აგრესიულმა დასავლეთმა, საერთო ჯამში, 200-ზე მეტი ქართველი დაასანქცირა. ამ ეტაპზე ცნობილია 98 მაღალჩინოსანის ვინაობა, რომლებიც სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ. რაც შეეხება დანარჩენებს, მათ წინააღმდეგ ანონიმური სავიზო შეზღუდვებია დაწესებული. აღსანიშნავია, რომ პირველი სანქციები აშშ-ის სახელმწიფო მდივანის ენტონი ბლინკენის ხელმოწერით დაუწესეს ქართველ მოსამართლეებს. შემდეგ უკვე იგივე ნაბიჯი გადადგეს დასავლეთის სხვა ქვეყნებმა.
დასანქცირებული პირები „ბრალდებული“ არიან „საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“, თუმცა რა მტკიცებულებებს ეყრდონა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და მათ შორის აგრესული დასავლეთი, განმარტებული არ არის. გარდა იმისა, რომ შეშფოთებული არიან „საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევითა და ანტიდემოკრატიული ქმედებებით“.
ქართული პოლიტიკისთვის დაუსაბუთებული სანქციები ლამის, ყოველდღიურობა გახდა. ქართველი რადიკალები აქტიურად მუშაობენ იმისათვის, რომ გაგრძელდეს სანქციები და რაც შეიძლება გაფართოვდეს დასანქცირებულთა ვინაობა. სანქციები, მით უფრო დაუსაბუთებელი, საკმაოდ მძიმედ ისახება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უკვე დასანქცირდნენ. სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი, კახა კახიშვილი განმარტავს, რომ ერთია ყოველდღიური სანქციები, მაგრამ როდესაც საჯარო მოხელეებს ადებენ სანქციებს, ეს რთული ამბავია.
„ისიც კი ვერ მოახერხა საქართველოს ხელისუფლებამ და მე მქონდა კომუნიკაცია ხელსუფლებასთან ამ საკითხზე - ბოლო-ბოლო ადექით და სასამართლოში შეიტანეთ. დაასანქცირეს ადამიანი და „საქართველოს ბანკმა“ დაუყადაღა ანგარიში და ამ დროს ამ ადამიანს ბანკში აქვს კრედიტი, ანგარიში რომ დაუყადაღა და ფული ვერ შეაქვს, კრედიტი ხომ არ იხურება? დღეს რომ ხელისუფლებაში ხარ და ის ვერ გაარკვიე შენს კრედიტს რა ბედი ეწევა, შენ რომ ხელისუფლებიდან წახვალ შეიძლება ექვსი ნული მოუმატონ და ისე გადაგახდევინონ.
ამიტომ, უნდა მიმართო სასამართლოს და თქვა, რომ ამ ვიღაცა ჩინოვნიკების გადაწყვეტილებით რატომ მიკეტავს ბანკი გზას, შეესაბამება თუ არა ეს ეროვნულ კანონმდებლობას? იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქე პირველ რიგში დაცული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით?! ერთი ფარატინა ქაღალდის საფუძველზე „საქართველოს ბანკმა“ რატომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება? მაშინ ახსნას იურიდიულად და სამართლებრივად. დადოს დოკუმენტი და დრო რომ გავა, ამ დოკუმენტს შეფასება ექნება ყველა შემთხვევაში. ბოლო-ბოლო შენ მიიტანე ფული და თქვი, რომ მინდა დავფარო კრედიტი. დაგიწერონ, რომ არ გაფარებინებ კრედიტს. ხვალ-ზეგ იგივე შენს კრედიტზე, რომელზეც პროცენტები დაემატება, მაგაზე არ მოგედაონ“, - აცხადებს კახიშვილი.
კახა კახიშვილი მიმართავს იურისტებს, რომ დაწერონ სარჩელები, მიმართონ სასამართლოს და შემდეგ უკვე სტრასბურგის სასამართლოს.
„ბოლო-ბოლო როდემდე უნდა ვიჯდეთ და ვთქვათ, რომ ეს სანქცია არაფერი არაა. როგორ არაა არაფერი? არის და ამას სჭირდება ბრძოლა და როცა სუვერენიტეტზე ვსაუბრობთ, აი, აქ უნდა დაიცვა სუვერენიტეტი. მარტო იქ კი არ უნდა დაიცვა, არამედ აქაც უნდა დაიცვა. ჩვეულებრივმა ჩინოვნიკებმა რა ქნან, ეს ხვალ-ზეგ ხომ მათ ოჯახებზე აისახება და ამ შემთხვევაში როგორ არ უნდა ედგეს სახელმწიფო თავისი უსამართლოდ დაჩაგრულ მოქალაქეს მხარში?! პირველ რიგში, ხელისუფლების ამოცანაა, დაიცვას თავისი მოქალაქე.
სისხლის სამართლის კოდექსში, საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ შენი ქვეყნის მოქალაქე სულ რომ დამნაშავე იყოს, არ უნდა გადასცე სხვა ქვეყანას. თუ უნდათ გამოაგზავნონ მასალები და აქ გაასამართლე, მაგრამ გადაცემით არ გაქვს უფლება. აქაც ასეა. ბრიტანეთის პარლამენტმა რაღაცა გადაწყვეტილება მიიღო და 5 წუთში „საქართველოს ბანკმა“ ან სხვა ბანკმა ეს ავტომატურად ასახა, ეს არის არაკანონიერი.
