რუსული „როსნეფტი“ საქართველოს თითქმის მთელ ზღვისპირეთს გააკონტროლებს. აფხაზეთში ეს კომპანია უკვე აქტიურ მუშაობას ეწევა, ახლა ფოთის პორტსაც უმიზნებს. სამომავლოდ რუსული გიგანტი რა გადაწვეტილებას მიიღებს, ძნელი სავარაუდო არ უნდა იყოს. მათი მზერა, ალბათ, ბათუმისკენ იქნება მიმართული.
მიუხედავად ამისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური რუსული კომპანია „როსნეფტის“ მიერ ფოთის პორტის მეშვეობით გადაზიდვების გაზრდაში „ცუდს ვერაფერს ხედავს“. მინისტრი იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რუსული კომპანია „როსნეფტი“ ფოთის ტერმინალით დაინტერესებას ადასტურებს.
„ეს ინფორმაცია წავიკითხე. იქ არ წერია, რომ „როსნეფტი“ ფოთის პორტით არის დაინტერესებული. იქ წერია, რომ „როსნეფტი“ ფოთის პორტის მეშვეობით გადაზიდვებით დაინტერესდა. სხვა ინფორმაცია არ მაქვს. იგივე ინფორმაცია მაქვს, რაც თქვენ. საუბარია, რომ „როსნეფტი“ აპირებს, ფოთის პორტის მეშვეობით გადაზიდვები გაზარდოს. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“, - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
უმჯობესია, მინისტრს ჟურნალისტებზე მეტი ინფორმაცია ჰქონდეს და რადგან ასე არ არის, მაშინ მედიიდან მოუწევს დეტალების გაცნობა. რუსული კომპანია „როსნეფტის“ ვიცე-პრეზიდენტი, მიხეილ ლეონტიევი ადასტურებს, რომ კომპანია ფოთის ნავთობტერმინალის შესყიდვაზე მის მფლობელთან, „ჩენელ ენერჯისთან“, მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა, უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კომპანიის აქტივების 50% უკვე შეისყიდა.
„დიახ, არის ინტერესი, რომელიც უკავშირდება „როსნეფტის“ მიერ გაფორმებულ საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, საწვავის მთლიან მოცულობას ვაწვდით სომხეთს. ეს დიდი მოცულობაა, რომელიც ფოთის ტერმინალით უნდა გადავტვირთოთ. ეს კომერციული მოლაპარაკებებია და დეტალებს არ გავახმოვანებ“, - განაცხადა ლეონტიევმა,
„როსნეფტში“ იმასაც აღნიშნავენ, რომ პორტში ვითარება „კრიმინალურ-პოლიტიკური ხასიათის გარემოებებითაა დამძიმებული“, რაც რუსულ კომპანიას აშფოთებს.
„პორტის ნომინალური აქტივების ერთ-ერთი ბენეფიციარი ყოფილი თავდაცვის მინისტრია. ეს არც ისე მარტივია, თუმცა თუ რუსეთი კარგ პირობებს მიიღებს, შესაძლებელია, კიდეც შედგეს შეთანხმება. პრინციპში, ახლა საქართველოში შემოსვლის სასიცოცხლო აუცილებლობა არ დგას. ქვეყანაში რომ შეხვიდე, მის მთავრობასთან პოზიტიური ურთიერთობა უნდა გქონდეს“, - განაცხადა ლეონტიევმა.
იქვე მან ბათუმის ნავთობტერმინალის შესყიდვით დაინტერესება კატეგორიულად უარყო. „ამის შესახებ არაფერი მსმენია. ეს ჰგავს ვიღაცის მცდელობას, სასურველი რეალობად გაასაღოს“, - განაცხადა ლეონტიევმა.
