გავაგრძლებეთ შეხვედრას და, იმედი მაქვს, რომ დღეს დღის პირველ ნახევარში მივაღწევთ საბოლოო შეთანხმებას. რეგულაციებით საკრებულოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე მეტი კონტროლი სურს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს რეგულაციები საკანონმდებლო ბაზაში მოექცეს, თუ ეს მოხერხდება წინააღმდეგნი არ ვართ“, - განაცხადა გვიან ღამით დასრულებული შეხვედრის შემდეგ თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარემ კი განმარტა, რომ თბილისელებისთვის მიცემული პირობა შეასრულა და ბიუჯეტის ახალი პროექტი შეიმუშავა, ახლა კი პირობის შესრულება საკრებულოს უმრავლესობას მოეთხოვება.

„მაგალითი იმისა, რომ სიტყვას ვასრულებთ, დავადასტურეთ. ბევრი ცინიკური განცხადება მოვისმინეთ, რომ ამ ბიუჯეტის არსებობა და ჩვენი შენიშვნები ეჭვქვეშ ჰქონდათ დაყენებული. ჩვენ შევქმენით ბიუჯეტის ახალი ვერსია და ახალი რეგულაციები, რითაც განვახორციელებთ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის რეალურ კონტროლს. ვთხოვ უმცირესობას, საკრებულოს სხდომაზე წარმოადგინონ ის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ. მათ ნათქვამი ჰქონდათ, რომ უმრავლესობის მიერ გაწერილი სახით წარდგენილ ბიუჯეტს უაპელაციოდ მიიღებდნენ. თბილისელებს ექნებათ საშუალება ნახონ, შეუძლია თუ არა უმცირესობას, ერთხელ მაინც შეასრულოს პირობა“, - განმარტა ირაკლი შიხიაშვილმა.

საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ საკრებულოს უმრავლესობის მიერ შემუშავებული პროექტი თბილისელების მოთხოვნების გათვალისწინებითაა შედგენილი და მხარდაჭერას იმსახურებს.

„იმედია, უმცირესობის წევრები შეასრულებენ სიტყვას და არ გადათქვამენ, როგორც ხშირ შემთხვევაში ჩვევიათ. ეს ბიუჯეტი არის სოციალურად ორიენტირებული და ინფრასტრუქტურაზე მიმართული. ველოდებით მათგან თანხვედრას“ - აცხადებს ნიკოლოზ ხაჩირაშვილი.

თუ დღის ბოლომდე საკრებულო და მერია ბიუჯეტის პროექტზე საბოლოოდ შეთანხმდა, ეს უკვე მეხუთე პროექტი იქნება, რომელიც საკრებულოს განსახილველად წარედგინება. მერიის მიერ წარდგენილი წინა ოთხი პროექტი საკრებულოს უმრავლესობამ „უვარგისად“ მიიჩნია.

თბილისის ბიუჯეტის დამტკიცების საკითხზე პოლიტიკური ბრძოლა დაახლოებით სამი თვეა მიმდინარეობს. ამჯერად გაჩნდა შანსი, რომ დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი უკანასკნელ ვადამდე 11 მარტამდე დამტკიცდეს. საკრებულოს მორიგი სხდომა, დღეს, 18:00 საათზე იგეგმება.

თუ თბილისის ბიუჯეტი 11 მარტამდე არ დამტკიცდება, ცენტრალურ მთავრობას უფლება ექნება პარლამენტის თანხმობით დაითხოვოს საკრებულო და თბილისის მთავრობა და პირდაპირი მმართველობა შემოიღოს ქალაქზე, მათ შორის 45 დღით ახალი მერის დანიშვნის გზით. ამ გარდამავალი პერიოდის შემდეგ, გაიმართება არჩევნები ახალი საკრებულოს ასარჩევად.