კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით შექმნილმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაიწყო. პირველი სხდომა მთლიანად საორგანიზაციო საკითხებს დაეთმო.
საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების გათვალისწინებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფები 5 ძირითადი მიმართულებით, დაიგეგმება კომისიის მუშაობის რეჟიმი.
საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობისას ყურადღება რამდენიმე მიმართულებით გამახვილდება. ყურადღება მიექცევა პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის ურთიერთობის წონასწორობაში მოყვანის საკითხებს. განხილვის საგანი იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ხარისხის გაძლიერების კონსტიტუციური მექანიზმები.
საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის ფარგლებში მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყნის სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობის საკითხი იქნება. ხუთი სამუშაო ჯგუფიდან, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში იქმნება, ერთი ჯგუფი სწორედ სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობისა და თვითმმართველობის საკითხებზე იმუშავებს.
„დროა, კონსტიტუციის თავდაპირველი რედაქციის მიღების შემდეგ დავფიქრდეთ, რაიმე საკითხები კიდევ უნდა გადავდოთ მომავლისათვის, თუ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები და ქვეყნის სახელმწიფოებრივი ფორმირება ამ ეტაპზე, როგორც არის შესაძლებელი, დავასრულოთ და არ დაველოდოთ გარკვეული პრობლემების და საკითხების მოგვარებას.
ცხინვალისა და სოხუმის პრობლემის მოგვარებამდე დანარჩენი ქალაქების სოფლები, რეგიონები, დანარჩენი საქართველო იყოს მოლოდინის რეჟიმში და გასაკეთებელი არ გაკეთდეს, არ იქნება სწორი. არ შეიძლება, თვითმმართველობა დაელოდოს იმას, თუ როდის აღდგება ტერიტორიული მთლიანობა.
არ არის არგუმენტი ის, რომ რომელიმე სოფელი და ქალაქი სუპერცენტრალიზებულად მართული იყოს იმიტომ, რომ ეს თემები მოსაგვარებელი გვაქვს. 20 წელი გავიდა, თუმცა, არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ამაზე კომისიის პასუხი, კიდევ დაველოდოთ 20 წელი, თუ მივიღოთ გადაწყვეტილება. ამ თემას საფუძვლიანი გააზრება სჭირდება“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.
კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილის განცხადებით, კომისიაში არის მოსაზრება, რომ პროდუქტი 1-ელი სექემბრისთვის დაიდოს. მისი თქმით, დროა სახელმწიფომ ტერიტორიული მოწყობის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღოს. როგორც დემეტრაშვილი აცხადებს, საქართველოს კონსტიტუციაში არ არის ნორმები, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობას ადგენს.
„ამაზე საერთოდ არაფერი წერია, გარდა ერთი ფრაზისა, ამიტომ ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მოწყობის საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ. არ ვიცი როგორი უნდა იყოს – უნიტარული, რეგიონალურ პრინციპზე დაფუძნებული, თუ ფედერალური სახელმწიფო, მაგრამ ეს საკითხი ოდესღაც არის გადასაწყვეტი.
ამასთან დაკავშირებით 2010 წელს საკონსტიტუციო კომისიაში გვქონდა წინადადება, მაგრამ მას უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. მაშინ ჩემი მოსაზრება იყო, რომ საქართველო ყოფილიყო რეგიონალიზმის პრინციპზე დაყრდნობით შექმნილი, ასიმეტრიული სახელმწიფო.
ამ ასიმეტრიულ სახელმწიფოში უნდა ყოფილიყო განსაკუთრებული სტატუსის მქონე რამდენიმე სუბიექტი - აფხაზეთი, აჭარა, ცხინვალის რეგიონი და თბილისი“, - აღნიშნა ავთანდილ დემეტრაშვილმა და აქვე დასძინა, რომ მათ განსაკუთრებული სტატუსი უნდა გააჩნდეთ.
ასიმეტრიულ სახელმწიფო მოწყობაზე საუბრობს კონსტიტუციონალისტი ჯონი ხეცურიანი. ხეცურიანმა კომისიის სხდომაზე ტერიტორიული მოწყობის საკითხი დასვა და აღნიშნა, რომ ჩვენ ეს პრობლემა უნდა გადავწყვიტოთ. ხეცურიანი ფიქრობს, რომ ქვეყნის შეკვრა შესაძლებელია ასიმეტრიული რეგიონალიზმით.
„გვიწერია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი განისაზღვრება კონსტიტუციური კანონით, მაგრამ სად არის ეს კონსტიტუციური კანონი? აჭარის სტატუსი განისაზღვრა, აფხაზეთმა რა დააშავა? ჩვენ ქაღალდზეც ვერ გადავიტანეთ, თუ რას ვთავაზობთ მათ. ვფიქრობ, რომ ქვეყნის შეკვრა შესაძლებელია ასიმეტრიული რეგიონალიზმით. გვაქვს ავტონომიები, რასაც ვერ გავექცევით, ხოლო დანარჩენი არის რაიონები და სოფლები. ეს დიდი ასიმეტრიაა და უნდა გაწონასწორდეს“, - აცხადებს ჯონი ხეცურიანი.
