წავიდა იმისთვის, რომ დაბრუნდეს უფრო ძლიერი?

წავიდა იმისთვის, რომ დაბრუნდეს უფრო ძლიერი?

„ქართული ოცნების“ გულშემატკივრად რჩება, თუმცა თავად პოლიტიკიდან მიდის. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. ღარიბაშვილის გადაწყვეტილება მოულოდნელი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ახლა მთავარი კითხვა იმაში მდგომარობს - სად წავა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის გარანტირებული დამცველიც და მიმდევარიც.

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მომავალ საქმიანობაზე ჯერ კონკრეტული პასუხი არ აქვს, ძირითადად, ეს იქნება კერძო სექტორში საქმიანობა და შეეცდება, რომ ამ პოზიციიდან მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. მაგრამ ყოფილმა პრემიერმა აქვე თქვა, რომ სამომავლოდ არაფერი გამორიცხული არ არის.

„ძირითადად, ეს იქნება კერძო სექტორში საქმიანობა. მე შევეცდები, რომ ამ პოზიციიდან მივიღო მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და ამის თაობაზე მოგვიანებით გექნებათ სიახლეები. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ არსებობს ალბათობა პოლიტიკაში დაბრუნების - გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ ახლა როგორც გითხარით, ჩემი ამჟამინდელი მოტივაციაა, რომ გავიდე პოლიტიკიდან, მეტი დრო დავუთმო ჩემს ოჯახს და დანარჩენს ცხოვრება გვიჩვენებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მაშ ასე, გრიგოლ ლილუაშვილის შემდეგ „ქართული ოცნებიდან“ წავიდა ირაკლი ღარიბაშვილი. აღმასრულებელი ხელსუფლება დატოვა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ. შეიძლება ითქვას, რომ „ოცნების“ საქმიანი გუნდიდან მთავრობაში ჯერჯერობით რჩება შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც for.ge-ს ინფორმაციით თანამდებობას თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დატოვებს.

რა ხდება შემდეგ და სად მიდიან ძველი „ოცნებელები“? - ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუს თუ გავიხსენებთ, სადაც მან პირდაპირ თქვა, რომ „ქართული ოცნება“ ბოლო ვადით არის პარლამენტში, როგორც უმრავლესობა და თქვა, რომ „ოცნების“ ოპოზიცია შეიქმნება ისევ „ოცნების“ წიაღიდან, დიდი ალბათობით, სწორედ ამ გუნდისგან შეიქნება „ოცნების“ ოპოზიცია, რომელიც მომდევნო არჩევნებში უკვე იქნება „ქართული ოცნების“ მთავარი კონკურენტი.

უფლებადამცველი, პოლიტიკოსი დიმიტრი ლორთქიფანიძე დადასტურებულად აცხადებს, რომ ვადამდელი საპარალამენტო და თვითმმართველობის არჩევნები ერთად არ შედგება. თვითმმართველობის არჩევნები შედგება დანიშნულ ვადაში 2025 წლის 4 ოქტომბერს, ხოლო მთელი მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესები განვითარდება გაზაფხულზე 2026 წელს, როდესაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გზით უნდა მოხდეს ძალიან მნიშვნელოვანი, ტექტონიკური ხასიათის ძვრები ქართულ პოლიტიკაში.

„კერძდ, ამ პერიოდამდე საკონსტიტუციო სასამართლო უკვე მიიღებს გადაწყვეტილებას გარკვეულ პირთა მიმართ მათი სრული პოლიტიკური დისკვალიფიკაციის საკითხთან დაკავშირებით და პოლიტიკური პარტიების, ალბათ, უფრო 2-3 პარტიის სრულ აკრძალვასთან დაკავშირებით. ასეთი პრეცედენტი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ ყოფილა, მაგრამ ამისთვის მზადება მიმდინარეობს. სხვა საკითხია, რომ მდინარაძის განცხადებით მოხდა ფორმალური გახანგრძლივება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებისა, რაც, როგორც ჩანს, ემყარება გარკვეულ მონაცემებს. როგორც ჩანს, მათი პატრონები არავითარ შემთხვევაში არ მოახდენენ ასეთ პოლიტიკურ აქტს, იმიტომ რომ ეს იქნებოდა სრული ლეგიტიმაცია 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებისა“, - აცხადებს ლორთქიფანიძე.

