90-იანი წლების ნოსტალგია და მავნებლობა სახელმწიფოს წინააღმდეგ - ასეთნაირად შეიძლება შეფასდეს სკანდალური ვიდეო, რომლის ფიგურანტები, სალომე ზურაბიშვილი და ყოფილი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი დაფინანსებას ითხოვენ საქართველოში „ნიღბიანების“ გადატრიალების მოსაწყობად.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, რუსი პრანკერები ზურაბიშვილსა და ნანუაშვილს დაუკავშირდნენ და გაეცნენ, როგორც გარი კასპაროვი და პეტრო პოროშენკო. ვიდეოს მიხედვით, ნანუაშვილიც და ზურაბიშვილიც „გულახდილად“ საუბრობენ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე და არასამთავრობოების დაფინანსებას ითხოვენ.
„ოპოზიციას ახლა კრიტიკულად სჭირდება თანხები. ძირითადად ეს თანხები მოდიოდა იუსაიდისგან ან ევროპული ფონდებიდან. ევროპელები კი საკმაოდ ნელა მოქმედებენ. მათ თქვეს, რომ გადმორიცხავდნენ ფულს სამთავრობო პროგრამებიდან, რომლებიც სანქციების გამო შეჩერდა და გადაანაწილებდნენ სამოქალაქო საზოგადოებაზე, მაგრამ ეს ჯერ არ მომხდარა“, - ამბობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.
რაც შეეხება უჩა ნანუაშვილს, ის ახსენებს მაიდანსა და არაოფიციალურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს: „დაფინანსება რთულად ხდება, ბრძოლას ვაგრძელებთ, მაგრამ ეს გართულებულია. ჩვენ გვყავს არაოფიციალური დაჯგუფებები, ისევე, როგორც უკრაინაში მაიდნის დროს, არიან ნიღბიანი მოქალაქეები“.
ზურაბიშვილიც და ნანუაშვილიც ამ ვიდეოჩანაწერზე არაფერს ამბობენ. ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, გამორიცხული არაა, პროკურატურა ამ საქმით დაინტერესდეს, რადგან ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებებია.
პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა პროკურატურას ამ საქმეზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„სახელმწიფოს წინააღმდეგ აგენტურის შემოტევა გვქონდა. უჩა ნანუაშვილი თავისი პატრონის ერთ-ერთი წარმომადგენელია, ისევე, როგორც თვითგამოცხადებული პრეზიდენტი. სახელმწიფოს წინააღმდეგ რა მიდგომები აქვთ, ხედავთ? ერთმა თქვა, აქ „ბოევიკები“ გვყავს მომზადებული და დაფინანსება გვინდა, რომ ისინი ავამოქმედოთო“, - ამბობს ზარქუა, რომლის აზრითაც, ამის გატარება არ შეიძლება, რადგან უსამშობლოების ლიდერმა ზურაბიშვილმა პირდაპირ თქვა, ევროპამ უნდა იაქტიუროს, ფული მაიტათ, ქვეყანა ჩამოვანგრიო და აქ აგენტურა დაჯდესო.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი ამბობს, რომ ეს ჩანაწერი შემაძრწუნებელია, ეს არის პირდაპირი აღიარება, რომ უცხოური დაფინანსება მათ მიერ გამოიყენებოდა კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ანუ დესტაბილიზაციისა და რევოლუციური სცენარისკენ.
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ამბობს, რომ ნაცოპოზიციის ლიდერმა პარიზელმა ქაჯუნამ ფსბ-ს აღიარებითი ჩვენება მისცა.
ვიდეოჩანაწერი არა მარტო იმიტომ არის საინტერესო, რომ ქვეყანაში გადატრიალების მოსაწყობად თანხების მობილიზების მცდელობას ადასტურებს, არამედ ეს ჩანაწერი ზურაბიშვილის თვითლუსტრირებაცაა, რადგან ყოფილი პრეზიდენტი ამით აღიარებს, რომ თავადაც უცხოური დაფინანსების მომლოდინეა.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for. ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ზურაბიშვილი თავიდან ბოლომდე გაიშიფრა, ყველაზე სამარცხვინოა, რომ რუსმა პრანკერებმა თავიდან ბოლომდე გააშიშვლეს იგი, დაურეკეს ცნობილი მოჭადრაკის- კასპაროვის ხმით, რომელიც პუტინის ხელისუფლების ოპოზიციაშია და საზიზღრობები ალაპარაკეს. ამის შემდეგ, თუკი მას ოდნავი სინდის-ნამუსი აქვს, მან პოლიტიკა აუცილებლად უნდა დატოვოს, რადგან „მეფე შიშველია“.
ანალიტიკოსის აზრით, მსგავსი ვიდეოებით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, ისევე, როგორც ყოფილი ომბუდსმენის-უჩა ნანუაშვილის აღიარებით ნიღბიანი „ბოევიკების“ შესახებ.
