უკრაინის მომავალი ძალადობასა და მშვიდობას შორის მერყეობს მას შემდეგ, რაც სასტიკმა შეტაკებებმა ჯერ კიევში, ახლა კი ყირიმში, პირდაპირ დააყენა საკითხი იმის შესახებ, დაუკავშირებს თუ არა უკრაინა საკუთარ ბედს რუსეთს, ორ სახელმწიფოდ გაიყოფა თუ დარჩება ერთიან დამოუკიდებელ ქვეყნად.
გადაყენებული პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი რუსეთში გაიქცა, თუმცა დღეს კვლავ განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერ პრეზიდენტად რჩება. ხუთშაბათს, 27 თებერვალს, თავდაცვის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმში, რომელიც უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონია და რუსეთის საზღვართან მდებარეობს, სამთავრობო შენობებზე შტურმი მიიტანა მოსკოვისათვის საკუთარი ერთგულების დემონსტრირებისათვის, ხოლო პარასკევს, 28 თებერვალს ორი აეროპორტი დაიკავეს. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა რეგიონში წრთვნები დაიწყეს. დღეს უკრაინამ რუსეთი ყირიმში ჯარების შეყვანაში დაადანაშაულა. ეს სამხედრო ნაწილები განთავსებული იყო სანაპირო დაცვის ბაზაზე და ორი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ყირიმი დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიის ნაწილი იყო, მისი მოსახლეობა დიდწილად ეთნიკური რუსებისაგან შედგება, და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილის მოსახლეობის მსგავსად, რუსეთთან მჭიდრო კავშირები აქვს.
იმავდროულად, კიევის საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებმა, რომლებიც ევროპასთან დაახლოებისაკენ მიისწრაფვიან, ახლახანს მოიპოვეს უფლება ნაციონალური არჩევნები დაგეგმილზე ერთი წლით ადრე ჩაატარონ. 25 მაისს უკრაინული ელექტორატი ახალ პრეზიდენტს აირჩევს. და იმავე დღეს ყირიმში დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება.
შექმნილი სიტუაცია ემოციისა და ძალის ერთგვარი ფეთქებადსაშიში ნაზავია. დღეს უკრაინის კრიზისის განვითარების ხუთი შესაძლო სცენარი არსებობს.
1. ყირიმი უკრაინას გამოეყოფა და რუსეთი მას მხარს დაუჭერს
ასეთ შემთხვევაში ყირიმის მცხოვრებლები ხმას მისცემენ დამოუკიდებლობას როგორც უკრაინისაგან, ასევე რუსეთისაგან და ყირიმი ცალკე წარმონაქმნი გახდება, რომელსაც რუსეთის და უკრაინის ლიდერები აღიარებენ.
„მოვლენათა განვითარების ერთი შესაძლო სცენარის თანახმად, არეულობა, რომელსაც დღეს თვალს ვადევნებთ, ისეთ დონეს მიაღწევს, როდესაც ყირიმი შეძლებს გამოყოფას და დამოუკიდებლობის მიღებას, და იმავდროულად რუსეთი მას გარანტირებულად დაუჭერს მხარს, კიევს კი მოუწევს მისი დამოუკიდებლობის აღარება“, ამბობს ენდი კაჩინსი, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
კანეგის მშვიდობის ფონდის რუსულ-ევრაზიული პროგრამის დირექტორ იუჯინ რუმერს მიაჩნია, რომ თუკი ყირიმის დამოუკიდებლობისკენ სვლა გაგრძელდება და ძალადობრივ ფორმას მიიღებს, ეს ძალადობა შეიძლება უკრაინის სხვა ნაწილებსაც გადაედოს, რაც ქვეყანას დააქუცმაცებს. „ჩემი აზრით, სეპარატისტული მოძრაობა ნელნელა გაიზრდება“, ამბობს რუმერი, „სეპარატიზმის განმტკიცების შესაძლებლობა ქვეყნის აღმოსავლეთში გაცილებით მაღალია, თუმცა ის არც დასავლეთში არ უნდა გამოვრიცხოთ“.
2. უკრაინა ყირიმში ძალას გამოიყენებს
თუკი კიეველი სამხედროები ყირიმში გამოსვლების ჩახშობას ძალით შეეცდებიან იმის დემონსტრირებისათვის, რომ ყირიმი უკრაინის ტერიტორიის შემადგენლობაში უნდა დარჩეს, ამას შეიძლება უკიდურესად არასასურველი შედეგი მოჰყვეს. ასეთმა ნაბიჯმა შეიძლება აიძულოს რუსეთი რეგიონში ჯარები შეიყვანოს, რასაც სამხედრო შეტაკებები მოჰყვება, მიაჩნიათ ენდრიუ ვაისს და დიმიტრი ტრენინს კარნეგის ფონდიდან. მათ დღეს ფონდის ოფიციალურ საიტზე ყირიმისადმი მიძღვნილი დიდი სტატია გამოაქვეყნეს.
