ექსპერტი გია ხუხაშვილი რუსეთის მხრიდან რევანშს არ გამორიცხავს. მისი თქმით, ყველაფერი დიდი გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილია და დღეს რუსეთს წყალივით სჭირდება რევანში. მეტიც, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს ნებისმიერი მოკლევადიანი რევანში ესაჭიროება. ამ კონტექტსში შეიძლება ყირიმისა და საქართველოს პრობლემის განხილვაც.
For.ge გია ხუხაშვილს ესაუბრა.
როგორც ჩანს, რუსები ყირიმის დაკარგვას არ შეურიგდებიან. „უკრაინის ბრძოლა საქართველოს ბრძოლაა“, - ასეთი განცხადებები კეთდება ქართული მხარის მხრიდან. რუსეთის ხელისუფლებამ უკვე გამოაცხადა გადაწყვეტილება უკრაინაში, ყირიმში რუსეთის მოქალაქეთა დაცვის საბაბით და მდგომარეობის „სტაბილიზებამდე“ დამატებითი სამხედრო ძალის შეყვანის შესახებ, რაც დამოუკიდებელი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დაწყებას ნიშნავს. ეს მაშინ, როცა 1994 წლის 5 დეკემბრის ბუდაპეშტის დეკლარაციით, რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად, უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საზღვრების ურღვევობის გარანტორი უნდა ყოფილიყო. როგორ განვითარდება მოვლენები ყირიმში და როგორ აისახება ეს პროცესები საქართველოზე?
- ჯერჯერობით, ძალიან ძნელი სათქმელია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ყირიმში. გასაგებია, ძალზე დრამატულად ვითარდება მოვლენები, მაგრამ მაინც პოზიციური ბრძოლაა. საბედნიეროდ, ჯერჯერობით თოფის გავარდნა რასაც ჰქვია და საიდანაც იწყება შეუქცევადი პროცესები, არ მომხდარა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, კიდევ არის შანსი, ეს პროცესი რაღაცნაირად შეჩერდეს. რა იქნება შეჩერების მოტივაცია, ესეც გაურკვეველია. რაც შეეხება თვითონ ოფიციალურ განცხადებებს ჩვენი ხელისუფლების შტოების მხრიდან, საკმაოდ ადეკვატური იყო. სწორი აქცენტები იყო დასმული, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდაჭერა საითაც არის და ვისკენაც არის, ეს ყველასთვის გასაგებია, მაგრამ ამ გლობალურ ომში ჩვენ არ ვართ მთავარი აქტორი. არც უნდა მივისწრაფოდეთ ამისთვის. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ჩვენი ადგილი.
თეთრი სახლი აპირებს, რომ უკრაინაში ძალის შესაძლო გამოყენების საპასუხოდ, რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი დასვას. ეს მხოლოდ ვერბალური განაცხადია თუ რეალური გეგმა? რამდენად ეფექტური იქნება რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხის დასმა?
- ძნელი სათქმელია, დიაპაზონი, ჯერჯერობით, ძალიან დიდია. არა მგონია, ვაშინგტონშიც ჩამოყალიბებული ჰქონდეთ ზუსტი გეგმა, რადგან ვაშინგტონშიც არ არის ამ სიტუაციის ცალსახა გაგება. ვიცით, რომ იქ არის ორი ძირითადი ფრთა - „ქორების“ ფრთა და შედარებით ზომიერი ფრთა. სხვათა შორის, არც ის მგონია, რუსეთიც ბოლომდე ჩამოყალიბებული იყოს მოვლენების განვითარებაში. მაინც ვისურვებ უკეთესს. ეს არის ისეთი ტიპის კონფლიქტი, რომელიც მიდის გლობალური, ორი სამყაროს დაპირისპირების ნიშნით. ასეთი კონფლიქტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არც ყოფილა. შესაბამისად, რისკები დღეს ძალზე მაღალია. პასუხისმგებლობა ძალიან დიდია და ვიმედოვნებ, არაადეკვატური ნაბიჯები არ იქნება გადადგმული.
თქვენ აცხადებთ, რომ ძალზე დრამატულად ვითარდება მოვლენები, დაიწყო დიდი გადანაწილება და საქართველოშიც მავთულხლართების თემა სწორედ ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ. ეს ნერვების თამაშია. ფიქრობთ, რომ დღეს უკრაინაში აღარ წყდება უკრაინის ბედი, ისევე, როგორც, სამწუხაროდ, საქართველოში არ წყდება საქართველოს ბედი? თუ ეს ასეა, რა უნდა გააკეთოს პრევენციისთვის საქართველოს ხელისუფლებამ?
