“ოცნების” ხელისუფლებამ წართმეული ქონების დაბრუნების კუთხით პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა - გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრომ ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილისთვის ქონების დაბრუნების პროცესი დაიწყო. ეს პრეცედენტი, რასაკვირველია, მისასალმებელია, მაგრამ ამ ფონზე ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა, თუ რა ელის იმ ასობით და, შეიძლება, ათასობით მეწარმეს, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა გააკულაკა? სხვათა შორის, ხელისუფლება შეიცვალა თუ არა, “გაკულაკებულთა” უმრავლესობამ მთავარ პროკურატურაში იმის იმედით, რომ გამოძიება დაიწყებოდა, განცხადება შეიტანა, მაგრამ გამოძიებას ვინ ჩივის, საქმეების გადახედვაც კი არ დაწყებულა... გამოძიების დაწყებას ელოდება სს “ელექტროაპარატის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, სავაჭრო სახლ “საბა”-ს მფლობელი პაატა კაჭარავაც. საერთოდ, კაჭარავას საქმე ე.წ. ნაციონალური ბიზნესდატერორების კლასიკური მაგალითია.
პაატა კაჭარავა ხმაურიანი მეწარმე არასოდეს ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკაში არ ერეოდა და საქმეს, როგორც იტყვიან, ჩუმად აკეთებდა. მიუხედავად ამისა, “ნაციონალთა” “მხედველობის არეში” მაინც აღმოჩნდა.
ყველაფერი კი, 2005 წელს, სს “ელექტროაპარატის” ერთ-ერთი აქციონერის, ვლადიმერ ბირკაძის მიერ ფინანსურ პოლიციაში შეტანილი საჩივრით დაიწყო. პაატა კაჭარავას თქმით, ბირკაძეს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და მოსთხოვა, თუ გინდა რომ გავჩუმდე, 5 ათასი დოლარი გადამიხადე, ან 30 ათასი მომეცი და სააქციო საზოგადოებიდან საერთოდ წავალო. კაჭარავამ ეს ულტიმატუმი, ცხადია, არ დააკმაყოფილა და სს “ელექტროაპარატს”, რომელიც ფართო მოხმარების საშუალებებს აწარმოებდა, კეზერაშვილის ბიჭები შეესივნენ. შეგახსენებთ: იმხანად ფინანსურ პოლიციას დავით კეზერაშვილი ხელმძღვანელობდა.
“ქარხანას სახელმწიფოსი მილიონნახევარი ემართა. მართალია, წამგებიანი იყო, მაგრამ წაროების ოპტიმიზაცია შეიძლებოდა. ამიტომ, 1996 წლიდან, როცა ფულად აუქციონზე აქციები გამოიტანეს, აქციების შეძენა დავიწყე და 1999 წელს ზარალიანი ქარხნის 93 პროცენტს ვფლობდი. 2002 წელს კი, ადგილობრივი ბაზრისთვის უკვე 200-მდე ახალი პროდუქცია გვქონდა ათვისებული. პარალელურად, ბიუჯეტის, დაახლოებით, 850 ათასი, დღგ-ს, მოგებისა და საშემოსავლოს, სახელფასო და კომუნალური გადასახადების დავალიანებებიც დავფარეთ”, - ამბობს პაატა კაჭარავა.
ერთი სიტყვით, იმ დროს, როცა ფინანსური პოლიცია დაეცა, ქარხანა მხოლოდ მომგებიანი კი არა, მსხვილი გადამხდელიც იყო და ბიუჯეტში ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი შეჰქონდა. სხვათა შორის, ზურაბ ადეიშვილს, რომელსაც მოგვიანებით, კაჭარავას დახმარება სთხოვეს, უთქვამს, თუ ამ ადამიანს ამდენი ქონება ჰქონდა, აქამდე რატომ არაფერი ვიცოდითო. ამასთან, ადეიშვილს შუამავლებისთვის მიუნიშნებია, ბიზნესმენების “გაპარსვა” “კეზერას” პრეროგატივაა და მაგის საქმეში არ ჩავერევიო. “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას კაჭარავა ადასტურებს, რომ “გასაპარსთა სიას”, მართლაც, კეზერაშვილი ადგენდა, თუმცა ბიზნესისა და ქონების წართმევა სააკაშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.
