ბიზნესიდან პოლიტიკაში და პოლიტიკიდან ისევ ბიზნესში - მილიარდერი ბიზნესმენი ილონ მასკი პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს, ვინაიდან „მემარცხენეების“ არაეთიკური თავდასხმებით დაიღალა. „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ილონ მასკის სურვილი წასვლის თაობაზე უკავშირდება ტრამპის ადმინისტრაციაში მისი გავლენების შემცირებას, მასკს არ პატიობენ საკუთარი კანდიდატურების გაყვანის მცდელობას ადმინისტრაციაში. ასევე, მასკი აღიზიანებს ტრამპის ადმინისტრაციის ცალკეულ წევრებსაც, რადგან იგი აშშ-ის ფედერალური სამსახურების ბიუროკრატიისგან გაწმენდას ცდილობს.
ამერიკული მედია Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტის მრჩეველ ილონ მასკსა და აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტს შორის გასულ კვირას ხმამაღალი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა იმის გამო, თუ ვინ გაუძღვებოდა IRS-ს. მათი ყვირილის ხმა პრეზიდენტს ესმოდა.
აღსანიშნავია, რომ ილონ მასკს აქამდე უთანხმოება ჰქონდა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, ტრანსპორტის მდივან შონ დაფისთან და სავაჭრო მრჩეველ პიტერ ნავაროსთან.
„ყველა ფიქრობს, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი მშვენიერია, თუმცა ილონის სისულელეები მეტისმეტია“, - ამბობს ერთ-ერთი წყარო.
ჯერჯერობით უცნობია, როდის აპირებს მასკი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) დატოვებას. მის სტატუსს (აშშ-ის მთავრობის სპეციალური თანამშრომელი) ვადა მაისის ბოლოს გასდის.
თანამდებობიდან ილონ მასკის შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება დონალდ ტრამპი. ის ამბობს, რომ მასკი არაჩვეულებრივი პიროვნებაა, რომელიც ძალიან დაეხმარა როგორც საარჩევნო კამპანიაში, ისე სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტთან დაკავშირებით. აქ ტრამპი გულისხმობს 200 მილიარდი დოლარის გამოთავისუფლებას, რაც თაღლითურ სქემას, ფულის ფლანგვას და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას გადაურჩა.
ტრამპი თვლის, რომ საზოგადოების ნაწილი ილონ მასკს უსამართლოდ მოექცა, აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ მას სურს დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ტრამპის ადმინისტრაციაში ილონ მასკი ერთ-ერთია, რომლის ექსტრავაგანტური მანერები მედიის ყურადღებას იპყრობს. ჯერ კიდევ თებერვალში დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ მედია ცდილობდა ილონ მასკთან დაეპირისპირებინა. ამიტომაც გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობაზე კონტროლი ილონ მასკს გადააბარა.
ილონ მასკის წასვლა რამდენად იქნება დარტყმა დონალდ ტრამპისთვის? თუ ის უბრალოდ ჩამოიშორებს იმ მეტოქეს, რომელზეც საუბრობენ, რომ ილონ მასკს პრეზიდენტობის ამბიციაც აქვს, ოღონდ ეს მას შემდეგ მოხდება, რაც დონალდ ტრამპს პრეზიდენტობის ვადა ამოეწურება.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ხაზმა, რომელიც ტრამპმა დააანონსა და რომლის რეალიზებაც უკვე დაიწყო, ზიანი მიაყენა თვითონ ამერიკულ ბიზნესს და, მათ შორის, მასკს, რადგან დაეცა აქციების ფასი. ცნობილია, რომ ბირჟაზე მასკის ფირმებმა რამდენიმე მილიარდი დოლარი დაკარგეს მხოლოდ იმ მოქმედებების გამო, რაც ტრამპმა განახორციელა.
„გასაგებია, რომ ტრამპმა შეიძინა მასკის ელექტრომობილი, რეკლამაც გაუწია მას, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მე ამ დაპირისპირებას უფრო ეკონომიკურ პრობლემებს დავუკავშირებ, არ ვიცი, 4 წლის შემდეგ მასკი გადაწყვეტს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტობას ან არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ფაქტი ერთია, საკმაოდ შეშფოთებულნი იყვნენ მისი ფირმის მესვეურები გამომდინარე იქიდან, რომ აქციების ფასი ეცემოდა. ასევე, იმ პერიოდში გამოჟონა ინფორმაციამ, რომ მასკი გადადგებოდა, რათა ბიზნესისთვის მიეხედა. ასე რომ, ვფიქრობ, ეს უფრო დაკავშირებულია ბიზნესრყევებთან, საკმაოდ დიდი რყევებია ბირჟებზე, ტრამპიც იძულებული გახდა, სამი თვით გადაეწია ახალი საბაჟო ტარიფების ამოქმედება. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ მასკის წინაშე იდგა საკითხი - ან დაბრუნებოდა ბიზნესს და ამით შეენარჩუნებინა მილიარდები და თავისი გავლენა ბიზნესის სფეროში, ან მთლიანად გადასულიყო პოლიტიკაში და საერთოდ ჩამოშორებოდა ბიზნესს. როგორც ჩანს, მასკმა უკვე გადაწყვიტა, დაუბრუნდეს ბიზნესს და ის საქმე აკეთოს, რაც ყველაზე კარგად იცის“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი თვლის, რომ ტრამპს მასკი სჭირდებოდა არჩევნებამდე, მაგრამ დღესაც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მასკის წასვლა უფრო შეასუსტებს ტრამპს, რადგან მასკს აშკარად პოლიტიკური ამბიციები აქვს, მასკი შეიძლება დაეხმაროს „რესპუბლიკურ პარტიაში“ განხეთქილების შექმნას. რესპუბლიკელებში ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდება, რომელიც მოინდომებს მასკის მხარდაჭერით გახდეს შემდეგი არჩევნების კანდიდატი „რესპუბლიკური პარტიიდან“.
„არაა გამორიცხული, მასკსაც სურდეს პრეზიდენტობა და საკუთარი თავი გააძლიეროს, ან სხვას დაეხმაროს და მისგან გარანტიები აიღოს. ასე რომ, სულ არ არის გამორიცხული, თუკი ტრამპი მასკს გაუშვებს, მასკმა ჩაძიროს იგი. ცხადია, ტრამპი უფრთხის ასეთ სცენარს. შესაბამისად, მასკი ფორმალურად რომც გაუშვას პოლიტიკიდან, მაინც ახლოს იქნება მასთან, რომ მასკი არ გახდეს მისი მტერი. საერთოდ, არ მესმის, როცა ადამიანს ამდენი ფული აქვს, რაში სჭირდება პოლიტიკა, როგორც უნდა, ისე იცხოვრებდა მასკი, არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა, საჭირო იყო მეტი მოკრძალება მილიარდერისგან, მაგრამ აშკარად ამბიციები აქვს მასკს, მისი სურვილია, ჰქონდეს მმართველობითი ბერკეტები. თუ ეს ასეა, მაშინ, ბუნებრივია, ტრამპისგან თუ წავა, ის სახლში არ წავა და დარჩება პოლიტიკაში“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი ჩვენთან საუბრისას.
მისივე განმარტებით, მასკი აშკარად გრძნობს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია და გარემოცვა მას ვერ იტანს. ის ფაქტი, რომ მასკი მართავს პოლიტიკურ სიტუაციას ტრამპის კარზე, მხოლოდ ტრამპის დამსახურებაა. მასკს არავინ იცავს, გარდა ტრამპისა.