ნანუაშვილი და ნაციონალები ხელისუფლების გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

ნანუაშვილი და ნაციონალები ხელისუფლების გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის გარშემო პოლიტიკურ წრეებში ვნებათაღელვა არ ცხრება. პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო რეგულაციებთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება.

სახალხო დამცველისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გაღიზიანებას კანონის ის ნორმა იწვევს, რომლის გათვალისწინებით, 15 ივნისის არჩევნების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე დროებითი მოვალეობის შემსრულებლად გამოცხადდება და ისინი უფლებამოსილებას კონკურსის გამოცხადებამდე განახორციელებენ, რომელიც კანონის მიხედვით, არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 120 დღის განმავლობაში ჩატარდება.

საკანომდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას უჩა ნანუაშვილი აპირებს, რომელიც განმარტავს, რომ კანონი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან მისი თქმით, როდესაც საუბარია ათასობით ადამიანის დროებით მოვალეობის შემსრულებლად გადაყვანაზე, ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა.

„სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანთ, რომელიც იმედია, ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს. საკონსტიტუციო სასამართლო ის ორგანოა, რომელსაც შეუძლია პარლამენტის მიერ დაშვებული შეცდომა გამოასწოროს. ეს მუხლი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და თვითმმართველობების საქმიანობას რისკის ქვეშ აყენებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება გადახედილი იყოს“, - აცხადებს უჩა ნანუაშვილი, რომლის პათოსსაც უმცირესობა იზიარებს.

for.ge-სთან საუბარში ოპოზიციონერი დეპუტატი პავლე კუბლაშვილი განმარტავს, რომ „თვითმმართველობის კოდექსით“ გამგეობებსა და საკრებულოებს იგივე ფუნქციები და ვალდებულებები აქვთ, შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არის იმისა, რომ საჯარო მოხელეები სამსახურებიდან გათავისუფლდნენ.

„საარჩევნო კამპანიის დროს ივანიშვილი აცხადებდა, რომ არჩევნები გავლენას საჯარო მოხელეებზე არ მოახდენდა, მაგრამ რეალურად, საპირისპირო დავინახეთ. როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, სამინისტროებიდან და თვითმმართველობებიდან ხალხის სახლში გაშვება დაიწყო. მათდამი ლოიალურად დამოკიდებულ ადამიანებს კი დასაქმება უპრობლემოდ შეეძლოთ. პარლამენტმა თვითმმართველობის გარდამავალ დებულებაში ჩაწერა, რომ არჩევნების შემდეგ უკლებლივ ყველა თანამშრომელი გათავისუფლდება, რაც საჯარო სამსახურის აპოლიტიკურობის უგულებელყოფაა“, - აღნიშნავს კუბლაშვილი.

კანონმდებელის განცხადებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონს ომბუდსმენის მსგავსად, საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობაც“ გაასაჩივრებს.

„მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე მსჯელობა პარლამენტში გავაგრძელოთ და საკანონმდებლო ცვლილება წარმოვადგინოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლების ინტერესი მათდამი ლოიალურად განწყობილი ადამიანების დასაქმებაა“, - აცხადებს კუბლაშვილი, რომლის მსგავსად, პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს ლევან ბეჟაშვილი.

კანონმდებელი for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ცვლილებები მხოლოდ იმიტომ ხორციელდება, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საჯარო დაწესებულებებში „ქართული ოცნების“ აქტივისტები დასაქმდნენ.

ბეჟაშვილის მოსაზრებით, თვითმმართველი ორგანოებიდან იმ ადამიანების გაშვება დაუშვებელია, რომელთაც ათწლიანი სტაჟი და კვალიფიკაცია აქვთ.

„ამ საკითხს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის და კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ვუკავშირებ, რომ „ქართული ოცნების“ მომხრეები არაფერზე არ უნდა წუხდნენ, რადგან ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმდებიან. კანონში ცვლილებები სწორედ ამ დაპირების შესასრულებლად ხორციელდება, რაც უდავოდ დარღვევაა“, - დასძენს ბეჟაშვილი.

ოპონენტებისგან განსხვავებით, ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური თვითმმართველობებში რეფორმების გატარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ არავინ არავის სახლში გაყრას არ აპირებს.

„თვითმმართველობებში დასაქმებული ადამიანებიდან 90 პროცენტი კონკურსის გარეშე მიღებულია, რაც კანონის დარღვევაა. თუ სახალხო დამველი კანონის ახალ ნორმებში დარღვევას ხედავს, მას შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. ნაციონალები ამბობენ, რომ თვითმმართველობებში „ქართული ოცნების“ ხუთი ათასზე მეტი მხარდამჭერია დასაქმებული და თუ წმენდას ვიწყებთ, ჩვენს კადრებს სახლებში ვუშვებთ? სახლში გაყრას არავინ არავის უპირებს. ვინც მცდონეა, მათ კონკურსში გამარჯვების შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ ამავე დროს, დასაქმების შანსი ახალ ადამიანებსაც უჩნდებათ“, - განუცხადა for.ge-ს ძიძიგურმა.

ვიცე-სპიკერის ინფორმაციით, ამ დროისთვის, თვითმმართველობებში 13 ათასი ადამიანია დასაქმებული, რომელთა რაოდენობა 1500-ით შემცირდება.

„ნაციონალებმა კადრების შემცირება 2008 წელს დაიწყეს, მაგრამ ცნობილი მოვლენების შემდეგ, მათ საარჩევნო რესურსი სჭირდებოდათ და კადრები გაასამმაგეს. ეს მავნე ტრადიცია უნდა დამთავრდეს“, - დასძინა ძიძიგურმა, რომლის პათოსსაც იზიარებს ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, რომელიც ამბობს, რომ უჩა ნანუაშვილს მისი მოადგილე შეხვდება.

ნარმანიას ინფორმაციით, ვინაიდან თვითმმართველობის სრულიად ახალი სისტემა შემოდის, ეს ყველაფერი ახალი კონკურსის გამოცხადებას საჭიროებს.

„ჩემი მოადგილე სახალხო დამცველს შეხვდება და ამ საკითხს გაივლიან. გარდა ამისა, თვითმმართველობებში ადამიანები მუშაობენ, რომლებსაც წლების განმავლობაში კონკურსი არ აქვთ გავლილი და უვადოდ არიან დანიშნულნი, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონთან წინააღმდეგობაში მოდის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ეს საკითხი ისე მოწესრიგდეს, როგორც ეს ცივილურ ქვეყნებშია“, - აცხადებს ნარმანია.

თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო და შეცვლის თუ არა პოზიციას უჩა ნანუაშვილი, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ პარლამენტში კანონი უკვე მიღებულია და ის ძალაში 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შევა.