„უკრაინის მსგავსი ზეწოლის შემთხვევაში ევროკავშირი საქართველოს გვერდით მტკიცედ იდგება“

„უკრაინის მსგავსი ზეწოლის შემთხვევაში ევროკავშირი საქართველოს გვერდით მტკიცედ იდგება“

საქართველოს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ფულემ შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ–მინისტრთან. ევროკომისარმა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების უმთავრეს საკითხებზე, კერძოდ, ასოცირების შეთანხმებასა და მის შემადგენელ ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე ისაუბრება.

ევროკომისარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ივნისში ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო ეწვევა. ამასთან შტეფან ფულემ ჟოზე მანუელ ბაროზოს სახელით, ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს მთავრობის წევრები ბრიუსელში ორმხრივ შეხვედრაზე მიიწვია, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროკომისრები ყოველწლიურად, როგორც წესი, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მართავენ.

ევროკომისრის თქმით, ამგვარი შეხვედრების ძირითადი მიზანი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და პარტნიორობის გაძლიერებაა. შტეფან ფულე საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე პერიოდში მხარდაჭერას დაჰპირდა.

„ევროკავშირი მყარად დაუდგება საქართველოს გვერდით, თუ იგი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება. იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიპყრობილია ყირიმში მიმდინარე მოვლენებისადმი. აღსანიშნავია, რომ რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის გამოწვევის შექმნას. ევროკავშირი განაგრძობს არაღიარების პოლიტიკას და მხარს უჭერს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას“, - განაცხადა შტეფან ფულემ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შტეფან ფულეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ევროკომისრისგან მნიშვნელოვანი გზავნილები მოისმინა.

„ევროკავშირის მტკიცე მარდაჭერა საქართველოს ევროპული გზისადმი გრძელდება. ჩვენ ვისაუბრეთ ასოცირების ხელშეკრულებასა და ვიზის ლიბერალიზაციის საკითხებზე და აღვნიშნეთ, რომ რამდენიმე თვეში საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობებში შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად მზად იქნება. საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და რეგიონის წინაშე არსებული საფრთხეების გათვალისწინებით საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაციის აუცილებლობაზე ვისაუბრეთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ევროკომისარი უკვე შეხვდასაქართველოს პრეზიდენტს. გიორგი მარგველაშვილმა და შტეფან ფულემ საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების უახლოეს მომავალში ხელმოწერა აქტუალურია. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს, როგორც ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნის მნიშვნელობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

„ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო მოსკოვის ნაცვლად ბრიუსელს ირჩევს. დოკუმენტის გარშემო ბევრი არასწორი წარმოდგენა და მითი არსებობს. ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ასე მარტივი სახით წარმოადგინონ საქართველოს არჩევანი, პირიქით, კონფრონტაციაზე არიან ორიენტირებული.

ნამდვილად არსებობს არჩევანი, მაგრამ ეს არჩევანი არ უნდა დავსახოთ, როგორც ქვეყნებს შორის არჩევანი. ნამდვილად არ მინდა, რომ ვინმეს არასწორად ესმოდეს ასოცირების ხელშეკრულების არსი. დოკუმენტი შექმნილი არ არის რუსეთის ინტერესების საპირისპიროდ. რუსეთიც დიდ სარგებელს მიიღებს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციით. პროცესი ხელს შეუწყობს იმას, რომ შეიქმნას საერთო ეკონომიკური სივრცე“, - განაცხადა შტეფან ფულემ.

შტეფან ფულე უკვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს. შტეფან ფულემ და დავით უსუფაშვილმა საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. ევროკომისარმა შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა მინისტრთან.

საგარეო საქეთა სამინისტროში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ევროკომისარმა აღნიშნა, რომ უკრაინის მსგავსი ზეწოლის შემთხვევაში ევროკავშირი საქართველოს გვერდით მტკიცედ იდგება. მისივე თქმით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების გაგრძელების შემთხვევაში, ევროკავშირი „წერტილოვან ზომებს“ მიიღებს.

„ჩვენ კარგად გვესმის იმ ზეწოლისა, რომელიც უკრაინაზე ხორციელდება იმის გამო, რომ მან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის სურვილი გამოთქვა. ასევე გვესმის, რომ აღნიშნული ზეწოლა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში, სხვაგანაც არსებობს. ევროკავშირი მტკიცედ იდგება საქართველოს გვერდით ასეთი ზეწოლის განხორციელების შემთხვევაში“, - განაცხადა შტეფან ფულემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, უკრაინის მოვლენების გათვალისწინებით, საქართველო რუსეთის მხრიდან ზეწოლის გაძლიერებას ელის. 

„გამომდინარე იმ გამოცდილებიდან, რომელიც ჩვენ გვაქვს და გამომდინარე იმ მოვლენებიდან, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ უკრაინაში, რასაკვირველია, რუსეთის მხრიდან ზეწოლის გაძლიერებას ველით. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ სოჭის ოლიმპიადის დასრულებიდან მეორე დღესვე, რუსეთმა განაახლა მავთულხლართების გავლება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.

გარდა ამისა, ჯერ კიდევ არის 11-კილომეტრიანი ე.წ. უსაფრთხოების ზოლი, რომელიც რუსეთმა გადმოსწია და რომელიც წესით, პარაოლიმპიური თამაშების შემდეგ უნდა გაუქმდეს. ასეთი სახის ზეწოლას და პროვოკაციას ველოდებით და ვცდილობთ, მზად ვიყოთ“, - განაცხადა ფანჯიკიძემ შტეფან ფულესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, 14 მარტს დაგეგმილია ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა და მან იმედი გამოთქვა, რომ ამ შეხვედრის შემდეგ უფრო მეტად გაირკვევა სიტუაცია და უფრო მეტად გვეცოდინება, რას უნდა ველოდოთ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე რუსეთისგან.

„ჩვენ გვაქვს ევროკავშირის მხარდაჭერის, ჩვენი მეგობრების დახმარების იმედი, რომ აგვაცილებენ იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც დადგა უკრაინა და რომლის წინაშეც შეიძლება სხვა დადგეს. ჩვენ ერთობლივად განვიხილავთ ამ საფრთხეებს, ვემზადებით და იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ მათ თავიდან აცილებას“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.