- რუსეთმა ჯერჯერობით განიცადა ტაქტიკური მარცხი უკრაინისთვის ბრძოლაში. ამის გამო მას სერიოზული პრობლემები აქვს როგორც ქვეყნის გარეთ, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით და სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე, შეიძლება შეექმნას ქვეყნის შიგნითაც. რუსეთი ასე ფიქრობს, რომ დათმობა სისუსტის გამოვლენაა. შესაბამისად, ის შეეცდება, განავითაროს სწრაფი გამარჯვების ოპერაცია გარკვეული მიმართულებით. თუ ეს არ გამოუვიდა უკრაინის მიმართულებით, რუსეთს დიდი გამოცდილება აქვს საქართველოს მიმართ ასეთი ტიპის გამარჯვების ორგანიზების მხრივ და არ არის გამორიცხული, მისი რევანშის ვექტორმა გარკვეული პერიოდით გადმოინაცვლოს საქართველოზე. ამას თეორიულად ვუშვებ, არ ვამბობ, რომ ეს ასე იქნება აუცილებლად, მაგრამ ასეთი ვარიანტი შესაძლებელია რუსეთის ბუნებიდან გამომდინარე.
რაც შეეხება პრევენციას, იმაზე მეტ პრევენციას, რასაც ვაკეთებთ, ვერ გავაკეთებთ. ერთადერთი, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რომ არ წამოვეგოთ შესაძლო პროვოკაციებზე, რაც მოსალდნელია მოკლევადიან პერიოდში, სანამ არ გადაწყდება, თუ რა ხდება საბოლოო ჯამში უკრაინაში და მეტი გარკვეულობა არ შევა ამ თემაში. თუ რუსეთს არ ეყო ძალა უკრაინასთან მიმართებაში, არ გამოვრიცხავ, შეცვალოს ვექტორი და მისი აგრესია მიმართულ იქნას ჩვენს მიმართ.
თუმცა გამორიცხული არ არის, რუსეთის მთავარი იმედი ახლა ყირიმი იყოს.
- უბრალოდ, რუსეთი აქამდე ნიღბავდა თავის დამოკიდებულებას, პირდაპირ ნაჯახს არ აჩვენებდა და თითქოს არ საუბრობდა ყირიმის გამოყოფაზე, თუმცა საუბრობდნენ ავტონომიის გაზრდაზე, ანუ გამოყენებული იყო იგივე შენიღბვითი ტექნოლოგია და შენიღბვითი ნიღბის ქვეშ რეალური აგრესია მიმდინარეობდა, რაც გამოყენებული იყო აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში. პირველ ეტაპზე იქაც არ იყო საუბარი გამოყოფაზე, იქაც საუბრობდნენ ავტონომიის გაფართოებაზე და ა.შ. შემდეგ ეტაპზე განვითარდა ის ამბები, რაც განვითარდა...
ნერვების ომი როცა ახსენეთ, თქვენ განმარტეთ, რომ საქართველო ამ თამაშის ტოპ ხუთეულშია. რა იგულისხმეთ?
- სწორედ ტოპ ხუთეულში გვხვდება ძირითადი თემები - სირია, ერაყი, ავღანეთი, ზოგადად, აღმოსავლური მიმართულება, იგივე პალესტინა-ისრაელის ურთიერთობები. გარდა ამისა, უკრაინაში დღეს დაიწყო დიდი გლობალური თამაში. საქართველო არის ამ თამაშის ნაწილი. ერთი მხრივ, კარგია, რომ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა დააჩქარა ჩვენი ევროინტეგრაციისა და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. თვითონ დასავლეთია ამით დაინტერესებული. ჩემი აზრით, ჩვენი პრემიერის ვიზიტი ამიტომაც გამოვიდა ასეთი მაღალი დონის, რადგან ამ გლობალურ თამაშებში საქართველოს მიმართ ინტერესი მაღალია. ძალიან კარგ ტალღებზე ვართ, მაგრამ, ამასთანავე, ამაში ძალიან დიდი რისკებია ჩადებული. შეიძლება, დიდ გარიგებაში პატარა ქვეყნები გარიგების საგნად გადაიქცნენ. ამიტომ გვჭირდება დიდი ყურადღება. ჩვენ არ ვართ მსოფლიოს ჭიპი და არ უნდა ვიყოთ აქტიურნი, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ, კარგად დავაკვირდეთ სიტუაციას, თუ საით წავა მოვლენები. ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. წინა საუკუნეში იყო მოლოტოვ-რიბენტროპის შეთანხმება და სხვა. დიდი მოთამაშეები სხვანაირად აზროვნებენ, ისინი არ აზროვნებენ ფასეულობათა დონეზე, ითვლიან, საით იხრება ძალა და მერე ხდება ინტერესთა გაყოფა. რაღაცაზე თანხმდებიან და ეს ყოველთვის ხდება პატარა ქვეყნების ხარჯზე. ცუდ სცენარს არ ვხატავ, მაგრამ ეს ვარიანტები კარგად უნდა გვქონდეს გათვლილი, რომ შესაძლო რეაგირებისთვის მზად ვიყოთ. სამწუხაროდ, ჩვენ გავხდით დიდი გეოპოლიტიკური თამაშის პასიური ნაწილი და ერთადერთი, რაც შეგვიძლია, მცირე კორექტივები შევიტანოთ.
