„ნაციონალური მოძრაობა“ თვითმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის ბრძოლას აპირებს. ყოველ შემთხვევაში, უმცირესობის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან. უფრო მეტიც, ნუგზარ წიკლაური პროგნოზს აკეთებს, რომ „ორწლიანი პაუზის შემდეგ, ხელისუფლებაში დაბრუნდებიან და თავს არავის წინაშე არ დახრიან“. გიგი უგულავა კი ირწმუნება, რომ „თვითმართველობის არჩევნებში პარტია იბრძოლებს არა იმისთვის, რომ იყოს მთავარი ოპოზიციური ძალა, არამედ იმისთვის, რომ გაიმარჯვოს“.
თუ რის საფუძველზე აკეთებენ მსგავს პროგნოზებს წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, ამის გამოცნობა რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ ნაციონალებმა საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყეს.
პარტიამ ქუთაისში ადგილობრივი ორგანიზაცია დააფუძნა, რომლის თავმჯდომარედაც გიორგი თევდორაძე აირჩიეს. 700 დელეგატს შორის სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ და კონფერენცია დაწყებიდან სულ რამდენიმე წუთში დამთავრდა, მაგრამ მხარდამჭერებს გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, ნუგზარ წიკლაური, მიხეილ მაჭავარიანი და გიორგი თევდორაძე „ჰოლივუდური ღიმილით“ შეხვდნენ. სიტყვით გამოსვლისას კი, წიკლაურმა და უგულავამ ყურადღება კოალიციის „ჩავარდნებსა“ და ხელისუფლების სათავეში დაბრუნებაზე გაამახვილეს.
თუ რას ეფუძნება ნაციონალების პროგნოზები, ამის გარკვევას for.ge დეპუტატ მიხეილ მაჭავარიანთან შეეცადა:
აცხადებთ, რომ თვითმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის იბრძოლებთ. გასაგებია, რომ გამარჯვებაზე აქცენტირება პოლიტიკური ხერხია, მაგრამ ამის რა შანსი გაქვთ?
- თუ პარტია გამარჯვებისთვის არ იბრძვის, ის განწირულია წარუმატებლობისთვის. ყველა რესურსი გვაქვს და ეს წინა არჩევნებმაც აჩვენა, რომ გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. რამდენიმე მუნიციპალიტეტში სადაც მეტი შანსი გვექნება, მეტ ენერგიას დავხარჯავთ. „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ პირდაპირი ტერორი მიმდინარეობს და ეს ჩვენთვის მარტივი წლები არ არის. შეგიძლიათ, ჩვენს მხარდამჭერებს ჰკითხოთ, თუ რა ინტენსივობით დადიან ისინი დაკითხვებზე. მეჩეთის ამბების გამო, ადიგენში პარტიის თავმჯდომარე უაზროდ და არადეკვატურად დაიჭირეს. მის მიმართ სასამართლო პროცესი მიდის. ასევე დააკავეს ხონის გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია, მისი მოადგილე და ზურაბ ოტიაშვილი.
თუმცა, ბატონო მიხეილ ხმამაღალი ნათქვამი ხომ არ არის, რომ ნაციონალების მიმართ ტერორი ხორციელდება? თქვენს მიერ დასახელებულმა პირებმა თუ დანაშაული ჩაიდინეს, მათ პასუხი არ უნდა აგონ? თქვენი წარმომადგენლების მსგავსად, კახეთში „კონსერვატორების“ პარტიის თავმჯდომარეც დააკავეს და ზვიად ძიძიგურის პარტიის მიმართაც ზეწოლა ხორციელდება?
