უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ვოლსკიმ დაბლოკა?

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ვოლსკიმ დაბლოკა?

ცხრასაათიანი კონსულტაციები უშედეგოდ დასრულდა - უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა რეზოლუცია ვერ მიიღო. უმცირესობა და უმრავლესობა რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდა.

პოლიტიკურ მხარეებს შორის დავის საგანი რეზოლუციის ორი პუნქტი გახდა, რომელთა გათვალისწინებას „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვდა. კერძოდ, უმცირესობა რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას და ყირიმის ჭრილში საქართველოს დეოკუპაციას ითხოვდა.

ოპოზიციონერი დეპუტატის, გოკა გაბაშვილის განმარტებით, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის თავხედური აგრესია დაგმობილი უნდა იქნეს და მის მიმართ ქმედითი სანქციები უნდა დაწესდეს.

„ამას გარდა, დოკუმენტით საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან აქტიური მუშაობა წარმართოს, რათა განსაზღვრული საერთაშორისო სანქციები შენარჩუნებული იქნეს მანამ, სანამ უკრაინის სრულ დეოკუპაციასთან ერთად რუსეთი სრულად არ მოახდენს საქართველოს მთელი ტერიტორიიდან საკუთარი სამხედრო კონტიგენტის გაყვანას და ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრას. პრობლემური სიტყვა - „სანქცია“ და დეოკუპაციის საკითხი გახდა. მაშინ როდესაც, ამერიკის პრეზიდენტი და ევროკავშირი საუბრობს, რომ თუ პუტინი არ შეჩერდება მის წინააღმდეგ შემოღებული იქნება სანქციები, საქართველოს პარლამენტისთვის რატომ არის „სანქცია“ აკრძალული?“, - აცხადებს გაბაშვილი.

კანონმდებელის ინფორმაციით, მმართველ გუნდში აზრი ორად იყოფა - პუტინის მიმართ სანქციები უნდა იქნეს თუ არა შემოღებული.

„უმრავლესობაში არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ პუტინის მიმართ სანქციები უნდა იქნეს შემოღებული, მაგრამ ასევე უმრავლესობის თავზე თუ შიგნით არის მისტიური ძალა, რომელიც სანქციას ვეტოს თუ ტაბუს ადებს. ამდენი რაუნდები და კონსულტაციები სიტყვა - სანქციის დაწერას, რად უნდა?“, - აღნიშნავს გაბაშვილი, რომელიც for.ge-ს ინფორმაციით, უმრავლესობაში მყოფ „მისტიური ძალაში“ გია ვოლსკის გულისხმობდა, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, რუსეთის მიმართ სანქციების შემოღების წინააღმდეგ გამოვიდა.

ჩვენი ინფორმატორის ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული კონსულტაციების დროს, რეზოლუციის შინაარს „თავისუფალი-დემოკრატები“ მიესალმნენ, დოკუმენტში სიტყვა „სანქციის“ გამოყენების წინააღმდეგ კი გია ვოლსკი წავიდა, რომლის საპასუხოდაც დავით უსუფაშვილმა კონსულტაციების გაგრძელება მოითხოვა.

for.ge-სთან საუბარში თავად გია ვოლსკი ყურადღებას ნაციონალების სპეკულაციებზე ამახვილებს და ამბობს, რომ უმცირესობა პარტიული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.

„მრავლის მომცველი ფორმულირებაა გაკეთებული და ეჭვი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს. ისეთ თემებს წევენ, რასაც არსებულ ვითარებაში პრაგმატულ გადაწყვეტილებად თავად უკრაინის რადა არ მიიჩნევს. ხელისუფლება სახელმწიფო ინტერესებისთვის მუშაობს, ნაციონალები კი პარტიული ინტერესებისთვის“, - აცხადებს კანონმდებელი, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ რეზოლუციის ტექტსი დღეს იქნება შეთანხმებული.

თანაგუნდელის მსგავსად, ნაციონალებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძეც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მოლაპარაკებების პროცესში გაჟღერებული საკითხების საჯაროდ გამომზეურება არამორალურია.

დოლიძის განცხადებით, უმცირესობასა და უმრავლესობას შორის აზრთასხვადსხვაობა რაღაც სიტყვებთან დაკავშირებით არის.

„როდესაც მტერს ელაპარეკბიან, მოლაპარაკებების დეტალები გარეთ არ გამოაქვთ. იმედი მქონდა, რომ რეზოლუციას მივიღებდით და კონსესუსამდე მივიდოდით, მაგრამ რაღაც სიტყვებთან დაკავშირებით უთანხმოებაა. ვიმედოვნებ, რომ ნაციონალები სწორ არჩევანს გააკეთებენ, რაც სამწუხაროდ, იშვიათად ხდება. მართალი გითხრათ, რასაც გაბაშვილი და მინაშვილი აკეთებენ, ეს მიუღებელი, არამორალური და არადიპლომატიურია, რადგან ისინი მოლაპარაკებების პროცესში გაჟღერებულ საკითხებს ამზეურებენ“, - განუცხადა for.ge-ს დოლიძემ.

პარლამენტი რიგით მეოთხე რეზოლუციაზე მსჯელობას დღეს კვლავ გაააგრძელებს და თუ პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული, კანონმდებლები უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას რიგგარეშე სხდომაზე მიიღებენ, რომელიც 16:00 საათზე არის ჩანიშნული.

რაც შეეხება რეზოლუციის ტექტს, დოკუმენტი ცხრა პუნქტიანია და მასში აღნიშნულია, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველო გადაჭრით გმობს რუსეთის მიერ წარმოებულ სამხედრო, პოლიტიკურ აგრესიას და ევროკავშირსა და ნატოს მოუწოდებს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროატლანტიკური ინტერგაციის პროცესის დასაჩქარებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესების თაობაზე, საქართველოს პარლამენტმა უკვე სამი განცხადება მიიღო. კერძოდ, პირველ ტექსტში, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებამდე მომზადდა, ყურადღება ვილნიუსის სამიტის მნიშვნელობაზე იყო გამახვილებული, მეორე განცხადებაში ხაზგასმული უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა იყო. ხოლო მესამე რეზოლუციაში ქართულმა მხარემ მეგობარ სახელმწიფოში მიმდინარე პროცესები დაგმო და უკიდურესი შეშფოთება გამოხატავა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო.