აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი რუსეთს აფრთხილებენ, რომ თუ ყირიმში რუსეთის ჯარები საკუთარ ბაზებს რამდენიმე საათში არ დაუბრუნდებიან, რუსეთს მნიშვნელოვანი დანაკარგები ემუქრება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ რუსეთის ქმედებები მიუღებელია და თუ ის კურსს არ შეიცვლის, მნიშვნელოვანი საფასურის გაღება მოუწევს.
ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას მიუთითებს, სანქციები დააწესოს რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, განაახლოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის განთავსების გეგმები აღმოსავლეთ ევროპაში და საქართველო ნატო-ში მიიღოს. სენატორ მაკკეინს სურს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ გაზარდოს მუქარები და არ დასჯერდეს მხოლოდ ივნისში, სოჭში დაგეგმილ „დიდი რვიანის“ სამიტზე მონაწილეობაზე უარის თქმას.
„ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ შეზღუდულმა ნაბიჯმა პუტინი დაარწმუნოს, უარი თქვას ყირიმის კონტროლზე, სადაც რუსეთს 15 ათასი სამხედრო ჰყავს და სადაც რუსეთის კონტროლირებადი შეიარაღებული ძალები ორ მთავარ აეროპორტს აკონტროლებენ. ვფიქრობ, ობამას მუქარა სასაცილოა, მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენ და ყველა სხვა ლიდერმა ეს უნდა გავაკეთოთ, რადგან ერთადერთი, რითიც პუტინი სიამოვნებას იღებს, ეს საერთაშორისო სარბიელზე გაბღენძვაა“,- განაცხადა ჯონ მაკკეინმა ამერიკული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ამასთან, ამერიკელმა სენატორმა აღნიშნა, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სათანადოდ ვერ შეაფასა რუსეთი, რომელმაც 2009 წელს რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის შესახებ განაცხადა. სენატორი აცხადებს, რომ ობამას ადმინისტრაციამ უნდა იმუშაოს ნატო-სთან, რათა დააჩქაროს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პროცესი.
„საქართველო ისწრაფვოდა მაპ-ის მოპოვებისთვის, მაგრამ მისი ეს ძალისხმევა რუსეთის მიერ საქართველოს ორი ტერიტორიის დაპყრობამ შეაფერხა. უკრაინას კი, რომელმაც წლების წინ ნებაყოფლობით თქვა უარი ნატო-ზე, შესაძლოა ახლა უფრო მეტი სტიმული ჰქონდეს ალიანსში გასაწევრიანებლად“, - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.
სენატორი მაკკეინის განცხადებას, დროულს და მნიშვნელოვანს უწოდებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ვიქტორ დოლიძე, რომლის განცხადებით, პუტინი 21-ე საუკუნეში მე-20 საუკუნის მეთოდებით მოქმედებს, რაც მისთვის ჩვეულებრივი მეთოდია. დოლიძე ფიქრობს, რომ დასავლეთმა უფრო მეტი აქტიური ნაბიჯები უნდა გადადგას.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაკკეინის განცხადება, რომ რაც შეიძლება დროულად დაჩქარდეს საქართველოს ინტეგრაციული პროცესი. საქართველო ნატოშიც შეიყვანონ, ევროკავშირშიც და საერთოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტი მაქსიმალურად დაიძრას. სხვა ენით რუსეთთან საუბარი არ შეიძლება. ცენტრალური ევროპის 50 მილიონიან ქვეყანაში შეჰყავს ჯარი, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვიქტორ დოლიძე.
უკრაინაში მოვლენები ზუსტად იმ სცენარით ვითარდება, როგორც ეს საქართველოში ექვსი წლის წინ ხდებოდა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი საერთაშორისო თანამეგობრობას, ევროკავშირს, ნატო-ს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფოებს მოუწოდებს, მკაცრ განცხადებებთან ერთად მიიღონ ქმედითი ზომები ვითარების განმუხტვისთვისა და მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.
ალექსი პეტრიაშვილი თვლის, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა კიდევ უფრო დააჩქაროს უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა და რატიფიცირება და საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაციის მოლაპარაკებების დროულად დასრულება.
„უმოქმედობის შემთხვევაში, მივიღებთ კონფლიქტის ახალ კერას, ახალ ოკუპაციას და წარმოუდგენლად დიდ მსხვერპლს. საფრთხე ექმნება არა მხოლოდ უკრაინას, არა მხოლოდ შავი ზღვის რეგიონს, არამედ ზოგადად საერთაშორისო სტაბილურობასა და წესრიგს. ვფიქრობთ, ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის სივრცეში მშვიდობისა და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი უსწრაფესი და ეფექტური საშუალება საქართველოსთვის და მოლდოვასთვის ევროპული პერსპექტივის შეთავაზებაა.
უაღრესად მნიშვნელოვანია ნატო-ს 2014 წლის სამიტზე მოკავშირეებმა დადებითად გადაწყვიტონ საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემის საკითხი.
2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმაზე (MAP) უარის თქმამ რუსეთს ერთგვარად ხელფეხი გაუხსნა აგრესიული მოქმედებებისთვის. იმედია, საერთაშორისო თანამეგობრობა დღეს უფრო პრინციპულად და ნაყოფიერად იმოქმედებს და ჩვენი რეგიონის ხალხებს ევროპისკენ მიმავალ გზაზე მეტი სისხლის დაღვრა აღარ მოუწევთ“, - აცხადებს ალექსი პერიაშვილი.
2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმაზე უარის თქმით, დასავლეთმა დიდი შეცდომა დაუშვა.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები დასავლეთის შეცდომების ანარეკლია. როგორც პოლიტოლოგი ამბობს, როდესაც ასეთ მეტოქესთნ გაქვს საქმე, შეცდომების დაშვება ძალიან სახიფათო ხდება.
„სამწუხაროდ, ევროპაც ხშირ შემთხვევაში უშვებს შეცდომას. ასეთი შეცდომა გახლავთ ის, რომ ძალიან დიდი ფასი დაადო ევროპამ ნატოში ჩვენს მიღებას. ძალიან გააჭიანურა ეს პროცესი. ისევე როგორც ევროკავშირში უკრაინის შესვლას გაუჩინა ბევრი ბარიერები, ამ ბარიერებში რუსეთმა მოიგო დრო და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ახლა იწყებს დასავლეთი აზრზე მოსვლას. ასე გაგრძელება არ შეიძლება და ამის ასახვაა მაკკეინის ეს პოზიცია.
რუსეთი თავზეხელაღებული ხდება მაშინ, როდესაც მას ანგარიშსს არ უწევენ. გამორიცხული არაა, ნატოში ჩვენი მიღების პირობებში, თავზე ხელი ისევ აიღოს. ექნება თუ არა დასავლეთს და ნატოს იმის უნარი, რომ აღკვეთოს ეს მოქმედებები, ეს უნდა გამოჩნდეს უკრაინის შემთხვევაში. 2008 წელს ასეთი უნარი დასავლეთს არ აღმოაჩნდა. ჩავთვალოთ, რომ საქართველო ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო.
ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა დადებული სასწორზე. თუ აღმოჩნდება დასავლეთს რუსეთის შეკავების უნარი აქვს, ასეთ შემთხვევაში, ნატოსკენ წასვლა ჩვენთვისაც უსაფრთხოა. მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ დასავლეთი ისევ სუსტია, შეშფოთება აღშფოთებით შემოიფარგლება, ასეთ შემთხვევაში არაა გამორიცხული, რომ პუტინმა ნატოსკენ მიმავალ გზაზე თავისი ბეტეერები დააყენოს“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.