26 აპრილს ვატიკანში, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვას უმაღლესი რანგის მსოფლიო ლიდერები დაესწრენ. ცერემონიალზე, დაკრძალვამდე აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების ერთმანეთს შეხვდნენ. ამ დრომდე უცნობია თუ რაზე ისაუბრეს ტონალდ ტრამპმა და ვოლოდიმერ ზელენსკიმ. თუმცა, შეხვედრა ერთი მხრივ დადებითად ფასდება პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში და აღნიშნავენ, რომ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც აქამდე მხარეები ვერ შეჯერდნენ, შესაძლოა, კონსენსუსს მიაღწიონ.
„ჩვენი ხალხის სიცოცხლის დაცვა. სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა. საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც თავიდან აგვაცილებს კიდევ ერთი ომის დაწყებას. ძალიან სიმბოლური შეხვედრა, რომელსაც აქვს პოტენციალი, ისტორიული გახდეს, თუ ერთობლივ შედეგებს მივაღწევთ. გმადლობთ, პრეზიდენტო დონალდ ტრამპ“, - დაწერა ზელენსკიმ.
ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში, ამირან სალუქვაძე ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ ზელენსკისა და ტრამპს კონკრეტული შეთანხმებისთვის რომ მიეღწიათ, ამის შესახებ შესაბამის განცხადებას მათი მხრიდან აუცილებლად მოვისმენდით, თუმცა, მისი შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტის განცხადების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ შეხვედრაზე რაიმე სერიოზული შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.
„ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე ცნობილი არაფერია, გარდა იმისა, რომ ზელენსკიმ შეაფასა, როგორც „კარგი შეხვედრა“, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალო ტიპის შეხვედრა იყო. რაიმე სერიოზული გარღვევა რომ ყოფილიყო უკრაინისთვის და ზელენსკის პოზიციებისთვის, ალბათ, უფრო დადებით შეფასებებს გააკეთებდა ზელენსკი და უფრო სიტყვაუხვი იქნებოდა ამ შეხვედრების მიმართ. როდესაც ასეთი მოკლე შეფასებით შემოიფარგლა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისევ იქ არიან, სადაც მანამდე იყვნენ, შესაძლოა ოდნავ წაიწიეს წინ, კონკრეტულად უკრაინა-ამერიკის მოლაპარაკებში ბევრი საკითხია, - შეიძლება აქ მოინახა გარკვეული შეხების წერტილები და რაიმეზე შეჯერდნენ, თუმცა, არ მგონია, რომ სრულად. რომ ყოფილიყო მეტი წარმატება, ალბათ, ასეთი განცხადებაც გაკეთდებოდა, რომ მათ მონახეს შეხების წერტილები და შეთანხმდნენ პრობლემურ საკითხზე, მაგრამ ასეთი განცხადება არ გაკეთებულა“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, დონალდ ტრამპის განცხადება, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არ სურდეს ომის შეჩერება და სხვანაირად უნდა მოექცნენ - აშშ-ს პრეზიდენტი მოსკოვს „საბანკო“ და „მეორადი სანქციებით“ ემუქრება.
„უბრალოდ ვცდილობ, ობამასა და ბაიდენის მიერ დატოვებული არეულობა გამოვასწორო. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, პუტინს არ ჰქონდა მიზეზი, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სამოქალაქო პირებისთვის, ქალაქებისა და დაბებისთვის რაკეტები ესროლა. ეს მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა მას არ სურს ომის შეჩერება, ის უბრალოდ ცრუ იმედს მაძლევს და სხვანაირად უნდა მოვექცეთ, „საბანკო“ თუ „მეორადი სანქციების“ მეშვეობით? ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება!!!“- წერს ტრამპი.
ამირან სალუქვაძის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი გამოირჩევა ურთიერთსაპირისპირო განცხადებებით. რამდენიმე კვირის წინ ის აცხადებდა, რომ პუტინი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, თუმცა დღეს ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტს შესაძლოა არ სურდეს შეთანხმების მიღწევა.
„რაც შეეხება ტრამპის საჯარო წერილს რუსეთთან დაკავშირებით, მსგავს წერილებს ხშირად ვხვდებით. როდესაც ტრამპი ზელენსკის ხვდება, შეხვედრის შემდეგ დაახლოებით ამ შინაარსის განცხადებები კეთდება. ხანაც, ტრამპი პუტინთან საუბრის შემდეგ, ტრამპს საპირისპირო განცხადებები აქვს, რომ რუსეთის პრეზიდენტი მზად არის მშვიდობისთვის. სხვადასხვა კონტაქტების შემდეგ, ტრამპის ურთიერთსაპირისპირო განცხადებებს ვიღებთ. ახლა ამბობს, პუტინი შესაძლოა მზად არ იყოს მშვიდობისთვის, მანამდე თქვა, რომ პუტინი მზად არის მოლაპარაკებებისთვის. ამ ეტაპზე, რაიმე სერიოზულ ცვლილებებს ვერ ვხედავ, ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობს ტრამპის მიერ ინიცირებული სამშვიდობო პროცესი.
მხოლოდ ტრამპმა იცის, სადამდე ეყოფა მას მოთმინება, რომ გააგრძელოს მოლაპარაკება უკრაინასა და რუსეთს შორის. როდესაც ეს ვადა ამოიწურება, არ ვიცით ასევე რა მოხდება მას შემდეგ, რაც ის გადაწყვეტს, რომ დაასრულა მან სამშვიდობო ინიციატივა, შემდეგ ან დაიბანს ხელს, ან პირიქით, გააძლიერებს უკრაინის დახმარებას“, - აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.