„ქალბატონმა ზურაბიშვილმა ამით აღიარა, რომ ის არის აგენტი და მოქმედებს დავალებებით. ქართველებს გვაქვს ასეთი ანდაზა - „ცარიელ გობში ხელს არავინ არ ჰყოფს“, თავის დროზე ეს ქალბატონი შესაძლოა, ლამაზი იყო, მაგრამ დღესდღეობით ზურაბიშვილი არც ისე ლამაზი ქალბატონია და არც ისე მომხიბვლელი თვალები აქვს, რომ ვინმემ მას სილამაზისთვის ფული მისცეს, თუკი მას საკუთარი მიზნებისთვის არ გამოიყენებს. საკუთარი მიზნები კი არის ის, რომ ექსპრეზიდენტი შერჩეული ჰყავთ აგენტად. როგორც ჩანს, ამ ქალბატონს დაჰპირდნენ თანხების გადაცემას, მაგრამ „გადააგდეს“, ვინაიდან შეხედეს, როგორი სიტუაციაა ქვეყანაში. ზურაბიშვილის დაძახებაზე სოფლის ამძუვნებული მარტის კატებიც არ გადიან, რაც არ უნდა საკვები დაუყაროს მათ. იმ „დიფ სთეითში“ ოდიოზური ფიგურები არიან, რადგან როცა ფული გაქვს და ასეთ პიროვნებზე გააკეთებ „სტავკას“, როგორიც ზურაბიშვილი, გვარამია, ხაბეიშვილი, უჩა ნანუაშვილია, ეს უკვე წაგებული თამაშია. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ადრე რომ მიჰყავდათ კაცი, იქ იყო დიდი უფსკერო კასრი, მას ეუბნებოდნენ, კასრი გაავსეო და იმ კასრში ასხმევინებდნენ წყალს, ისიც ასხამდა და ვერ ხვდებოდა, რომ კასრი ფსკერგავარდნილი იყო. ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში არიან დღეს „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები, მაგრამ ვიღაც ჭკვიანი გამოჩნდა იქ და ხედავს, რომ უძირო კასრში ასხამენ წყალს, ანუ ზურაბიშვილსა და მის თანამეინახეებზე უმიზნოდ ყრიან ფულს და სად ფანტავენ თანხებს, კაცმა არ იცის“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.
მისივე თქმით, ახლაც პერიოდულად გამოჩნდება ეს ქალი და თავს შეგვახსენებს, რადგან ვიღაცების წინაშე ვალდებულებები აქვს აღებული, დიდი ფულები აქვს შეჭმული, ვინაიდან შემთხვევით ის ვერ გააკეთებდა იმ საქმეს, რასაც აკეთებდა ბოლო 3-4 წლის განმავლობაში, როდესაც აშკარად ჩადგა მეხუთე კოლონის სათავეში. ახლა იმ დახარჯულ ფულებს პატრონები სთხოვენ, ამ ქალმა კი ნულოვანი შედეგი დააყენა.
„მის „სიბრძნეებს“ შორის გამორჩეულია ერთი „სიბრძნე“ – „მე ვარ ლეგიტიმური პრეზიდენტი“. თუ ლეგიტიმური პრეზიდენტია, ვუსვამ შეკითხვას, რატომ არ ადგება და არ ათავისუფლებს სააკაშვილს? „ლეგიტიმურ პრეზიდენტს“ ხომ აქვს შეწყალების უფლება? ადგეს და გაათავისუფლოს ე.წ. პოლიტპატიმრები, თვითონ რომ ასეთნაირად ეძახის მათ. ან რას ნიშნავს მის მიერ ნათქვამი, თითქოს უკრაინა ჩვენზე წინ არის ევროკავშირთან მიმართებით და ჩვენზე ადრე დანაკარგების გარეშე შევა ევროკავშირში? ახლა მაინც სიმართლე გვითხრას, რა დანაკარგები აქვს უკრაინას და როგორ მდგომარეობაშია საქართველო?! იგი რატომღაც გვარწმუნებდა, უკრაინა მოიგებს ამ ომსო. მოიგო უკრაინამ ეს ომი? უამრავი ასეთი სიბრიყვე ახასიათებს ამ ქალბატონს. სხვათა შორის, აქტიურ რეჟიმში იყო თავის დროზე მარგველაშვილიც, მაგრამ, ეტყობა, მთლიანად ჩამოწერეს უოლ სთრითზე მდებარე ცენტრიდან, მარგველაშვილს არ აძლევენ არაფერს, ორივე ერთმანეთზე უარესია, უოლ სთრითზე კი არიან მსოფლიო დიდი ოლიგარქები და მარიონეტებივით ათამაშებენ მარგველაშვილებს, გახარიებს, ზურაბიშვილებს და მათ მსგავსებს“, - ასკვნის ედიშერ გვენეტაძე.
მისივე აზრით, ფული რომ შემოაკლდება, ზურაბიშვილიც გაყუჩდება. რეალურად, ეს ქალბატონი ისედაც გაყუჩებულია, ისეთ არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს, რომ უკვე პოლიტიკურ გვამადაა ქცეული.
„ძალიან კარგად ვიცი, ფრანგული დიპლომატია რას წარმოადგენდა მე-17-18-19 საუკუნეებში, მაგრამ მე-20 საუკუნეში უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა. როდესაც ბერლინში ხელი მოაწერეს კაპიტულაციას, მაშინ იქ მიიყვანეს ერთ-ერთი ფრანგი სარდალი, გერმანიის გენშტაბის წარმომადგენელმა მას ახედა და დანარჩენებს უთხრა, თქვენ კი მოიგეთ ომი, მაგრამ ამათაც (ანუ ფრანგებმაც) ომი მოიგესო?! იმ დღიდან მოყოლებული, ასეთ უმძიმეს დღეშია ფრანგული დიპლომატია, რომლის ერთ-ერთ სახესაც წარმოადგენს ეს უცხვირპირო დედაკაცი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ფულის ძიებაშია, რასაც ეს ვიდეოჩანაწერიც ადასტურებს. მალე მას პანღურს ამოარტყამენ და მაკკეინის ინსტიტუტიდან გამოაძევებენ“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ.