ევროკომისარი შტეფან ფულე ქართულ სინამდვილეში არსებული არასწორი მითების გაბათილებას შეეცადა. მისი თქმით, ასოცირების ხელშეკრულების გარშემო ბევრი არასწორი მითი არსებობს.
სინამდვილეში, ევროკავშირი საქართველოსგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს და არც იმას აპირებს, რომ საქართველოს თავისი ტრადიციები და ფასეულობები მოახვიოს; ისიც მცდარი მითი და უსაფუძვლო შიშია, თითქოს, ასოცირების ხელშეკრულება ქართული ეკონომიკის სექტორებს გაანადგურებს, თითქოს, ევროპულ ბაზარზე ქართული ბიზნესისთვის შესაძლებლობები არ არსებობს. შტეფან ფულეს თქმით, ევროკავშირს 500-მილიონიანი მომხმარებელი ჰყავს, ანუ 1000-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე საქართველოს მოსახლეობა და ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტი 2011 წელს 11.3 ტრილიონი იყო. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ თავისუფალმა და ყოვლისმომცველმა სავაჭრო ხელშეკრულებამ ექსპორტის გაორმაგება მოიტანოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ევროკავშირში.
ევროკომისარმა ის მოსაზრებაც უარყო, რომლის მიხედვით, ასოცირების ხელშეკრულებით მხოლოდ დიდი სოფლის მეურნეობები და ინდუსტრიული მწარმოებლები ისარგებლებენ. მისი დაპირებით, ქართული კანონები, ევროკავშირთან შესაბამისობაში მოსვლის შემდეგ, პატარა და საშუალო მწარმოებლებს ევროპის დიდ ბაზარზე კონკურენციაში დაეხმარება.
„სენსიტიურ სექტორებს ექნებათ გარდამავალი პერიოდი და ადაპტაციისთვის დრო მიეცემათ. უახლეს ისტორიას უნდა შევხედოთ, რომ ვნახოთ, თუ როგორი სარგებელი შეიძლება ნახოს ეკონომიკამ ევროკავშირში გაწევრიანებით. მაგალითად, ავიღოთ უკრაინა და პოლონეთი. 1990 წელს პოლონეთისა და უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის იდენტური იყო. ხუთი წლის შემდეგ, ევროკავშირ-პოლონეთის ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ, პოლონეთის მთლიანი შიდა პროდუქტი უკრაინასთან შედარებით, ოთხჯერ გაიზარდა. მთლიანი უცხოური ინვესტირება უკრაინაში 42%-ით შემცირდა, პოლონეთის 66%-ით გაიზარდა“, - განაცხადა ფულემ.
აღსანიშნავია, რომ შტეფან ფულე ჯერ კიდევ შარშანდლიდან შეეცადა ე.წ. ქართული მითების გაბათილებას, როცა აღნიშნა, რომ მითია, თითქოს, საქართველო ვილნიუსის სამიტზე წარმატებას ვერ მიაღწევს და მითია ისიც, თითქოს, საქართველო ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არ აგრძელებს ევროპულ და დემოკრატიულ რეფორმებზე ორიენტირებულ გზას. მისი აზრით, საჭიროა ამ მითების ნგრევა.
სულ ახლახანს, შტეფან ფულეს ვიზიტის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირს მიმართა, ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე უკრაინასთან ერთად მხარდაჭერა საქართველოსაც გამოუცხადონ. კერძოდ, გათვალისწინებულ იყოს საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში.
ევროკავშირთან მიმართებით საქართველოს პოზიცია ცალსახაა. თუმცა არც ოპონენტთა მოსაზრების უგულებელყოფა შეიძლება. მათი აზრით, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მოუმზადებელი შეხვდა ევროკავშირი უკრაინულ მოვლენებს და სხვა მნიშვნელოვან პროცესებს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან მიმართებით, საინტერესოა, რა სარგებელს მოუტანს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმება საქართველოს?! გასათვალისწინებელია ისიც, თუ როგორ ეკონომიკურ მდგომარეობაში არიან დღესდღეობით ევროკავშირში ახლად გაწევრიანებული ქვეყნები - უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი?! კერძოდ, ნიჰილისტების თქმით, ბულგარეთის ბაზრის 80% დაბალხარისხიანმა იმპორტირებულმა პროდუქციამ დაიკავა და ბულგარეთის მოსახლეობა 9-დან 7 მილიონამდე შემცირდა. რაც შეეხება რუმინეთს, ევროკავშირში შესვლის შემდეგ რუმინეთში ქარხნების ნაწილი საწყობებად გადაკეთდა, უნგრეთში კი ფერმერთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და მთლიანად გაკოტრდა ადგილობრივი წარმოება.
