უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რაიმე მნიშვნელოვანი კონტურები ჯერ ისევ არ იკვეთება. მეტიც, ვოლოდიმირ ზელენსკიზე გაბრაზებულმა აშშ-ს დელეგაციამ ლონდონში დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებები გააუქმა. ბრიტანული მხარის ცნობით, შეხვედრა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ამერიკის, საფრანგეთის, ინგლისის, გერმანიისა და უკრაინის წარმომადგენლების მონაწილეობით უნდა გამართულიყო, აღარ შედგება და გადაიდო.
მოლაპარაკებები ოფიციალურ დონეზე გაგრძელდება, მაგრამ ის მედიისთვის დახურული იქნება.
22 აპრილს ღამით ცნობილი გახდა, რომ 23 აპრილისთვის დაგეგმილ შეხვედრას აღარ დაესწრებოდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და მის ნაცვლად ლონდონში კიტ კელოგი ჩავიდოდა.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ლონდონში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებს აღარ დაესწრებოდნენ.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა ლონდონში ჩასვლაზე უარი ზელენსკის განცხადების შემდეგ თქვა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინა, ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, ყირიმის დათმობას არ აპირებს.
ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას ამერიკისგან ამ დრომდე არ მიუღია „სამშვიდობო შეთანხმების“ ოფიციალური შეთავაზება.
„რაღაც მომენტში თუ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე საკმარისი წინსვლა არ იქნება, შესაძლოა, მოგვიწიოს, სხვა პრიორიტეტებით დავკავდეთ, რადგან მსოფლიოში ბევრი მნიშვნელოვანი რამ ხდება“, - ამბობს მარკო რუბიო „ფრი პრესთან“ ინტერვიუში, თანაც იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების პროცესში წინსვლის მიღწევა შესაძლებელი იქნება - „ამ ომს სამხედრო დასასრული არ აქვს“, დასძენს ის. „ვითარება უკრაინისთვის სავალალოა, ზელენსკის შეუძლია, ჰქონდეს მშვიდობა ან შეუძლია, იბრძოლოს კიდევ სამი წელი, ვიდრე მთელ ქვეყანას დაკარგავს“, - ეს კი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გზავნილია. მან სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა: „ზელენსკის წამქეზებლური განცხადებები ართულებს ამ ომის მოგვარებას. მას არაფერი აქვს სატრაბახო. ვითარება უკრაინისთვის სავალალოა – მას შეუძლია, ჰქონდეს მშვიდობა ან შეუძლია, იბრძოლოს კიდევ სამი წელი, ვიდრე მთელ ქვეყანას დაკარგავს. მე რუსეთთან არავითარი ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ მაქვს სურვილი, გადავარჩინო საშუალოდ ხუთი ათასამდე რუსი და უკრაინელი სამხედრო ყოველკვირეულად, რომლებიც უმიზეზოდ იღუპებიან.
ზელენსკის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება არაფერს მოიტანს, გარდა „სიკვდილის ველის“ გახანგრძლივებისა და ეს არავის სურს. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან, მაგრამ ადამიანმა, რომელსაც არ აქვს კარგი კარტი, ბოლოს და ბოლოს, უნდა გააკეთოს ეს. მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, დავეხმარო უკრაინასა და რუსეთს, თავი დააღწიონ ამ სრულიად აბსოლუტურ უბედურებას, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“, – წერს დონალდ ტრამპი.
„ლონდონში უკრაინის შესახებ დაგეგმილი შეხვედრა მხარეების განსხვავებული პოზიციების გამო ჩაიშალა“, – ამბობს პუტინის პრესს სპიკერი დიმიტრი პესკოვი.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-თან ამბობს, რომ უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ორი მიდგომა არსებობს, 1. ომი დასრულდეს და ხალხის ხოცვა შეწყდეს და 2. „ომის პარტიის“ მიდგომა, რომელთაც ამ ხოცვა - ჟლეტის გაგრძელება სურთ რისთვისაც ზელენსკის ხელს უწყობენ.
„ომის პარტიას ანტიტრამპისტული კოალიცია შევარქვი, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ეს ომი გაგრძელდეს. ანტიტრამპისტული კოალიციის წევრები არიან, დიდი ბრიტანეთის ამჟამინდელი ხელისუფლება. გერმანიის, საფრანგეთის ხელისუფლებები. ესენი არიან „დიფ სთეითის“ მთავარი გავლენიანი აქტორები, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩენილები არიან ევროპის კონტინენტზე. მათ ინტერესებში რუსეთ-უკრაინის ომის გაჩერება არანაირად არ შედის. ომის შეჩერების შემთხვევაში, ორი მხარე რასაც მიაღწევს, ეს არის რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.
