საქმე ლოზუნგების ნაცვლად - დავითაშვილის მეთაურობით ამერიკაში ვიზიტს შესაძლოა, სანქციების გაუქმებაც მოყვეს

საქმე ლოზუნგების ნაცვლად - დავითაშვილის მეთაურობით ამერიკაში ვიზიტს შესაძლოა, სანქციების გაუქმებაც მოყვეს

შეცვლის თუ არა საქართველოს ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის და მისი ეკონომიკური გუნდის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას? - უკვე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკის გადატვირთვის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. ვიზიტი, რომელიც პოლიტიკურ სურათს ცვლის, შესაძლოა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის ახალი ათვლის წერტილი გახდეს.

თეთრი სახლის კარი საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერისთვის 1 კვირის განმავლობაში ღია იყო. ლევან დავითაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში დონალდ ტრამპის სპეციალურ ასისტენტსა და საბჭოში ევროპასთან ურთიერთობის საკითხებში, დირექტორს შეხვდა. როგორც for.ge-ს სანდო წყარო უყვება, რომ საუბარი შედგა საქართველოს ხელისუფლებისთვის სანქციების მოხსნის თაობაზე, სადაც ამ უსამართლო გადაწყვეტილების გადახედვის საკითხი დაისვა. დავითაშვილმა დააყენა საკითხი, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნა საქართველო-ამერიკის ურთიერთობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

თეთრ სახლამდე კი დავითაშვილის  პირველი ოფიციალური შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში შედგა ახალ ადმინისტრაციასთან. ლევან დავითაშვილის მასპინძელი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯოშუა ჰაკი იყო.

ყველა ერთად და ცალ-ცალკე - ქართული დელეგაციის მაღალი რანგის, ოფიციალური შეხვედრები ახალ ადმინისტრაციასთან პოზიტიური შედეგებით დასრულდა. ის რაც თბილისში ითქვა, ვაშინგტონში დადასტურდა - საქართველოსა და ამერიკის ხელისუფლებების იდეოლოგიური თანხვედრა შტატებში გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. პოლიტიკური ფოკუსი ახლა პოზიტიურ დღის წესრიგზე სწორდება.

სამომავლო პერსპექტივებზე საუბარს თან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე მსჯელობაც ახლდა. ენერგეტიკა, მრეწველობა, ტრანსპორტი და შუა დერეფნის განვითარება - ეკონომიკურმა გუნდმა საქართველოსთვის ყველა პრიორიტეტულ მიმართულებაზე ისაუბრა. ქართულმა დელეგაციამ სხვადასხვა პროექტის მხარდაჭერისა და დაფინანსების პირობა მიიღო. ეს მაშინ, როცა საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფთან შეხვედრები შედგა.

 „თეთრ სახლში გამართული შეხვედრა განსაკუთრებულად და გამორჩეულად მნიშვნელოვანი, მრავლისმეტყველი იყო აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალ ადმინისტრაციასთან იმ პრიორიტეტებზე საუბარი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გააჩნია და რომელიც სრულადაა თანხვედრაში პრეზიდენტ ტრამპის ხედვებთან და ვფიქრობ, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს ძალიან მჭიდრო თანხვედრა პოზიციებზე, თანამშრომლობის პერსპექტივები არის ძალიან ბევრი. ჩვენ ვისაუბრეთ შესაძლებლობებზე, რომელიც ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ ორ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ წინა ადმინისტრაციის დროს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ფორმალურად შეჩერდა.

„არსებობს ძალიან მყარი პოზიცია ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაში, რომ ეს სტრატეგიული თანამშრომლობა არა თუ გაგრძელდეს, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდეს და ხარისხობრივად და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს, რაც პრაქტიკულად, ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელი იქნება“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-თან ამბობს, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი და ფიქრობს, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის კუთხით გარკვეული წინსვლა უნდა იყოს. მამრაძე მიიჩნევს, რომ ტენდენცია კარგია და გარკვეული რიტორიკის ცვლილება საქართველოსთან დაკავშირებით უკვე დაძრულია, იმედის საფუძველს იძლევა.

„მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ზოგიერთი კონგრესმენის და სენატორის მხრიდან ის რიტორიკა, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ჰქონდათ და ახლაც გრძელდება, არ ნიშნავს იმას, რომ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია ცალკეული კანონმდებლების ამ მოსაზრებებს იზიარებს. გასაგებია, რომ შაჰინს, რიშს, უილსონს აქვთ გარკვეული სახის რიტორიკა, რაც ორმაგი სტანდარტებია და უკვე ეს ყველასთვის ცხადია, მაგრამ დადებითი ტენდენცია ახალი ადმინისტრაციის მხრიდან შეიმჩნევა. თავის მხრივ „ოცნებამაც“ ძალიან სწორი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო და ეკონომიკური გუნდის ვიზიტი, სწორედ ამ ნაბიჯების ნათელი მაგალითია. თუკი ნაცების და მათი ლობისტების მთავარი მიზანი მხოლოდ განცხადება, პერფორმანსი და პიარ-კამპანიაა, ამ დროს რეალურ საქმეს კი მნიშვნელობა არა აქვს, ხელისუფლება პირდაპირ საქმეზე გადავიდა. საპირისპირო მოქმედება დაიწყო, რაც „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“ ნიშნავს.

