უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა შესაძლოა, კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღოს. მეგობარ სახელმწიფოში შექმნილი ვითარების თაობაზე რიგით მეოთხე რეზოლუციის მიიღებას „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს და პარალელურად, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართავს უკრაინაში ჩავიდეს და უკრაინელი ხალხის გვერდით დადგეს.
თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს გიორგი მარგველაშვილი, ამის შესახებ ინფორმაციას მმართველი გუნდის წევრები არ ფლობენ, თუმცა, ისინი რეზოლუციის მიღებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ და ოპონენტებს მოუწოდებენ - პიარისთვის ყველა საკითხს ნუ გამოიყენებენ.
რეზოლუციის შინაარსზე დეპუტატები მიმდინარე სასესიო კვირას იმსჯელებენ, მაგრამ დიდი ალბათობით, ტექსტი პოლიტიკურ ძალებს შორის უთანხმოების მიზეზი გახდება, რადგან უმცირესობა ითხოვს დოკუმენტში ჩაიწეროს - რუსეთი როგორც აგრესორი და მხარე, ხოლო მმართველი გუნდი დაბალანსებული ტექსტის შემუშავების მომხრეა.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშილის შეფასებით, როდესაც ტანკები დაქოქილია, იქ განცხადებებით ფონს ვერავინ გავა.
სპიკერის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად არის ჩართული იმ პროცესებში, რომელსაც ადგილი აქვს უკრაინაში.
„ეს არის რუსეთის შეიარაღებული აგრესია მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეს არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმების და პრინციპების უხეში დარღვევა, ეს არის თანამედროვე ცივილიზაციის მთავარი მონაპოვარის დარღვევა. ამ საკითხებში არანაირი დამატებითი კითხვა არ არსებობს. როდესაც ტანკებია დაქოქილი, იქ განცხადებებით ფონს ვერ გავალთ. უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ჩვენ ვახორციელებთ ყველა შესაძლო ქმედებას და ასევე, უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, რადგან ეს არ ხდება ძალიან შორს და არ ხდება ისეთი სახელმწიფოს მიერ, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჩვენთან“, - აღნიშნავს უსუფაშვილი, რომლისგან განსხვავებით თბილისის ყოფილი მერი გაცილებით რადიკალურია.
for.ge-სთან საუბარში გიგი უგულავა აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მკაფიო ნაბიჯები უნდა გადადგას და კონსულტაციები აწარმოოს უკრაინის მთავრობასთან - თუ რაში სურთ დახმარება.
უგულავას თქმით, ის რაც უკრაინაში ხდება, რუსეთის მხრიდან ღია და დაუფარავი ანექსიაა.
„ხელისუფლების მხრიდან მკაფიო ნაბიჯების გადადგმას მოვითხოვთ. საქართველოს მთავრობამ უკრაინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს, თუ რაში დავეხმაროთ. ასევე საქართველოს მთავრობა უნდა გამოვიდეს ინიციატივით, რომ რეგიონის ქვეყნებმა საერთო პოზიცია ჩამოაყალიბონ. ამასთანავე, გემახსოვრებათ, რომ რუსეთის აგრესიის დროს, უკრაინის პრეზიდენტი ქართველი ხალხის გვერდით იდგა და ანალოგიური თანადგომა შეიძლება გამოუცხადოს უკრაინელ ხალხს საქართველოს პრეზიდენტმა. ამას გარდა, საქართველოს პარლამენტმა ზეპარტიული რეზოლუცია უნდა მიიღოს, სადაც მკაფიოდ იქნება ასახული ის მოვლენები, რაც უკრაინაში ხდება. კერძოდ, დოკუმენტში უნდა დავაფიქსიროთ, რომ რუსეთი არის აგრესორი და მხარე“, - აცხადებს უგულავა, რომლის პათოსსაც იზიარებს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი.
გიგა ბოკერიას მოსაზრებით, რუსეთის იზოლაცია უნდა მოხდეს, რადგან მისი გამარჯვებით შეიძლება საქართველოს ინტეგრაციამ ევროპაში რამოდენიმე წლით გადაიწიოს.
მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე პროცესები პირდაპირი მნიშვნელობით საქართველოს უკავშირდება.
„რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციამ შეიძლება რამოდენიმე თაობით წინ გადაიწიოს. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მკაფიო უნდა იყოს. ერთადერთი ფრონტი რუსეთის იზოლაციაა. აუცილებელია, უკრაინის შეცდომები არ გავიმეოროთ“, - დასძენს ბოკერია, რომლის პოზიციასაც ნუგზარ წიკლაური და მიხეილ მაჭავარიანიც იზიარებენ.
