თბილისის საკრებულომ ბიუჯეტის პროექტის საკუთარი ვერსია შეიმუშავა, რომელიც დედაქალაქის მერიას რეგულაციებს უწესებს.
ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"არაერთი დღის დაუღალავი შრომის შედეგად, თბილისის საკრებულომ შეიმუშავა თავისი ვერსია ბიუჯეტის, სადაც არის გათვალისწინებული რეგულაციები, რომლის საშუალებითაც ჩვენ შევზღუდავთ მერიას, რომელიც გადაქცეულია "ნაციონალური მოძრაობის" ფილიალად", - განაცხადა შიხიაშვილმა.
ამასთან, 14:00 საათისთვის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე დაბარებულია საკრებულოში, რათა ბიუჯეტის ალტერნატიული პროექტი წარედგინოს.
ამასთან, შიხიაშვილი აცხადებს, რომ ბიუჯეტის მე-4 პროექტი, რომელიც თბილისის მერიის მიერ არის წარმოდგენილი, ასევე "განწირულია ჩასაგდებად". იგი იმედოვნებს, რომ დეპუტატები სწორედ საკრებულოს მიერ შემუშავებულ პროექტს დაუჭერენ მხარს.
ამასთან, საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალისთვის არის ჩანიშნული, თუმცა როგორც შიხიაშვილმა აღნიშნა, საკრებულოს შეუძლია სხდომა 11 მარტისთვის გადაწიოს.