ოპოზიციის და მათი ექსპერტების თუ „ენჯეოების“ პროგნოზები თანდათან იმსხვრევა, თითქოს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს დასავლეთში ხელს არავინ ჩამოართმევს, არ დაელაპარაკება. ოპოზიციას წყალში ეყრება სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ მიმართულ საბოტაჟში დახარჯული ფული, ვოიაჟები და ე.წ. საპროტესტო აქციები. იმ ფონზე, როდესაც ოპოზიცია კვლავ აგრძელებს თავის მოტყუებას და ხელისუფლების არალეგიტიმურობაზე საუბარს, საქართველოს დელეგაცია ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის მეთაურობით უკვე რამდენიმე დღეა ამერიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს.
მესამე დღეა ეუთო-ს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოში იმყოფება, რომელმაც შეხვედრები გამართა, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, პრემიერ ირაკლი კობახიძესთან, ასევე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან.
პარალელურად, მიხეილ ყაველაშვილი 26 აპრილს ვატიკანში რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი ვატიკანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება.
დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციას ბოლო დღეებში ყველანაირი საყრდენი გამოეცალა იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებას არალეგიტიმური უწოდონ და ამტკიცონ, თითქოს ისინი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აღიარებულები არ არიან.
ლევან დავითაშვილი თავის გუნდთან ერთად აშშ-ი ვიზიტს აგრძელებს. ენერგეტიკა, მრეწველობა, ტრანსპორტი და შუა დერეფნის განვითარება - ეს ის საკითხებია, რომელზეც საქართველოს დელეგაციამ ამერიკაში ოფიციალური შეხვედრები გამართა. ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ლევან დავითაშვილმა ალფონსო გარსია მორასთან სამომავლო პროექტები განიხილა, სადაც მთავარ მიმართულებად კერძო სექტორის დაფინანსება განისაზღვრა.
დავითაშვილი ასევე აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწეს გლობალური ბაზრების მიმართულებით აშოკ პინტოს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.
შეხვედრა პირველი ვიცე-პრემიერის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა და მასში ასევე მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და აშშ-ის ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ პოზიტიურ დღის წესრიგსა და ინიციატივებზე. განხილულ იქნა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ჭრილში.
ამერიკაში პირველი ვიცე-პრემიერის ვიზიტის ფარგლებში უკვე გაიმართა შეხვედრები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახაზინო დეპარტამენტის, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მაღალი რანგის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-თან ამბობს, რომ ოპოზიციამ დასავლეთს არჩევნების გაყალბების ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარუდგინა და ამის მიუხედავად, მათ ხელისუფლების არალეგიტიმურად ცნობას სთხოვენ. საყვარელიძე მიიჩნევს, რომ დასავლეთში ხვდებიან, რომ ეს ოპოზიცია უკვე არაფერში აღარ სჭირდებათ და მიდგომების შეცვლა დაიწყეს.
„ოპოზიციის პოლიტიკური არგუმენტი, რომ არჩევნები გაყალბდა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლების იზოლაცია მოხდეს. ენას ძვალი არ აქვს, შესაძლოა, ეს ოპოზიციამ დიდი ხნის განმავლობაში იძახოს, მაგრამ დასავლეთისთვის ეს წმინდა პოლიტიკური ინსტრუმენტი უკვე გაცვდა და აღარ მუშაობს. უკვე ბოიკოტიც აღარ მუშაობს. ქვეყნები პოლიტიკას პრაგმატულად უყურებენ და ასეც აგებენ. ამიტომ საქართველოსთან ბოიკოტში ყოფნა დიდი ხანი არცერთი ქვეყნისთვის მომგებიანი არ იქნება, მათ საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ და ოპოზიციას როდემდე დაელოდონ, რომ ისინი მტკიცებულებებს დადებენ?! თანაც ბოლო დროს, დასავლეთში კარგად დაინახეს, რომ ქვეყნის შიგნით ხალხს ოპოზიციის არ სჯერა. წარმოიდგინეთ ახლა იქ როგორი პოზიციით უყურებენ აქ მიმდინარე მოვლენებს. ხან რისი მარში ჩაატარეს და ხან რისი, მაგრამ საერთო სურათს ხომ ხედავენ, აქ ხალხს არა აქვს განცდა, რომ ვინმემ არჩევნები მოპარა. დასავლეთში დაინახეს, რომ ოპოზიცია ვერც არჩევნების და ვერც რევოლუციის გზით ამ ხელისუფლებას ვერ ცვლის. ერთი პერიოდი ნამდვილად ღიად სურდათ „ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება, მაგრამ ახლა ისეთი სისწრაფით იცვლება მოვლენები, ფაქტია, ოპოზიციის აღარც დასავლეთში სჯერათ. შესაბამისად ეს გაცვეთილი ლოზუნგი, რომ „ოცნება“ იზოლაციაშია და ა.შ. აღარ ჭრის“, - ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, საბჭოთა კავშირი მიჩნეული იყო, როგორც მიუღებელ სივრცედ დედამიწაზე და როცა დასჭირდათ, ინგლისმა და ამერიკამ საბჭოთა კავშირთან პირი ჰიტლერთან საბრძოლველად შეკრეს. ოპოზიციის გამო დასავლეთის ქვეყნები საქართველოსთან და მის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე დიდი ხნით უარს ვერ იტყვიან.
„გამოგონება იმის, რომ მოდი, ეს ხელისუფლება არ აღიაროთ და ჩვენ ეს დაგვეხმარება, არაფრის მომცემი არ აღმოჩნდა. ხედავენ დასავლეთში, რომ ქართველ ხალხს ოპოზიციის ხელისუფლებაში მოყვანა არ სურს. რუსეთისკენ მიდიხართო „ოცნებას“ საყვედურობენ და თვითონ რუსეთთან პირველები გარბიან. ფაქტობრივად, რუსეთს ეკონომიკა ისევ აღადგენინეს, ისეთი ინტენსიური ურთიერთობა აქვთ. ასეთ ორმაგ და სამმაგ ინტერესებთან გვაქვს საქმე და იმ ოპოზიციური ძალების ხელისუფლებაში მოყვანა, რომლებიც „ოცნების“ ალტერნატივაა, შესაძლოა, უკვე დასავლეთის ინტერესშიც აღარ არის. დასავლეთი ნელ-ნელა ექსტრემისტული განწყობის მქონე პოლიტიკოსების მიმართ გულგრილი ხდება. ამის ნათელი მაგალითი ზელენსკის ირგვლივ მოგროვებული შავი ღრუბელია“, - ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, თუკი ამერიკიდან საქართველოსთან დაკავშირებით მიდგომები რადიკალურად შეიცვლება, რის მიმართაც ნაბიჯები ნელ-ნელა უკვე იდგმება, მაშინ ბრიუსელშიც იძულებულები გახდებიან, საქართველოზე ეს წნეხი შეამცირონ. შესაძლოა, ყველაფერი ერთ დღეში არ გამოსწორდეს, მაგრამ ცვლილება რომ იქნება, ეს ლოგიკურია.
აქეთ პრანკერებმა გააბითურეს ეს აგენტურულ ფულებზე გაყიდულები, იქეთ უოლსონს კაციშვილი აღარ უსმენს, ის კი არა მასაც პრანკერები აბურთავებენ.
ისე მაგარი უტეხი ხალხია, ესენი რომ ქვეყნას არ მტროდნენ და მის ინტერესებს ახმარდნენ თავის შესაძლებლობებს, არ იქნებოდა ურიგო.