აღსანიშნავია, რომ „როსნეფტს“ სომხეთის ნავთობპროდუქტების ბაზრის დაკავების (მისი მოცულობა კი წელიწადში 360 ათას ტონას აღწევს) სერიოზული ინტერესი გააჩნია. კომპანიამ სამჯერ - 12 მილიონ ტონამდე, გაზარდა ტუაფსეს ნავთობგადამამუშვებელი ტერმინალის სიმძლავრე, შესაბამისად, საექსპორტო არეალის გაფართოება სჭირდება.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, 2013 წლის დეკემბერში სომხეთს „როსნეფტის“ პრეზიდენტი, იგორ სეჩინი ესტუმრა და პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში სეჩინმა სომხეთში მაღალტექნოლოგიური კაუჩუკის ერთობლივი საწარმოს შექმნაზე შეთანხმება გააფორმა, სადაც 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
ამავე დროს, სომეხ პარტნიორთან, „ოილ ტექნოსთან“ ერთად, „როსნეფტმა“ ერთობლივი კომპანია „როსნეფტ სომხეთი“ დააფუძნა და მასთან ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე ხელშეკრულებაც გააფორმა. გარდა ამისა, ინტენსიური მოკვლევა დაიწყო მეზობელ ქვეყანაში საწვავის საბითუმო და საცალო ქსელების აქტივების შესყიდვაზე.
სომხეთს ნავთობპროდუქტების ძირითადი ნაწილი აქამდე ფოთის პორტის გავლით თურქული კომპანია OMV-ის რუმინეთში მდებარე ქარხნებიდან მიეწოდებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ რუმინეთში რუსული კომპანია „ლუკოილის“ მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოც მდებარეობს, სახელმწიფო კომპანია „როსნეფტისთვის“ წარმოების ერთიანი ჯაჭვი იკვრება. სომხეთისთვის ნავთობის მიწოდების ერთადერთი გზა კი ფოთის ნავთობტერმინალზე გადის.
საჯარო რეესტრის მონაცემემით, ფოთის ნავთობტერმინალის აქციათა 75% გიბრალტარში დარეგისტრირებულ კომპანია „ჩენელ ენერჯის“ ეკუთვნის, 25% კი - ფოთის პორტს. „ჩენელ ენერჯი“ თავდაცვის ყოფილ მინისტრის, დავით კეზერაშვილის, სახელს უკავშირდება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის მიხედვით, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, კეზერაშვილის აქტივების უმეტესობა, მათ შორის, ფოთის პორტის ნავთობტერმინალის ოპერატორი შპს „ჩენელ ენერჯი“ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა შეიძინა.
როგორც ცნობილია, რუსული ნავთობ-კომპანია „როსნეფტი“ შავი ზღვის შელფის ათვისებითაა დაინტერესებული, რაც ტექნოლოგიური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე რთული და ძვირი მონაკვეთადაა მიჩნეული. 2009 წლიდან, „როსნეფტი“ აფხაზეთის აკვატორიაში გააქტიურდა და მან აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისაგან საძიებო სამუშაოების დაწყების ნებართვაც მიიღო.
„როსნეფტის“ ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაციით, რესურსების მარაგის წინასწარი შეფასება დაახლოებით 270 მილიონი ტონაა. სხვადასხვა მონაცემებით, შავი ზღვის ფსკერის ქვეშ 4,6 მილიარდი ბარელი ნავთობია და აქ 180 ჭაბურღილის გაბურღვა შეიძლება, მათგან 28-ის - ბულგარეთის, 82-ის - რუმინეთის, 20-ის - თურქეთისა და 2-ის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში.
2 წლის წინ, „როსნეფტმა“ იტალიურ კონცერნ „ენისთან“ და ამერიკულ „ექსონმობილთან“ ბარენცისა და შავი ზღვის ერთობლივი ათვისების შესახებ სტრატეგიული ხელშეკრულება გააფორმა. „ენისთან“ ხელმოწერა მმართველობის ვლადიმირ პუტინის თანდასწრებით გაფორმდა, რაც ბარენცის ზღვის სამხრეთ და ცენტრალური მონაკვეთისა და შავი ზღვის დასავლეთის ნაწილში არსებული შელფების ათვისებას ითვალისწინებს.
კომპანია „როსნეფტი“ რუსული ნავთობმომპოვებელი დარგის ერთ-ერთი ლიდერია და რუსეთის სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიათა ნუსხაში შედის. კომპანიის მთავარი აქციონერი (75,16%-ის მფლობელი) 100%-იან სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი „როსნეფტგაზია“, მხოლოდ 15%-მდე აქციებია კერძო.