„ხელისუფლება კომფორტს იწყობს - პარლამენტს ორი შენობა ექნება“

„ხელისუფლება კომფორტს იწყობს - პარლამენტს ორი შენობა ექნება“

საქართველოს პარლამენტს „ქამრის შემოჭერა“ მოუწევს. მარტის ბოლოდან ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო ორ ქალაქში - თბილისსა და ქუთაისში იმუშავებს. შესაბამისად, სახელმწიფოს ორი შენობის შენახვა მოუწევს.

მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ პარლამენტი 59 მილიონ ლარიანი დაფინანსებით შემოიფარგლება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფას არ მოითხოვს, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ გამჭირვალე შენობის შენახვა თვეში 90 ათასი ლარი ჯდება, უწყების ხარჯებს სავარაუდოდ, რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობის შენახვაც გაზრდის.

თუ როგორ მოახერხებს „ქამრის შემოჭერას“ საკანონმდებლო ორგანო, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ თბილისში საკომიტეტო მოსმენების გამართვას როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები აქვს.

ერთი მხრივ, კომიტეტების ეფექტიანობა გაიზრდება, რადგან ქუთაისში საკომიტეტო მოსმენები სათანადო დონეზე არ ხდება, მაგრამ მეორე მხრივ, აპარატის თანამშრომელებს ქუთაისში სიარული ისევ მოუწევთ, რადგან თბილისში კომიტეტების სხდომები გაიმართება, ქუთაისში კი პლენარული სხდომები. შესაბამისად, დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომელთა ბინებით უზრუნველყოფისთვის, წელიწადში დაახლოებით 4 მილიონი ლარი ისევ საჭირო იქნება.

საკომიტეტო მოსმენების თბილისში გამართვის წინააღმდეგ ნაციონალები გამოდიან და აცხადებენ, რომ „უმრავლესობა, ერთადერთი, რასაც აკეთებს, ფუფუნების შექმნაა“.

როგორც for.ge-ს მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, კომიტეტების თბილისში დაბრუნება იმიტომ კი არ ხდება, რომ პარლამენტმა იმუშაოს, არამედ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ კომფორტი მოიწყოს.

„პარლამენტის ორი შენობის ფუნქციონირების შემთხვევაში, რთული იქნება მუშაობა როგორც აპარატის თანამშრომლებისთვის, ასევე დეპუტატებისთვის. სასურველია, პარლამენტის ხელმძღვანელობამ კონკრეტული გეგმა წარმოადგინოს - თუ რა და როგორ იქნება. ხელისუფლება ერთადერთი, რასაც აკეთებს, ფუფუნების შექმნაა. საუბარი იმაზე, რომ ამომრჩევლებთან შეხვედრა სურთ და შენობა ამიტომ არის საჭირო, ტყუილია, რადგან ყველა რაიონში მაჟორიტარების ბიუროები არსებობს, რისთვისაც ბიუჯეტიდან წალიწადში 60 ათასი ლარი გამოიყოფა. დეპუტატის ნახვა პრობლემა არ არის. მაჟორიტარები ბიუროებში უნდა იყვნენ, ან პარტიულ ოფისებში. „ქართულ ოცნებას“ თბილისის ცენტრში კარგი ოფისი აქვს და მათ მოქალაქეებთან შეხვედრა იქაც შეუძლიათ“, - აცხადებს მაჭავარიანი, რომელიც პირობას დებს, რომ თბილისის პარლამენტში კაბინეტის აღებას არ აპირებს, რადგან მისი მტკიცებით, მას ეს ზედმეტ ფუფუნებად მიაჩნია.

ოპონენტისგან განსხვავებით, პრობლემების წარმოქმნას ვიცე-სპიკერები მანანა კობახიძე და ზვიად ძიძიგური არ ელოდებიან და ამბობენ, რომ თბილისში მდებარე შენობა შეხვედრებისთვისაც იქნება გამოყენებული.

ძიძიგურის განცხადებით, აპარატის დიდი ნაწილი თბილისში გადავა.

„შესაძლოა, რეგლამენტსაც გადავხედოთ და რისი შეცვლა იქნება საჭირო, შევცვალოთ. არასასესიო კვირა დატვირთული თბილისში იქნება, სასესიო კი ქუთაისში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხარჯებს არ გავცდეთ და დამატებითი თანხები არ მოვითხოვოთ“, - განუცხადა for.ge-ს ძიძიგურმა, რომლის პათოსსაც მანანა კობახიძე იზიარებს.