უკრაინის მოვლენების შემდგომ, ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ასეთი შეხვედრები ჰქონდა ამერიკაში, არაფერს ნიშნავს რუსეთისთვის?
- რუსეთს უკანდასახევი აღარაფერი არ აქვს და შესაბამისად, იწყებს აგრესიულ მოქმედებებს. ნაჯახით ქმედებაზე გადადის ნელ-ნელა. ერთი მხრივ, დასავლეთის ფაქტორი, ჩვენი მხარდაჭერის გაძლიერება ძალიან კარგია, მაგრამ დაჭრილი დათვის ისტორია ახლა იწყება, დაჭრილ დათვს ბევრი რამის გაფუჭება შეუძლია, სანამ ბოლომდე დასუსტდება. ამიტომ ბევრად სახიფათოა, ვიდრე დადუმებული დათვი. დღეს რუსეთი დაჭრილია და ბევრად უფრო აგრესიულია, ვიდრე გუშინ.
ამ ფონზე სამცხე-ჯავახეთის თემის გააქტიურებაც მოსალოდნელია, მათი ე.წ. კულტურული ავტონომიით?
- არ ვიცი, რა რესურსს ჩართავს ამ თამაშში რუსეთი. როცა რუსეთი აგრესიულ ქმედებებში გადადის, ყველა რესურსი იქნება გამოყენებული, მათ შორის, ესეც არ არის გამორიცხული.
თუკი ნეგატიურად განვითარდება მოვლენები და ამერიკა ან დიდი ქვეყნები არ ისურვებენ საქართველოს მეხამრიდად ყოფნას, მაშინ ვინ დაიცავს ჩვენს ქვეყანას ამერიკის მიერ რუსეთის დაშლის გეგმის ამოქმედების პროცესში? თუკი ეთანხმებით, რომ ეს გეგმა მართლაც არსებობს?
- გააჩნია, როგორია გეგმა. ჩვენ არ ვიცით ამ გეგმის შესახებ. დიდი შენობა რომ ინგრევა, პატარ-პატარა შენობებსაც ემუქრება საფრთხე. რუსეთის ფორსირებული დანგრევა ჩვენთვის სახიფათოა. არ ვიცი, რა გეგმა არსებობს შეერთებულ შტატებსა და დასავლეთში. ღმერთმა ქნას, ეს იყოს გეგმა, სადაც პატარა ქვეყნების უსაფრთხოების ფაქტორები გათვალისწინებულ იქნება. თუმცა, როცა დიდი თამაში მიდის, იქ სუბიექტური ფაქტორები ყოველთვის იწყებს მოქმედებას და წინასწარ ყველაფრის გათვლა შეუძლებელი ხდება. თეორიაში, რუსეთის დასუსტება ჩვენთვის დადებითია, თუმცა პროცესში რისკების შემცველია. მე არ ვიცი, აშშ-ის გეგმა როგორია და ისიც არ ვიცი, საერთოდ არსებობს თუ არა ასეთი გეგმა.
დიდი ქვეყნების პარალელურად, რომლებიც თამაშობენ საქართველოსნაირი, პატარა ქვეყნების ბედით, შესაძლებელია, რომ რუსეთიც და საქართველოც თამაშობდნენ გარკვეული წესების შესაბამისად? ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ წერს ანალიტიკოსი მაიკლ ჩიჩერე. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის მტრულმა რიტორიკამ იკლო, თუმცა მეგობრობამდე დიდი გზაა გასავლელი და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, სავარაუდოდ, რთული დღეები ელის.