ამიტომ, ეს ანტიტრამპისტული ძალები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ზელენსკის ფრთები შეასხან, არწმუნებენ, რომ მის გვერდით დგანან და არაფერი არ უნდა დათმოს. ვითომ რაღაცა დეკლარაციების სახით მოლაპარაკებები უნდათ, მაგრამ იქ, სადაც ანტიტრამპისტული კოალიცია შედის, არანაირ სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ უნდა ველოდოთ. ტრამპის მთავარი დანაპირები მშვიდობა და ომის შეჩერება იყო. ამიტომ ახლა ეს არის უკვე მისი პირადი იმიჯის და ავტორიტეტის საკითხი. მორე მხრივ კი, მან ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს მოკიდა ხელი, რამაც აშშ-ში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ჩვენ ვხედავთ, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების ასი დღე ჯერ არც გასულა, მაგრამ მისი 47%-იანი რეიტინგი 42%-მდე დაეცა. მართალია ეს კატასტროფა არ არის, მაგრამ 3 თვეში 5%-იანი ვარდნა მაინც იმაზე მეტყველებს, რომ მას რაღაცა კარგად ვერ აქვს. ამიტომ უკრაინის ფრონტზე სამშვიდობო ინიციატივის მიღწევა მისთვის ამ რეიტინგის აწევის შესაძლებლობა იქნება, რის საშუალებასაც ეს ანტიტრამპისტული კოალიცია არ მისცემს“, - ამბობს ქართველიშვილი.
რაც შეეხება ზელენსკის და მის განცხადებას ყირიმთან და ზაპოროჟიეს ელექტროსადგურთან დაკავშირებით, ქართველიშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი უკვე მისი ფიზიკური განადგურების ზღვარი იქნება.
„უკრაინის ტერიტორიის რომელიმე ნაწილის რუსეთისთვის გადაცემაზე ნებისმიერი თანხმობა ზელენსკის ფიზიკურად გადარჩენის საკითხს დააყენებს დღის წესრიგში. რა თქმა უნდა, ზელენსკის არა მხოლოდ პოლიტიკური მომავლის პრობლემა უდგას, არამედ მისი გადარჩენის საკითხზე მიდის საუბარი. მან კარგად იცის, ამას რა შეიძლება თავად უკრაინაში და იმ სამხედროებში მოჰყვეს, რომლებიც ფრონტის ხაზზე იმყოფებიან. ეს იქნება უდიდესი პროვოკაცია, რაც ქვეყნის შიგნით დიდ ძვრებს გამოიწვევს. ამიტომ ზელენსკი არის უდიდესი დილემის და პრობლემების წინაშე - ერთი მხრივ საკუთარი სიცოცხლე და ინტერესები დგას, მეორე მხრივ კი, ტრამპი, რომელიც ძალიან აწვება. ამიტომ სანამ ანტიტრამპისტული კოალიცია არ დასუსტდება, არანაირი დადებით შედეგი, ომის შეჩერების თვალსაზრისით, არ გვექნება. რუსეთი, ამ შემთხვევაში, წაუგებელ პარტიას თამაშობს. ის ამ ომს იქამდე გააგრძელებს, სანამ პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო რესურსი ექნება. ამერიკის შეერთებული შტატები უკვე მიანიშნებს დანარჩენ მსოფლიოს, რომ უკრაინის ფრაგმენტაცია, რუსეთს და დასავლეთს შორის გარდაუვალია. ამიტომ, სანამ ამას არ მიხვდება ყველა მხარე, მანამდე სამხედრო მოქმედებები გაგრძელდება“, - ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, ტრამპს გააჩნია პოლიტიკოსისთვის საკმაოდ საინტერესო თვისება, ის თუ ვინმეზე შურს იძიებს, ამას ფარულად არ აკეთებს. ამიტომ ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ის არასდროს არ დაივიწყებს მის წინააღმდეგ მოქმედ ამ კოალიციას და საჭირო დროს შესაბამის პასუხსაც გასცემს.
„არ არის გამორიცხული, თუკი ტრამპი შეხედავს, რომ სიტუაცია ჩიხშია შესული, მას ატყუებენ და ეთამაშებიან, ის მოლაპარაკებებიდან გამოვა. ის ეკონომიკურად და პოლიტიკურად დასუსტებულ ბრიუსელს, თავისი ლონდონით, პირისპირ დატოვებს. ამავდროულად, დარწმუნებული ვარ, რომ მეორე მხრივ, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს გააძლიერებს. არც ისაა გამორიცხული, რომ მან 9 მაისის 80 წლისთავთან დაკავშირებულ აღლუმში მონაწილეობაც კი მიიღოს, ან პუტინს ტელეფონზე დაურეკოს. მოკლედ, ჯერ კიდევ ცდილობს ტრამპი დრო მისცეს ამ ანტიტრამპისტულ კოალიციას და შემდეგ უკვე ეცდება ძალა აჩვენოს“, - ამბობს ქართველიშვილი.