„ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალმა დაპირისპირებამ იფეთქა - პარტიის წევრების ნაწილი ბოკუჩავას გადარჩევას ითხოვს

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალმა დაპირისპირებამ იფეთქა - პარტიის წევრების ნაწილი ბოკუჩავას გადარჩევას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას გადაყენებას და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს, რამაც პარტიის წევრები ერთმანეთს დააპირისპირა. ნაციონალებში მიმდინარე პროცესებს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება და პარტიაში „ამრევის“ ვინაობასაც ასახელებს. სააკაშვილი ამტკიცებს, რომ „ოცნებას“ თინა ბოკუჩავას პარტიიდან ჩამოცილება უნდა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ხელისუფლება ხელებს აფათურებს მის პარტიაში.

„მოვუწოდებ ყველა წევრს - არ აჰყვნენ ამ ქოცურ მაქინაციებს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

for.ge-ს პარტიიდან სანდო წყარო უყვება, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირებაა და ჯგუფებს შორის კონფლიქტია გაჩაღებული. პარტიის რამდენიმე წევრი ნაციონალების დატოვებითაც კი იმუქრება და სწორედ ამას უკავშირებენ ლევან ხაბეიშვილის ბოლოდროინდელ გააქტიურებას. როგორც წყარო გვიყვება, პარტიის უფრო რადიკალური ფრთა მომხრეა, რომ ენმ-ში ახალი არჩევნები დაინიშნოს. ისინი თინა ბოკუჩავას მუშაობით უკმაყოფილოები არიან. ასევე მიხეილ სააკაშვილი ბოლო დროს, უშედეგოდ ითხოვს პარტიის მართვაში ჩართვას და არაერთი გეგმა წარმოადგინა იმისთვის, თუ როგორ უნდა მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ გადახალისება. თუმცა, მის არც ერთ შეთავაზებას პარტიის ლიდერშიპი არ გამოხმაურებია.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ენმ-ში სიტუაცია იმდენად სავალალოა, ბოლო დროს ნორმალური სპიკერიც კი აღარ ჰყავთ, ვინც ადეკვატურ პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებს. მათი აზრით, ენმ-ის დასასრულის დასაწყისი უკვე დაწყებულია და ეს მათი ბოლო პოლიტიკური ფართხალია.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი ეხმაურება და ამბობს, რომ ვისზე საუბრობს სააკაშვილი გამოქვეყნებულ პოსტში, არ იცის. თუმცა ადასტურებს, რომ ვიღაცებს ბოკუჩავას გადარჩევა სურთ.

„იმის მაგივრად, რომ ვკონცენტრირდეთ და ვებრძოდეთ იმ ძალას, რომელიც ჩვენ ქვეყანას მომავალს ართმევს და ჩვენს პარტიას აუქმებს, თინა ბოკუჩავაზე იყოს ძალისხმევები მიმართული, რომ ვადამდელი წესით მოხდეს მისი გადარჩევა, ასეთი ტიპის ინფორმაციები როგორც კი მივიდა მიშა სააკაშვილამდე, მან იმოქმედა და საჯარო პოსტიც დაწერა. არ ვიცი (ვისზე შეიძლება სააკაშვილი საუბრობდეს). ზოგადი განცხადება იყო, კონკრეტული ადრესატი არც ჰყოლია ამ განცხადებაში“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-თან ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ისეთი სავალალო სიტუაციაა, რომ სპიკერებიც აღარ დარჩათ, ვინც რაიმე სერიოზულ პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებს. ქადაგიძე ამბობს, რომ სიტუაცია იმდენად მძიმეა, შიდა დაპირისპირება აქვთ გაჩაღებული, ხოლო სააკაშვილი საერთოდ, რეალობას არის მოწყვეტილი. მის ერთ სიტყვასაც კი პარტიაში ჩალის ფასი აქვს.