ამათმა ილაპარაკონ, მაგრამ ჩვენ ახალ ადმინისტრაციასთან მისასვლელ გზას ვნახავთ. ეს ტენდენცია გამოჩნდა უკვე ხელისუფლების ქმედებაში, რაც ძალიან კარგია. ნაბიჯები ძალიან სწორი იდგმება. ტრამპის ადმინისტრაციამ დაიწყო საქმიანი ურთიერთობა, ეს ლევან დავითაშვილმა შეძლო და ნავსი გატეხა. კარგია ეს ასევე იმ მხრივ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს ვის და რის გამო უწესებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციებს. რა თქმა უნდა, ამაზე ღია საუბარი დავითაშვილის მხრიდან იქნებოდა. ის დეტალურად აუხსნიდა ამერიკის მაღალი თანამდებობის პირებს თუ რატომ უნდა გაუქმდეს ეს სანქციები. როცა სააკაშვილის სადისტური რეჟიმი ამხელა დანაშაულებს ჩადიოდა, ამას ღიად წერდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგრამ მისი არც ერთი არც მაღალჩინოსანი და არც სააკაშვილი დასანქცირებული არ ყოფილა. მაშინ რა არის მიზეზი რის გამოც ეს ხელისუფლება დასანქცირდა? ამ დეტალებს რომ გაივლიდნენ, დარწმუნებული ვართ და ამიტომაც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - ამბობს მამრაძე.

მისივე თქმით, კარგი იქნება თუკი „ოცნება“ დეტალურად და პერსონალურად ისაუბრებს იმ პირებზე, რომლებიც უშუალოდ დაინტერესებულები არიან საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გაფუჭებით. კონკრეტული ადამიანების ვინაობის დასახელებით უნდა იქნას ახალ ადმინისტრაციამდე მიტანილი, ვინ არიან ნაცრადიაკლების ლობისტები ამერიკაში, ვინც საქართველო -ამერიკის ურთიერთობას აფუჭებენ.

ჯეფრი საქსმა, რომელმაც ამერიკაში და მსოფლიოში ძალიან ცნობილი ანალიტიკოსია, განაცხადა, რომ სანამ ბაიდენი არ დადგა პირისპირ ტრამპთან, მანამდე ამერიკელები კიდევ ვერ ხვდებოდნენ, რომ ის ქვეყანას არ მართავდა. ავიღოთ ქალბატონი ვიქტორია ნულანდი, რომელმაც უკრაინაში მაიდანი მოაწყო, ეს ქალბატონი ბაიდენის დროს დაბრუნდა ადმინისტრაციაში. ის ქართველებს პირდაპირ ეუბნებოდა, რომ მიხელ სააკაშვილის პირადი მეგობარი იყო. ამ ქალმა ბევრი რამ ჩაიდინა, ზუსტად მის ხელში, შესანიშნავი ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ერთ დღეში გამოიცვალა. ამ ქალს საქსმა ცალკე გადაცემა მიუძღვნა, სადაც ბაიდენის ადმინისტრაციაში პერსონალურად მის მოქმედებაზე და როლზე ისაუბრა.

სანქციები ზუსტად რომ პერსონალურია და ის მოითხოვს კონკრეტულ მტკიცებულებებს ამა თუ იმ ადამიანის დანაშაულის შესახებ. როცა ეს დანაშაულები არ არის წარმოდგენილი და კაცმა არ იცის რის საფუძველზე მოხდა თუნდაც მოსამართლეების დასანქცირება, აქ ხომ უკვე ლოგიკურია ის, რომ პირადი ინტერესების გამო მოხდა საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაცია. ხომ არავისთვის აღარ არის უცნობი, რომ საქართველო დაისაჯა და ჯერ კიდევ ისჯება უკრაინის ომის და იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც ახლა ტრამპი ატარებს. ამიტომ მგონია, რომ ეს ცვლილებები იქნება და ეს დიდი გარღვევაა უკვე“, - ამბობს მამრაძე.

მისივე თქმით, როგორც კი ამერიკის მხრიდან გარკვეული ნაბიჯების გადადგმა დაიწყება და საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით რიტორიკა შეიცვლება, ეს ცვლილება აისახება ბრიუსელზეც. ევროპიდანაც უმალ რიტორიკა აღარ იქნება ისეთივე ხისტი, როგორც ახლა არის.