აბა, რისთვის გვაქვს მაშინ „ეროვნული ბანკი“, რისთვის ვართ ხელისუფლება?! ბრიტანეთის პარლამენტი რომ ხვალ გამოვიდეს და ყველა დაგვასანქციროს, მაშინ რა ვქნათ?! არ გავასაჩივროთ?! ამისთვის არის სტრასბურგის სასამართლო, ეროვნული სასამართლო. როგორ, შენ მიზღუდავ სიცოცხლის უფლებას. იმიტომ, რომ შენ არღვევ ევროპულ კონვენციას, როდესაც შენ არ მაძლევ წვდომას თანხაზე ე.ი. შენ მტოვებ ჯანმრთელობის უზრუნველყოფის გარეშე. მე ვერც წამალს ვიყიდი, ვერც სამედიცინო დაზღვევას გადავიხდი და ვერც ოპერაციის. ანუ, გამოდის, რომ მე თუ ავად ვარ, უნდა მოვკვდე?! ეს არ არის კონვენციის დარღვევა?!“, - აცხადებს კახა კახიშვილი.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი „ბლუმბერგის“ მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, სანქცირებული ადამიანები, რომლებიც ვეღარ განკარგავენ საკუთარ ქონებას და ანგარიშებს, რა თქმა უნდა, ვეღარც მოიძებნებიან „ბლუმბერგის“ და ვერც „ფორბსის“ სიაში, რადგან ისინი აღარ შეესაბამებიან იმ ადამიანების ჩამონათვალს, რომლებსაც ბევრი მილიარდი აქვთ, ის მილიარდებს შოულობს ქართველი ხალხის გაღარიბებით.
„მაგრამ აქ არის მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც ივანიშვილი საქართველოში ქართველების ხარჯზე შოულობს მილიარდებს, რომელსაც შეიძლება შავი ფული ვუწოდოთ, ამიტომ საბოლოო ჯამში ქართული სახელმწიფოს გადასაწყვეტია - უნდათ თუ არა ისეთი ადამიანი, რომელიც მილიარდებს ქართველების გაღარიბებით შოულობს იმისთვის, რომ დააკონპესიროს საკუთარი დასანქცირებული ქონება, დასავლეთის მხრიდან“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
უფლებადამცველი, პოლიტიკოსი დიმიტრი ლორთქიფანიძე პირველი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია, რომელსაც „თიბისი ბანკმა“ ანგარიშები გაუჩერა 2022 წლის ზაფხულში.
„სწორედ ჩემდამი რწმუნებული საზოგადოებრივი ცენტრის გამო დავინტერესდი, ჩამეხედა სანქცირების მექანიზმის სამართლებრივ ბუნებაში. საქართველოში მოქმედებს კანონი კომერციული ბანკების შესახებ, რომლის 21-ე მუხლში ნათქვამია, რომ ბანკს უფლება აქვს ცალმხრივად, ყოველგვარი ანგარიშგებისა და განმარტების გარეშე შეწყვიტოს ბენეფიციართან საქმიანი ურთიერთობა და ახსნა-განმარტების გარეშე გაუუქმოს ანგარიში, როგორც ფიზიკურ პირს, ასევე იურიდიულ პირს! ეს ნორმა ძირშივე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ლახავს ადამიანის ძირითად უფლებას პირის თავისუფალი განვითარების ხელშეუხებლობიდან გამომდინარე!
ქვეყნის გენერალური პროკურორის, შინაგან საქმეთა მინისტრის და სხვა მაღალი თანამდებობის პირთათვის საგადასახადო ბარათების მოქმედების შეჩერება და ელექტრონულად ხელფასზე წვდომის შეზღუდვა უხეშად ლახავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის საფუძვლებს და თავისი უკიდურესად არაკეთლისმოსურნე ხასიათიდან გამომდინარე მოითხოვს საპასუხო მოქმედებებს ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლებისგან, მათ რიცხვში პირველი და გადაუდებელი ამოცანა უნდა იყოს ზემოაღნიშნულ კანონში ცვლილებების შეტანა და საბანკო კარტელური დიქტატურის დასრულება“, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
მისივე განცხადებით, ამ მიზნით საჭიროა გატარდეს საკანონმდებლო ცვლილებები და ქართული ბანკების უცხოელ დამფუძნებელ საფინანსო ინსტიტუტებს შეეზღუდოთ მთელი რიგი უფლებები, დაწყებული მიწის აქტივების განკარგვით და დასრულებული მათი თავგასული ქმედებებისთვის საკანონმდებლო აღვირის ამოდებით.
„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა შეიძინოს იმ მარეგულირებლის ფუნქცია, რომლის უშუალო ზედამხველობის ქვეშ დასრულდება დანაშაულებრივი საბანკო საბოტაჟი!“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე იხსენებს, რომ იყო ისეთი ვერსიებიც, რომ დაყადაღების შემთხვევაში სახელმწიფო აიღებდა ვალდებულებას საკუთარ თავზე. იმ შემთხვევაში თუ გაგრძელდება სანქციების პოლიტიკა, ფიქრობს, რომ ძალიან მძიმე ტვირთვი იქნება სახელმწიფოსთვის ამხელა სახსრების გაღება.
„მაინც მგონია, რომ დღეს საქართველო არის თმენის პოლიტიკაზე, სანამ გაიშიფრება ვინ რას აკეთებეს, ვინ სად დგას, ხომ არ შეიძლება ჭადრაკი ითამაშო ისე, რომ დაფაზე ვერ ხედავადე სად რა ფიგურა დგას. ამიტომ, ჯერჯერობით საქართველო ჭადრაკს არ თამაშობს. სანქციების თემა ამ თამაშში ერთ-ერთი თემაა. ამიტომ ვერ ვიტყვი, როგორ გაგრძელდება და მით უფრო, რომ ეს სფერო ჩემთვის უცხოა, მაგრამ მაინც მგონია, ეცდებიან მოცდის პრინციპით იმოქმედონ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.