ნუგზარ წიკლაური მიიჩნევს, რომ რუსეთის გამოწვევის წინაშე მთელი ცივილიზებული სამყარო დგას, მაჭავარიანი კი თვლის, რომ პროგნოზი გამართლა, რომ სოჭის ოლიმპიადის შემდეგ პუტინი თავისი ინტერესების გატარებას აგრესიულად დაიწყებდა.
წიკლაურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება რეზოლუციის მიღებას აჯანჯლებს, რითაც ეროვნული ინტერესები ზიანდება.
„ეს იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებას არ აქვს გაცნობიერებული იმ მოვლენების მასშტაბი, რაც უკრაინაში ვითარდება. ადგილი აქვს არა მხოლოდ რუსეთის აგრესიას უკრაინაზე, არამედ ეს არის ომი ცივილიზებულ სამყაროსა და რუსეთს შორის. წლების განმავლობაში ჩვენი ოპონენტები ამბობდნენ, რომ საქართველო დაესხა თავს რუსეთს და 2008 წლის ომი ქართული მხარის პროვოცირებით მოხდა, მაგრამ დღეს, მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ რუსეთი აგრესორია“, - განუცხადა for.ge-ს წიკლაურმა.
მაჭავარიანის მოსაზრებით, ადგილი აქვს რუსეთის მცდელობას, რომ საქართველოსა და უკრაინაში საკუთარი ინტერესები გაატაროს.
„პროგნოზი გამართლა, რომ სოჭის ოლიმპიადის შემდეგ, პუტინი აგრესიულად დაიწყებდა თავისი ინტერესების გატარებას უკრაინასა და საქართველოში. ანუ, იმ სივრცეში, რომელზეც პრეტენზია აქვს, რომ აკონტროლებდეს. საქართველოს მთავრობამ სწორი პოზიიცა უნდა დააფიქსიროს და თუ ჩვენი რეაქცია ადეკვატური არ იქნა, ამას შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს. არ დაგავიწყდეთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი იყო ის პირი, რომელიც ჩვენს გვერდზე ფიზიკურად იდგა. ეს კარგად უნდა გვახხოვდეს და არ უნდა შეგვეშინეს“, - განუცხადა for.ge-ს მაჭავარიანმა.
ოპონენტების საპასუხოდ, უმრავლესობაში აცხადებენ, რომ თუ საჭირო იქნება საქართველოს პარლამენტი მეოთხე რეზოლუციასაც მიიღებს.
for.ge-სთან საუბარში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ მეგობარ სახელმწიფოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებაში 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.
„დავით უსუფაშვილთან 24 საათიან რეჟიმში ვართ და ვმსჯელობთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ. უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე სამი რეზოლუცია მიღებული გვაქვს და თუ საჭიროა მეოთხესაც მივიღებთ, მაგრამ ნაციონალები ხელისუფლებაში იყვნენ თუ ოპოზიციაში არიან, პიარის მეტს არაფერს აკეთებენ. ვითარება სერიოზულად უნდა გავაანალიზოთ და გამოხტომებს თავი უნდა დავანებოთ. ნაციონალები კი ამაზე იყვნენ აგებულნი. უკრაინა ის თემაა, სადაც ერთი აზრი გვაქვს და რეზოლუცია ერთად უნდა მივიღოთ, მაგრამ ამას „გამოხტომები“ რად უნდა? ეს სააკაშვილის დროს იყო და წარსულს ჩაბარდა“, - აცხადებს დოლიძე, რომელიც არ ფლობს ინფორმაციას, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი გაემგზავრება თუ არა უკრაინაში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესების თაობაზე, საქართველოს პარლამენტმა უკვე სამი განცხადება მიიღო. კერძოდ, პირველ ტექსტში, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებამდე მომზადდა, ყურადღება ვილნიუსის სამიტის მნიშვნელობაზე იყო გამახვილებული, მეორე განცხადებაში ხაზგასმული უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა იყო. ხოლო მესამე რეზოლუციაში ქართულმა მხარემ მეგობარ სახელმწიფოში მიმდინარე პროცესები დაგმო და უკიდურესი შეშფოთება გამოხატავა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო.
რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე პროცესებს, ყირიმში ვითარება უკიდურესად დაძაბულია, სადაც რუსი სამხედროები განლაგდნენ. საქართველოში უკრაინის ელჩის, ვასილი ციბენკოს განცხადებით, ყირიმში საომარი პოტენციალი იზრდება და ეს არის სერიოზული პრობლემა.
მისი ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ რუსული მხარის მიერ გამოყენებული იქნება იარაღი, უკრაინა იძულებული გახდება თავი დაიცვას.