„ფაქტია, რომ ეუთო-ს გენერალური მდივანი ჩამოვიდა, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენელს ხელი ჩამოართვა, მასთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა, რასაც ასევე გარკვეული პოლიტიკური დატვირთვა აქვს. ვთვლი, რომ ეს გარკვეუწილად „ქართული ოცნების“ ლეგიტიმურობის აღიარება იყო“, - განაცხადა ანალიტიკოსმა, ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან ინტერვიუში.
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენმდივანი ფერიდუნ სირინრიოღლუ ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა. ის შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშილს, რის შემდეგაც ერთობლივი საჯარო განცხადებებიც გაკეთდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, სინირლიოღლუ შეხვდება საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ის ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა ვითარებას. როგორ შეაფასებთ აღნიშნულს, ბატონო ზაალ?
- ეუთო-ს გენერალური მდივანი ქვეყანაში შეხვდა პირებს, რომლებიც დღეს წარმოადგენენ საქართველოს ხელისუფლებას. ეუთო რომ არ სცნობდეს საქართველოს ხელისუფლებას, მაშინ ეუთო-ს გენერალური მდივანი საქართველოში არ ჩამოვიდოდა, იტყოდა, რომ არ აღიარებენ ამ ხელისუფლებას, რადგან არჩევნები არალეგიტიმურად ჩატარდა და ა.შ. - როგორც მაგალითად, არ აღიარებენ ბელარუსის ხელისუფლებას და ასევე, ხელისუფლებებს სხვა ქვეყნებში, სადაც მიიჩნევენ, რომ არჩევნები ტოტალური დარღვევებით ჩატარდა.
ადამიანი ჩამოვიდა იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან გაემართა მოლაპარაკებები. პრესკონფერენციაზე მხოლოდ მცირე ნაწილი ითქვა, მეტი, ალბათ, დახურულ კარს მიღმა უთხრეს ერთმანეთს. შესაძლოა, გამოითქვა გარკვეული რეკომენდაციები, პრეტენზიებიც, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანი ჩამოვიდა, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენელს ხელი ჩამოართვა, მასთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა, რასაც ასევე გარკვეული პოლიტიკური დატვირთვა აქვს. ვთვლი, რომ ეს გარკვეუწილად, იყო ლეგიტიმურობის აღიარება.
რამდენად ელოდებით, რომ ეუთო-ს გენერალური მდივნის ვიზიტის ფონზე, დასავლეთის მხრიდან კრიტიკა და ზეწოლა „ქართული ოცნების“ მიმართ შემცირდეს?
- არ ველოდები, რომ ამ ვიზიტის ფონზე, დასავლეთის მხრიდან საქართველოზე ზეწოლა შემცირდეს. ზეწოლა ძირითადად მოდის ევროპული სტრუქტურებიდან: ბოლო დროს მიიღეს გადაწყვეტილება, უვიზო რეჟიმის გაუქმება-შეჩერების პროცედურის გამარტივებაზე - უვიზო მიმოსვლის შეჩერებას აღარ სჭირდება სრული კონსენსუსი, კვალიფიციური უმრავლესობა შეიძლება შეიკრიბოს და გადაწყვეტილება იქნეს მიღებული.
გავრცელდა განცხადება, რომ უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილება ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება ატომური ბომბის აფეთქების ტოლფასი იყოს - ეს არის გარკვეული მინიშნება იმისა, რომ ევროკავშირი აპირებს ეს ინსტრუმენტი გამოიყენოს კონკრეტულ სახელმწიფოებში, კონკრეტულ ხელისუფლებაზე, ზეწოლის და მათი პოზიციების შესუსტების მიზნით. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ისეთი პრივილეგია და კომფორტია, რომ მისი გაუქმება ძალიან ბევრ მოქალაქეს, მათ შორის ხელისუფლების მომხრეებსაც, ნეგატიურად განაწყობს. სწორედ ეს არის ჩადებული ამ გადაწყვეტილებაში.
