სოსო შატბერაშვილი: “მოსამართლეებმა და დაბალი რანგის ჩინოვნიკებმა ქრთამის აღება დაიწყეს!”

სოსო შატბერაშვილი: “მოსამართლეებმა და დაბალი რანგის ჩინოვნიკებმა ქრთამის აღება დაიწყეს!”

მემარცხენე ალიანსისლიდერის, სოსო შატბერაშვილის აზრით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლა კრიტიკას ვერ უძლებს. გარდა ამისა, შატბერაშვილი საარჩევნო კოდექსსაც აკრიტიკებს და თვლის, რომ კოდექსი თვითმმართველობის არჩევნებამდე სამართლიანი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებას ვერ უზრუნველყოფს:

 

- სამწუხაროდ, დღეს საქართველოს სიმბოლური პრეზიდენტი ჰყავს, რომელსაც არაფრის გადაწყვეტა არ ძალუძს. მარგველაშვილი ფორმალური მთავარსარდალია - პარლამენტში მის გამოსვლას, აღარაფერს ვამბობ მინისტრთა კაბინეტზე, ერთი ფორმიანი კაციც არ ესწრებოდა. მეტსაც გეტყვით: შთაბეჭდილება დამრჩა, სამხედრო ნაწილში ტელევიზორიც კი არ ჰქონდათ ჩართული, თვალი რომ მიედევნებინათ პრეზიდენტის გამოსვლისთვის. მოკლედ, მისი სიტყვები არაფრისმთქმელი იყო. ეს, ალბათ, მისი პიროვნული თვისებებიდანაც გამომდინარეობს - მარგველაშვილი არაქარიზმატული პიროვნებაა და ინიციატივით  არასდროს გამოდის. გასაგებია, რომ ფილოსოფოსია, მაგრამ ამ პროფესიის ადამიანები ხელისუფლების სათავეში ადრეც ყოფილან და თავი სერიოზული მოღვაწეობით გამოუჩენიათ. ასე რომ, ჯობდა, პარლამენტში პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერ-მინისტრი მიეწვიათ, რადგან ის მიმდინარე მოვლენების საქმის კურსშია.

- ბატონო სოსო, პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ანგარიშით რომ არ წარმდგარიყო, იტყოდნენ, სათქმელი არაფერი ჰქონდაო...

- ერთადერთი, რაც გავიგე, ისაა, რომ პარლამენტარებმა მისი გამოსვლა კორექტულად შეაფასეს. არავის კრიტიკა არ დასცდენია, რაც მიუღებელია. ასეთი მშვიდი და აუღელვებელი გამოსვლა უნდა ჰქონოდა კონფლიქტში მყოფ ქვეყნის პრეზიდენტს? საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული და ამ დროს პრეზიდენტი გამოდის დაწყნარებული სახით. როცა ვუსმენდი, თვალები დავხუჭე და მეგონა, შვეიცარიაში, დანიაში, ან ნორვეგიაში ვცხოვრობდი. რა ენაღვლება - მაღალი ხელფასი, პრემიები აქვს, რამდენიმე მანქანა ემსახურება, ეს არ იკმარა და ათონელის ქუჩაზე ახალ რეზიდენციას იშენებს. მისი ხელისუფლება ჯერ მოსული არ იყო, რომ 200 000-იანი ჯიპების ყიდვა დაიწყო. სამაგიეროდ, ქვეყანაა ძალიან მძიმე მდგომარეობაში - ლარის კურსის ვარდნა, უმუშევრობა, სტაგნაცია, ინვესტიციების გადინება. იცით თუ არა, რომ, წინა წლებთან შედარებით, სუიციდის შემთხვევებია გახშირებული? ამის გამომწვევი მიზეზი გაჭირვება, უმუშევრობა და შიმშილია.

- იმის თქმა გინდათ, რომ ქვეყანაში ახლა იმაზე უარესი მგომარეობაა, ვიდრენაციონალებისდროს იყო?

- რა თქმა უნდა, ახლა გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაა.

- კარგი, რა, ბატონო სოსო?!

- სხვათა შორის, კორუფცია დღესაც მძვინვარებს: ჩემი ერთი ნაცნობი დააპატიმრეს, რომელმაც განაცხადა, ცალკე მოსამართლეს მივეცი ფული და ცალკე გირაოს თანხა გადავიხადეო. ეს ადრე წარმოუდგენელი იყო. უკვე დაიწყეს მოსამართლეებმა და დაბალი რანგის ჩინოვნიკებმა ქრთამის აღება, ბიუჯეტის შეჭმასაც არ ერიდებიან, კრიმინალმა გაიღვიძა, ნარკოტიკები მომრავლდა. ე.წ ბიო ნარკოტიკმა კი, რომელიც თავისუფლად იყიდება კლუბებსა და ბარებში, რამდენი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. ციხეებშიც მძიმე მდგომარეობაა - “მაყურებლების ინსტიტუტი” აღდგა, პატიმრები შიმშილობენ, იხოცებიან, თუმცა არც გარეთაა ხალხი დალხენილი.

- სააკაშვილის დროს ნარკობიზნესში მაღალჩინოსნები რომ იყვნენ ჩართულნი, ამის შესახებ არაერთხელ განგიცხადებიათ...

