პატრონებმა ოპოზიცია ეუთო-ს გენმდივანთან შეხვედრაზე ცხვრებივით მირეკა

პატრონებმა ოპოზიცია ეუთო-ს გენმდივანთან შეხვედრაზე ცხვრებივით მირეკა

ოპოზიციამ ეუთო-ს გენერალურ მდივანთან დაკავშირებით პოზიცია ერთ დღეში შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში გენმდივნის ვიზიტს და ხელისუფლებასთან მის შეხვედრებს მწვავე კრიტიკა მოჰყვა, ოპოზიციის ნაწილმა პოზიციები შეცვალა და 24 აპრილს ფერიდუნ სინირლიოღლუს „რონდელის ფონდის“ ოფისში შეხვდა.

ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია, ასევე -„ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი და „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. შეხვედრა შედგა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან, თინა ბოკუჩავასთან და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრთან, გიგი წერეთელთან. არადა, სწორედ, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ლელოს“ წევრები იყვნენ, რომლებიც გენმდივნის ვიზიტს ყველაზე მწვავედ აკრიტიკებდნენ.

შეხვედრაში არ მონაწილეობენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები. ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას კოალიციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ უარი თქვეს ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე.

„ეუთო/ოდირ-ის ოფიციალური დასკვნით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებულმა დარღვევებმა ძირი გამოუთხარა საზოგადოების ნდობას პროცესისადმი, სწორედ ამიტომ, ჩვენ უარი ვთქვით ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე, რეჟიმის დამარცხებისთვისა და ქართველი ხალხის ისტორიული მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია სიცხადე და თანმიმდევრულობა.

ეუთო-ს გენერალურ მდივანი არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე არც ერთი სიტყვით არ შეხებია ქვეყანაში არსებულ კრიზისს, რაც რეჟიმის მხრიდან რუსული პროპაგანდის სტილში უკვე გამოიყენება მათი ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური ქმედებების ლეგიტიმაციისთვის“, - აღნიშნავენ კოალიციის წევრები განცხადებაში.

მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ოპოზიციამ დავალება „გარე ძალებისგან“ მიიღო და იძულებული გახდა, ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა მოეწყო.

„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ წინა დღეებში შეურაცხყოფით გამოირჩეოდა გენერალური მდივნის მიმართ. ახლა ცდილობენ, რომ შეხვდნენ და შეცვალეს პოზიცია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ეს ადამიანები არიან პირდაპირ დავალების მიმცემებისგან მართულები. მიიღეს დავალება, რომ ახლა არ ივარგებდა, რომ ეუთოს გენმდივანს არ შეხვედროდნენ და ამ დავალების შესასრულებლად ცდილობენ, რომ შეხვედრა მოაწყონ“, - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-თან ამბობს, რომ ოპოზიციის გაურკვევლობა და დაბნეულობა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრასთან დაკავშირებით, მათ პატრონებში ჩამოუყალიბებლობას ასახელებს. გვენეტაძე მიიჩნევს, რომ, როგორც ჩანს, თავად „დიფ სთეითში“ საქართველოსთან დაკავშირებით ვერ გაარკვიეს, რა ქნან. ამიტომ ოპოზიცია თვითგანადგურების რეჟიმზეა გადასული.

„ოპოზიციის პოზიცია საათობრივად იცვლება. ერთ დღეს ამბობდნენ, რომ თურმე საზღვარგარეთიდან ვიღაცა კაცი ჩამოსულა, რომლისთვისაც ხელის ჩამორთმევაც კი არ შეიძლება, მეორე დღეს კი ერთმანეთს ასწრებდნენ ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ძალა საქართველოში საბოლოოდ გაკოტრებულია. ესენი კოლექტიური სალომე - ნანუაშვილები არიან, ის, რაც მთელმა მსოფლიომ ნახა. ეს არის მთელი ოპოზიციის სახე. ეს ხალხი მხოლოდ იმისთვისაა მოწოდებული, რომ როგორმე ქვეყანას განვითარებაში და წინსვლაში ხელი შეუშალოს. ისინი ერთ რამეს ვერ ხვდებიან, რომ ეუთოს (რომლის შემადგენლობაშიც 55 ქვეყანაა) გენერალური მდივანი შემთხვევით არ არის ამ ქვეყანაში ჩამოსული და ხელისუფლებების ლეგიტიმაციის აღიარება-არაღიარება ამ ორგანიზაციაზეა დამოკიდებული. ესენი ამბობენ - ეუთოს გენმდივანი „ვიღაცა კაცია“ და ვითომ ისე შემოიარა. აი, ამ დონეზე რომ არიან დასულები, ხალხს ამათმა რა შეიძლება დააჯერონ? საბა ბუაძის, ბოკუჩავას, ვაშაძის, ხაბეიშვილის, გვარამიას, მელიას და კიდევ სხვა ოდიოზური ფიგურების დონემდე რომ არის ოპოზიცია დასული, იმიტომაც აქვთ კარგად საქმე. ეტყობა, ვიღაცამ ურჩია - რას მიედ-მოედებით, სასწრაფოდ წადით შეხვედრაზე ეუთო-ს ლიდერთანო და სირბილით მივიდნენ“, - ამბობს გვენეტაძე.

