[მერაბ ბრეგაძე]
მოსკოვი თბილისს კავკასიაში სიტუაციის გამწვავების პროვოცირებაში კიდევ ერთხელ, ამჯერად ყაბარდო-ბალყარეთის პრეზიდენტის არსენ კანოკოვის პირით ადანაშაულებს. კანოკოვის მტკიცებით, „კავკასიაში სიტუაციის გამწვავება სწორედ ქართული სპეცსამსახურების მიერაა პროვოცირებული“.
თბილისში აცხადებენ, რომ „საქართველოდან მომდინარე საფრთხეების შესახებ“ რუსეთის პრეზიდენტის ცნობილ განცხადებას გაგრძელება აუცილებლად ექნება.
მათივე თქმით, ყაბარდო-ბალყარეთის მეთაურმა რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზაციაში თბილისის დადანაშაულებით, კრემლის დავალება შეასრულა.
„ჩვენ ბოლო მოვლენების ყველა ვერსიას განვიხილავთ. არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ რეგიონში სიტუაციის მკვეთრად დესტაბილიზაციის მცდელობების უკან მეზობელი სახელმწიფოების სპეცსამსახურები დგანან, თუმცა მკაფიოდ ამას ჯერჯერობით ვერ დავადასტურებთ, რადგან გამოძიება გრძელდება“, - განაცხადა კანოკოვმა და აქვე დასძინა, რომ „ყაბარდო-ბალყარეთს ბევრი უცხო მეზობელი არ ჰყავს, უფრო ზუსტად, მხოლოდ ერთი ჰყავს - საქართველო“.
„მინიშნება გასაგებია. მით უფრო, რომ საქართველო არ წყვეტს მცდელობებს, ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილ რთულ სიტუაციაში შეძვრეს. მაგალითად, ახალ წლამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოს ხელისუფლებამ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა“.
მის მოსაზრებას რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის წევრი, ფედერაციის საბჭოს პირველი ვიცე-სპიკერი ალექსანდრე ტორშინიც იზიარებს, რომლის აზრით, „ყაბარდო-ბალყარეთში განხორციელებული ბოლო ტერაქტების სერია, მათ შორის ტურისტის დაცხრილვა შესაძლოა, რესპუბლიკის მიმდებარე სახელმწიფოების სპეცსამსახურების მიერ იყოს განხორციელებული“.
„მე ვეთანხმები ყაბარდო-ბალყარეთის პრეზიდენტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი მიმდებარე სახელმწიფოების მხარდაჭერის გარეშე ვერ ჩაივლიდა“. მისივე თქმით, „საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ბანდიტების ბევრი ბაზაა“.
„ბანდიტებისთვის კვების წყაროს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა დიდი რაოდენობა წარმოადგენს. გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან ის ადამიანები, რომლებიც კავკასიაში პირველობის იდეით არიან შეპყრობილი“, - განაცხადა ტორშინმა, რომლის განმარტებით, „საუბარია დიმიტრი სანაკოევზე, სამხრეთ ოსეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, რომელიც რესპუბლიკის დროებით ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა და ამჟამად თბილისში იმყოფება“.
„ამ ადამიანებმა იციან ადგილმდებარეობა, იციან, სად, რა და როგორ. დარწმუნებული ვარ, მათ გარეშე ეს ვერ გაკეთდებოდა“, - დასძინა მან. ამასთან, ტროშინის თქმით, „იატაქვეშა ბანდიტები ეძებენ ისეთ რაიონებს, სადაც ბოლო დრომდე სიჩუმე იყო და ყაბარდო-ბალყარეთი სწორედ ასეთი რეგიონია“.
„მართალია, იქ ცალკეული ტერაქტები ხორციელდებოდა, თუმცა ეს სისტემატიური არ იყო. შემთხვევითი არ არის, რომ ტურისტი სწორედ მაშინ დაცხრილეს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი და პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი, ასევე საერთაშორისო ოლიპიური კომიტეტის მაღალჩინოსნები სოჭში იმყოფებოდნენ. ბანდიტებმა საჩვენებელი აქცია მოაწყვეს“, - განაცხადა ტორშინა და დასძინა, რომ „ჩრდილოეთ კავკასიაში ახალი ბანდფორმირებები იქნება, რომელიც ლიდერობაზე განაცხადებს პრეტენზიას“.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ განცხადებებამდე ორი დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ქვეყნის უშიშროების საბჭოს საქართველოს განსაკუთრებულ კონტროლზე აყვანის დავალება მისცა, ვინაიდან არ გამორიცხავს, რომ სოჭის ოლიმპიადის ჩაშლის მიზნით თბილისმა პროვოკაციებს მიმართოს.
ასოციაცია „სამართალი და თავისუფლების“ ხელმძღვანელის, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტის, ირაკლი სესიაშვილის აზრით, „საქართველოდან მომდინარე საფრთხეების შესახებ“ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას გაგრძელება აუცილებლად ექნება.
„ამას აუცილებლად ექნება გაგრძელება. მედვედევი ამ განცხადებას ტყუილად არ გააკეთებდა. ალბათ, რუსეთში აქვთ გარკვეული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სოჭის ოლიმპიადამდე შესაბამის რეგიონებში ტერორისტულ აქტებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი და წინასწარ მზადდება ფონი იმისთვის, რომ ეს ვინმეს დაჰბრალდეს. ამ შემთხვევაში უნდა ველოდოთ, რომ თუკი რაიმე ტერორისტული აქტი მართლაც განხორციელდება, მასში საქართველოს დაადანაშაულებენ“.
