საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, გუბერნატორების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებაც პრემიერ მინისტრის პრეროგატივა ხდება. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, რომელსაც პრემიერ მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, თანამდებობაზე პრეზიდენტი ნიშნავს და ათავისუფლებს.
აღნიშნული საკითხი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონით არის დარეგულირებული. საკონსტიტუციო პროექტით კი, გუბერნატორების დანიშვნა-გათავისუფლება კონსტიტუციით დარეგულირდება.
პროექტის მიხედვით, სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ მინისტრი. ხოლო თავად გუბერნატორი, მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე საჯარო განხილვები მიმდინარეობს. პროექტი განსახილველად პარლამენტში, საშემოდგომო სესიის დაწყებისთანავე – სექტემბერში გადაინაცვლებს.
მანამდე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში დამტკიცებული პროექტით, პრეზიდენტი პირდაპირი და საყოველთაო კენჭისყრით ირჩევა, ის არის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში.
მაგრამ მთავრობას აქამდე არ ჰქონდა უფლება პირდაპირ შეეტანა ბიუჯეტი პარლამენტში პრეზიდენტის თანხმობის გარეშე. დღევანდელი ვარიანტით პრეზიდენტი მხოლოდ ფორმალურ მონაწილეობას იღებს მთავრობის ფორმირებაში, მას არ აქვს უფლება თავისი მოწონებული კანდიდატურები წარუდგინოს პარლამენტს.
კომისიის წევრთა განმარტებით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის პოლიტიკური პარტია ან ბლოკი, რომელიც საუკეთესო მაჩვენებლით იქნება, შესთავაზებს პრეზიდენტს პრემიერის კანდიდატურას, პრეზიდენტს არ შეუძლია დაბლოკოს ეს კანდიდატურა. თუ ეს კანდიდატურა არ იქნება მოწონებული პარლამენტის მიერ, პარლამენტს საშუალება აქვს მეორე კანდიდატურა წარადგინოს. თუ კიდევ ვერ შეძლებს კანდიდატურის წარმოდგენას, ეს ნიშნავს რომ ეს პარლამენტი უუნაროა და პრეზიდენტი მას დაითხოვს და ახალ საპარლამენტო არჩევნებს გამოაცხადებს. პრემიერ-მინისტრი შეარჩევს მინისტრებს და წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. ამ პროცედურას პრეზიდენტს არ უთანხმებს. ბიუჯეტთან დაკავშირებითაც პრეზიდენტს მის ფორმირებასთან არაფერი ესაქმება. ეს ურთიერთობები პარლამენტსა და მთავრობას შორის ვლინდება. თუ ბიუჯეტი დაიწუნა პარლამენტმა, ეს არ ნიშნავს მის დათხოვნას, ამ შემთხვევაში მთავრობა იხელმძღვანელებს წინა წლის ხარჯვითი ნაწილის პარამეტრებით.
ახალი ვარიანტით პრეზიდენტი დამოუკიდებლად ვერ წარმართავს საგარეო ურთიერთობებს. სამიტებს დაესწრება, ხელშეკრულებებსაც მოაწერს ხელს, მაგრამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს პრემიერთან შეთანხმების გარეშე ვერ განახორციელებს. ნებისმიერი აქტი, რომელსაც პრეზიდენტი ხელს მოაწერს, პრემიერის ხელმოწერილიც უნდა იყოს, ისე ძალაში ვერ შევა, გარდა ამისა, პრემიერი ნიშნავს ელჩებს.
თუმცა ამ შეზღუდვების მიუხედავად არის ფუნქციები, რომელშიც პრეზიდენტს მოცილე არ ეყოლება და ეს არის უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქცია, საომარი ან საგანგებო ვითარების გამოცხადების დროს და მისი განხორციელების მომენტში პრეზიდენტს წარმმართველი როლი აქვს მინიჭებული. ეს არ არის კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი. უცხოელი ექსპერტები საკონსტიტუციო კომისიას სთხოვდნენ მხედველობაში მიეღო ის გარემოება, რომ ბრმად გადმოღებული ნებისმიერი მოდელი ამა თუ იმ ქვეყნის კონსტიტუციისა, წარუმატებელია, – აცხადებენ საკონსტიტუციო კომისიაში.
