საკრებულო ცაიტნოტშია - თბილისის ბიუჯეტის კომპრომისული ვარიანტი

საკრებულო ცაიტნოტშია - თბილისის ბიუჯეტის კომპრომისული ვარიანტი

თბილისის მერიამ საკრებულოს განსახილველად ბიუჯეტის პროექტის რიგით მეოთხე ვარიანტი გაუგზავნა. მერია იმედოვნებს, რომ საკრებულოს უმრავლესობა შემდეგ სხდომაზე მაინც, აღნიშნულ ბიუჯეტს განიხილავს და დაამტკიცებს.

მერიის ცნობით, ბიუჯეტის პროექტის დაზუსტებული ვარიანტი 785 მლნ ლარს შეადგენს და ყველა იმ მოთხოვნასა და სურვილებს მოიცავს, რაც ბოლო 4 თვის განმავლობაში თბილისის საკრებულოს უმრავლესობის მხრიდან იყო გამოთქმული. რაც მთავარია, ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში აღარ არის პრივატიზაციის 60 მლნ ლარით გაზრდილი მაჩვენებლი, რამაც თავის დროზე საკრებულოს უმრავლესობის ნეგატიური განწყობა გამოიწვია.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-განახლებული თბილისის“ თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის დამტკიცება უმრავლესობის ინტერესებში არ შედის, მათი მიზანი საკრებულოს დაშლა და მერიაში მაღალ თანამდებობებზე გადაბარგებაა.

ფრაქცია „ქართული ოცნება–თბილისელების“ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე კი ფიქრობს, რომ სიტუაცია ჩიხშია შესული და საკრებულო ცაიტნოტში იმყოფება. ამიტომ უმრავლესობამ, შესაძლოა, მუშაობა დაიწყოს ბიუჯეტის კომპრომისულ ვარიანტზე.

რაც შეეხება საკრებულოს დეპუტატებს - მამუკა კაციტაძეს და კახა კუკავას, კრიზისიდან გამოსასვლელად მათ ერთობლივი ინიციატივა წარუდგინეს საკრებულოს, რაც თბილისის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობს.

კერძოდ, კაციტაძის თქმით, საკრებულოს წევრების ერთი მესამედის ინიციატივით ან საკრებულოს სარევიზიო კომისიის დასკვნის საფუძველზე, საკრებულოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობას უნდა მიეცეს დედაქალაქის მთავრობის წევრის დათხოვნის უფლება (გარდა მერისა).

„იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო ვერ მიიღებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, აეკრძალოს მას ზემოაღნიშნული საკითხის ინიცირების უფლება 3 თვით. ასევე, ქალაქის მერს დაეკისროს ვალდებულება, დაუყოვნებლივ აღასრულოს საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და შვიდი დღის ვადაში საკრებულოს მთავრობის წევრის ახალი კანდიდატურა წარუდგინოს“, - აცხადებს მამუკა კაციტაძე.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო არ დაამტკიცებს მერის მიერ წარდგენილ კანდიდატს, მაშინ საკანონმდებლო ორგანოს უნდა მიეცეს უფლება იმავე ვადაში თვითონ შეარჩიოს კანდიდატურა და ის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით დანიშნოს. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულომ ვერ შეძლო ახალი მთავრობის ფორმირება, მაშინ თბილისის მერს ახალი მთავრობის შემადგენლობის ერთპიროვნულად დამტკიცების უფლება უნდა მიეცეს.

კაციტაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებები შექმნილი პრობლემური მდგომარეობის დარეგულირების ბოლო მცდელობაა და ახლა საჭიროა, საკრებულომ საქართველოს პარლამენტს შესთავაზოს წინადადება, „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ კანონში ამ სახის ცვლილებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2014 წლის 11 მარტამდე, ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, დედაქალაქი სახელმწიფო მმართველობაზე გადავა, რაც დედაქალაქის ბიუჯეტის გარეშე დარჩენის წინაპირობაა. ეს კი საკრებულოს ახალი შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობამდე გახანგრძლივდება.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია აცხადებს, რომ დედაქალაქის ბიუჯეტთან დაკავშირებულ ყველა წინადადებას, მათ შორის, კაციტაძე-კუკავას ინიციატივას, სამუშაო პროცესში განიხილავს.

For.ge-სთან საუბარში „ქართული ოცნება-თბილისელების“ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე აცხადებს, რომ მამუკა კაციტაძისა და კახა კუკავას ინიციატივა, რომელსაც საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები იზიარებენ, არ წარმოადგენს კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ მოსაზრებას.

ამის მიზეზი ისაა, რომ ეს ინიციატივა ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილებებს და პარლამენტის ჩაყენებას ისეთ ფორსმაჟორულ რეჟიმში, რომ, თუ არ მიიღებენ ამ კანონს, მაშინ თბილისის ბიუჯეტი ჩავარდება. საკითხის ასე დაყენება კი გულიკო ზუმბაძეს არასწორად მიაჩნია.

„ეს არ არის ერთადერთი გამოსავალი. მთავარი მაინც ისევ და ისევ ბიუჯეტია, რომელიც მერიამ გადმოამისამართა და საკრებულოს კარგი შანსი აქვს, რომ თავად განვსაზღვროთ ბიუჯეტის პრიორიტეტები. მერია თანახმაა ამაზე, რომ ასეთი პროექტი შემოიტანოს. რაც შეეხება ნდობის საკითხს, რასაც საკრებულო აყენებს, რომ არ ენდობიან მერიას ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებთ, არსებობს თუნდაც მწირი, მაგრამ შესაძლებელი მექანიზმი, რომ ეს კონტროლი განხორციელდეს. ამიტომ უმჯობესია, ბიუჯეტი მივიღოთ, ქალაქმა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს ცხოვრება და არ დაგვჭირდეს ფორსმაჟორულ რეჟიმში კანონმდებლობაში ცვლილებები, როგორც ეს ნაცმოძრაობას სჩვეოდა“, - გვითხრა გულიკო ზუმბაძემ.

მანვე განმარტა, რომ ბიუჯეტის მიუღებლობის გამო ცაიტნოტური ვითარება შექმნა პირადად ირაკლი შიხიაშვილმა, მისმა განწყობილებამ, რომ ბიუჯეტი აპრიორი ჩავარდებოდა. მისივე თქმით, როცა რამდენიმე თვე დარჩა საკრებულოს არჩევამდე, ყოველთვის გამოჩნდება პოლიტიკური ორგანო, რომელსაც სურს, თავის თავზე მოირგოს საკანონმდებლო ცვლილებები.

„ახლა ეს ცვლილებები სწორი არ არის და რა საშუალებაც გააჩნია საკრებულოს, იმ საშუალებით იბრძოლოს, მით უმეტეს, მერიამ არაერთხელ გამოაცხადა მზადყოფნა საკრებულოს შეთავაზებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით. ორივე, საკრებულო თუ მერია უკვე იმ რეჟიმში არიან, რომ წავიდნენ კომპრომისზე, რეალურად დაგეგმილი ბიუჯეტი წარადგინონ საკრებულოში და საკრებულოც დაამტკიცებს ამ ბიუჯეტს“, - აცხადებს გულიკო ზუმბაძე.

თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა-რეფორმატორების“ თავმჯდომარე თემურ გრიგალაშვილი For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ დედაქალაქის მერიამ ბიუჯეტის ახალი ვარიანტი შეიტანა საკრებულოში, სადაც გათვალისწინებულია ყველა ის მოთხოვნა, რომელიც წერილობით მიაწოდა უმრავლესობამ დედაქალაქის ხელისუფლებას. შესაბამისად, ის ვერ ხედავს წონად არგუმენტს, თუ რატომ არ უნდა მიიღოს საკრებულოს უმრავლესობამ უკვე მეოთხედ წარდგენილი ბიუჯეტი.

„ბიუჯეტი უკვე არის 785-მილიონიანი. თუ არ არის პოლიტიკური მოტივაცია და მათ რეალურად სურვილი აქვთ, დედაქალაქის მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნას, მხარი უნდა დაუჭირონ ამ ბიუჯეტს. თუმცა უმრავლესობის საქციელის პროგნოზირება რთულია. რაც შეეხება კაციტაძე-კუკავას ინიციატივას, ეს მნიშვნელოვანი საკითხია და სხდომამდე ერთი საათით ადრე იყო შემოტანილი. ამიტომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხი ჯერ არ გვაქვს. ჩვენი ინიციატივით, ამ საკითხის განხილვა კვირა დღისთვის გადაიდო, ჩვენ გვექნება შიდა კონსულტაციები და მოგვიანებით დავაფიქსირებთ პოზიციას“, - აცხადებს თემურ გრიგალაშვილი.

შეკითხვაზე, თუ რა პროექტებზე განაცხადა მერიამ უარი და რის საფუძველზე მოაკლო 60 მლნ ლარით გაზრდილი მაჩვენებლი აღნიშნული ბიუჯეტის რიგით მეოთხე ვარიანტს, მან აღნიშნა, რომ ეს არის სუფთა სტრუქტურული მიმარულება. კერძოდ, საგზაო სამუშაოებსა და ძველი თბილისის განვითარების ფონდს ჩამოაკლდა თანხები.