აღსანიშნავია ისიც, რომ პრობლემები აქვთ ევროკავშირში დიდი ხნის წინ გაწევრიანებულ ქვეყნებს (ესპანეთს, საბერძნეთს).
რა პერსპექტივა ექნება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით?! ამის შესახებ სხვადასხვა პროფილის ექსპერტებს ვესაუბრეთ.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ევროკავშირთან მიმართებით ბევრად უფრო მნიშვნელოვანია არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური და სოციალური ასპექტები. განსაკუთრებით, პოლიტიკური, რადგან შტეფან ფულეს ვიზიტი მიმდინარეობს კიევში განვითარებული მოვლენების ფონზე. სწორედ ამ ასპექტშია განსახილველი ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან.
მისი განმარტებით, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა არ არის მარტო უვიზო რეჟიმის შემოღება და ეკონომიკური პრობლემების მოგვარება. მთავარია ჩვენი და უკრაინის ძირითადი პრობლემის დაძლევა, რადგან ჩვენ ვერ შევძელით თანამედროვე ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება.
„ვფიქრობ, ჩვენი ხელმოწერის შემდეგ დაიძვრება პროცესი, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიული სტრუქტურების ჩამოყალიბებას და მის გამართულ საქმიანობას შეუწყობს ხელს. ამიტომაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ხელი მოვაწეროთ ამ ხელშეკრულებას და გავხდეთ ევროპის ნაწილი, რაც უპირველესად ნიშნავს პოლიტიკურ და სოციალურ თავისუფლებას. ეს აკლია ჩვენს სახელმწიფოს და მთელ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს. რაც შეეხება ევროკავშირის ბერკეტებს, ის მეთოდი, რომელიც ახლო წარსულში, ცივი ომის პერიოდში მიმდინარეობდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ძალზე ხანგრძლივია. ეს არ არის ცხელი საომარი მოქმედება და ამიტომაც ჰქვია ცივი ომი. თუმცა ცივი ომის საბოლოო შედეგი იყო ის, რომ ამ მოქმედების შედეგად სოციალისტური ბანაკი მთლიანად დაიშალა. ეკონომიკური ბერკეტები, პოლიტიკური ზეწოლა, საზოგადოებრივი აზრის შექმნა, ეს ის მექანიზმებია, რასაც იყენებდა დასავლეთი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. თუ პროცესები ამ მიმართულებით წავიდა, დასავლეთი ისევ დაიწყებს ამ ბერკეტების გამოყენებას რუსეთის წინააღმდეგ. ეს ნელი მოქმედების ნაღმია და შედეგს ცოტა გვიან გამოიღებს. დღეს დასავლეთი, როგორც ამერიკა, ისე ევროკავშირი სწორედ ამ მიმართულებით მუშაობენ“, - გვითხრა ვახტანგ ძაბირაძემ.
მისი თქმით, ბუნებრივია, დასავლეთს სურს, ვიყოთ მათი ოჯახის წევრი, არა იმიტომ, რომ ძალიან ვუყვარვართ, არამედ, რაც მეტი იქნება დემოკრატიული სივრცე, მით მეტად დაცულად იგრძნობს დასავლეთი თავს.
ამიტომ პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ უნდა ვითამაშოთ იმ წესებით, რასაც დასავლეთი გვთავაზობს. ამ მხრივ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვაც პოზიტიურია, მიუხედავად იმისა, რეალურ შედეგს გამოიღებს თუ არა. ჩვენმა ყველა მეზობელმა_კეთილმოსურნემ თუ არაკეთილმოსურნემ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მაინც ევროკავშირისკენ მივდივართ.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ევროპულ ორიენტაციას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა არაფერი გააკეთოს ქვეყანამ მთელი ათწლეულის განმავლობაში, ეს მძიმე რეალობაა. წინა ხელისუფლება, თითქოსდა, დასავლეთზე იყო ორიენტირებული და სინამდვილეში, აღმოსავლური ტიპის მტარვალური სახელმწიფო შექმნა. დღესაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამ არ შეიძლება მოგვცეს რაიმე პოზიტივი, თუ ახალი ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური მოდერნიზაციისთვის არაფერს გააკეთებს.
