ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან სავაჭრო მოლაპარაკებები და ყველა სახის სამხედრო კონტაქტები დროებით შეაჩერა. ამის მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ქმედებებია.
როგორც აშშ-ის სავაჭრო წარმომდგენლობის პრესმდივანი აცხადებს, რუსეთის ხელისუფლებასთან შეჩერებულია მომავალი ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო მოლაპარაკებები, რომლებიც სავაჭრო და კომერციული კავშირების გაღრმავების პროგრამის ნაწილი იყო. ასევე, აშშ-მა შეაჩერა რუსეთთან ერთობლივი წვრთნები, ორმხრივი შეხვედრები, ვიზიტები და კონფერენციების დაგეგმვა.
რამდენ ხანს გასტანს ურთიერთობის გართულება, სავარაუდოდ, ეს რუსეთის ქმედებებზეა დამოკიდებული. ცნობილია ის, რომ რუსეთი სამხედრო ძალას უკრაინაში უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს. პუტინის თქმით, თუ განუკითხაობა იქნება აღმოსავლეთ რეგიონში და ხალხი მიმართავს რუსეთს დახმარების თხოვნით, მოსკოვი იტოვებს უფლებას, ყველა საშუალება გამოიყენოს მოქალაქეების დასაცავად და ამას სრულიად ლეგიტიმურად მიიჩნევს.
რამდენად დააზარალებს რუსეთს ამერიკასთან სავაჭრო მოლაპარაკებების და სამხედრო კონტაქტების დროებითი შეწყვიტა?!
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ რუსეთზე ზეწოლის მიზნით აშშ-ის მხრიდან გამოყენებული წმინდა წყლის პოლიტიკური იარაღი ნიშნავს იმას, რომ რუსული ეკონომიკისა და რუსული ბიზნესისადმი, ზოგადად, რუსული კომპანიებისადმი საერთაშორისო ინვესტორთა ნდობა მნიშვნელოვნად შემცირდება. შესაბამისად, აქციების ფასის დაცემა მოსალოდნელია.
მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ რა შეიძლება ასეთმა ბზარმა მოიტანოს, ისაა, რაც გამოჩნდა გუშინდელ სავაჭრო სესიებზე, როგორც სავალუტო ბირჟაზე, ისე მოსკოვის საფონდო ბირჟაზე. დღეს რუსული ეკონომიკისთვის საშიშია კაპიტალის გადინება რუსეთის ბიზნესიდან.
„ორ დომინანტ სახელმწიფოს - ამერიკასა და რუსეთს შორის პოლიტიკური არასტაბილურობა პირდაპირ აისახება ინვესტიციების მოცულობაზე და რუსულ ეკონომიკაში დასავლური კაპიტალის მონაწილეობის მნიშვნელოვან შემცირებაზე. ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ნიშნავს, რომ რუბლის დევალვაციის პროცესი გაღრმავდება, რომელმაც ისედაც რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია გუშინდელი ვაჭრობის შემდეგ. შესაძლებელია, ამან მასშტაბური ინფლაციური პროცესის სახე მიიღოს. იმის გათვალისწინებით, რომ რუსული ეკონომიკა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია უცხოეთის ეკონომიკაზე და სამომხმარებლო კალათაში დომინანტი მაინც უცხოური პროდუქციაა, ეს ნიშნავს, რომ სოციალური ფონი რუსეთში კიდევ უფრო დამძიმდება, სოციალური პრობლემები გაღრმავდება და რუსეთში ცხოვრება გაძვირდება“, - განმარტა ლევან კალანდაძემ.