- როცა „დანაშაული“ ჩადენილია 2008 წელს, ან 2009 წელს და ამის შემდეგ გავიდა 2012 წელი, ასევე 2013 წელი და დადგა 2014 წელი, მათი „დანაშაულის“ შესახებ ახლა გაიგეს? ანუ, მაშინ როცა ამ ადამიანებმა არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე სურვილი გამოთქვეს?! რამდენიმე ათეული ადამიანის მიმართ საქმე იყო აღძრული, მაგრამ მას შემდეგ, რაც ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ გაერიდენ და „ქართულ ოცნებაში“ გადავიდნენ, მათი საქმეები დაიხურა. ამას რა ჰქვია, თუ არა შერჩევითი სამართალი?! ოტიაშვილი ან ჯიბუხაია იმ წინადადებას რომ დათანხმებოდნენ, რასაც მათ „ქართული ოცნება“ სთავაზობდა, გარწმუნებთ არცერთის დაკავება არ მოხდებოდა. თბილისის საკრებულოში მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც დაკითხვაზე დადიოდნენ, მაგრამ მათ მიმართ საქმის წარმოება შეწყდა.
რაც შეეხება პარტიულ საქმიანობას, წიკლაურმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უფრო გაძლიერდა, რაც იმის დასტურია, რომ ქართველი ხალხი ცვლილებებისთვის მზად არის. მისი ინფორმაციით, ბოლო ერთი თვეში, პარტიას 15 000-მდე ახალი წევრი შეემატა...
- სამწუხაროდ, პარტიის წევრთა ძველი ბაზა არ არსებობდა. მას შემდეგ რაც პრაიმერისი გამოვაცხადეთ, პარტიაში ბოლო თვის განმავლობაში 15 ათასი ადამიანი გაწევრიანდა. ეს ადამიანები არიან პარტიის წევრები და არა მხოლოდ მხარდამჭერები. მმართველი პარტია ვიყავით და ხელისუფლებაში შეზრდილი ვიყავით. იგივე შეცდომას უშვებს „ქართული ოცნებაც“. მათ ისევ ძველი საარჩევნო სისტემა აიღეს.
გოგორიშვილ-მაჭავარიანის „საარჩევნო კოდექსი“?
- დიახ. ამას მორცხვად მალავენ, მაგრამ ამას გარდა, იგივე შეცდომას უშვებენ, როცა ძალოვნებს აძლიერებენ. მთელი გუბერნიები და გამგეობები ძალოვნები არიან. მათ შორის გამგებლები არიან ის პირებიც, რომლებიც ჩვენს დროს ძალოვან უწყებებში მუშაობდნენ.
თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, „ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერში ნიკა მელია და გიორგი ვაშაძე მონაწილეობენ. თქვენ ვის უჭერთ მხარს?
- ინტრიგა არ მინდა შემოვიტანო. ამიტომ, გირჩევთ, მოვლენებს დაელოდოთ. ამ კანდიდატების მიმართ ჩემი მოსაზრებები მაქვს, მაგრამ მირჩევნია, გადაწყვეტილება არა მარტო გულით და არამარტო გონებით, არამედ ორივეს შეერთებით მივიღო.
თქვენს მხარდაჭერას ვაშაძე დაიმსახურებს? როგორც ცნობილია, თქვენსა და ვაშაძეს შორის წინააღმდეგობა არის პარტიულ გეგმებთან დაკავშირებით. ახალგაზრდა ნაციონალი პარტიაში რეფორმების გატარებას და ახალი სახეების გამოჩენას ითხოვს, თქვენ კი თურმე ამას ეწინააღმდეებით. რატომ?
- ვეთანხმები, რომ პარტიაში ახალი კადრები უნდა შემოვიდეს და პროცესები წინ წავიდეს, მაგრამ იმდენი პოლიტიკური გამოცდილება მაქვს, რომ ამ საკითხს არ ჩავუღმავდები. რაც პარტიული საკითხებია, ის შიგნით უნდა გადაწყდეს და ამის თაობაზე თქვენ ვერაფერს გეტყვით. ნოვაციას მივესალმებით, მაგრამ ჩვენს გამოცდილებას ხელს არ ვკრავთ. თუნდაც ის, რომ ჩვენს სიებში იყვნენ შიხიაშვილები, იონათამიშვილები, ხაჩირიშვილები, ქუთაისის საკრებულოში „გაპატრიოტებული ნაციონალები“, ეს გამოცდილება იმაზე მეტყველებს, რომ იგივე შეცდომა არ უნდა დავუშვათ.