იურიდიული საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, უნდა ჩამოყალიბდეს უფრო მკაფიო მექანიზმები სასამართლოს კორპუსის ფორმირებისთვის და ის მეტად უნდა იყოს დაცული პოლიტიკური ზემოქმედებისაგან. საკონსტიტუციო კომისია იმუშავებს ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე.
„თვითმმართველობებთან დაკავშირებით კონსტიტუციაში არის უფრო დეკლარაციული ტიპის მუხლები, მაგრამ არ არის კონკრეტიკა. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც საკონსტიტუციო კომისია ყურადღებას გაამახვილებს, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროცედურაა. უნდა შეიქმნას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ისეთი პროცედურა და მექანიზმები, რომ ერთი მხრივ, ვერც ერთმა უმრავლესობამ ვერ შეძლოს კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება და იმავდროულად, დაცული იყოს კონსტიტუცია ბლოკირებისგან“, - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.
სახეწიფო საკონსტიტუციო კომისია თავის საქმიანობაში მმართველი პოლიტიკური ძალის - „ქართული ოცნების“ ჩარჩოთი შეზღუდული არ იქნება. კომისიის თავმჯდომარე, პარლამენტის სპიკერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელი მოქმედი რედაქცია, რომელიც ქვეყნის მართვა-გამგეობის საკითხებს არეგულირებს და სახელისუფლო ბალანსს ადგენს, სრულიად განსხვავებულია იმისგან, რაც 1995 წელს იქნა მიღებული.
„მას შემდეგ კონსტიტუციაში განხორციელდა 30-ზე მეტი ცვლილება. რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა რანგის და დონის საკითხებს ეხებოდა. 2004 წლის საკონსტიტუციო რეფორმა და შემდგომ 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებები, პრაქტიკულად, ახალი კონსტიტუციის ელფერს ატარებდა. დღევანდელი მდგომარეობით, იმ საკითხებიდან, რომლებიც ეხება პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას, 1995 წლის კონსტიტუციიდან ცოტა რამ თუ დარჩა.
მინდა გავიხსენო, რა პირობებში მოხდა ეს საკონსტიტუციო ცვლილებები. ორივე შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილება განხორციელდა ერთი დომინანტი პოლიტიკური ძალის ნებასურვილით, მეტსაც ვიტყოდი, ერთი დომინანტი პოლიტიკური ლიდერის ნება-სურვილის შესაბამისად, რამაც სერიოზული დაღი დაასვა კონსტიტუციას“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, დღევანდელი რეალობა, რა პირობებშიც მოხდება საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადება, სერიოზულად განსხვავდება იმისგან, რაც იყო გასულ წლებში. უსუფაშვილმა აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ მათ კოალიციას სხვადასხვა პოლიტიკური ძალები ქმნიან. როგორც უსუფაშვილი აცხადებს, როგორი ცვლილებებიც არ უნდა მომზადდეს, მის მისაღებად საბოლოოდ საქართველოს პარლამენტში შვიდი პოლიტიკური პარტიის თანხმობა იქნება საჭირო.
კონსტიტუციაში სასწრაფო ცვლილებების აუცილებლობას ვერ ხედავს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დავით ბაქრაძე. როგორც ბაქრაძე ამბობს, კომისიის შექმნა ამ ხელისუფლების ინიციატივა იყო და პირველ რიგში, ის იმას დაელოდება, თუ რის შეცვლას აპირებენ კონსტიტუციაში და საით აპირებენ ზოგადად პროცესის წაყვანას.
„მას შემდეგ, რაც მოვისმენთ შეთავაზებებს, ჩვენ მზად ვიქნებით, ჩვენი აზრი გამოვხატოთ, თუმცა ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია. დღეს პირველი სხდომაა და იმედი მაქვს, რომ ამ სხდომების განმავლობაში გამოჩნდება, რა იყო ამ კომისიის შექმნის მიზანი და რას ვემსახურებით ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ კომისიის მუშაობაში ვმონაწილეობთ.
კონსტიტუციაში სასწრაფო ცვლილებების აუცილებლობას ვერ ვხედავ, რაც შეეხება გრძელვადიან ცვლილებებს, ეს კომისია ხელისუფლების გადაწყვეტილებით შეიქმნა და მე ინტერესით დაველოდები მათ ხედვას. თუ ჩვენ რაიმე პოზიტიური ტიპის ცვლილებაზე შევთანხმდით, რა თქმა უნდა, მონაწილე ვიქნებით პროცესის და მათ დავუჭერთ მხარს.
თუ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, პროცესი წაიყვანოს ნეგატიური, კონსტიტუციის გაუარესების მიმართულებით, მაშინ იმედი მაქვს, რომ ჩვენც და ყველა პოლიტიკური პარტია ამას შეეწინააღმდეგება ისე, როგორც ეს ხდებოდა საარჩევნო კოდექსთან და თვითმმართველობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გახსნა. სხდომას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები. კომისიის მიზანია კონსტიტუციონალიზმის საერთაშორისო და ქართული გამოცდილების გათვალისწინებით კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადება.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია პარლამენტში, რუსთაველის 8-ში იმუშავებს. როგორც დავით უსუფაშვილი აცხადებს, თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში გაიმართება კომისიის სხდომები, ასევე აქვე იმუშავებენ კომისიის სამუშაო ჯგუფები და პარლამენტის შენობაში განთავსდება კომისიის აპარატიც.