მისი აზრით, ირანი ერთ-ერთი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით, ქვეყანაზე პოლიტიკური ზეწოლა განახორციელო - მყიფე, მაგრამ მშვიდობა მაინც შენარჩუნდა ამ რეგიონში. რომ არ ყოფილიყო ზეწოლა ირანზე, მაშინ პოლიტიკური პროცესები რა ჭრილში განვითარდებოდა, ძნელი სათქმელია. თუმცა რუსეთს აქვს სხვა ალტერნატივა, რითაც შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ეკონომიკურ იზოლაციონალისტურ პოლიტიკას ევროპისა და ამერიკის მხრიდან. უპირველესად, ეს არის ევროკავშირის ქვეყნების ენერგოდამოკიდებულების საკმაოდ მაღალი ხარისხი რუსეთზე. ევროპის ბევრი ქვეყანა დამოკიდებულია რუსულ გაზზე (70-80-90%-ით), სკანდინავიის ქვეყნები კი თითქმის 100%-ითაა დამოკიდებული. შესაბამისად, რუსეთი გაზს ყოველთვის იყენებს პოლიტიკურ იარაღად.
ამდენად, ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თავად დასავლეთი და ევროპა რამდენად გაუძლებს ენერგოჭიდილს. რუსეთს ამ ზეწოლის გაძლების დიდი რესურსი არ აქვს. მხოლოდ ერთი დღის საბირჟო ვარდნამ რუსულ კომპანიებს მილიარდობით დოლარის ზარალი მიაყენა.
„ასეთი სიტუაცია გრძელვადიან პერსპექტივაში თუ გაგრძელდა, დიდ ზარალს მოუტანს რუსულ ეკონომიკას. ის კომპანიები, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ, ერთი მხრივ, რუსული სახელმწიფო კომპანიებია, მეორე მხრივ, წარმოადგენენ რუსული ოლიგარქიული ბიზნესის ნაწილს. ვეჭვობ, გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთმა ევროპასა და აშშ-სთან ფინანსურ ომს გაუძლოს. უბრალოდ, რუსეთი ფინანსურ ომს წააგებს“, - აცხადებს ლევან კალანდაძე.
რაც შეეხება აშშ-ის მიერ რუსეთთან სამხედრო კონტაქტების დროებით შეჩერებას, სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე განმარტავს, რომ გარკვეული სავაჭრო კონტაქტები ამ ორ ქვეყანას აქვთ, ამერიკა ავღანეთისთვის გარკვეულ მომსახურებებს და ნაწილებს ყიდულობდა რუსეთისგან. შესაბამისად, რუსეთის ეს შეკვეთები გაუქმდება.
„ზარალის ოდენობა რამდენი იქნება, ვერ ვიტყვი, რადგან ამის ანალიზი არ ქვეყნდება, ხოლო საკუთარი ძალებით ამის დათვლა შეუძლებელია. თუმცა, შეიძლება, ზოგადად, რუსეთს ეს არ დაეტყოს, მაგრამ იმ ფირმებისთვის, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ, ნამდვილად მნიშვნელოვანი ზარალი იქნება. რუსეთისთვის ეს არის კიდევ ერთი პოლიტიკური გზავნილი, რომელიც შეიძლება ფინანსურ გამოხატულებაში არც ისე დიდი იყოს, მაგრამ მომავალში ჯაჭვური რეაქცია ჰქონდეს. ფირმები და ქვეყნები, რომლებთანაც ამერიკა არ თანამშრომლობს, როგორც წესი, ნაკლებად მიმზიდველნი არიან დანარჩენი მსოფლიოსთვის და ხანგრძლივ კონტრაქტებზე მათთან უკვე საუბარი აღარ იქნება. ეს არა მხოლოდ სამხედრო თანამშრომლობას შეეხება, არამედ ზოგადად სამოქალაქო-ეკონომიკურ ჭრილსაც“, - გვითხრა გიორგი თავდგირიძემ.
მისი თქმით, წვრთვნებისა და აღჭურვის პროგრამის დროს, როცა საქართველო ჯერ კიდევ მიბმული იყო საბჭოთა ტექნიკას, ამერიკული ტექნიკა კი არ შემოიტანა ამერიკამ საქართველოში, არამედ რუსული ტექნიკა შეიძინა. ასე რომ, როდესაც რუსეთმა სატრანზიტო დერეფანი დაუთმო და მისი ერთ-ერთი აეროდრომით სარგებლობის უფლება მისცა შეერთებულ შტატებს, პარალელურ რეჟიმში, რუსეთი, ალბათ, ითხოვდა, რომ გარკვეული ეკონომიკური სარგებელიც ენახა. ეს ეკონომიკური სარგებელი არის სწორედ ის ქვეკონტრაქტორები, რომლებიც ემსახურებიან ისეთი მნიშვნელოვანი მისიების ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას, როგორიცაა ავღანეთში აისაფის მისია.
ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ აშშ დაინტერესებული ყოფილიყო რუსეთისგან სამხედრო დანიშნულების ავტოტექნიკით, რომელსაც აქვს მაღალი გამავლობა, გარკვეული უსაფრთხოების სისტემები, გარკვეული მოდულები, რომლებიც მთიანი მხარისთვის გამოადგებოდა და რაც საბრძოლო ვითარებისთვის მანქანის მდგრადობას აუმჯობესებდა.
„ზოგადად, ლიცენზიის პრინციპით ამერიკასთან თანამშრომლობა ძალიან რთულია. ამერიკის ცალკეულ ფირმებს აშშ-ის ადმინისტრაცია და შესაბამისი სამსახური აძლევს ლიცენზიას იმისთვის, რომ ამა თუ იმ ფირმასთან აწარმოოს სამხედრო ურთიერთობები. როგორც წესი, ასეთი ლიცენზია ბევრ ქვეყანას არ აქვს და ვენესუელასა და სხვა ქვეყნებთან, სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა, ან ტერორისტებთან ურთიერთობაში არიან შემჩნეულნი, ურთიერთობა ამერიკას არ აქვს. იგივე ითქმის ირანთან მიმართებით, სადაც ურთიერთობის გაწყვეტა იწყებოდა გარკვეული შეზღუდვით შეიარაღების საკითხებში და ბოლოს დამთავრდა სრული ფინანსური ემბარგოთი“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.
ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის არსებობდა სამხედრო თანამშრომლობა ბირთვული უსაფრთხოების კუთხით. ორივე მხარე ასრულებდა სტრატეგიული მცირე რადიუსისა და ბალისტიკური რაკეტების მონიტორინგის მისიას, ასევე, იყო თანამშრომლობა სირიაში ასადის რეჟიმიდან ქიმიური იარაღის გამოტანისა და განადგურების მხრივ. თანამშრომლობა მოიცავდა ნატოს პარტნიორობის ეგიდით ჩატარებულ ერთობლივ წვრთნებსაც. თუმცა, ეს ყველაფერი ამერიკის მხარემ შეაჩერა.
ექსპერტის თქმით, ვერ ვიტყვით, რომ ამით დიდი დანაკარგი მიეცა რუსულ მხარეს. პირიქით, ამერიკელებისთვის უფრო იყო მნიშვნელოვანი რუსეთთან თანამშომლობის განვითარება, თორემ მაინცმაინც არც რუსეთია დამოკიდებული ამერიკაზე და არც ამერიკა - რუსეთზე.
„იცით, რომ 2014 წლიდან დაიწყო აისაფის მისიის დასრულება ავღანეთში და დაიწყო ნატოს ჯარების გამოყვანა ავღანეთიდან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზა გადიოდა რუსეთზე, ანუ ულიანოვსკიდან რიგის მიმართულებით. უბრალოდ, ამერიკის მხრიდან ეს იყო დემონსტრაციული ერთგვარი ჟესტი. ანალოგიური რამ მოხდა, როცა ამერიკამ და რუსეთმა შეაჩერეს სამხედრო თანამშრომლობა, როცა საქმე ეხებოდა იუგოსლავიის კრიზისს. რთულია იმის გათვლა, რა მოხდება, პუტინი მიდის ომამდე, გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებში, ეს ნიშნავს, რომ პუტინი არ ერიდება ბირთულ შანტაჟსაც კი ამერიკის მიმართულებით. ამ სიტუაციაში ამერიკის ნაბიჯების გათვლა ცოტა რთულია“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან საუბარში.