ანგელა მერკელი: „პუტინი სხვა სამყაროშია“

ანგელა მერკელი: „პუტინი სხვა სამყაროშია“

მსოფლიოში სიდიდით 44-ე სახელმწიფო, რუსეთთან ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მსოფლიო ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინას არ მიატოვებენ. ყირიმში მიმდინარე პროცესებს კი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად აფასებენ. აშშ-ის მთავრობამ, რუსეთის მიერ ყირიმში შეჭრის საპასუხოდ, შესაძლოა, უკრაინას სამხედრო დამხმარება აღმოუჩინოს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ ტელეკომპანია BBC-ს განუცხადა. 

„თუ საქმე აქამდე მივა, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით გადავიდეთ ასეთ ქმედებებზე. მიმაჩნია, რომ ყველა ვარიანტი მაგიდაზე დევს. ეჭვი არ არსებობს, რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ეს სერიოზულია“, - განაცხცადა ქერიმ, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ მზად არის უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შემოიღოს. ჯონ ქერი ამბობს, რომ შეჭრა ეს არა ძლიერის, არამედ სუსტის ქმედებაა.

„ყირიმს არავინ არავის არ მისცემს. არავითარი საფუძველი იმისა არ იყო და არც იქნება, რუსეთის არმიის შემოსაყვანად და, რომ ძალა გამოიყენო უკრაინელებისა და მშვიდობიანი მოქალაქების წინააღმდეგ“, -განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმა. მან გააფრთხილა ყირიმის თვითგამოცხადებული ხელისუფლება, რომ ისინი უკრაინული კანონმდებლობის წინაშე არიან პასუხისმგებლები.

„დარწმუნებული არ ვარ, რომ პუტინი რეალობას აღიქვამს, ის სხვა სამყაროშია“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა აშშ-ის პრეზიდენტ, ბარაქ ობამას ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განუცხადა. ამასთან, ანგელა მერკელის პრესმდივნის, შტეფან ზიბერტის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა მიიღო მერკელის წინადადება, რომლის მიხედვითაც, ყირიმის საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო მისია უნდა შეიქმნას.

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი რუსეთს აფრთხილებენ, რომ თუ ყირიმში რუსეთის ჯარები საკუთარ ბაზებს რამდენიმე საათში არ დაუბრუნდებიან, რუსეთს მნიშვნელოვანი დანაკარგები ემუქრება.

სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასა და უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ იგორ ტენიუხს შორის. მინისტრებმა უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილეს. ირაკლი ალასანიამ იმედი გამოთქვა, რომ არსებული მდგომარეობის განმუხტვა მშვიდობიანი გზით მოხდება. მხარეებმა საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპეტივებზე ისაუბრეს. ირაკლი ალასანია და იგორ ტენიუხი შეთანხმდენენ, რომ მუდმივ კავშირზე იქნებიან. 

ამასთან, უკვე ცნობილია, რომ კიევის სამხედრო კომისარიატებმა მობილიზაცია გამოაცხადეს. პარალელურად, უკრაინის ხელისუფლებამ სამხედრო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა. ეს განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა გასცა.

მისი განცხადებით, უკრაინის სივრცე მხოლოდ სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის არის ღია. მანვე დასძინა, რომ უკრაინის სამხედრო ობიექტებზე ნებისმიერი თავდასხმა შეფასდება, როგორც პირდაპირი აგრესია რუსეთის მხრიდან. ტურჩინოვის თქმით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თანხმობა პუტინის მიმართვაზე შეიძლება ჩაითვალოს ომის გამოცხადებად.

თუმცა, ამის პარალელურად, რუსულმა გამანადგურებლებმა უკრაინის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 3 მარტის ღამეს რუსულმა გამანადგურებლებმა შავ ზღვარზე უკრაინის საჰაერო სივრცე ორჯერ გადაკვეთეს. მისივე ცნობით, უკრაინელი სამხედროები პროვოკაციაზე არ წამოეგენ. ამ დროისთვის უკრაინული ჯარი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია.

პარალელურად, რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა ყირიმში სტრატეგიული სამხედრო ობიექტების დიდი ნაწილი დაიკავეს. ბლოკირებულია ქერჩის მესაზღვრეების დანაყოფები, ვითარება დაძაბული რჩება ბალაკლავას დანაყოფში. ყირიმელი სამხედროები ამბობენ, რომ მათი მთავარი ტაქტიკაა, შეიარაღებული რუსი სამხედროების პროვოცირება არ მოახდინონ. თუმცა, რუსეთის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, მზად არიან თავი დაიცვან.

რუსეთის პირველი დიპლომატი ირწუნება, რომ უკრაინაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდება. სერგეი ლავროვი დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, რომ გეოპოლიტიკური გათვლები გვერდზე გადადონ და უკრაინელი ხალხის ინტერესი გაითვალისწინონ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ამ დროისთვის 15 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი და 50 ერთეული ტექნიკა იმყოფება. უკრაინული მედიის ცნობით, სამხედრო ტექნიკას შორის დაჯავშნული მანქანები და ჯავშანტრანსპორტიორები არიან. გარდა ამისა, სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ, ხარკოვის ოლქში სამხედრო კოლონების გადაადგილება შეინიშნება. ასევე ნოვოროსიისკში დიდი ოდენობით სამხედროები ტრანსპორტირებისთვის მზადყოფნაში არიან. საბრძოლო მზადყოფნაშია ბალტიის ფლოტის გაერთიანება. 

