„როდის და რა თანხით დავეხმარებით, არ ვიცი, მაგრამ ყირიმს ფინანსურად აუცილებლად დავეხმარებით“, - აცხადებს ვლადიმერ პუტინი. რუსეთის პრეზიდენტი განმარტავს, რომ ყირიმმა რუსეთს ჰუმანიტარული დახმარების თხოვნით ცოტა ხნის წინ მიმართა.
პუტინი, ზოგადად, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც გამოეხმაურა და ევრომაიდნის მოვლენებს ხელისუფლება შეიარაღებული გზით დამხობა უწოდა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი განმარტავს, რომ უკრაინაში სამხედრო ძალის გამოყენება ვიქტორ იანუკოვიჩმა უკრაინის მოსახლეობის დასაცავად სთხოვა. პუტინი არ უარყოფს, რომ უკრაინაში სამხედრო ძალის გამოყენებას აპირებს, თუმცა, აკონკრეტებს, რომ ეს უკიდურეს შემთხვევაში მოხდება.
ყირიმში განვითარებულ მოვლენებს და რუსეთის პოზიციას სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას უწოდებს „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე.
„ეს არის ოკუპაცია, ინტერვენცია, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში უხეში ჩარევა. შესაბამისად ყველანაირი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმის დარღვევა, მათ შორის ბუდაპეშტის შეთანხმების და გაეროს ქარტიის მთელი რიგი მუხლების“, - განუცხადა for.ge-ს სერგი კაპანაძემ და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში პოზიციების დათმობა ორ მთავარ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული - საერთაშორისო საზოგადოების რეაგირებასა და თავად უკრაინელი მოსახლეობის პრინციპულობაზე.
„ამ ორი კონფიგურაციის შედეგად არის შანსი იმისა, რომ რუსეთმა უკან დაიხიოს. ბუნებრივია, ეს იქნება ძალიან რთული, როგორც ჩანს, პუტინმა გადაწყვიტა ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს და, სამწუხაროდ, არაფერს აღარ ერიდება. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ რუსეთმა უკან დაიხიოს“, - განმარტავს სერგი კაპანაძე.
მისივე თქმით, დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა მექანიზმები უნდა გამოიყენოს, მათ შორის გარკვეული ტიპის შეზღუდვები უნდა დაუწესდეს თავად პუტინს და მის გარემოცვასაც.
„მე მგონია, რომ დღეს არის სიტუაცია, რომელიც ითხოვს გაცილებით მეტ რეაგირებას დასავლეთისგან, ვიდრე ეს მოხდა საქართველოს შემთხვევაში - 2008 წელს. ხელწერა მსგავსია, მაგრამ მაშინ უკვე იყო კრიზისული მდგომარეობა, დასავლეთი ჩაერია და პირველ მიზნებს, რომელიც მაშინ გააჩნდა, მიაღწია. ანუ, არ მისცა რუსეთს საშუალება, წამოსულიყო უფრო შორს, აეღო თბილისი, შეეცვალა ხელისუფლება. იმედი მაქვს, რომ დასავლეთი უფრო ეფექტიანი იქნება ახლა და მთლიანად მოახდენს იმ სიტუაციის რევერსს, რაც დღეს ხდება უკრაინასა და ყირიმში“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე კი ვარაუდობს, რომ რუსეთმა მთლიანად უკრაინის წინაშე შესაძლოა, დათმოს, მაგრამ ვერ დათმობს ყირიმს, რადგან ყირიმი და რუსეთის სამხედრო–სამრეწველო კომპლექსი მჭიდროდ არის გადაბმული და მათი პროდუქციის წარმოება ურთიერთთანამშრომლობას ემყარება.