ამ უფლება – მოვალეობათა მცირე ჩამონათვალითაც კარგად ჩანს, რომ 2013 წლის შემდეგ ქვეყანაში რეალური აღმასრულებელი ხელისუფლება არა პრეზიდენტის, არამედ პრემიერის განკარგულებაში იქნება. ამიტომ ოპოზიციამ განგაშის ზარი შემოჰკრა და მოითხოვა სამართლებრივი გარანტიები იმისა, რომ სააკაშვილი ქვეყანას „ძლევამოსილ პრემიერად“ აღარ მოევლინოს.
თუმცა სპეციალისტთა პასუხი მათთვის არცთუ დამაიმედებელია. მათი განმარტებით, კანონმდებლობა პრეზიდენტის თანამდებობისგან განსხვავებით, პრემიერის პოსტზე დანიშვნის შეზღუდვებს არ ითვალისწინებს. თუმცა ოპოზიცია ფარ–ხმალის დაყრას არ აპირებს.
აშშ–დან დაბრუნებული ირაკლი ალასანია ღიად აცხადებს, რომ სააკაშვილის პუტინიზაციას არ დაუშვებს და ამისთვის ყველა საშუალების გამოყენებით იბრძოლებს.
„ჩვენ შევთავაზეთ ცვლილებების შეტანა იმ პროექტში, რომელიც წარმოადგინა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ. ჩვენი ინიციატივის მიხედვით, როდესაც პრეზიდენტი ამოწურავს ვადას, ხუთი წლის განმავლობაში აღარ უნდა ჰქონდეს პრემიერ-მინისტრად თავისი კანდიდატურის წამოყენების უფლება.
ეს წინადადება არ გაიზიარა კომისიამ, მაგრამ ჩვენ აქტიურად ვაპირებთ სექტემბერში, საპარლამენტო განხილვებისას, ჩვენი პოზიცია წარმოვაჩინოთ და მოვახერხოთ, რომ სააკაშვილმა ვერ შეძლოს ხელისუფლებაში დარჩენა და ძალაუფლების შენარჩუნება უკვე პრემიერ-მინისტრის ამპლუაში. სააკაშვილის პუტინიზაციას არ დავუშვებთ, ამისთვის ყველა საშუალებით ვიბრძოლებთ“ – აცხადებს ირაკლი ალასანია და დასძენს, რომ ამერიკაში ვიზიტისას იქ პრეზიდენტი სააკაშვილი არსად უნახავს.
შეგახსენებთ სააკაშვილის განცხადებას, რომ საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ პრემიერ-მინისტრობას არ გამორიცხავს. ამის შესახებ სააკაშვილმა ფრანგულ გაზეთ „ლე მონდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე - პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ აპირებს თუ არა პრემიერის თანამდებობის დაკავებას როგორც პუტინი, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ „პუტინი - ეს პუტინია. რუსეთს არ მართავს არც პრემიერ მინისტრი და არც პრეზიდენტი, არამედ პუტინი და „ფსბ“ მართავს“.
„მე მიფიქრია ამის შესახებ, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბერი რამ გაურკვეველია. არავინ იცის ორი წლის შემდეგ როგორი ეკონომიკური მდგომარეობა იქნება, რა კონსტიტუციური რეფორმა განხორციელდება, როგორი იქნება ჩემი განწყობა და პოლიტიკური რეიტინგი“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მას თავისუფლების განცდა ძალიან ხიბლავს, რომ ქალაქში დაცვის გარეშე გავლა შესძლოს.
„ჩემი მიზანია საქართველოში დაწყებული რეფორმები გაგრძელდეს. მე შევქმენი პარტია, რომელიც მე მხარს მიჭერს. ჩემი პოლიტიკური პრაქტიკის განმავლობაში გავაცნობიერე, რომ რეფორმები პოპულარობას ზიანს აყენებს, ისე აღარ უყვარხარ, მაგრამ ხალხი ბოლოს მაინც მადლობელია“, - აღნიშნა სააკაშვილმა.