„რა უნდა მოგვცეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებამ, თუ არაფერი გასაყიდი არ გაქვს, თუ შენი ეკონომიკა დაქცევის პირასაა, თუ საშუალოზე სუსტი ფირმის შემოსავლების დონის ეკონომიკა გაქვს. წელს 5%-ს თუ შევასრულებთ, 17 მილიარდ 300 მილიონი გახდება მთლიანი შიდა პროდუქტი. რისი აღფრთოვანება აქვს ვინმეს, როცა არაფერი კეთდება?! ყველაფერი, რაც კი ადამიანს სჭირდება, დასავლეთში უკვე იწარმოება და ის საქონელი მოვა საქართველოშიც. ასეთი საშინაო პოლიტიკის პირობებში რთული პროგნოზი გველის. მსგავსი სიტუაციაა სხვა ქვეყნებშიც. ფაქტობრივად, განეიტრალებულია ბალტიისპირეთის ქვეყნები, მეტ-ნაკლებად სულს ღაფავს ესტონეთი, ლატვიაზე და ლიტვაზე საუბარიც არ არის, იმდენად რთულ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნებია. ამას ემატება ბულგარეთი და უნგრეთი - ყველგან სერიოზული შეცდომები დაუშვეს. როგორ შეიძლება, ხელშეკრულების კეთილდღეობაზე იფიქრო, როდესაც ხელშეკრულება არ გაქვს გააზრებული, როგორც დამხმარე საშუალება?!“, - კითხულობს დემურ გიორხელიძე.
ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 21 მილიონი ევრო არაფერია. მისი აზრით, 21 მილიონმა რა უნდა გაუკეთოს საქართველოს, როცა ეს თანხაც სამთავრობო სტრუქტურების მეშვეობით დაურიგდებათ მათთან დაახლოებულ სტრუქტურებს და შედეგი ნულოვანი იქნება.
„21 მილიონი რომ ჰყოფნიდეს საქართველოს ფეხზე დაყენებას, მაშინ რაღა უჭირს ჩვენს ქვეყანას. ეს ილუზიაა. ამდენი წლის განმავლობაში შტეფან ფულეს გამოსვლა იყო ევროპელი მაღალჩინოსნის პირველი გონიერი გამოსვლა. მესმის, რასაც ამბობს შტეფან ფულე. ის პოლიტიკურად საღ შეფასებებს აკეთებს. თუ ამ კონტექსტში გააგრძელებენ ევროპელები, მაშინ მიიღებენ საოცრად კარგ მეგობარ ქვეყანას საქართველოს სახით. თუ ისინი ძველებურად გააგრძელებენ, მიიღებენ ანტიევროპულ განწყობებს, რადგან საქართველო არასდროს დაუშვებს ისეთ რამეებს, რასაც თავს ახვევდნენ აქამდე“.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ, მართალია, ევროპა განსხვავებულად უყურებს ერთსქესიანთა ქორწინებას და სხვა საკითხებს, ვიდრე ყოფილი საბჭოთა კავშირის ან აზიის ქვეყნები, მაგრამ მთავარია ის, რამდენად ცდილობს ევროკავშირი თავისი პოზიცია მოახვიოს სხვა ქვეყნებს. თუ პირიქითაა, რომ ევროკავშირი ლოიალურია განსხვავებული აზრის მიმართ.
„არის ევროპული ქვეყნები, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება დაშვებულია, მაგრამ ვიცით, რომ არის განსხვავებული ტრადიციის მქონე სხვა ევროპული ქვეყნებიც. ასე რომ, ამ ერთ საკითხზე ევროპული სინამდვილის შესახებ წარმოდგენის ჩამოყალიბება სწორი არ იყო და ამას გაუსვა ხაზი ფულემ. ზუსტად ამას უპასუხა ჩვენმა პატრიარქმაც, როცა თქვა - მე არ მჭირდება იმაში დარწმუნება, რომ საქართველოს შეუძლია თავისი ტრადიციებით გახდეს ევროკავშირის წევრი. მეორე მხრივ, ურთიერთობის ამ სირთულეს თავისი დადებითი მხარეც აქვს. ფულე დიდი თანამდებობის პირია ევროპის სტრუქტურებში და მას მოუწია იმის გაცნობიერება, თუ რა ადგილი უჭირავს ქართულ ეკლესიას საქართველოში და, რომ მისთვის ანგარიშის გაწევა საჭიროა. როგორც ჩვენ ვეგუებით ევროკავშირის გარკვეულ პოზიციებს, ასევე, ევროკავშირსაც უწევს ჩვენი რეალობის მიმართ შეგუება. ევროკავშირში ისეთი სიტუაცია არ არის, როგორც საბჭოთა კავშირში და ისინი თავს არ ახვევენ სხვებს თავის ღირებულებებს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბარში.
ამასთან, განმარტავს, რომ ევროკავშირი მრავალფეროვნებას მოიცავს. უბრალოდ, იმ ფაქტს, რომ რომელიღაც ქვეყანამ აღიარა ერთსქესიანთა ქორწინება, ძალიან ხშირად იყენებენ ისინი, ვინც ცდილობს გარკვეული ქვეყნების ევროპისკენ მოძრაობის შენელებას.
„ვის ინტერესშიც შედის ეს, მე მგონი, ცხადია. ისე არ გამოვიდეს, რომ ერთი რაღაცის შიშით, ჩვენ მეორე, არცთუ კეთილგანწყობილი ქვეყნის საქმე გავაკეთოთ“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.