ტელეკომპანია „იმედის“ რეპორტიორი გურამ როგავა და ოპერატორი გიორგი ცხელიშვილი ყირიმში 27 თებერვალს ჩავიდნენ და ქართველ ტელემაყურებელს აქტუალურ ამბებს მოვლენათა ეპიცენტრიდან უყვებიან. ქართულ გადამღებ ჯგუფს ყირიმის დედაქალაქში ადგილობრივები განსაკუთრებულ პრობლემებს უქმნიან, ოფიციალური პირები კი ცდილობენ დაუბლოკონ პრესკონფერენციებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია.
რა ხდება ამ დროისთვის ყირიმში და რატომ აქვს ადგილობრივ მოსახლეობას ქართველი ჟურნალისტების მიმართ აგრესია? For.ge გურამ როგავას ყირიმში დაუკავშირდა.
გურამ როგავა: სიმფეროპოლში შეიარაღებულმა პირებმა სამთავრობო შენობები დაცალეს, ბარიკადებიც აიღეს, მაგრამ რუსული მხარე ახლა სამხედროების გადაბირებას ცდილობს და ყირიმის ტერიტორიაზე განთავსებულ სამხედრო ნაწილებს მოუწოდებს, ავტონომიური მთავრობის მითითებებს დაემორჩილოს. ნახევარკუნძულის პირველი პირები უკრაინის ახალ ხელისუფლებას არ აღიარებენ, უკრაინელი ჯარისკაცები კი ამბობენ, რომ ოფიციალურ კიევს ემორჩილებიან. ყოველ შემთხვევაში, სიმფეროპოლის ერთერთ სამხედრო-საზღვაო ბაზაზე, სადაც მე ვიმყოფებოდი, ასეთი ვითარებაა. მეთაური ამბობს, რომ მან ფიცი უკრაინის ხელისუფლებას მისცა და მის ბრძანებებს ემორჩილება, შესაბამისად, იარაღის დაყრას არ აპირებს და გვეუბნება, რომ თუ საჭირო გახდა, მისი ჯარისკაცები მზად არიან რუსების წინააღმდეგ დადგნენ. პარალელურად კი რუსეთის გენერალური საკონსულო რუსული პასპორტების გაცემის პროცესს ააქტიურებს. ხვალიდან რეგისტრაციის პროცესი იწყება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არასამუშაო დღე იყო, მოქალაქეები საკონსულოს შენობასთან მაინც მიდიოდნენ და კედელზე გაკრულ განცხადებებს კითხულობდნენ, სადაც წერია, თუ რა პროცედურები უნდა გაიარონ უკრაინის მოქალაქეებმა რუსული პასპორტების მისაღებად. გუშინ საზეიმო ვითარებაში რუსეთის კონსულმა სპეცდანაყოფ ბერკუტის რამდენიმე წევრს უკვე მიანიჭა რუსეთის მოქალაქეობა და მათ თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.
გურამ, რამდენად რთულ პირობებში გიწევთ მუშაობა ჟურნალისტებს? კონკრეტულად რა სირთულეებს აწყდებით ამბების გაშუქებისას?
