ევროკავშირში, როგორც იქნა, მიხვდნენ, რომ საქართველოს კარგავდნენ დახელისუფლებასთან ურთიერთობის აღდგენაზე ალაპარაკდნენ

ევროკავშირში, როგორც იქნა, მიხვდნენ, რომ საქართველოს კარგავდნენ დახელისუფლებასთან ურთიერთობის აღდგენაზე ალაპარაკდნენ

ევროკავშირი, საქართველოსთან დაკავშირებით, პოლიტიკის გადახედვას გეგმავს. როგორც ევროკავშირის გაფართოების ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, ვიზალიბერალიზაციის უკან წაღებით საქართველოს მოსახლეობას დააზიანებენ. ასევე, მან არ გამორიცხა კონტაქტების აღდგენა „ქართულ ოცნებასთან“ და ამბობს, რომ  ევროკავშირს საქართველოსთან კავშირის დაკარგვა არ სურს.

მმართველი გუნდიდან კოსს უკვე უპასუხეს და განაცხადეს, რომ ამ მდგომარეობიდან რაც მალე გამოვა ევროკავშირი, რეალურ თანამშრომლობას დაიწყებენ საქართველოსთან, მით უფრო კარგი იქნება ევროკავშირისთვისაც და საქართველოსთვისაც. საქართველოს ხელისუფლება არავის გაბუტვია და არც ახლა აპირებს ზურგის შექცევას.

„ვფიქრობ, ყველაზე მარტივი გზაა - არ ვესაუბროთ, მაგრამ რომ ესაუბროთ, უნდა იცოდეთ, რისი შეთავაზება შეგიძლიათ და მეორე მხარე რაზეა წამსვლელი. ასე რომ, ახლა იმის განხილვაში ვართ, როგორ შეიძლება ეს გავაკეთოთ, ეს დიალოგი ვაწარმოოთ იმ აზრით, რომ საქართველო ევროპულ გზაზე დავაბრუნოთ“, - ამბობს კოსი.

კითხვაზე - „განიხილავთ თუ არა თბილისში მთავრობასთან საუბრის ხელახლა დაწყებას, მაღალი რანგის კონტაქტების აღდგენას გარკვეულ ეტაპზე“, მარტა კოსმა უპასუხა: „დიახ. როგორც ვთქვი, ყველაზე მარტივია, არ ესაუბრო. მაგრამ ჩვენ ვესაუბრებით მსოფლიოში ბევრ სხვა ქვეყანას, რომელთაც არ გააჩნიათ კანდიდატის სტატუსი. საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი. თურქეთის კანდიდატობა ჩიხშია, 2019 წლიდან მათთან არ გვაქვს მოლაპარაკებები, მაგრამ სულ ახლახან დავიწყეთ დიალოგი უმაღლეს დონეზე. გვქონდა ერთი [დიალოგი] ეკონომიკაზე, ახლა ვიწყებთ მეორე [დიალოგს] მიგრაციაზე და ვნახავთ, [სავაჭრო ხელშეკრულების, ევროკავშირი-თურქეთის] საბაჟო კავშირის მოდერნიზების პროცესში შევალთ თუ არა. იცით, ბიზნეს საზოგადოებასაც როგორღაც სურს ამის გაკეთება. ევროკავშირსა და თურქეთს შორის დაახლოებით 240 მილიარდი ევროს მიმოცვლა გვქონდა და ეს საკმაოდ ბევრია“, - განაცხადა კოსმა.

მორიგ კითხვაზე - „საქართველოშიც შესაძლოა, რომ უმაღლესი რანგის დიალოგი რაიმე ფორმით განვითარდეს მომავალში?“, - მან განაცხადა: „ვფიქრობ, უნდა ვიფრთხილოთ, შესაძლოა, დასაწყისში უმაღლეს დონეზე არა, შესაძლოა, დაბალი რანგით დავიწყოთ, მაგრამ შემდეგ ვნახოთ, როგორ შეიძლება ამ საკითხის განვითარება“.

მმართველ გუნდში კი უჩნდებათ განცდა, რომ თვითონ ევროკავშირში სერიოზული დაბნეულობაა და ამის ძალიან ბევრი მიზეზი აქვთ, თუნდაც ეკონომიკა, ენერგეტიკული მატარებლები, უსაფრთხოების საკითხები და ა.შ. თუმცა საქართველო მზადაა ევროკავშირთან ურთიერთობის განახლებისთვის.