“2005 წლის ნოემბერში, ოფისში რამდენიმე სამოქალაქოფორმიანი ადამიანი შემოვარდა, მათ შორის, კოტე ყიფიანი და ფინანსური პოლიციის პირველი სამმართველოს უფროსი. სხვათა შორის, კოტე ყიფიანი 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსად დანიშნეს და დღესაც ამ ადგილზე მუშაობს... ყოფიანმა და მისმა თანმხლებებმა ჩხრეკა დაიწყეს, საბუთები წაიღეს და ექვსი თვე რაღაცას იძიებდნენ, თან ყიფიანი ჩემს ადვოკატებს სთავაზობდა, რომ ბიუჯეტში 500 ათასი გადამეხადა და თავს დამანებებდნენ, მაგრამ არაფერი მქონდა დაშავებული და 500 ათასი ტყუილად რატომ უნდა გადამეხადა?.. 2006 წლის 28 ივნისს, შინიდან გამოვედი და ვიგრძენი, რომ უცხო მანქანა მომყვებოდა, სადაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები ისხდნენ. ჯერ გავერიდე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ფინანსური პოლიციის თანამშრომლები უნდა ყოფილიყვნენ. მანქანა გავაჩერე და აფთიაქში შევედი, ისინიც შემომყვნენ და მითხრეს, ფინანსური პოლიციიდან ვართ და ჩვენთან უნდა წამოხვიდეო. ფინანსურ პოლიციაში კოტე ყიფიანის კაბინეტში შევედით. ყიფიანი რაღაცებს მეკითხებოდა, ვუსაბუთებდი, ასე კი არა, ასეა-მეთქი, მაგრამ ჩემი პასუხები არ აინტერესებდა და ვუთხარი, შვილო, დოქსოპულო ხარ-მეთქი... ყიფიანმა ცალკე ოთახში გამიყვანა და თანამშრომლობა შემომთავაზა, ვინმე “ჩაუშვიო”, რაზეც არ დავთანხმდი... მერე, რაღაც საბუთები შეადგინა. მახსოვს, ერთმა პროკურორმა უთხრა, დასაჭერი არაა და ხელს არ მოვაწერო. მერე, სტაჟიორი მოიყვანეს”, - იხსენებს “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას ბიზნესმენი, რომელსაც ბრალი 7 მილიონი ღირებულების სახელმწიფო ქონების მითვისებასა და თაღლითობისთვის წაუყენეს, თუმცა მოგვიანებით, ანუ მას შემდეგ, რაც ორთაჭალის ციხეში პაატა კაჭარავამ თავისი ქონება, საერთო ჯამში, 6 ჰა მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით, “ნაციონალურ” სახელმწიფოს თითქოს ნებაყოფლობით აჩუქა, ეს 7 მილიონი ჯერ 240-ლარამდე შემცირდა, ბოლოს კი, საერთოდ განულდა.
“...ორთაჭალის ციხეში, ადვოკატების ოთახში ერთ-ერთი შეხვედრისას, კოტე ყიფიანს ვუთხარი, მართალი ვარ, თან ქონება იპოთეკითაა დატვირთული და როგორ წაიღებთ-მეთქი. მიპასუხა, აი, ნახავ, თუ ვერ წავიღებთ. თუ ფულის გადახდაზე ან ქონების დათმობაზე არ წამოხვალ, შენს ყველა თანამშრომელს დავიჭერთო. ჩავთვალე, რომ მხოლოდ უდანაშაულო ხალხის კი არა, ჩემი ქონების ნაწილის გადარჩენაც შეიძლებოდა, თან ჩემს ბინას ყადაღა დაადეს და ცოლ-შვილი ქუჩაში მრჩებოდა... ამიტომ, ქონების ის ნაწილი დავთმე, რომელიც მათ აინტერესებდათ”, - ამბობს სავაჭრო ცენტრ “საბა”-ს მფლობელი, რომლის “გაკულაკების საქმეშიც” მხოლოდ დავით კეზერაშვილი და მისი ქვეშევრდომი კოტე ყიფიანი კი არა, ნოტარიუსი მერი ბუბაშვილი, მოსამართლეები - მანუჩარ კაპანაძე და მერაბ ჯორბენაძე და, ასევე, ექსპერტები - ომანაძე და კალანდაძე ფიგურირებენ. სხვათა შორის, მოგვიანებით გაირკვა, რომ ომანაძე და კალანდაძე, რომელთაც კეზერაშვილ-სააკაშვილისთვის მისაღები დასკვნა დაწერეს, სინამდვილეში, მიწის ექსპერტები არ იყვნენ. ყოველივე აქედან გამომდინარე, ბიზნესმენი დარწმუნებულია, რომ პასუხი მხოლოდ სააკაშვილმა, კეზერაშვილმა და რეჟიმის სხვა შემქმნელებმა კი არა, მათაც უნდა აგონ, ვინც ამ რეჟიმს უსიტყვოდ ემსახურებოდა და უკანონობას აკანონებდა. ამ შემთხვევაში, პაატა კაჭარავა ზემოხსენებული მოსამართლეების - მანუჩარ კაპანაძის, მერაბ ჯორბენაძის, ნოტარიუს მერი ბუბაშვილისა და სხვა წვრილფეხობის პასუხისმგებლობის საკითხს სვამს.