კანონმდებელის მოსაზრებით, პარლამენტის ორივე შენობა ათვისებული იქნება.

„თბილისში მდებარე შენობაში მოქალაქეებს შევხვდებით და რაც მთავარია, კომიტეტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ თბილისში იმუშაონ. ამასთან, აქტიური კომუნიკაცია გვექნება მთავრობასთან, რაც მნიშვნელოვანია. შენობას არ ვარემონტებთ იმისათვის, რომ იდგეს, არამედ ვაკეთებთ, რომ ავითვისოთ. რაც შეეხება აპარატის წევრებს, შესაძლოა, მათ შორის ფუნქციები გაიმიჯნოს და საკომიტეტო მუშაობისთვის გარკვეული რესურსი და ფუნქციები გადანაწილდეს. მოქალაქეებს რომელიმე სასტუმროს ფოიეში, ან იუსტიციის სახლში არ უნდა ვხვდებოდე, მაშინ როდესაც დეპუტატი ვარ. ბევრი თემა არსებობს, რომელიც დეპუტატების თბილისში ყოფნას ითხოვს“, - განუცხადა for.ge-ს კობახიძემ, რომელსაც გიორგი თევდორაძე არ ეთანხმება და ამბობს, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, ბაქჰანალიაა.

დეპუტატის თქმით, ატეხილი აჟიოტაჟი ხელისუფლების უნიათო პრინციპებზე მიუთითებს.

„უაზრო ხარჯები გაიწევა. ამას გარდა, არ ვიცი, სამართლებრივად როგორ მოხდება საკომიტეტო მოსმენების თბილისში გამართვა, რადგან კონსტიტუციაში წერია, რომ სხდომები უნდა ჩატარდეს ქუთაისში. ხელისუფლება ამბობს, რომ მთავრობისგან შორს ვართ და ამით მუშა პროცესს ვაზიანებთ, მაგრამ საკომიტეტო მოსმენები და პლენარული სხდომები რომ იქნება დაშორებული, ეს პრობლემას არ შექმნის?“, - განუცხადა for.ge-ს თევდორაძემ, რომლისგან განსხვავებით, ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ დეპუტატებს თბილისში მუშაობის სივრცე გაუჩნდებათ.

კანონმდებელის შეფასებით, თუ საკომიტეტო მოსმენები თბილისში გაიმართება, დეპუტატების საქმიანობა ინტენსიური გახდება.

„ნაციონალები ამბობენ, რომ ოთახებს არ დაიკავებენ და აქეთ გვეუბნებიან, რომ ამომრჩევლებს პარტიულ ოფისებში შეხვდითო. რატომ მიბრძანებენ ამას? მოქალაქეებს სადაც ურჩევნიათ, იქ მიდიან. ალბათ, ისინიც დაფიქრდებიან და ოთახებს აიღებენ. პარლამენტი ორ ქალაქში ამუშავდება. იქ კანონიერად ვიქნებით, აქ კი სტუმრად ვართ. რაც შეეხება ხარჯვითი ნაწილის გაზრდას, პარლამენტს საკუთარი ბიუჯეტი აქვს, რომელსაც ერთ თეთრს ვერ მივუმატებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცაში გავწევთ ეკონომიას, რაღაცაში არა“, - განუცხადა for.ge-ს ბერძენიშვილმა.

თუ რამდენად ეფექტური იქნება საკომიტეტო მოსმენები თბილისში, ამას მომავალი გვიჩნევებს, მაგრამ ქუთაისში კომიტეტებზე ხშირად, კვორუმის პრობლემაა და სხდომებს ადგილმონაცვლე დეპუტატებით ავსებენ.

შეგახსნებთ, რომ თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში, სხდომათა დარბაზების დემონტაჟი წინა ხელისუფლების პირობებში განხორციელდა. ამ დროისთვის, პლენარული სხდომის დარბაზის აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს, დეპუტატთა კაბინეტები და საკომიტეტო მოსმენებისთვის განკუთვნილი დარბაზები კი გარემონტებულია და ინვენტარის შესაძენად ტენდერიც გამოცხადდა.