- თავის დროზე ნარკობიზნესით დაკავებული დავით კეზერაშვილი იყო. წინა ხელისუფლებაში ბევრი ნარკომანი იყო, მაგრამ იცით, მაშინ ხელისუფლებაში რა ხდებოდა? - ხელს ძირითადად ნარკოტრანზიტით ითბობდნენ. საერთოდ, ნარკომანია ისეთი ჯინია, რომ ამოუშვებ, მერე, ბოთლში ვეღარ ჩააბრუნებ. ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ კანონი უმკაცრესი უნდა იყოს, მომხმარებლის მიმართ კი, - უფრო ლმობიერი, რადგან ნარკომანი ავადმყოფია და მას მკურნალობა სჭირდება.

- რაც შეეხება საარჩევნო კოდექსს, ექსპერტების აზრით, მყიფე დემოკრატიის განვითარებისთვის 50%-იანი ბარიერი სერიოზული ხელშეწყობა იქნება. თქვენც ასე ფიქრობთ?

- ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით, რომ დაწესებულიყო 50%-იანი ბარიერი. თებერვლის დასაწყისში პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე გახლდით, სადაც ეს საკითხი იხილებოდა და ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, ამ ცვლილების მიღება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე  ვერ მოესწრებაო. არ ვიცი, რამ გაჭრა, მაგრამ ისეთი გადაწყვეტილება მიიღეს, როგორიც გვსურდა. ევროპაში, თითქმის ყველა ქვეყანაში, 50%-იანი ბარიერია და ჩვენთანაც ასე იქნება, თუმცა არჩევნებში ყველა პარტია თანაბარ პირობებში მაინც არ იქნება, რადგან ხელისუფლებას აქვს ფული, შემოსავალი ბიუჯეტიდან, ჩვენ კი, ფინანსები არ გაგვაჩნია. გასაგებია, რომ ახლადშექმნილი პარტია ვართ და არჩევნებში მონაწილეობა ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ იმის უფლება არ უნდა გვქონდეს, რომ თითო დამკვირვებელი, ან კომისიის წევრი გვყავდეს? სხვა პარტიებიც იგივეს ამბობენ. მხოლოდ ორ პარტიას ჰყავს წარმომადგენელი - „ნაცმოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“.

- საქართველოში 200-ზე მეტი პარტიაა და ბიუჯეტიდან ყველას დაფინანსება შეუძლებელია. თუ პარტიას რეიტინგი არ აქვს, რატომ უნდა დაფინანსდეს?

- ყველა პარტიის დაფინანსება გამორიცხულია, რადგან ასეთ შემთხვევაში, ყველა შექმნის პარტიას, დარეგისტრირდება და დაფინანსებას მოითხოვს, მაგრამ პარტიებს, რომლებმაც 1%-იანი ბარიერი მაინც გადალახეს, თითო წევრი უნდა ჰყავდეთ საარჩევნო ადმინისტრაციაში. გარდა ამისა, იგრძნობა, რომ ტელევიზიები ჩვენს პარტიას იგნორირებას უკეთებენ... ისე, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, ძალიან ცდება, მან, უბრალოდ, პოსტი დატოვა, რადგან პასუხისმგებლობისგან თავი აერიდებინა. თუ რამე სასიკეთო მოხდება, თვითონ დაიბრალებს და იტყვის, ჩემი დანატოვარი მთავრობა არისო. მაშინ კი, თუ მთავრობა შეცდომას დაუშვებს, ხელებს დაიბანს, ჩემგან რა გინდათ, სამოქალაქო სექტორში ვარ და პოლიტიკაში აღარ ვერევიო. აი, ასეთ მომგებიან სიტუაციაშია ივანიშვილი, თუმცა რაც უნდა გააკეთოს, 7 მილიარდის პატრონია და ყველგან გასაქანი აქვს.

- ბატონო სოსო, თბილისის მერობას ხომ არ აპირებთ?

- არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებთ, თუმცა გადაწყვეტილი არ გვაქვს, მარტო გამოვალთ თუ რომელიმე პარტიასთან ერთად. მერობის კანდიდატი იმის მიხედვით აირჩევა, თუ ვისთან ვიქნებით ალიანსში. ამ საკითხებზე მუშაობა მიმდინარეობს და როგორც კი რამეს გადავწყვეტთ, მოგახსენებთ.

- „ქართული ოცნებისმერობის კანდიდატთან კონკურენცია გაგიჭირდებათ...

- ხელისუფლებამ, დავით ნარმანიას სახით, იმდენად სუსტი კანდიდატურა დააყენა, რომ რა გაჭირვებაზეა ლაპარაკი?! არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ თბილისის მერი აუცილებლად თბილისში უნდა იყოს დაბადებულ-გაზრდილი. შესაძლებელია, მერი „კარენოი“ თბილისელი არ იყოს, მაგრამ მოვალეობას თავი კარგად გაართვას. პოლიტიკურად, ნარმანია აშკარად წამგებიანი კანდიდატურაა. მერობის კანდიდატად ირაკლი ალასანია რომ დაესახელებინათ, ოპოზიციაც კი არ გამოხატავდა უკმაყოფილებას. ალასანიას გარდა, სხვა ღირსეული კანდიდატებიც არსებობენ, მაგრამ ივანიშვილის გონებაში მომწიფდა დავით ნარმანიას კანდიდატურა. ამიტომ, ბარიერის გადალახვა ძალიან გაუჭირდება.