ერთ-ერთი კანდიდატი ქვეყანა, რომელსაც შეიძლება უვიზო რეჟიმი შეუჩერდეს, საქართველოა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა წყაროების თანახმად, ვარიანტი, რომ საქართველოს შეუჩერდეს უვიზი რეჟიმი, უკვე დევს ევროკომისიის და სხვა ევროსტრუქტურების ხელმძღვანელთა მაგიდებზე განსახილველად. რა შედეგს გამოიღებს ეს განხილვა, ამას ვნახავთ უახლოეს პერიოდში. სავარუდოდ, დიდხანს ეს საკითხი არ გაიწელება.
რას უნდა ველოდოთ იმ შემთხვევაში თუკი დასავლეთი ამ ნაბიჯზე წავა და ვის ინტერესშია უვიზო მიმოსვლის შეჩერება? „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ეს რეალურად ოპოზიციის ერთ-ერთი გეგმა არის, თუ დასავლეთი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას შეაჩერებს, ამით ქვეყანაში რთული მდგომარეობა შეიქმნება და შეიძლება ახალ არჩევნებამდე ან რევოლუციამდე მივიდეთ.
- თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამაში დიდი დამსახურება ექნება ქართულ ოპოზიციას და მასთან აფილირებულ სამოქალაქო სექტორს. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაც არის, თუნდაც იმ ქმედებების გამო, რომ ის არ დაემორჩილა ევროკავშირის დირექტივებს, არ შეასრულა მათი რეკომენდაციები, გადაწყვიტა სუვერენული დემოკრატიის პოლიტიკა გაეტარებინა - ამიტომაც შეაჩერა ევროკავშირმა ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში საქართველოსთან მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
ევროკავშირი თანდათან მიდის იმ გადაწყვეტილებამდე, თუ ერთი ბერკეტი არ იმუშავებს, მოდი, ავამუშაოთ მეორე ბერკეტი... ბერკეტი არის სწორედ უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რომელიც მართლაც ძალიან სერიოზული დარტყმა იქნებოდა ხელისუფლებაზე იმ კუთხით, რომ ამ პრივილეგიით და სიკეთით სარგებლობენ ხელისუფლების მომხრე მოქალაქეებიც. ეს, რა თქმა უნდა, უკმაყოფილებას გამოიწვევს და არ გამოვრიცხავ, რომ საპროტესტო აქციას მეტი სიმწვავე შემატოს და მათი რიცხობრიობა გაიზარდოს - ეს დარტყმა იქნება „ქართული ოცნებისთვის“, თუმცა, არ შეგვიძლია აბსოლუტურად დარწმუნებით ვთქვათ, რომ კრიტიკული მასა გამოვარდება ქუჩაში და მყისიერად მოითხოვს ხელისუფლების გადადგომას უზივო რეჟიმის შეჩერების გამო.
ბოლო პერიოდში, ხშირად გვესმის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ფრაზები, რომ ვიზალიბერალიზაცია მეორეხარისხოვანია მაშინ, როდესაც საქართველოს ინტერესები დგას პირველ ადგილას. ეს შეფასდა ისე, თითქოს „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ამზადებს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება რეალურია და ის ძალიან ახლოს არის. როგორ ფიქრობთ, რამდენად მიგვანიშნებს ეს ყველაფერი ამაზე?
- „ქართული ოცნება“ ასეთი განცხადებებით თავის გადაზღვევის პოლიტიკას აწარმოებს. მათი მხრიდან სრული დუმილი ამ პერსპექტივაზე არ იქნებოდა გამართლებული - ეს ხელისუფლების ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ეს გადაწყვეტილება არ არის მიღებული. მეც საინფორმაციო კამპანიას ვაწარმოებდი, რომ საზოგადოება შემემზადებინა მოსალოდნელი გადაწყვეტილებისთვის, რომ ხელისუფლებას აქედან ნაკლები ზიანი მიადგეს - მოქალაქეები ამაზე უკვე იყვნენ ინფორმირებული და მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით არ იყოს და ეფექტი არ ჰქონდეს. ხელისუფლების მხრიდან ეს ნაბიჯი, თვითშენახვის ინსტიქტიდან გამომდინარე, სავსებით გასაგები და გამართლებულია, რომ ისინი საზოგადოებას წინასწარ აფრთხილებენ - „ასეთი რამ შეიძლება მოხდეს“.