ამასთან, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტის აზრით, რაც უფრო ახლოვდება ოლიმპიადის გამართვის დრო, მით მეტი საფიქრალი უჩნდება საქართველოს.
„მაქვს შიშის ფაქტორი, რომ უახლოს მომავალში უფრო ღიად დაგვდებენ ბრალს, მაგრამ მიჩნდება კითხვა, რა შეიძლება მოხდეს და შესაძლოა თუ არა ამას მოჰყვეს სპეცოპერაციები ჩვენს ტერიტორიაზე? მგონია, რომ ამ ეტაპზე არა, მაგრამ, რაც უფრო ახლოს იქნება ოლიმპიადა, მით უფრო მეტი საფიქრალი შეიძლება გაგვიჩნდეს“, - განმარტა უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტმა და დასძინა, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია, „წინასწარ ვაწარმოოთ საინფორმაციო პოლიტიკა, რათა საინფორმაციო თავდასხმებისთვის მზად ვიყოთ და მაქსიმალურად შევამციროთ ისეთი ტიპის საფუძვლები, რაც მოწინააღმდეგეს ჩვენ წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის წარმოებაში დაეხმარება“.
სესიაშვილის ვარაუდს ყაბარდო-ბალყარეთის მეთაურის მიერ გაკეთებული განცხადებაც ამყარებს, რომელშიც მან ქვეყანაში ბოლო პერიოდში მომხდარ აფეთქებებში სწორედ საქართველო დაადანაშაულა.
„ყაბარდო-ბალყარეთის ხელმძღვანელობის განცხადებას წინ უძღვის სწორედ კრემლის იდეოლოგია და პოლიტიკა. რამდენიმე დღის წინ მედვედევმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს საქართველოდან მომდინარე საფრთხეებს ოლიმპიადის ჩაშლის მიზნით და რა თქმა უნდა, რაც ბელადმა თქვა, ქვედა რგოლის ჩინოვნიკებმა ის გაიმეორეს“.
ექსპერტ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, ყაბარდო-ბალყარეთის მეთაურმა ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციაში საქართველოს დადანაშაულებით, „რუსეთის დავალება“ შეასრულა.
„იმ ფონზე, როცა ყაბარდო-ბალყარეთი საქართველოს გარდა სხვა არც ერთ სახელმწიფოს არ ესაზღვრება, ის შედის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, ბუნებრივია, მისი მეთაური სწორედ საქართველოს გულისხმობდა, როცა ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაში მეზობელ სახელმწიფოს დასდო ბრალი.
ყაბარდო-ბალყარეთის ე.წ. პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტის მიერაა დანიშნული, ისე როგორც, რუსეთის კონსტიტუციაში, 2004 წელს შეტანილი ცვლილებების შემდეგ სწორედ ფედერალური ხელისუფლება ამტკიცებს ავტონომიური რესპუბლიკებისა და ფედერაციის სხვა სუბიექტების ხელმძღვანელებს“.
მისივე შეფასებით, რუსეთისა და მის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკების მარიონეტული მეთაურების ძირითადი მიზანია საერთაშორისო საზოგადოების წინაშე საქართველოს დისკრედიტაცია და მისი წარმოჩენა, როგორც ტერორისტების მფარველი სახელმწიფო.
„არის მეორე მომენტიც: რუსეთს და ამ შემთხვევაში ყაბარდო-ბალყარეთის ხელისუფლებას სურთ, რომ უსაფრთხოების ძალების სისუსტე, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ მრავალი ტერორისტული აქტის აღკვეთას, გარკვეულწილად, გარეშე ძალებს, პირველ რიგში კი, საქართველოს გადააბრალონ“.
სამხედრო საკითხებში ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის აზრით, ყაბარდო-ბალყარეთში ბოლო დროს მომხდარ ტერორისტულ აქტებში საქართველოს დადანაშაულებით ქვეყნის ხელმძღვანელობა კრემლის გულის მოგებას ცდილობს.
„ყაბარდო-ბალყარეთის ხელმძღვანელობა ცდილობს კრემლის გული მოიგოს. პირადი ინიციატივით ამბობს, რომ ვერ უმკლავდება ქართველების ტერორისტულ აქტებს, რადგან ფიქრობს, რომ ამით მოსკოვში ქულებს დაიწერს“.
მისივე განმარტებით, თავად რუსეთში სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ტერორისტების მფარველი ქვეყანაა, დიდი ხანია გამქრალია.
„ამას ადასტურებს რუსეთის ბოლოდროინდელი პრესაც, სადაც გამქრალია ყველანაირი სპეკულაცია იმაზე, რომ ტერაქტების უკან შეიძლება ქართველები იდგნენ“.
ცნობისთვის: ყაბარდო-ბალყარეთს ჩრდილოეთით - სტავროპოლის მხარე (რუსეთი), სამხრეთით - ჩრდილოეთ ოსეთი (რუსეთი) და საქართველო და დასავლეთით - ყარაჩაი-ჩერქეზეთი (რუსეთი) ესაზღვრება.