“თუ ყველა დამნაშავე საკადრისად არ დაისჯება, სამართლიანობა ვერ აღსდგება და ჩემს შვილებს მთელი ცხოვრება უსამართლობის განცდა ექნებათ. სხვათა შორის, ბაბუაჩემი კომუნისტებმა გააკულაკეს და გადასახლებიდან ვეღარ დაბრუნდა. მას შემდეგ, რამდენიმე ათეული წელი გავიდა, მაგრამ ის, რაც ბოლშევიკებმა ჩემს ოჯახს გაუკეთეს, არასოდეს დამავიწყდება”, - აცხადებს სავაჭრო სახლ “საბა”-ს მფლობელი, რომელიც, ასევე, გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღოს სპეციალური კანონი, რომლის თანახმადაც, ე.წ. ოფშორებში დარეგისტრირებული კომპანიების საბუთების “გახსნა” შესაძლებელი გახდება. კაჭარავას აზრით, თუკი ასე არ მოხდა, მაშინ “ნაციონალები” წართმეულ-მითვისებული ქონებების ფიქტიურ გადაყიდვეს დაიწყებენ და სამართლიანობა არასოდეს აღსდგება.
რაც შეეხება კაჭარავას წართმეულ ქონებას, მისი ნაწილი დღეს ოფშორში რეგისტრირებული “კოოპერატივი იმეკ ილირიან მიწის ფონდის” შვილობილი კომპანიის, შპს “მიწა და უძრავი ქონების” ხელშია, ნაწილი კი, - გოგი შევარდნაძის. სხვათა შორის, გოგი შევარდნაძეს პრეზიდენტყოფილმა მიხეილ სააკაშვილმა პაატა კაჭარავას კუთვნილი ქონება, რომელიც მინიმუმ, 3 მილიონად იყო შეფასებული, სიმბოლურ ფასად - 500 ათას ლარად პირდაპირი მიყიდვის წესით მიჰყიდა. კაჭარავას მოსაზრებით, გოგი შევარდნაძეს, რომელსაც “ნაციონალების” 9-წლიანი მმართველობისას, თურმე, ძმები ახალაიები მფარველობდნენ, წართმეული ქონება არ უნდა ეყიდა. შესაბამისად, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, შესაძლოა, გოგი შევარდნაძის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. პრინციპში, ბიზნესმენმა შევარდნაძემ სხვისი ქონების დაუფლებისთვის პასუხი მორალურად უკვე აგო - მისი “მარშე”, რომელიც პაატა კაჭარავას მიწის ფართობზეა გახსნილი, დავალიანების გამო, “თიბისი ბანკმა” წაიღო. შეგახსენებთ: ეს ის გოგი შევარდნაძეა, რომელიც “ვარდების რევოლუციამდე” ასლან აბაშიძის “მარჯვენა ხელად” ითვლებოდა - სარფის საბაჟოს უფროსის თანამდებობა ეკავა, თუმცა, როგორც ბიზნესმენმა კაჭარავამ კერძო გამოძიებით გაარკვია, გოგი შევარდნაძემ, რომელიც საზოგადოებამ თავის დროზე ნიანგის ტყავის ფეხსაცმლით გაიცნო, იგრძნო თუ არა, რომ ასლან აბაშიძის დღეები დათვლილი იყო, მას უღალატა, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალა...
ერთი სიტყვით, “ნაციონალებისთვის” ქონების ჩუქებით პაატა კაჭარავამ ციხეს თავი დააღწია, თუმცა მოგვიანებით, კერძოდ, 2008 წლის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინ, სააკაშვილის რეჟიმმა ბიზნესმენს კიდევ მიაკითხა და “ნაცმოძრაობის” “ოფშიაკში” 10 ათასი ლარის გადარიცხვა მოსთხოვა. იქიდან გამომდინარე, რომ პრობაციონერი იყო, კაჭარავამ “ნაცებს” 10 100 ლარი გადაურიცხა... ამასობაში, პოლიტიკურ ავანსცენაზე “ქართული ოცნებაც” გამოჩნდა და, როგორც ყველა სხვა დატერორებულმა ბიზნესმენმა, პაატა კაჭარავამაც ჩათვალა, რომ ერთადერთი ძალა, რომელიც “ნაცმოძრაობას” პოლიტიკურ მოუსავლეთში გაუშვებდა და სამართლიანობას აღადგენდა, სწორედ “ქართული ოცნება” იყო. ბიზნესმენი არ მალავს, რომ 2012 წლის პირველ ოქტომბერს 41 შემოხაზა, თუმცა დღეს მეწარმე, რომლის დატერორებითაც სახელმწიფო ბიუჯეტმა თავის დროზე, მინიმუ, 18 მილიონი იზარალა, ცოტა არ იყოს, ნირწამხდარია. ყოველ შემთხვევაში, აინტერესებს, მთავარმა პროკურატურამ, რომელსაც განცხადებით ჯერ კიდევ 2013 წლის გაზაფხულზე მიმართა, მისი საქმის შესწავლა რატომ არ დაიწყო.