- ის ტონალობა, რაც ახლა რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობებშია, ჩემი აზრით, სწორი ტონალობაა. ჩვენ ზედმეტად არ ვაღიზიანებთ ისედაც გაღიზიანებულ რუსეთს და დაჭრილ დათვს არ ვუჩიჩინებთ. ეს პოლიტიკა უნდა გავაგრძელოთ. არ უნდა ვეცადოთ, ამ დიდ გეოპოლიტიკურ ომში წინა პლანზე გამოვიდეთ და ყოველ დღე მიშა სააკაშვილივით თითი გავიშვიროთ რუსეთისკენ. ამას აზრი არ აქვს. ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება და არავინ გვისმენს. ერთადერთი, ამით ვახერხებთ რუსეთის გაღიზიანებას, მეტ დივიდენდს ამით ვერ ვიგებთ.
ორგვარი მოსაზრება არსებობს, თუ ვინ უნდა წავიდეს პუტინთან. ჩვენ ვიცით, რომ პუტინის შეთავაზება გაკეთდა მარგველაშვილის მისამართით, თუმცა მიპატიჟება მიიღო ღარიბაშვილმა. საქართველოში ბევრი ფიქრობს, მათ შორის, ექსპერტებიც, რომ ღარიბაშვილის წასვლა უმჯობესი იქნებოდა.
- ასეთი შეხვედრა შეიძლება შედგეს მხოლოდ მესამე ქვეყნაში, ან რომელიმე ფორუმზე, რადგან რუსეთის მხრიდან საუბარი იყო საქართველოს პრეზიდენტზე, დღეს იმაზე ლაპარაკი, რომ, გინდა თუ არა, აჯობებს ღარიბაშვილი, ღრმად არასერიოზულია. ამ შეხვედრაზე ჯერ რაიმე კონკრეტული შედეგის მიღება შეუძლებელია. რუსეთის მხარემ ჩვენს პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, ამიტომ შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტი. აქ კონკურენცია, რომ ეს შეხვდეს, ან ის შეხვდეს, ინფანტილურია. შეხვდეს მარგველაშვილი, მაგრამ ისიც - მესამე ქვეყანაში. ვერც რუსეთში და ვერც საქართველოში ასეთი შეხვედრა ვერ გაიმართება, რადგან ფორმატი გაუგებარი იქნება.
რუსეთის გააქტიურების თემას დავუბრუნდეთ. ნაციონალები გამუდმებით აპელირებდნენ საქართველოში რუსეთის პოტენციური მოკავშირეების თემით. საქართველოში რუსეთის გააქტიურებისთვის საჭიროა თუ არა ფინანსების ამოქმედება და პოტენციური მოკავშირეების რეალური ყოფნა საქართველოს შიდა სივრცეებში?
- რასაკვირველია. რუსეთმა თუ თავი არ გაიგიჟა... მე არ მინდა სიტუაციის დრამატიზება, უბრალოდ, დღეს არის რისკები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. რა თქმა უნდა, საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს მოკავშირეები, მაგრამ ძალიან ბევრია დამოკიდებული ჩვენს საკუთარ ქმედებებზე. რეალურად დღეს მთელი პოლიტიკური თამაშის ბედი არ წყდება საქართველოში, ის წყდება უკრაინასა და ყირიმში და საქართველოს ზედმეტად შეკვეტება ამ პროცესში მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება. კი ბატონო, ჩვენ ჩვენი პოზიცია უნდა გამოვთქვათ, მაგრამ ჩვენი ქმედებები არ უნდა გასცდეს საერთაშორისო სტანდარტებით მიღებულ დიპლომატიურ ფარგლებს. არ უნდა გავხდეთ რაღაცის მედროშეები, გოლიათთან მებრძოლი დავითის პოზაში არ უნდა დავდგეთ, მით უმეტეს, ამას ჩვენ არავინ გვეკითხება. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შევაფასოთ ის ყველაფერი, რაც ხდება უკრაინაში და უნდა შევაფასოთ ისევე, როგორც ამას აფასებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მაგრამ პირველი ვიოლინო ამ თამაშში არ უნდა გავხდეთ, რაც გამოიწვევს ზედმეტ აგრესიას რუსეთის მხრიდან.