,,დედაქალაქის - თბილისის შესახებ' კანონში ცვლილებებს თბილისის საკრებულო პარლამენტს განსახილველად არ წარუდგენს

,,დედაქალაქის - თბილისის შესახებ' კანონში ცვლილებებს თბილისის საკრებულო პარლამენტს განსახილველად არ წარუდგენს

თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც დეპუტატებს მამუკა კაციტაძისა და კახა კუკავას ინიციატივაზე უნდა ემსჯელათ, არ შედგა. შესაბამისად "დედაქალაქის - თბილისის შესახებ" კანონში ცვლილებებს თბილისის საკრებულო პარლამენტს განსახილველად არ წარუდგენს.

საკანონმდებლო ორგანოში გამართულ დღევანდელ სხდომას საკრებულოს უმცირებამ ბოიკოტი გამოუცხადა, რის გამოც  მამუკა კაციტაძემ ინიციატივა უკან გაითხოვა.

როგორც საკანონმდებლო წინადადების ავტორმა აღნიშნა, შემუშავებული პროექტი პოლიტიკური შეთანხმების საგანი უნდა გამხდარიყო, თუმცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" სხდომაზე გამოუცხადებლობით პასუხისმგებლობის აღებაზე უარი თქვა.

”ამ ინიციატივის განხორციელება უნდა მომხდარიყო პოლიტიკური კონსესუსის საფუძველზე, ნაციონალური მოძრაობის წევრებს ორი დღის წინ ჰქონდათ სრული მზაობა, რომ ეს ინიციატივა მხარდაჭერილი ყოფილიყო მათი მხრიდან, უფრო მეტიც ჩვენ კონკრეტული მუხლების ფორმულირებაზეც კი გვქონდა საუბარი, მათ მოითხოვეს სხდომის ორი დღით გადადება და სწორედ ამ სხდომას გამოუცხადეს ბოიკოტი. მიზეზი კი იყო ის, რომ უგულავამ თქვა - ან მე დავხარჯავ ბიუჯეტს ან საერთოდ არ მაინტერესებს თბილისს ექნება თუ არა  მთავარი ფინანსური დოკუმენტი. სამწუხაროდ ჩვენს კოლეგებს არ აღმოაჩნდათ დამოუკიდებლობის ელემენტარული ხარისხი, რომ თავისი წინადადება დაეცვათ ყოფილი მერის წინაშე.

ფაქტიურად თბილისმა დღეს დაასრულა ბიუჯეტის მიღების პერსპექტივა და უახლოეს მომავალში შემოღებული იქნება ცენტრალური სახელმწიფო მმართველობა. რატომ ?! იმიტომ რომ ერთი ადამიანი პატარა კაცი აღმოჩნდა და მისმა ახირებამ იმსხვერპლა ნაციონალური მოძრაობის პოზიციონირება“, - განაცხადა  მამუკა კაციტაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ჯაბა სამუშიას განცხადებით, ინიციატივის თანახმად, თბილისის საკრებულოს დედაქალაქის მთავრობის წევრებისთვის უნდობლობის გამოცხადების უფლება და ბერკეტები ეძლეოდა, რითაც პროექტი საკრებულოს მხრიდან მთავრობაზე კონტროლის მექანიზმების შემოტანას ითვალისწინებდა.

"ეს არის პოლიტიკური დაკვეთა ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის გიგი უგულავას მხრიდან. მან იცოდა, რომ აქ მოსვლის შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა აღმოჩნდებოდა უსუსურ მდგომარეობაში და ის ვერ გაუძლებდა ვერცერთ  შეკითხვას და ჩვენს პოზიციონირებას. ამიტომ მათ არჩიეს ბოიკოტი და ეს მეტი არაფერია, თუ არა საკრებულოსა და თვითმმართველობის შეურაცჰყოფა . დღევანდელი ინიციატივით, რომელიც ეხება "საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ საქართველოს კანონში" შესატან ცვლილებას, კონტროლის მექანიზმი ჩნდებოდა საკრებულოს მხრიდან მერიის მისამართით, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ სრულად გააქრო“,- განაცხადა  ჯაბა სამუშიამ.

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს უპასუხისმგებლობა უწოდა საკრებულოს თავმჯდომარემ.

ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, გიგი უგულავას სურს ბიუჯეტი არა თბილისელებისთვის, არამედ საკუთარი პარტიის ინტერესებისთვის დახარჯოს.

"დიდი გულისტკივილით მინდა ავღნიშნო, რომ უმცირესობას არ აღმოაჩნდა იოტისოდინა პასუხისმგებლობა მოქალაქეების წინაშე. მათ ბოლომდე გამოამჟღავნეს მონური მორჩილება ყოფილი მერის, გიგი უგულავას მიმართ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს  იმ ფაქტს, რომ მათი მთავარი მიზანი არ წარმოადგენს თბილისსა და თბილისელებზე ზრუნვას.

დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა მათი მიზნები. ნაციონალურ მოძრაობას არ სურს საკრებულოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გააჩნდეს ბერკეტი, მათი მიზანია ძველებურად თავად განკარგონ დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი  და წინაასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად კვლავ ჰქონდეთ ბიუჯეტში ხელის ფათურის საშუალება.

გვინდა ვუთხრათ საზოგადოებას - ჩვენ ყველა ღონე ვიხმარეთ იმისათვის, რომ ქალაქში არ შემოღებულიყო ცენტრალური მმართველობა, მათ კი ყველაფერი გაკეთეს, რომ ბიუჯეტი არ ყოფილიყო მიღებული“,- განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერიამ საკრებულოს თბილისის ბიუჯეტის პროექტი უკვე მეოთხედ წარუდგინა.

როგორც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ განაცხადა, საკრებულო არ დაარღვევს კანონს და დეტალურად განიხილავს ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს, თუმცა  კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკრებულო არ დაამტკიცებს ბიუჯეტის პროექტს, თუ ის წინა შემთხვევების მსგავსად, კვლავ მერიის ინტერესებზე იქნება მორგებული.

თბილისის ბიუჯეტის პროექტს საკრებულო 7 მარტს განიხილავს.