– ერთადერთი ქართველი ჟურნალისტი ვარ, რომელიც ყირიმში მუშაობს. სიმფეროპოლში უკვე გვცნობენ, იციან ტელევიზიის დასახელება, მაგრამ დადებითი ემოციებით მხოლოდ ყირიმელი თათრები გვხვდებიან. ქალაქის მოსახლეობის თითქმის 70% რუსი ეროვნებისაა, რომლებთანაც კომუნიკაცია წარმოუდგენელია. როგორც კი იგებენ, რომ ქართველები ვართ, მაშინვე პროვოკატორებს გვიწოდებენ, მეუბნებიან, სააკაშვილის აგენტი ხარ და მის მითითებებს ასრულებო. ბუნებრივია, იმის დასამტკიცებლად, რომ სააკაშვილთან არაფერი მაკავშირებს, ჩემს ჟურნალისტურ ბიოგრაფიას ვერ გავაცნობ. მათ არც სურთ ჩვენი მოსმენა. ქართველი მათთვის ნიშნავს პროვოკატორს, თუმცა ვერ ვიტყვი რომ მხოლოდ ქართველებს ერჩიან. სხვა უცხოურ არხებსაც შეექმნათ პრობლემები. მაგალითად, გუშინ ყირიმის უმაღლესი რადის შენობასთან მისასვლელი გზები ცოცხალი ჯაჭვით გადაკეტეს და შიგნით რუსი ჟურნალისტების გარდა არავის უშვებდნენ. არადა, იმ ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობდა, რომელიც საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მხოლოდ რუსულმა მედიამ გააშუქა. ხშირად მინახავს, რუსი ჟურნალისტის პირდაპირი ჩართვის მომენტში, მის გარშემო როგორ იკრიბებიან მოქალაქეები და როგორც კი რეპორტიორი საუბარს ასრულებს, ისმის აპლოდისმენტები და შეძახილები: „მადლობა რუსულ დამოუკიდებელ მედიას“. ჩვენ შემთხვევაში რა ხდება, ალბათ, რთული გამოსაცნობი არ არის - ჩართვის პროცესში კამერის უკან დგანან და სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებენ. ერთერთი ჩართვის დროს აქციის მონაწილეებმა ისიც კი მომთხოვეს, რომ ჩემი საუბარი რუსულად მეთარგმნა, ქართული არ გვესმისო. თუ ამას არ გააკეთებ, გაგაძევებთო. ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც მოდიან ადამიანები და მიყვებიან ისტორიებს, როგორ იბრძოდნენ რუსების მხარეს აფხაზეთის ომში (ძირითადად კაზაკები), რამდენი ქართველი მოკლეს და ა.შ. ერთმა ვეტერანმა მე და ჩემს ოპერატორს გვითხრა, აფხაზეთში ქართველებმა ოჯახის წევრები მომიკლეს, მეზიზღებითო. მოკლედ, ძალიან დიდი მორალური ზეწოლის ქვეშ გვიწევს მუშაობა. ჯერჯერობით ფიზიკური შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ, მაგრამ ადგილობრივი და ზოგიერთი რუსი ჟურნალისტი გვაფრთხილებს, ღამე ქუჩაში მარტო არ გახვიდეთო. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ საოცრად კოლეგიალურები არიან. ყოველ საათში გვირეკავენ, რამე ხომ არ გიჭირთ, როგორ დაგეხმაროთო. სხვათაშორის, რამდენიმე რუს ჟურნალისტს დავუმეგობრდი, რომლებიც გვერდში მიდგანან და აქციების დროს ხშირად გვიცავენ აგრესიული მოქალაქეებისგან.
ხშირად ხდება, რომ ადგილობრივი მთავრობა და რუსეთის გენერალური საკონსულო დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას გვიმალავენ – ასეთ დროს ცნობებს, სწორედ, რუსი ჟურნალისტები მაწვდიან.
რუსი ჟურნალისტებისთვის ერთგვარი სასათბურე პირობები მათ მიმართ მეტი ნდობით აიხსნება? ეს „ნდობა“ ყირიმის ამბების რუსეთის ინტერესების შესაბამისად გაშუქების მოლოდინს ხომ არ უკავშირდება? შენი დაკვირვებით, რამდენად ობიექტურად მუშაობენ რუსი კოლეგები ყირიმში?
– მოდი, მათ მუშაობას არ შევაფასებ. ყველანი ვუყურებთ რუსულ არხებს და ვიცით, რა ტექნიკითაც მუშაობენ. სამწუხაროდ, მათი პროპაგანდა საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებზე კარგად მუშაობს. რუსული მედიის პროპაგანდის მსხვერპლია ყირიმის რუსულენოვანი მოსახლეობა. ისინი ასე მედიამ გააბოროტა, ამაში ორი აზრი არ არსებობს. მათ დაიჯერეს ის, რაც სამწუხაროდ წიგნებში არ წაუკითხავთ, ტელევიზიით კი რეალობა დაუმალეს და რუსული ინტერპრეტაცია დააჯერეს. ბევრ ისტორიულ ფაქტზე როცა ვეკითხები, ისეთ ჭრილში მიყვებიან ამ მოვლენებზე, ვხვდები, რომ ეს ცოდნა მათ წიგნებიდან არ მიუღიათ. თვითონაც როცა რაღაცას გიმტკიცებენ, მეტი დამაჯერებლობისთვის ხშირად იყენებენ ფრაზას: „რუსულმა არხებმა გადმოსცეს“. რუსული მედია კი, ყველამ ვიცით რასაც გადმოსცემს. შორს რომ არ წავიდეთ, როცა ისტორიული ფაქტების დამახინჯებაზე ვსაუბრობთ, გავიხსენოთ სოჭის ოლიმპიადაზე წარმოდგენილი არგონავტების მითის რუსული ვერსია. რა თქმა უნდა, ყველა ერთ ქვაბში არ უნდა მოვხარშოთ, ის რუსი ჟურნალისტები, რომლებთანაც აქ დავმეგობრდი, ძალიან კრიტიკულად უყურებენ განვითარებულ მოვლენებს და დამიჯერეთ, ამ თემებზე ბევრად მწვავე შეფასებებს აკეთებენ. ძალიან გამიმართლა, რომ ეს ადამიანები გავიცანი. მათ დამარწმუნეს, რომ ზოგჯერ მართლა ასეა: „ჟურნალისტს ეროვნება არ აქვს“. ჩვენ ამ დღეებში ბევრს ვსაუბრობთ აგვისტოს ომზე, მიხარია, როცა რუსი ჟურნალისტებისგან ვისმენ მოსაზრებას, რომ რუსეთი იგივე სცენარს ყირიმში იმეორებს. მოკლედ, რუსულ მედიაშიც არიან ღირსეული ადამიანები და საქართველოსა და უკრაინის გულშემატკივრები.
ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პანორამაში“ ყვებოდი, რომ სიმფეროპოლში ზეიმია და კონცერტით რუსეთთან შეერთებას აღნიშნავენ. რამდენად ერთსულოვანია ადგილობრივი მოსახლეობა ამ საკითხზე?
– ზეიმობს რუსულენოვანი მოსახლეობა, თუმცა, აქციები რომელიც სიმფეროპოლში მიმდინარეობს, მასშტაბურობით არ გამოირჩევა. როგორც გითხარი, თითქმის 70% რუსი ეროვნებისაა და ამ სტატისტიკის გათვალისწინებით თუ ვიმსჯელებთ, პრორუსული მიწოდებებით ქუჩაში ძალიან ცოტა ადამიანი გამოდის. ყირიმელმა თათრებმა გამოხატეს პოზიცია, რომ მხარს ახალ ხელისუფლებას და ევროინტეგრაციას უჭერენ, თუმცა პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით, ისინი ამ ეტაპზე, აქტიურ ქმედებებზე ჯერ არ გადასულან და პასიურ პოზიციას ინარჩუნებენ, აქციებს არ მართავენ. საინტერესოა, რომ მოსახლეობა რომელიც ითხოვს რეფერენდუმს ყირიმის დამოუკიდებლობის შესახებ, დამოუკიდებლობას უცნაურად აღიქვამს. ითხოვენ დამოუკიდებლობას და ხელში რუსული დროშები უჭირავთ. რაც შეეხება კონცერტს, ის ახალი ე.წ. მთავრობის ინიციატივით იმართება, მაგრამ ჩვენ არ შეგვიშვეს. ალბათ, მხოლოდ რუსულ არხებზე შევძლებთ ამ ყველაფრის ნახვას.
და ბოლოს, უქმე დღეების შემდეგ რა მოლოდინი არსებობს ყირიმში – რა იგეგმება უახლოეს დღეებში?
– ე.წ საზღვრების გამაგრება, აეროპორტზე კონტროლის გამკაცრება და ახალ კანონებზე მუშაობა, - ეს პრიორიტეტები დღევანდელ პრესკონფერენციაზე ყირიმის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დაუსახელა ჟურნალისტებს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. იმედია, ჩვენ მუშაობის საშუალება მეტნაკლებად მოგვეცემა და მომიტინგეების მსგავსად ოფიციალური პირები ტერიტორიის დატოვებას არ მოგვთხოვენ. ამის შესახებ გუშინ ყირიმელი თათრების ტელევიზიის ჟურნალისტმა მიამბო, არ გაგიკვირდეს, რომ საბაბი გამოძებნონ და ყირიმის დატოვება გაიძულონო. იმედია, ეს ვარაუდი არ გამართლდება. ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, აქ ყოფნა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. ყირიმში ახლა მარტო უკრაინის ბედი არ წყდება და ძალიან ცოტა რეპორტიორს ეძლევა შანსი ეს მოვლენები ახლო ხედით გააშუქოს. ბედნიერი ვარ, რომ მე ამ მცირერიცხოვან რეპორტიორთა შორის ვარ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება და გაკვეთილია.