„პუტინი იძულებული გახდება ჩაერიოს (ამ შემთხვევაში რეგიონში სერიოზული კონფლიქტი დაიწყება) იმის მიხედვით თუ როგორ უპასუხებს ოფიციალური კიევი ადგილობრივი მოსახლეობის ბოლოდროინდელ ნაბიჯებს. ჩვენ შეიძლება ვივარაუდოდ, რომ რუსეთის პასუხი საკმაოდ სასტიკი იქნება, თუკი კიევი მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს ყირიმში საკუთარი ხელისუფლების აღდგენისათვის: ის იქ ან ჯარს გააგზავნის, ან საშუალებას მისცემს იქაურ რევოლუციურ ნახევრადსამხედრო ფორმირებებს „სახალხო მარში“ შექმნან“, წერენ ისინი.
3. რუსეთი ყირიმში ძალას გამოიყენებს
რადგან რუსეთმა ყირიმის საზღვართან ახლოს სამხედრო წრთვნების დაიწყო, მსოფლიო თანამეგობრობა ახლა ყურადღებით აკვირდება იმას, ჩაერევა თუ არ რუსეთი უკრაინის შიდა კონფლიქტში.
„ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება მოხდეს, ყირიმში კონფლიქტის გაღრმავებაა. ყირიმი დღეს ბრძოლის ეპიცენტრად გადაიქცა“, მიაჩნია რუმერს. „ამ კონფლიქტში შეიძლება რუსი სამხედროები ჩაერიონ, ასევე უკრაინის შეიარაღებული და უსაფრთხოების ძალები... და მაშინ იქ დაიწყება ნამდვილი შეიარაღებული კონფლიქტი“.
თუმცა, კარნეგის ფონდის სტრატეგიული და საერთაშორისო ცენტრის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ პუტინი პროცესებში დროზე ადრე არ ჩაერევა.
„დიდი მოულოდნელობა იქნება, თუკი რუსეთი ღიად გადაწყვეტს ამ რეგიონის ანექსირებას. მართალია პუტინს უკრაინის სიტუაციაზე გასული შაბათ-კვირის შემდეგ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია, ადგილებზე განვითარებული მოვლენები სერიოზულად უქმნის საფრთხეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იმის ალბათობას ზრდის, რომ რუსეთის არმია ყირიმის გამოყოფაში უშუალოდ მიიღებს მონაწილეობას“, განმარტავს ვაისი.
„თუკი რუსეთი კუნთების თამაშს დაიწყებს, ეს ძალიან უხეში სიგნალი იქნება რუსების მხრიდან, და სამწუხაროდ, ჩემი აზრით, ნეგატიურ შედეგებს მოიტანს, რადგან მსგავსმა გამოხტომებმა შეიძლება გაზარდოს ანტირუსული განწყობები უკრაინულ საზოგადოებაში“, განაცხადა კაჩინსმა, და დასძინა, რომ, როგორც ჩანს რუსეთის სპეცსამსახურები უკვე ეხმარებიან ყირიმში თავდაცვითი ძალების მებრძოლებს.
4. აშშ შეიძლება იძულებული გახდეს დაეხმაროს უკრაინას
რუსეთს და აშშ-ის შორის ურთიერთობა სულ უფრო იძაბება, რადგან ქვეყნები, რომლებიც უკრაინას ესაზღვრებიან, აშშ-ის მოკავშირეები არიან (რუმინეთი, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვენია). აშშ-ის როგორც ჩანს მოუწევს უკრაინის დახმარება, თუკი იქ ნამდვილი კონფლიქტი დაიწყება.
„ჩვენ გვაქვს გარკვეული ვალდებულებები იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც უკრაინას ესაზღვრებიან“, ამბობს რუმერი. „ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უშუალოდ ჩავერთვებით კონფლიქტში. თუმცა, შეიძლება გაჩნდეს დევნილების პრობლემა ან ჰუმანიტარული დახმარების აუცილებლობა, და ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს ჩვენი მოკავშირეების დახმარება“.
ვაისი მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთის მოწოდებები რუსეთისადმი, რომ არ ჩაერიოს ყირიმის კონფლიქტში, შეიძლება მხოლოდ მოწოდებებად დარჩეს, რადგან რუსეთს მიაჩნია, რომ სწორედ დასავლეთი დგას კიევის პროტესტის უკან.
5. ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში დარჩება და რუსეთი პატივს სცემს მის ავტონომიას
კარნეგის ფონდის ექსპერტების აზრით, არსებულ მომენტში მოლენათა ამგვარი განვითარება ყველაზე საუკეთესოა. ის გულისხმობს იმას, რომ პუტინი მხარს დაუჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ხელს შეუშლის ყირიმის მხრიდან გამოყოფის ნებისმიერ მცდელობას, ასევე აღიარებს უკრაინის ახალ მთავრობას, რომელსაც მაისში აირჩევენ.
„ვიმედოვნებ, რომ შეიძლება რაიმე შუამავლობის გზით ყირიმში დაძაბულობის შემცირება და ოფიციალური კიევის და ყირიმის ხელისუფლების დარწმუნება დათანხმდნენ ფიქრის პერიოდს და მოლაპარაკებების პროცესს, რათა დარწმუნებით ითქვას, რომ ყირიმი არ მოითხოვს დამოუკიდებლობას“, ამბობს რუმერი.
foreignpress.ge