აქედან გამომდინარე, დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ როგორც ჩანს, „ოცნება“ თამაშობს წაუგებელ თამაშს. 2026 წლის გაზაფხულამდე აუცილებლად შეიკვრება ის ბირთვი, რომელიც არჩევანი-არადანის პრინციპით გაათამაშებს ქართულ პოლიტიკაში საპარლამენტო არჩევნებს.

„რა თქმა უნდა, გამდიდრდება ეს გუნდი და არ იქნება მარტო ის ხალხი, ვიზეც არის ახლა აქცენტები გაკეთებული. მათ შორის შეიძლება რამდენიმე საერთოდ არ იყოს იქ. მაგრამ ისეთი წონადი ფიგურები, როგორიც არის ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც უკავშირდება გეპოლიტიკურ სივრცეში უზარმაზარი ნახტომი, გეოპოლიტიკურ ცენტერებს შორის მყარი ხიდის ფუნქიციის ჩანასახის შექმნისა, როდესაც მან აღმოსავლეთ ევროპასთან და ამავე დროს, პარალელურად, ჩინეთთან ძალიან წარმატებული პოლიტიკური მოღვაწეობის შედეგად საქართველო გამოიყვანა სრულიად ახალ პოლიტიკურ ასპარეზზე და ჩინური აბრეშუმის გზის შუა დერაფნის მონაკვეთის მთავარ აქტორად აქცია. ვერავინ ვერ უარყოფს, რომ ეს უკავშირდება ინდივიუალურად ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც ამ წონას აძლევს.

ბუნებრივია, იქნება ეს კახა კახიშვილი, რომელსაც უკავშირდება პენიტენციური სისტემის უნიკალური რეფორმა. მანამდე ასეთი რეფორმა არავის არ ჩაუტარებია. ციხე გახდა დამნაშავე ადამიანთა შესაკრებელი და არა ჩამოწერილ ადამიანთა შესაკრებელი, როგორც ეს ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს წლების განვალობაში. როგორც იურისტი, როგორც პენიტენციური სისტემის მცოდნე და ამავე დროს, როგორც საარჩევნო სამართლის მაგისტრი, კახა კახიშვილი არის მძიმე წონოსანი ამ სიტუაციაში და გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც არის ძალიან კარგი კრიზისმენეჯერი და არის სახელმწიფო უშიშროების სისტემაში ძალიან კარგად ჩახედული ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ ქვეყნის დემოკრატიზაციის შემდგომი პროცესი გადის სწორედ სპეცსამსახურებზე.

ანუ, თუ შევხედავთ მარტო ამ სამი ადამიანის არსებობას, განყენებულ ამპულაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პოტენციალი არსებობს და არსებობს იმისათვის, რომ შეიქმნას ძლიერი ბირთვი ქვეყნის შემდგომი პოლიტიკური განვითარების პროცესში დავ ქვეყანამ მიიღოს პროგრესი და არა რეგრესი. ასე რომ, არათუ არ გამოვრიცხავ, არამედ მკაფიოდ ისახება ასეთი ბირთვის ჩამოყალიბების ჩანასახი.

რაც შეეხება ღარიბაშვილის განცხადებას, მან არ უარყო და თქვა, რომ გამორიცხული არაფერი არ არის, მოვალში რა და როგორ იქნება, მაგრამ ეს პერიოდი მინდა მოვახმარო ჩემს ოჯახს და განვითარებას, რაც სრულიად ბუნებრივია. მას რომ ეთქვა, პოლიტიკიდან შორს არ მივდივარ და აქვე ვრჩებიო, ეს ნიშნავს, რომ დღესვე შენ ხარ უკმაყოფილო იმ გუნდით რომელიც ააშენე და დატოვე. ეს არ გააკეთა, თქვა, რომ პოლიტიკიდან მივდივარ, რითაც პოლიტიკურ სპეკულაციებს დაუდო წერტილი. იქევე ისიც თქვა, რომ გამორიცხული არაფერიაო. ჩერჩილი სამჯერ დაბრუნდა პოლიტიკურ ასპარეზზე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ერთ-ერთია, რომელიც „ქართული ოცნების“ ორად გაყოფის ინიციატივით გამოდის, რომ შეიქმნას წესიერი ოპოზიცია. აქედან გამომდინარე, ღარიბაშვილის განცხადებაში პოლიტოლოგი მოულოდნელს არაფერს ხედავს.