რუსეთი აღიარებს, რომ ყირიმში ჯარი შეიყვანა და ამის მიზეზი საკუთარი შავი ზღვის ფლოტის პოზიციების დაცვა გახდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო მან უარი თქვა ყირიმის საკითხზე უკრაინის ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ ორმხრივ კონსულტაციებში მიიღოს მონაწილეობა.

„ისინი, ვინც ცდილობს შექმნილი სიტუაცია აგრესიად გაიგოს, სანქციებითა და ბოიკოტებით იმუქრებიან - ესენი ჩვენი ის პარტნიორები არიან, რომლებიც თანმიმდევრულად და დაჟინებით მოუწოდებდნენ თავიანთ პოლიტიკურ ძალებს ულტიმატუმისკენ და დიალოგზე უარის თქმისკენ, უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთით არეულობების იგნორირებისკენ და საერთო ჯამში, უკრაინული საზოგადოების პოლარიზაციისკენ. ინფორმაციებს ვიღებთ ახალი პროვოკაციების მზადების თაობაზე, მათ შორის უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოში უკრაინის ელჩის, ვასილი ციბენკოს განცხადებით, ყირიმში საომარი პოტენციალი იზრდება და ეს არის სერიოზული პრობლემა. ელჩი იმედოვნებს, რომ ერთობლივი ძალებით, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდება კონფლიქტის ესკალაცია და პროცესის მშვიდობიან ჩარჩოში გადატანა. იმ შემთხვევაში, თუ რუსული მხარის მიერ გამოყენებული იქნება იარაღი, როგორც ელჩი ამბობს, უკრაინა იძულებული გახდება თავი დაიცვას. ამისთვის, კი მისივე განცხადებით, უკარაინის შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ამბობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ახლა არის მობილიზებული, რათა თავიდან აიცილოს ომი უკრაინაში. მისი თქმით, უკრაინის პოზიციაც არის ისეთი, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას დაშვებული სისხლისღვრა და ომი. ფანჯიკიძის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სიტუაცია მოგვარდეს მშვიდობიანად, მხოლოდ დიპლომატიური მეთოდებით.

„ვფიქრობ, ეს არის ამოსავალი წერტილი საერთაშორისო თანმეგობრობისაც. ეს არის ჩვენი სურვილიც. ჩვენ, რასაკვირველია, თავიდან ბოლომდე მხარში ვუდგავართ უკრაინელ ხალხს, მათ ევროპულ არჩევანს. ვესაუბრე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, რომელმაც დაადასტურა, რომ 22 ნოემბრის გადაწყვეტილება, ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შეჩერების თაობაზე, გაუქმებულია და უკრაინა მზად არის, ხელი მოაწეროს ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულებას.

ხელშეკრულება უკვე ნოემბერში მზად იყო ხელმოსაწერად და შესაბამისად, ამას დიდი პროცედურა არ უნდა დასჭირდეს. მივესალმე ევროპარლამენტის რეზოლუციას, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინას უნდა მიეცეს ევროპული პერსპექტივა. მიაჩნია, იგივე უნდა მოხდეს საქართველოსა და მოლდოვასთან მიმართებაშიც“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მაია ფანჯიკიძე ამბობს, რომ ძალიან კარგია მკაცრი განცხადებები ყველას მხრიდან, იქნება ნატო თუ ევროკავშირი. მისი თქმით, სწორედ ასეთ კონსოლიდირებულ მხარდაჭერას შეუძლია, თავიდან აიცილოს ომი და სისხლისღვრა უკრაინაში, რადგან ეს იქნება კატასტროფა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, ევროპისთვის და მთელი მსოფლიოსთვის.

პარლამენტის თავმჯდომარე თვლის, რომ როდესაც ტანკებია დაქოქილი, იქ განცხადებებით ფონს ვერ გავალთ. დავით უსუფაშვილმა საერთაშორისო საზოგადოებას უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

„როდესაც ტანკებია დაქოქილი, იქ განცხადებებით ფონს ვერ გავალთ. ამიტომ საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურ და ყოველწუთიერ რეჟიმში დაკავებულია იმ პოზიციის ჩარჩოებში, რაც გამოხატულია პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, და რაც შესაძლებელია და რაც სწორია.

ეს არის უკრაინის ხელისუფლებასთან ურთიერთობის, ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კუთხით. უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ჩვენ ვახორციელებთ ყველა შესაძლო ქმედებას და ასევე, უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, რადგან ეს არ ხდება ძალიან შორს და არ ხდება ისეთი სახელმწიფოს მიერ, რომელსაც საერთო ჩვენთან არაფერი აქვს“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.