„ყველა კარგად ხედავს აშშ-ს დამოკიდებულებას ევროპისადმი და იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებისადმი, რომელიც ამერიკასა და ევროპას შორის ათეულობით წელია გაფორმებულია. მთლიანი არქიტექტურის ცვლილებას ვხედავთ არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში. ევროკავშირი არა მარტო საქართველოს მიმართ, არამედ ზოგადად, ჩამოუყალიბელია საგარეო პოლიტიკის მიმართ. ისინი ყველანაირ ბერკეტს საკანონმდებლო დონეზე ამზადებენ, რომ ყველანაირი ბერკეტი გამოიყენონ მათთვის პროქსად სასურველი ქვეყნებისადმი, სადაც ვერ მიაღწიეს იმ მიზნებს, რომელი მიზნებიც გაცხადებული იყო. რომელ არასამთავრობო ორგანიზაციებს გულისხმობენ?! ჩვენთან ხომ ყველამ ნათლად ნახა რეალურად რას წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციები“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-თან ამბობს, რომ როგორც იქნა, ევროკავშირში მიხვდნენ, რომ ის რეალობა, რომელსაც ოპოზიცია მათ საქართველოს შიგნით არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით აწვდიდა, არასწორია. მათ ამის გასააზრებლად დრო დასჭირდათ, თუმცა ფაქტია, რომ ბრიუსელში დაბნეულობაა არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ საერთოდ, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

„ნათელია, რომ ევროკავშირში რაღაცების გადაფასება და ანალიზი დაიწყეს. თავდაპირველად მათ ოპოზიციის უპირობოდ სჯეროდათ და იმის მიუხედავად, რომ ამდენი ხნის განმავლობაში გაყალბების ვერც ერთი მტკიცებულების ვერ წარადგინეს, მაიც მათ რიტორიკას მიჰყვებოდნენ. თუმცა ამან სადაც მიიყვანა ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით, ვხედავთ. სიტუაცია ძალიან გართულდა და ურთიერთობა ჩიხში შევიდა. კარგია, რომ დაინახეს ის რეალობა, რაც ამ ოპოზიციის ირგვლივ ქვეყნის შიგნით არსებობს. უკვე არავისთვის აღარ არის უცნობი, რომ ევროკავშირს ღიად სურდა „ოცნების“ ჩანაცვლება იმ ძალით, რომლის გასაშვებადაც ქართველმა ხალხმა 2012 წელს ყველაზე დიდი მობილიზაცია მოახდინა და ისინი ხელისუფლებას ჩამოაშორა.

ხედავენ, რომ ქუჩაში ხალხი არ გამოდის მასობრივად. ხელისუფლების პრინციპულობამ და, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის გვერდით დგომამ გამოიწვია ის, რომ ევროკავშირში ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური რეალობა დაინახეს. ხელისუფლებამაც ძალიან სწორად და ზუსტად მოახერხა მოსახლეობის ინფორმირება იმაზე, თუ რა სურდა ევროკავშირს - რა იყო მიზეზი, რის გამოც ქვეყანა მათი მხრიდან სრული შანტაჟის ქვეშ მოექცა, რასაც ხელისუფლებამ გაუძლო და ხალხმა მას დაუჯერა. ამიტომ ევროკავშირის მაღალ ეშელონებში უკვე გაჩნდა კითხვები - რა ხდება? და რა უნდა ვქნათ ახლა?“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, ევროკავშირი არ არის ისეთი იდეალური, როგორსაც საქართველოში ხატავენ. ეს ყველაზე თვალნათლივ ბოლო დღეებში ესპანეთში გამოწვეულმა ენერგოკრიზისმა გვაჩვენა და მანამდე უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროპის ჩამოუყალიბებლობამ. ფაქტია, საქართველოსთან დაკავშირებით მიხვდნენ, შეცდომა დაუშვეს და გამოსავლის ძიებაში არიან.

„ვიზალიბერალიზაცია ქართველებს რომ გაუუქმონ, რა თქმა უნდა, ეს აგრესიას გამოიწვევს დასავლეთის მიმართ. ევროკავშირში, როგორც ჩანს, თავიდან ფიქრობდნენ, რომ ეს ერთგვარი ზეწოლა იქნებოდა მოსახლეობაზე, რათა „ოცნების“ პოლიტიკაზე დაფიქრებულიყვნენ, თუმცა ხელისუფლებამ შეძლო და მოსახლეობის ინფორმირება ამ საკითხებზე  მოახერხა. ევროკავშირზე ერთი და ორი ნაბიჯით წინ იდგა. ამიტომ ევროპამ უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებას რომ გადახედოს, მოსახლეობაში აგრესია მათ მიმართ წავა. საქართველოს დაკარგვა ახლა ევროპას არაფერში აწყობს. პირიქით, რიგი პრობლემების გამო, საქართველო სჭირდებათ ენერგომატარებლების და ეკონომიკური დერეფნის გამო. ხელისუფლების მხრიდანაც სწორი პასუხია გაცემული. ახლა საქართველოს არავისთან გაბუტვის დრო არა აქვს და ჩვენი პოლიტიკა სწორედაც რომ პრაგმატულია. ვითანამშრომლებთ ევროპასთანაც და დანარჩენ ყველა რეგიონულ მეზობელთან, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ ნაბიჯები „ოცნების“ მხრიდანაც შემხვედრი უნდა იყოს და ფაქტია, ხელისუფლება ამისთვის მზადაა“, - ამბობს საყვარელიძე.