მისივე თქმით, ოპოზიცია არც ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტს იმჩნევდა და ახლა ეუთო-ს გენერალური მდივნის ვიზიტის შემჩნევა არ უნდოდათ. სინამდვილეში, უკვე კარგად ხვდებიან, რომ დასავლეთში მათი დრო ამოიწურა. მათ პატრონებსაც ეს უნიათო ოპოზიცია ყელში ამოუვიდა, რომელიც ქართველ ხალხს თვალის დასანახად ეჯავრება. ამიტომაც დეზორიენტირებულები მოჩვენებებივით დაბორიალობენ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-თან ამბობს, რომ ოპოზიციამ „თავისი სიმართლის დასამტკიცებლად“ ყველა შანსი უნდა გამოიყენოს და მით უმეტეს ეუთო-ს გენერალურ მდივანს უნდა შეხვედროდნენ.

„წარმოგიდგენიათ, როცა ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა და საუბრობს კონკრეტულ გაყალბების სქემებზე, ის არ შეხვდეს ეუთო-ს გენერალურ მდივანს?! ოპოზიციის ამოცანა ხომ უნდა იყოს, რომ ესაუბროს ყველას და თავის სიმართლეში დაარწმუნოს, მიუხედავად იმისა, ვინ არის ან რას წარმოადგენს თანამოსაუბრე, პარტნიორი. წარმოუდგენელი სიბრიყვე და პოლიტიკური უმეცრებაა, როცა ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვედრაზე უარს ეუბნები. რა არის ამით მიღწევადი? გენერალურ მდივანს რომ გაებუტნენ, რაო, ამით გენმდივანი გადადგება, პოზიციას შეიცვლის თუ რა იქნება?

რანაირი შემტევი მებრძოლი ხარ, არ მესმის. როდესაც შენს ქმედებებს ლოგიკა არ აქვს, მაშინ პრობლემა ბუნებრივად ჩნდება ხოლმე. ამას ვამბობ წლებია და ოპოზიცია ერთი და იგივე წრეზე დადის. ეს პრობლემა გაჩნდა ეუთო-ს გენმდივნის იგნორირებითაც მათი მხრიდან, ვინც უარი განაცხადა. ან ოპოზიციამ რა მოიგო ან იმ პარტიამ ან პროტესტს როგორ წაადგება? როცა ხალხი ხედავს, რომ იმ მაღალი თანამდებობის პირს, რომელიც არჩევნებს აკვირდება და საერთაშორისო თანამეგობრობა ენდობა, ხოლო შენ არ ესაუბრები, უნდობლობას უცხადებ და „ვიღაცა კაცს“ ეძახი, არ ვიცი, ამის შემდეგ რაზე უნდა გქონდეს პრეტენზია“, - განაცხადა ძაბირაძემ.

 

მარბიელი გამოდის გვარამია-მელია არაა მართული და აგენტი ოპო? ისინი ვერ მირეკეს?
ვაშაძე-ხაბე-ზარქუა-მაჭარაშვილის 'რკინის ლოგიკა" გასაგებია, მაგრამ ყველა ასე ლოგიკური თუა გემს რა ეშველება?
14 საათის უკან
Gami გახარია აქაც პირველია!
14 საათის უკან
Gami გახარია აქაც პირველია!
14 საათის უკან