„მაშინ უფრო ზოგადად ვთქვი და ახლა ვაკვირდებით კონკრეტულ ნაბიჯებს, რამაც შეიძლება ანალოგიური შედეგი მოგვცეს, რომ ივანიშვილზე, როგორც ფიგურაზე ორიენტირებულმა ადამიანებმა სხვა ჯგუფი შექმნან. ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც კობახიძის ჯგუფის მიმართ იყოს ოპოზიციაში. შეიძლება პირადი ურთიერთბებიც არ არის უნიკალური, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ადამიანთა ამხელა თავყრილობაში იყოს პირადი ურთიერთობები სხვანაირი, ვიდრე ეს გარედან ჩანს. მაგრამ მეორე მხრივ, ღარიბაშვილი სულ მოქმედებს ივანიშვილის მინიშნებების, სურვილების მიმართულებით. პრაქტიკულად, ის არის ივანიშვილის გარანტირებული დამცველიც და მიმდევარიც“, - აცხადებს საყვარელიძე.

პოლიტოლოგის განცხადებით, თუ კახი კახიშვილის ვერსია სწორია, რომ ახლა უნდა დაიწყოს ახალი პარტიის ფორმირება, რთულია სათქმელია, არის თუ არა კარგად გათვლილი ეს ნაბიჯი. მისი თქმით, თუკი კობახიძის გუნდის ალტერნატივად წამოიწევს სხვა გუნდი, უფრო გამოცდილი, ასაკიანი და საქმიანი გუნდი, შეიძლება უცხოეთისთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის ნიშნავდეს იმას, რომ აქამდე წარმოებული პოლიტიკა და ძირითადად, საგარეო პოლიტიკა, თვითონ „ოცნების“ გუნდმა უარყო.

„ამან შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს. მისაღები იყო თუ არა სხვა არის, მაგრამ გასაგები იყო - საქართველოს ხელისუფლებას უკავია ანტილიბერალური, კონსერვატიული პლატფორმა. თუ ხელისუფლების პოლიტიკური გუნდის შეცვლა მოხდა, თუნდაც იგივე ივანიშვილის პატივისცემელი გუნდით, ეს მაინც შეიძლება აღქმული იყოს ამ პლატფორმის - ლიბერალური და კონსერვატიული პლატფორმის ცვლილებად „ქართულ ოცნებაში“.

მე, მაგალითად, არ მიმაჩნია, რომ ამჟამად ამის დროა, თუმცა იმდენი არ ვიცი, რამდენიც „ოცნებამ“. შეიძლება ბევრი ის ინტონაცია, რომელიც გამოსჭვიოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებებში, რომ ტრამპი კი წინ მიიწევს, მაგრამ შეიძლება მისი გამარჯვებით არ დასრულდეს ეს პოლიტიკური რაუნდი, ანუ ამ პესიმიზმის ინტონაციამ, რაც იყო მათ განცხადებებში, შეიძლება ითამაშა გარკევული როლი და პოლიტკური კურსის ცვლილებისკენ შეიძლება მინიშნება გააკეთა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

მარბიელი ღარიბაშვილს გამოარჩევდა შეუპოვრობა და ერთგულება; საშუალო ინტელექტი ასეთივე განათლება ...პატრიოტიზმი და ფულის სიყვარული ...
დღეს ღარიბას რეიტინგი აღემატება კობახიძისას და თითქმის უტოლდება გახარიას; კობახიძის რეიტინგი ლუჭავას და ბახტაძის გვერდითაა... მერეა ხაზარაძე-ხაბე-გვარამია-ხვჩია
2 საათის უკან
Gami გახარიას რეიტინგი?! საინტერესოა, რა რეიტინგი უნდა ჰქონდეს "პროიდოხას"?
1 საათის უკან