„იმდენად არაადეკვატურები არიან და დაპირისპირებულები ერთმანეთთან, რომ წინა პლანზე ისევ ლევან ხაბეიშვილი გამოიყვანეს, რომელიც რას ამბობს, რას ბოდავს, კაცმა არ იცის. ნაციონალებში ვინც მართლა პოლიტიკა იცის, ის აღარ ჩანს წინა პლანზე და საერთოდ ერიდებიან სერიოზულ განცხადებებს. იმხელა საკადრო კრიზისი აქვთ, რომ ვიღაცა პატარა ნორჩ ლენინელ ბავშვებს ალაპარაკებენ. სააკაშვილის განცხადებები ხომ საერთოდ ბოდვაა. ხან რა ინიციატივით გამოდის და ხან რა, მაგრამ კაციშვილი ყურს არ უგდებს. შიდა დაპირისპირებები აქვთ და როგორც ჩანს, ბოკუჩავას თავიდან მოშორება უნდათ. ვიღაცამ ისევ ხაბეიშვილი გაააქტიურა და რაღაცა სისულელეებს ალაპარაკებენ. მაგალითად, შვილი სანიკიძე საერთოდ ახალი აღმოჩენაა. შალვა ნათელაშვილმა, გუბაზ სანიკიძემ, მაჭავარიანმა, ცნობილი ფანჩატურის რევოლუცია რომ მზადდებოდა, შვილები ასპარეზზე მაშინ შემოიყვანეს. მათ პოლიტიკა, როგორც ოჯახური ბიზნესი, შვილებსაც ასწავლეს. ეს ბავშვიც რას საუბრობს, რა უნდა, ვერ გაიგებს ადამიანი. საქართველოში გვყავს ოპოზიცია, რომელიც აბსოლუტურად დამოკიდებულია გარედან ფინანსურ და პოლიტიკურ დოტაციაზე. საერთოდ, სააკაშვილი არაფერს აღარ წარმოადგენს ამ პარტიაში და მის ბოდვას არავინ უსმენს“, - ამბობს ქადაგიძე.

მისივე თქმით, ნაციონალებმა და დანარჩენმა რადიკალურმა ოპოზიციამ, იმდენად წარმოსახვითი რეალობა შექმნეს, ჩაიკეტნენ ე.წ. ბაბლში, რომ ერთმანეთთანაც კი წინააღმდეგობაში მოდიან. ქადაგიძე ამბობს, რომ ნაციონალების დაღმასვლა დაწყებულია და ის, როგორც პოლიტიკური ძალა, თითქმის აღარც არსებობს.

„გამომდინარე საკუთარი სიგიჟეებიდან და იმ გამოგონილი სამყაროდან, რომელიც თავად შექმნეს, გამოსვლას ვეღარ ახერხებენ. საერთოდ, ხალხთან და ამომრჩევლებთან ყველანაირი კომუნიკაცია აქვთ გაწყვეტილი. მხოლოდ საუბრობენ იმაზე, რომ აი, თუ ამას გააკეთებენ, რა რეაქცია ექნება ჩვენს პარტნიორებს დასავლეთში და არაფერს ამბობენ ხალხზე, რომელმაც ისინი უნდა აირჩიოს. აბსოლუტურად სხვა არის ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება და ესენი საერთოდ გამოგონილ პოლიტიკურ სამყაროში ცხოვრობენ. საერთოდ აზრზე არ არიან რა ხდება, აწვებიან ერთ რაღაცას და საბოლოო ჯამში, თავად შიგნით იწყება დაპირისპირება. ამათმა მატარებელმა ჩაიარა. გეოპოლიტიკურ პროცესებს გადავხედოთ. რაღა დროს სააკაშვილი და ნაციონალები არიან. რას მიედ-მოედებიან თავადაც ვეღარ არკვევენ“, - ამბობს ქადაგიძე.

Gami გადაათრიონ ეს მძორი სააკაშვილი ციხეში, რას ელოდებიან.
4 საათის უკან
მარბიელი ყველაფერს აჯობებს მეცოცხეები თავ-რედ მერაბიშვილს თუ აირჩევენ!
3 საათის უკან