„არავის ინტერსებში არ არის, რომ რუსეთს გუდა–ნაბადი ააკრევინონ ყირიმიდან, რადგან რუსეთი ყირიმს არ დათმობს, ამისთვის ნამდვილად დაიწყებს ომს. ოპტიმალური გამოსავალი შეიძლება იყოს ის, რომ მთლიანობაში რუსეთი ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს კიევში მიმდინარე პროცესებისადმი“, - განუცხადა for.ge-ს სოსო ცინცაძემ. მისივე თქმით, დასავლეთმა რუსეთს უნდა მოსთხოვოს, რომ ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში კვლავ დარჩეს იმავე უფლებებით, რაც მას კრიზისის დაწყებამდე გააჩნდა, ეს კი ყირიმისთვისაც უმჯობესი იქნება და რუსეთიც არ დაზარალდება.
„ნებისმიერ შემთხვევაში, რითაც უნდა დამთავრდეს პოლიტიკური ვაჭრობა, ცუდი რაც შეიძლებოდა მომხდარიყო რუსეთსა და უკრაინას შორის, უკვე მოხდა. ამის უკან დაბრუნება არც პუტინს შეუძლია და არც კიევს. მოსკოვში ჩასულ ტიმოშენკოსთან პუტინს საერთო ენის გამონახვა არ გაუჭირდება. მათ აქვთ ამის პრაქტიკა, მაგრამ, ამ შეთანხმებას მიიღებს მაიდანი? ცნებები „მოძმე ერი“, „მოძმე ხალხი“ „მონათესავე ერები“ ძალზედ გაფერმკრთალდა. რუსეთმა უკვე მიიღო ის სიძულვილი, უკრაინელთა მხრიდან. წაგებული უკვე არის რუსეთი. დღეს რუსეთი იბრძვის და ომით იმუქრება მხოლოდ იმიტომ, რომ გადარჩინოს ის, რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შეუძლია. მოგებული არც უკრაინა რჩება. დეფოლტი გარდაუვალია იქ, მაგრამ ეს არ არის კატასტროფა უკრაინისთვის, თუ მთელი დასავლეთი მართლაც გადაწყვეტს დახმარებას“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ყირიმში 30 მარტისთვის დაგეგმილი რეფერენდუმიც პოლიტიკური ვაჭრობის ერთ-ერთი საშუალებაა და, შესაძლოა, რეფერენდუმი საერთოდ არ გაიმართოს.
„შედგება თუ არა რეფერენდუმი, ეს არავინ იცის. მაგრამ რეფერენდუმში ასე არ დადგება საკითხი – გინდათ რუსეთის შემადგენლობაში თუ დარჩებით უკრაინაში? კითხვა, ალბათ, იქნება ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილების გაზრდაზე. რეფერენდუმის კანონით, საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს კიევმა. თუ ყირიმი კიევთან შეთანხმების გარეშე ჩაატარებს რეფერენდუმს, ამას კიევი არ სცნობს და კანონიერი ძალა არ ექნება საერთაშორისო საზოგადოების თვალში. ამიტომ, რეფერნდუმი, შესაძლოა, საერთოდ არ ჩატარდეს, ან – სახე რომ შეინარჩუნოს მოსკოვმაც და ყირიმის სეპარატისტულმა ხელისუფლებამაც, რეფერენდუმი ჩატარდება ისეთი კითხვით, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
მისივე თქმით, მოცემულ სიტუაციაში დიდი ომის წამოწყება არც რუსეთის ინტერესებშია და არც დასავლეთს აძლევს ხელს სიტუაციის გამწვავება, ამიტომ ვითარების გამწვავებაზე მეტად პოლიტიკური შეთანხმების მიღწევაა მოსალოდნელი. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ახლო მომავალში უფრო აქტუალური უკრაინის შიდა პოლიტიკური ვითარება იქნება, რადგან უკრაინის პრეზიდენტობაზე პოლიტიკური ამბიციები რამდენიმე ლიდერს უკვე აქვს და მათ შორის არიან - ტიმოშენკო, კლიჩკო, იაცენუკი, პარაშენკო.
სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინას შორის არსებული დაპირისპირების დროს საქართველომ ჯანსაღი ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს და აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობის მოწესრიგების კუთხით ნაბიჯების გადადგამზე იზრუნოს.
„ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს ინტერესია ჯანსაღი ეგოიზმი და არა რომანტიკული აღტყინებები, საქართველოს არ აქვს დღეს უკრაინის დახმარების რეალური ბერკეტი მორალურად გვერდში დგომის გარდა. ეს კი ნაკლები შეღავათი იქნება მებრძოლი უკრაინელებისთვის, თუ, ღმერთმა ნუ ქნას და ომი დაიწყო. პუტინს უკვე გადაწყვეტილი აქვს, 7 მილიარდი დოლარი მისცეს ყირიმს სოციალური დახმარების სახით. რაც უფრო ღრმად მოუწევს რუსეთს ჯიბეში ხელის ჩაყოფა ყირიმის დასახმარებლად, მით უფრო ნაკლები დარჩება სოხუმისა და ცხინვალისთვის. აფხაზებისა და ოსების უკმაყოფილება გაიზრდება და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ. ოსებს და აფხაზებს თუ ჭკუა კიდევ შემორჩათ, ამ დროს სათანადო დასკვნები უნდა გააკეთონ. კიევის მაგალითზე განსაკუთრებით აფხაზები უნდა მიხვდნენ, რომ რუსეთს სულაც არ აძლევს ხელს მის გვერდით ნამდვილად სუვერენული სახელმწიფოები, სადაც მისი სიტყვა არ იქნება უკანასკნელი ვერდიქტი“, - განმარტავს სოსო ცინცაძე.
***
ევროინტეგრაციის მოთხოვნით კიევში დაწყებული პროცესები უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, ყირიმში გაგრძელდა. ევრომაიდანზე თვეების განმავლობაში წარმოებულ საპროტესტო აქციების გამო რუსეთში გაქცეული პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩისა და განაწყენებული რუსეთისთვის პრორუსული ძალები ხასიათის გაუმჯობესებას ყირიმიდან ცდილობენ.
უკრაინის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქ სიმფეროპოლში ვითარება განსაკუთრებით 27 თებერვალიდან გამწვავდა, როცა თავდაცვის შეიარაღებულმა ძალებმა სამთავრობო უწყებებს შეუტიეს, მეორე დღეს კი უკვე დაიკავეს ორი აეროპორტი. რუსეთის ფედერაციამ პარალელურად იარაღს ჟღარუნის აპრობირებული მეთოდიც აამოქმედა - რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა რეგიონში სამხედრო წვრთნები წამოიწყეს.
ყირიმში მშვიდობის და რუსეთის მოქალაქეების დაცვის მოტივით ჯარების შეყვანის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ რუსეთის სახელმწიფო დუმაში უკვე დარეგისტრირებულია ყირიმის მიერთების პროექტი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ რუსეთი ყირიმში მცხოვრებ საკუთარ მოქალაქეებს დაიცავს და, იმავდროულად, მზადყოფნას გამოთქვამს, ყირიმი საკუთარ შემადგენლობაში მიიღოს. კანონპროექტის თანახმად, ყირიმის შეერთების საკითხი „უცხო ქვეყნის ახალი სუბიექტის“ მიღების წესით რეგულირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილი თავად ყირიმში მოქმედი კანონმდებლობით გამართული რეფერენდუმის შედეგად შეიძლება გახდეს.
თავდაპირველად, ყირიმში რეფერენდუმის გამართვა, მაისში უკრაინის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების პარალელურად იგეგმებოდა, თუმცა, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოში უკვე განაცხადეს, რომ რეგიონში რეფერენდუმი დაჩქარებული წესით, 30 მარტს გაიმართება.
არსებული მონაცემებით, ყირიმის ნახევარკუნძულზე დაახლოებით, 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მათგან დაახლოებით 59% რუსია, 28%-ზე მეტი უკრაინელი და დაახლოებით 12% - ყირიმელი თათარი.