საქართველოს პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია 74 მომხრე ხმით მიიღო. ხუთსაათიანი კონსულტაციების მიუხედავად, უმცირესობა და უმრავლესობა რეზოლუციის ტექსტზე ვერც დღეს შეთანხმდა, რის გამოც კენჭისყრაზე რეზოლუციის ორი პროექტი დადგა. უმცირესობის რეზოლუცია 27 მომხრე ხმით 6-ის წინააღმდეგ ჩავარდა.
კენჭისყრის შედეგებიდან ირკვევა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტს, სადაც საუბარია რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებასა და ყირიმის ჭრილში საქართველოს დეოკუპაციაზე, კარლო კოპალიანმა, დავით საგანელიძემ, გია ჟორჟოლიანმა, გოგი ქავთარაძემ, დავით ონოფრიშვილმა და ხუბულურმა ხმა წინააღმდეგ მისცეს.
თანაგუნდელებისგან განსხვავებით, ნაციონალების რეზოლუციას მხარი თინა ხიდაშელმა, შალვა შავგულიძემ და დარეჯან ჩხეტიანმა მისცეს, მაგრამ როგორც მოგვიანებით გაირკვა, შავგულიძეს ხმის მიცემა შეეშალა.
რაც შეეხება დოკუმენტს, „ქართული ოცნების“ რეზოლუცია რვა პუნქტისგან შედგება და მასში ნათქვამია, რომ საქართველო გამოხატავს სრულ მხარდაჭერას თავისუფლების მოყვარე უკრაინელი ხალხის ევროპული არჩევანისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ასევე რეზოლუციის თანახმად, საქართველო გადაჭრით გმობს რუსეთის მიერ სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალისმიერ და საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების და ორმხრივი შეთანხმების დარღვევით განხორციელბულ სხვა ქმედებას.
„პარლამენტი მიმართავს საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს კონსულტაციები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საჭიროების შემთხვევაში, ქმედითი ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს მოძმე უკრაინელ ხალხს. ასევე საქართველო მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ გაიყვანოს უკრაინის ტერიტორიიდან ყველა სამხედრო შენაერთი, რომელიც საერთაშორისო შეთანხმების დარღვევით იმყოფება ქვეყანაში და შეწყვიტოს უკრაინის სახელმწიფოებრიობის წანააღმდეგ მიმართული ყველა ქმედება. ამასთან, საქართველო მოუწოდებს ევროკავშირსა და ნატოს დააჩქაროს ამ ორგანზაციებში ყველა იმ ქვეყნის ინტეგრაციის პროცესი, მათ შორის საქართველოსი, რომლებიც ამისთვის მზად არიან და რომელთა თავისუფალ არჩევანს სულ უფრო მეტი საფრთხე ემუქრება“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.
აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის მიერ მომზადებული დოკუმენტი უმცირესობის ტექსტის იდენტურია, თუმცა განსხვავება მხოლოდ მეექვსე პუნქტშია, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, პირველ რიგში, ევროპის კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, მიიღონ ქმედითი პოლიტიკური, ეკონომიკური და დიპლომატიური ზომები უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, რუსეთის ფედერაციის აგრესიისგან უკრაინის დასაცავად, შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად და საქართველოს დეოკუპაციის მისაღწევად“.
პოლიტიკურ ძალებს შორის უთანხმოება მეექვსე პუნქტში გამოყენებულმა სიტყვამ „ზომები“ გამოიწვია. უმცირესობა დოკუმენტში „ზომის“ ნაცვლად, „სანქციის“ ჩაწერას მოითხოვდა, რასაც უმრავლესობა არ დათანხმდა.
ვიცე-სპიკერის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ დემაგოგიას არ აჰყვება, რადგან მათ სახელმწიფო მშენებლობასთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები აქვთ.
„ჩვენი მთავარი მიზანი იყო უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერა გამოგვეთქვა და არა ის, რომ ქილიკი და რაღაცეების დაბრალებები დაგვეწყო. ამ სიტუაციით მათ ვერაფერი მოიგეს. თუ ნაციონალებს საზოგადოებრივი განწყობების შემობრუნება სურდათ, ეს ვერ მოახერხეს. ჩვენი განწყობა ნათლად ჩანს და რეზოლუციით ყველა ცივილიზებული სამყაროსთვის, რუსეთისთვის და უკრაინელი ხალხისთვის აუცილებელი გზავნილი გაკეთდა. ნაციონალების დემაგოგიას არ ავყვებით, რადგან სახელმწიფო მშენებლობასთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები გვაქვს“, - განაცხადა აბაშიძემ.
ოპონენტისგან განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დაგვიანებულ პროცესზე აპელირებს.
დავით საყვარელიძის შეფასებით, რეზოლუციის მიღების მიზნით, უმცირესობა რიგგარეშე სხდომას ითხოვდა, რათა იმ ტალღას აყოლოდა, რაც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება.
„ნიშნის მოგების და კინკლაობის გარეშე ვამბობთ, რომ საქართველოს რეაქცია დაგვიანებული აღმოჩნდა. იმ დროს, როცა სანქციების დაწესებაზე ვდაობდით, ამ დროს კანადამ და ამერიკამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამოიყენეს. სამწუხაროა, მაგრამ ეს განცხადება დაგვიანებულია და ეს იმ მაამებლური პოლიტიკის შედეგად მოხდა, რასაც უმრავლესობის წევრები აწარმოებენ“, - აცხადებს საყვარელიძე, რომლის პათოსსაც გივი თარგამაძეც იზიარებს, რომელსაც უმრავლესობა „ქართველ ჩეგევარას“ უწოდებს.
თარგამაძის მოსაზრებით, უმრავლესობის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში სიტყვა „სანქცია“ უნდა მოხვედრილიყო.
„სამწუხაროდ, ჩვენ დავაგვიანეთ. საგანგებო სესიის ჩატარებას ვითხოვდით, მაგრამ ამას გარდა, პრინციპმა „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“ ამანაც დააგვიანა. ჩვენს რეზოლუციას მხარი ხიდაშელმა დაუჭირა და ამას მივესალმები, მაგრამ კარგია, თუ მან შთაბეჭდილება ბოლო მომენტში მაინც შეიცვალა, რადგან მოლაპარაკებების დროს ის ამბობდა, რომ რეზოლუციის წინააღმდეგი იყო იქედან გამომდინარე, რომ კიდევ უფრო გაბრაზდებოდა პუტინი“, - დასძინა თარგამაძემ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესების თაობაზე, საქართველოს პარლამენტს მხარდამჭერი რეზოლუცია გუშინ უნდა მიეღო, მაგრამ ცხრასაათიანი კონსულტაციები უშედეგოდ დასრულდა. მხარეები რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ. დღეს კი, პარლამენტმა რიგით მეოთხე რეზოლუცია მიიღო.
რაც შეეხება სანქციებს, ამერიკა სანქციებს იმ რუს ჩინოვნიკებს უწესებს, რომლებსაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის და სუვერენიტეტისთვის საფრთხის შექმნაზე პასუხისმგებლებად მიიჩნევენ. კერძოდ, ბარაკ ობამას განკარგულებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი შემოიღებს სავიზო სანქციებს, რომელიც რიგ რუს ჩინოვნიკს და ფიზიკურ პირებს ეხება.