ისე, ჩვენთვის რომ ვთქვათ, წართმეული ქონების გარდა, კიდევ ერთი საბაბი, გნებავთ, მიზეზი არსებობს, რომ საგამოძიებო უწყებებს პაატა კაჭარავას საქმის გამოძიება დაეწყოთ: ზუსტად ერთი წლის წინ, 2013 წლის 26 თებერვალს სავაჭრო სახლ “საბაში” ხანძარი გაჩნდა, რომელმაც 6 500 კვ/მ-ზე განლაგებული ავეჯის ბაზრობა მთლიანად გაანადგურა, დაზარალდა 162 მოვაჭრე (საერთო ზარალმა 7 მილიონს მიაღწია). კაჭარავა ხანძრის ორ ვერსიას განიხილავს: ერთი - “ნაციონალური” საბოტაჟი, ანუ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხანძარი იმ მიზეზით გააჩინეს, რომ მოვაჭრეები, რომელთა უკანაც ოჯახები დგას, ქუჩაში გამოსულიყვნენ და ახალი ხელისუფლებისთვის პრობლემა შეექმნათ. მეორე - “საბა”-ს განადგურებით, შესაძლოა, კონკურენტები იყვნენ დაინტერესებულნი. არსებობის უფლება, ცხადია, ორივე ვერსიას აქვს, მით უმეტეს, რომ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით, ეჭვგარეშეა, ხანძარი ხელოვნურადაა გაჩენილი, მაგრამ ერთი წელია, გამოძიება წინ არ წასულა. ამიტომაც, პაატა კაჭარავამ ქართული რეალობისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო - მას, ვინც ხანძრის რეალური შემკვეთისა და შემსრულებლის შესახებ გამოძიებას უტყუარ ინფორმაციას მიაწვდის, 100 ათასი ლარით დაასაჩუქრებს!
ისე, ამ სოლიდურმა ჯილდომ და პაატა კაჭარავას მხრიდან სამართლიანობის აღდგენის დაჟინებულმა მოთხოვნამ, როგორც ჩანს, ვიღაც-ვიღაცები ზომაზე მეტად დააფრთხო: რამდენიმე აქციონერმა მაშინ, როცა პაატა კაჭარავა დაიჭირეს, სასამართლოს მიმართა და დაკავებული ბიზნესმენი აქციების უკანონო მითვისებაში დაადანაშაულა. კაჭარავა ამბობს, რომ მომჩივანების უკან “ნაციონალები” იდგნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საინტერესოა, “კუთვნილი აქციებისთვის” ბრძოლა მაინც და მაინც მაშინ რატომ დაიწყეს, როცა კაჭარავა სააკაშვილის რეჟიმს ტყვედ ჰყავდა? სხვათა შორის, “ნაციონალებისგან” მართულმა სასამართლომაც კი, მომჩივანი აქციონერები გაამტყუნა. ჰოდა, ვიღაცები, თურმე, ცდილობენ, რომ ამ გამტყუნებული აქციონერების თემა ისევ წამოსწიონ...
ბიზნესმენ პაატა კაჭარავას, როგორც იტყვიან, “ნაციონალური” თავგადასავალი ერთ-ერთია იმ უამრავი საქმიდან, რომელიც მთავარი პროკურატურის მხრიდან რეაგირებას წელიწადზე მეტია, ელოდება. კულუარებში ამბობენ, რომ წართმეული ქონების არდაბრუნებას მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი გარკვეული დაინტერესების სანაცვლოდ ლობირებდა. შესაძლოა, ასეც იყო, მაგრამ ნაცვლიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ძალოვან უწყებაში, თურმე, “კუდები” დატოვა, უკვე “ისტორიის კუთვნილებაა”. ამიტომ, წესით, დაზარალებული ბიზნესმენებისა და არა მხოლოდ მათი საქმეების გადახედვა უნდა დაიწყოს. ყოველ შემთხვევაში, პაატა კაჭარავას ამის იმედი აქვს, მით უმეტეს, რომ უკვე არსებობს პრეცედენტი - სახელმწიფომ ბიზნესმენ ბეგიაშვილს “ნაციონალებისგან” წართმეული ქონება დაუბრუნა...